Facebook Twitter

¹3კ-494-02 14 ივნისი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),

თ. კობახიძე, ქ. გაბელაია

დავის საგანი: სამკვიდროს მიღების ვადის აღდგენა და სამკვიდროს გაყოფა.

აღწერილობითი ნაწილი:

ლ. ხ-ძემ სარჩელი აღძრა ლაგოდეხის რაიონულ სასამართლოში გ. ო-შვილის მიმართ სამკვიდროს მისაღებად გაშვებული ვადის საპატიოდ ცნობის, 1998წ. 5 თებერვალს გაცემული მემკვიდრეობის უფლების მოწმობის ნაწილობრივ გაუქმების და ლაგოდეხში, ..... მდებარე საცხოვრებელი სახლის 1\2-ის მესაკუთრედ ცნობის შესახებ.

ლაგოდეხის რაიონული სასამართლოს 2000წ. 24 მარტის გადაწყვეტილებით მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000წ. 7 ნოემბრის გადაწყვეტილებით გაუქმდა ლაგოდეხის რაიონული სასამართლოს 2000წ. 24 მარტის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით ლ. ხ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა ნოტარიუს ლ-ძის მიერ გ. ო-შვილის სახელზე 1998წ. 5 თებერვალს გაცემული კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობა ნ. ო-შვილის სამკვიდრო ქონებაზე და ამ ქონების 1\2 ნაწილზე მესაკუთრედ ცნობილ იქნა ლ. ო-შვილი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001წ. 4 აპრილის განჩინებით გაუქმდა სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

სააპელაციო პალატის თბილისის საოლქო სასამართლოს 2001წ. 28 ნოემბრის განჩინებით უცვლელად დარჩა რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

ლ. ო-შვილი საკასაციო საჩივრით ითხოვს სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმებას იმ საფუძვლით, რომ დედის გარდაცვალების შემდეგ იგი ფაქტობრივად დაეუფლა სამკვიდრო ქონებას.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ უცვლელად უნდა დარჩეს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

მხარეთა სამემკვიდრეო უფლებები და მოვალეობები წარმოშობილია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებამდე. ამ კოდექსის 1507-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად მოცემულ შემთხვევაში დავა უნდა მოწესრიგდეს საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964წ.) შესაბამისად.

ლ. ო-შვილი 1953 წლიდან ცხოვრობს ქ. თბილისში. სადავო სახლი საკუთრების უფლებით აღრიცხული იყო მოსარჩელის დედის _ ნ. ო-შვილის სახელზე, რომელიც გარდაიცვალა 1993წ. 8 მარტს. მისი გარდაცვალების შემდეგ 1998წ. 5 თებერვალს კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობა გაიცა სამკვიდროს დამტოვებლის ვაჟიშვილზე _ გ. ო-შვილზე.

სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964წ.) 556-ე მუხლის თანახმად, იმისათვის, რომ სამკვიდრო მემკვიდრისა გახდეს, მან უნდა მიიღოს იგი. სამკვიდრო მიღებულად ითვლება, თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდრო ქონების ფლობას ან მართვას, აგრეთვე, როდესაც შეიტანს სამკვიდროს გახსნის ადგილას სანოტარო მოქმედებათა შემსრულებელ ორგანოში განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ. აღნიშნული მოქმედების შერულების ვადა არის 6 თვე სამკვიდროს გახსნის დღიდან.

იმავე კოდექსის 557-ე მუხლის მიხედვით, სამკვიდროს მისაღებად დადგენილი ვადა შეიძლება გაგრძელდეს სასამართლოს მიერ, თუკი იგი ვადის გადაცილების მიზეზებს საპატიოდ მიიჩნევს.

მოცემულ შემთხვევაში, ლ. ხ-ძის მიერ არ არის დაცული კანონით მოთხოვნა. მას არ მიუმართავს სანოტარო ორგანოსათვის სამკვიდრო ქონების მიღების თაობაზე. არ მოიპოვება მტკიცებულებები იმის შესახებ, ნ. ო-შვილის გარდაცვალებიდან ექვსთვიან ვადაში იგი შეუდგა სამკვიდრო ქონების ფლობას ან მართვას. დედისეულ სახლში დროგამოშვებით, ზაფხულობით დასასვენებლად ჩასვლა ვერ ჩაითვლება სამკვიდროს ფაქტობრივ მიღებად. ის გარემოება რომ მოსარჩელემ მოითხოვა სამკვიდრო ქონების მისაღებად კანონით დადგენილი და გაშვებული 6 თვიანი ვადის აღდგენა, ადასტურებს მის მიერ სამკვიდო ქონების ფაქტობრივ ფლობისა თუ მართვის გზით მიუღებლობის ფაქტს.

ლ. ხ-ძემ სამკვიდროს მიღებისათვის კასატორის მიერ გაშვებული ვადის აღდგენის მოთხოვნით სასამართლოს მიმართა 1999წ. აგვისტოში სამკვიდროს გახსნიდან 6 წლის შემდგომ. გაშვებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (1964წ.) 75-ე მუხლით განსაზღვრული საერთო სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა.

პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ქვეყანაში შექმნილი ვითარება, ეკონომიკური პირობების უქონლობა, ავადმყოფობა და სხვა, ვერ დაედება საფუძვლად გაშვებული ვადის აღდგენას, ვინაიდან მოსარჩელეს საქმე შეეძლო ეწარმოებინა რწმუნებულის მეშვეობით.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ლ. ო-შვილის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 28 ნოემბრის განჩინება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.