¹3კ-490-02 12 ივნისი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. წიქვაძე (თავმჯდომარე),
ლ. გოჩელაშვილი, რ. ნადირიანი
სარჩელის საგანი: თანხების დაბრუნება.
აღწერილობითი ნაწილი:
2001წ. 3 აპრილს ე. გ-ძემ შპს კორპორაცია “ც-ის” წინააღმდეგ სარჩელით მიმართა ქ. თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონულ სასამართლოს.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ 1998წ. 21 აპრილს მოპასუხესთან დადო ხელშეკრულება ერთობლივი საგამომცემლო საქმიანობის წარმოების შესახებ და კორპორაცია “ც-ის” სარეკლამო საგამომცემლო დეპარტამენტის დირექტორ ვ. მ-შვილს გადასცა 20000 ლარი. აღნიშნული თანხა წარმოადგენდა მისი ბინის გაყიდვის შედეგად აღებულ თანხას. ბინის გაყიდვის შემდეგ ცხოვრობს ქირით მისი დავალიანება შეადგენს 4600 აშშ დოლარს.
ზემოთაღნიშნული კორპორაცია, რომლის გენერალური დირექტორი და დამფუძნებელია ც. შ-ძე, უშვებდა ჟურნალ “ქ-ს”. ზემოთ მითითებულ ხელშეკრულება დამოწმებულია კორპორაცია “ც-ის” ბეჭდით.
ხელშეკრულების თანახმად მას მოგებიდან ყოველთვიურად უნდა მიეღო 3500 ლარი. მიუხედავადD მისი აქტიურობისა, ჟურნალი არ გამოსულა და არც წილი მოუღია.
1998წ. სექტემბერში მან ვ. მ-შვილს მოსთხოვა შეტანილი ფულის, 20000 ლარის დაბრუნება, მაგრამ უარი მიიღო. ამასთან მოპასუხე დაპირდა, რომ 1999წ. აპრილის თვეში გადაუხდიდა მთელ თანხას მოგებით _ 55000 ლარს, ანუ მაშინდელი კურსით 42000 აშშ დოლარს. მას მიაჩნია, რომ ამ მოქმედებით მას მიადგა 48000 აშშ დოლარის ოდენობით ზიანი და მოითხოვა მისი ანაზღაურება.
შპს კორპორაცია “ც-მა” სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოსარჩელეს საერთოდ არ იცნობს და არც ამ ხელშეკრულების არსებობა იყო ცნობილი მისთვის; სალაროში, ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, რაიმე თანხა შპს-ში არ შესულა და ვალდებულებაც არ აკისრია მისი ანაზღაურების თაობაზე.
2001წ. 13 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001წ. 14 დეკემბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი და უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე რაიონული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ უშუალოდ შპს კორპორაცია “ც-სა” და ე. გ-ძეს შორის სესხის ან სხვა სახის გარიგება არ დადებულა, აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მხარეთა შორის არც ურთიერთვალდებულებები არ წარმოშობილა.
სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ 1998წ. 21 აპრილის ხელშეკრულებიდან ირკვეოდა, რომ იგი ხელმოწერილი იყო კორპორაცია “ც-ის” სარეკლამო საგამომცემლო დეპარტამენტის დირექტორ ვ. მ-შვილისა და არა შპს “ც-ის” წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის მიერ. ვ. მ-შვილზე კი საამისო უფლებამოსილების მიმნიჭებელი მინდობილობა გაცემული არ ყოფილა. როგორც რაიონულ, ისე სააპელაციო სასამართლოში მოსარჩელეს მიეთითა, რომ არასათანადო მოპასუხე შეეცვალა სათანადო მოპასუხით, მაგრამ მან უარი განაცხადა, რის გამოც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლის საფუძველზე უარი ეთქვა მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
2002წ. 18 თებერვალს მოსარჩელემ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
კასატორმა მოითხოვა მოცემულ საქმეზე რაიონული სასამართლოს 2001წ. 13 ივნისის გადაწყვეტილების, ასევე, სააპელაციო სასამართლოს 2001წ. 14 განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განხილვისათვის სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება შემდეგი საფუძვლით:
კასატორს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნები. მას მიაჩნია, რომ მოცემულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებები დაუსაბუთებელია.
კასატორს მიაჩნია, რომ სასამართლომ არ გამოარკვია შპს კორპორაცია “ც-ის” სარეკლამო-საგამომცემლო დეპარტამენტის დირექტორის სტატუსი. ამის გარკვევის მიზნით არ გამოითხოვა შპს-ს წესდება და სხვა მასალები.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საკასაციო საჩივრის ფარგლებში გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარის წარმომადგენელთა განმარტებანი და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარება თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.
მითითებული მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ მხარეებმა ამა თუ იმ მიზეზით ვერ შეძლეს მტკიცებულებების უშუალოდ მიღება და სასამართლოში წარდგენა, მხარეთა შუამდგომლობით სასამართლოს შეუძლია, თვითონ გამოითხოვოს მტკიცებულებები.
აქედან გამომდინარე, მოსარჩელეს თვითონ უნდა დაემტკიცებინა ის გარემოება, რომ ვ. მ-შვილი შპს კორპორაცია “ც-ის” გენერალური დირექტორის უფლებამოსილებით აღჭურვილი პირი იყო და უფლება გააჩნდა კორპორაცია “ც-ის” სახელით ხელშეკრულების დადებისა და თანხების მიღებისა. აღნიშნული მტკიცებულების დამადასტურებელი ან ასეთის უარყოფის საბუთის _ წესდების, შპს-ს რეგისტრაციის დადგენილებისა და მისთვის საჭირო დოკუმენტების გამოთხოვა მას შეეძლო სასამართლოს გარეშე, ხოლო თუ იგი ამა თუ იმ მიზეზით ვერ შეძლებდა ამ დოკუმენტების გამოთხოვას, მაშინ შეეძლო, შუამდგომლობით მიემართა სასამართლოსათვის. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელეს მის მიერ სააპელაციო სასამართლოში საქმის მთავარ სხდომაზე განხილვამდე, ანუ 2001წ. 14 დეკემბრამდე, შუამდგომლობა შპს კორპორაცია “ც-ის” დებულების გამოთხოვის შესახებ არ დაუყენებია. ამასთან, თვითონ არავითარი ღონისძიება არ მიუღია მისთვის საჭირო დოკუმენტის ასლის მოპოვების თვალსაზრისით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის შესაბამისად მხარეთა და მათ წარმომადგენელთა შუამდგომლობები ახალ მტკიცებულებათა წარმოდგენისა თუ გამოთხოვის, აგრეთვე, საქმის განხილვასთან დაკავშირებით წამოჭრილ სხვა საკითხების შესახებ შეიძლება დააკმაყოფილოს სასამართლომ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ასეთი შუამდგომლობები და განცხადებები საპატიო მიზეზით არ იყო აღძრული სასამართლო განხილვისათვის საქმის მომზადების სტადიაზე.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოთ მითითებულ გარემოებათა გამო სააპელაციო სასამართლომ სწორად უთხრა უარი მოსარჩელეს მოპასუხის დებულების გამოთხოვაზე, ვინაიდან დოკუმენტის გამოთხოვის თაობაზე შუამდგომლობა მხარეს არ დაუყენებია კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლის შესაბამისად, თუ საქმის განხილვისას სასამართლო დაადგენს, რომ სარჩელი აღძრულია არა იმ პირის წინააღმდეგ, რომელმაც პასუხი უნდა აგოს სარჩელზე, მას შეუძლია მოსარჩელის თანხმობით შეცვალოს თავდაპირველი მოპასუხე სათანადო მოპასუხით. თუ მოსარჩელე არ არის თანახმა თავდაპირველი მოპასუხის სათანადო მოპასუხით შეცვლაზე, სასამართლო გადაწყვეტილებით უარს ეტყვის მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოცემულ საქმეზე შპს კორპორაცია “ც-ი” არ იყო სათანადო მოპასუხე და ამიტომ, მოსარჩელეს შესთავაზა არასათანადო მოპასუხის სათანადო მოპასუხით შეცვლა, რაზეც მოსარჩელემ უარი განაცხადა. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლზე დაყრდნობით სწორად უთხრა მოსარჩელეს უარი სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად სააპელაციო სასამართლოს, აგრეთვე, საოლქო სასამართლოს კოლეგიების გადაწყვეტილებები მხარეებმა და დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის მქონე მესამე პირებმა შეიძლება კანონით დაადგენილ ვადაში გაასაჩივრონ საკასაციო სასამართლოში. აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო კასატორის მოთხოვნას, ამ საქმეზე რაიონული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების საკითხთან დაკავშირებით, ვერ განიხილავს.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს საკასაციო საჩივარში მითითებული კანონის დარღვევა.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ე. გ-ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001წ. 14 დეკემბრის განჩინება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.