Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ-492-02 24 მაისი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. წიქვაძე (თავმჯდომარე),

მ. გოგიშვილი,რ. ნადირიანი

დავის საგანი: ფულადი ვალდებულების შესრულება.

აღწერილობითი ნაწილი:

2000წ. 24 ოქტომბერს მ. კ-შვილსა და ნ. შ-იას შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება 6 თვის ვადით, რომლის თანახმად ნ. შ-იამ გაასესხა 3280 აშშ დოლარი ყოველთვიური 3% გადახდით. აღნიშნული ხელშეკრულებით დადგენილი სესხი უზრუნველყოფილი იქნა მ. კ-შვილის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინით, რომელიც მდებარეობს ... გამზირზე ქ. თბილისში.

ნ. შ-იამ 2001წ. 1 მაისს სასარჩელო განცხადებით მიმართა გლდანი-ნაძალადევის რაიონულ სასამართლოს. მოსარჩელემ განმარტა, რომ 2000წ. 24 ოქტომბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მ. კ-შვილისაგან უნდა მიეღო ძირითადი თანხა და პროცენტი 4000 აშშ დოლარის ოდენობით, მოპასუხეს გადახდილი აქვს მხოლოდ 750 აშშ დოლარი, ხოლო დარჩენილი თანხის გადახდის ვალდებულებას იგი არ ასრულებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხის სახელზე რიცხული იპოთეკით დატვირთული ბინის რეალიზაცია და ამონაგები თანხიდან 3250 აშშ დოლარის მოპასუხეზე დაკისრება.

ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2001წ. 28 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ნ. შ-იას მოთხოვნა გაკმაყოფილდა, მ. კ-შვილის სახელზე რიცხული იპოთეკით დატვირთული ბინა დაექვემდებარა რეალიზაციას და ამოღებული თანხიდან მოპასუხეს დაეკისრა 3250 აშშ დოლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ.

მ. კ-შვილმა დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე შეიტანა საჩივარი სასამართლოში, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის წარმოების განახლება. მ. კ-შვილმა განმარტა, რომ მისი პროცესზე გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო ახლო ნათესავის დაღუპვით, რომელიც გერმანიიდან ჩამოასვენეს.

თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2001წ. 27 ივნისის განჩინებით მ. კ-შვილის საჩივარი 2001წ. 28 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხე მხარე სასამართლო სხდომაზე მოწვეული იყო კანონით დადგენილი წესით და მისთვის ცნობილი იყო სხდომის დღე. მ. კ-შვილის ჩვენებით ირკვევა, რომ მან თავისი ახლობლის გარდაცვალების შესახებ შეიტყო 29 მაისს, საქმის განხილვის მეორე დღეს და მას არავითარი საპატიო მიზეზი არ ჰქონდა სხდომაზე გამოუცხადებლობისათვის.

რაიონული სასამართლოს განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. კ-შვილმა, მოითხოვა გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2001წ. 28 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 23 იანვრის განჩინებით მ. კ-შვილის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბლისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2001წ. 27 ივნისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას დარღვეულ იქნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნები, კერძოდ, მხარე გაფრთხილებული არ იყო გამოუცხადებლობის შედეგებზე. ამასთან, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ არსებობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის შესაბამისი სხვა საპატიო მიზეზი, რომელმაც გამოიწვია მხარის გამოუცხადებლობა. კერძოდ, აპელანტის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტებით დასტურდება, რომ ახლო ნათესავის ტრაგიკული დაღუპვის გამო მან ვერ შეძლო პროცესზე გამოცხადება, რაც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.

ნ. შ-იამ სააპელაციო პალატის განჩინება გაასაჩივრა საკასაციო წესით. კასატორმა მიუთითა, რომ მოპასუხემ ახლო ნათესავის ტრაგიკული დაღუპვის შესახებ შეიტყო 29 მაისს ანუ პროცესის ჩატარებიდან მორე დღეს. ამდენად, სააპელაციო პალატის მოსაზრება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლით გათვალისწინებული გარემოების არსებობის შესახებ კასატორმა მიიჩნია უკანონოდ.

კასატორმა განმარტა, რომ რეალობას ასევე არ შეესაბამება სააპელაციო პალატის მითითება თითქოს მოპასუხე მთავარ სხდომაზე არ იყო მიწვეული სამოაქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, ვინაიდან მოპასუხე ამავე კოდექსის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად გაფრთხილებული იყო სიტყვიერად, რასაც ადასტურებს საქმეში არსებული ხელწერილი.

აღნიშნულიდან გამომდინარე კასატორმა მოითხოვა სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობით და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენით მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებ მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. ამავე კოდექსის 233-ე მუხლის I ნაწილის “ა” ქვეპუნქტით სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ რაიონულმა სასამართლომ მხარეები 2001წ. 28 მაისს სხდომაზე მიიწვია 70-78 მუხლების დარღვევით. კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 72-ე მუხლის I ნაწილის “ზ” ქვეპუნქტით უწყება უნდა შეიცავდეს მითითებას გამოუცხადებლობის შედეგებზე და ვალდებულებას, აცნობოს სასამართლოს გამოუცხადებლობის მიზეზები. Mმოცემულ შემთხვევაში მხარეები არ იყვნენ გაფრთხილებულნი გამოუცხადებლობის შედეგებზე და სასამართლოსათვის გამოუცხადებლობის მიზეზის შეტყობინების ვალდებულებაზე, რასაც ადასტურებს საქმეში მხარეების მიერ დაწერილი ხელწერილი.

ამდენად, პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მტკიცებას იმის შესახებ, რომ მხარეები პროცესზე მოწვეული იყვნენ სსსკ-ს 70-78-ე მუხლების დაცვით, რაც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება მიღებულია კანონმდებლობის სრული დაცვით და მისი გაუქმების საფუძველი არ არსებობს.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ნ. შ-იას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. მოცემულ საქმეზე უცვლალად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 23 იანვრის განჩინება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება