3კ-495-02 13 დეკემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
რ. ნადირიანი,
მ. წიქვაძე
სარჩელის საგანი: ზიანის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
მ. ბ.-მ სარჩელი აღძრა ქუთაისის სასამართლოში შპს “ა.-ს” მიმართ. სარჩელის საფუძვლად მ. ბ.-მ მიუთითა შემდეგი: 1967 წელს ქუთაისის მე-2 ... კანტორის მძღოლმა ს. ზ.-მ მოახდინა ავტოსაგზაო შემთხვევა, რის შედეგადაც მან მიიღო დაზიანება და გახდა პირველი ჯგუფის ინვალიდი _ ქუთაისის სასამართლოს 1969წ. 03 თებერვლის გადაწყვეტილებით ქუთაისის ¹2 ... საწარმოს მ. ბ.-ის სასარგებლოდ დაეკისრა ხელფასსა და პენსიას შორის სხვაობა 125,85 მანეთი, რასაც იგი ღებულობდა 1993წ. ივლისამდე. ქუთაისის მერიის 1995წ. 16 თებერვლის განკარგულებით გაუქმდა ქუთაისის ¹2 ... საწარმო. მისი და სანიტარული დასუფთავების “ს.-ის” ბაზაზე შეიქმნა ქუთაისის სანიტარული დასუფთავების მეურნეობა, რომლის უფლებამონაცვლეა შპს “ა.-ა”. 1999 წ. დეკემბერში მ. ბ.-ეს შპს “ა.-მ” უარი უთხრა ზიანის ანაზღაურების სახით 125,85 მანეთის გადახდაზე იმ მოტივით, რომ სახელმწიფო ქონების მართვის ქუთაისის სამმართველოს მიერ 1998წ. 24 დეკემბერს ჩატარებული კონკურსის პირობები არ ითვალისწინებდა ვალდებულებებს გამარჯვებული ორგანიზაციის მიერ პიროვნების დასახიჩრების გამო ზიანის ანაზღაურებაზე. მოსარჩელემ სასარჩელო განცხადებაში ასევე მიუთითა, რომ პრივატიზაციის შესახებ კანონის მე-10 მუხლის საფუძველზე თვლის, რომ შპს “ა-ა” პრივატიზირებული ქონების სამართალმემკვიდრეა და ეკისრება მოვალეობა აუნაზღაუროს მ. ბ.-ს მიყენებული ზიანი. მოსარჩელემ სარჩელით მოითხოვა საქართველოს პრეზიდენტის 1999წ. 9 თებერვლის ¹48 ბრძანებულების მე-11 და მე-14 პუნქტების საფუძველზე 1993წ. ივლისიდან 2000წ. ნოემბრის ჩათვლით 6333 ლარი (88 თვის, 72 ლარის ოდენობით ყოველთვიურად), ამასთან მომვლელის ხარჯი ¹48 ბრძანებულების მიხედვით ყოველთვიურად 20 ლარი 1993 წლიდან. საქმის განხილვისას მოსარჩელემ დააზუსტა თავისი მოთხოვნა და მოთხოვა მოპასუხისათვის ერთდროულად 1993 წლიდან 3845 ლარის და 2001წ. ნოემბრიდან ყოველთვიურად 47 ლარის დაკისრება, ასევე მომვლელის ხარჯი 20 ლარის ანაზღაურება 1993 წლიდან.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 15 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მ. ბ.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
მოსარჩელემ გაასაჩივრა აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი გარემოებები:
ქუთაისის სახალხო სასამართლოს 1969წ. 09 თებერვლის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მ. ბ.-ის სარჩელი და ქუთაისის მე-2 ... საწარმოს მ. ბ.-ის სასარგებლოდ სხვა ხარჯებთან ერთად დაეკისრა ხელფასსა და პენსიას შორის სხვაობა ყოველთვიურად 125,85 მანეთი 1969 წლიდან. დანარჩენ ნაწილში მის მოთხოვნას უარი ეთქვა.
საქართველოს უმაღლესი სასამართლოს 1969წ. 9 აპრილის განჩინებით ქუთაისის სახალხო სასამართლოს 1969წ. 9 თებერვლის გადაწყვეტილება მომვლელის ხარჯების ანაზღაურების ნაწილში შესწორდა და მოპასუხეს დაეკისრა 40 მანეთის გადახდა. დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად. მ. ბ.-ე ღებულობდა დასახიჩრებასთან დაკავშირებუბულ თანხებს ... მდებარე მე-2 ... საწარმოდან. ქ. თბილისის მერიის განკარგულებით გაუქმდა სანიტარული დასუფთავების “ს.-ა” და ქალაქის ¹2 მუნიციპალური ... საწარმო და მათ ბალანსზე 1995წ. 24 თებერვლიდან შეიქმნა ქალაქის სანიტარული დასუფთავების გაერთიანება, რომელიც ითვლება მათ სამართალმემკვიდრედ. შემდგომში სანიტარული დასუფთავების გაერთიანება გარდაიქმნა სახაზინო საწარმო “ს.-ად”. ქუთაისის ქონების მართვის სამმართველოს მიერ 1998წ. 20 ნოემბრის პრივატიზაციის ბიულეტენში გამოცხადდა ინფორმაცია სახაზინო საწარმო “ს.-ის” ქონების, კერძოდ, ... მდებარე 23\23 კვ.მ. მიწის ნაკვეთის იჯარა-გამოსყიდვის გზით პრივატიზებაზე.
სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქუთაისის ქონების მართვის სამმართველოსა და შპს “ა.-ს” შორის დადებული საიჯარო ხელშეკრულების 1.1 მუხლის თანახმად, “მეიჯარემ” (საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქუთაისის ქონების მართვის სამმართველო) გადასცა ხოლო “მოიჯარემ” (შპს “ა.-ა”) იჯარა, გამოსყიდვის უფლებით მიიღო ქ. ქუთაისში ... მდებარე სახაზინო საწარმო “ს.-ის” ქონება. ხელშეკრულება ძალაშია 1998წ. 31 დეკემბრიდან 2003წ. 31 დეკემბრამდე. მ. ბ.-ე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ღებულობდა დასახიჩრებასთან დაკავშირებით თანხას ... მდებარე ¹2 ... საწარმოსგან. 1995წ. 19 თებერვალს შეიქმნა სანიტარული დასუფთავების გაერთიანება, რომელიც შემდგომში გარდაიქმნა სახაზინო საწარმოდ, ხოლო მის საფუძველზე შეიქმნა შპს “ა.-ა”. ამდენად, პალატამ დადასტურებულად მიიჩნია ის ფაქტი, რომ შპს “ა.-ა” სამართალმემკვიდრეა ¹2 ... საწარმოსი, რომლის ქონება მოპასუხემ მიიღო პრივატიზაციის წესით იჯარა-გამოსყიდვის გზით.
1964 წელს მოქმედი სამოქალაქო სამართლის კოდექსის 457-ე, 463-ე და 470-ე მუხლების საფუძველზე პალატამ ჩათვალა, რომ მ. ბ.-ს უნდა აუნაზღაურდეს ზიანი მიუღებელი ხელფასის სახით მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი გაანგარიშების მიხედვით პენსიის გათვალისწინებით 1995 წლიდან, რაც 1995 წლიდან 2000წ. დეკემბრამდე შეადგენს 2085 ლარსა და 82 თეთრს. მასვე უნდა აუნაზღაურდეს მომვლელის ხარჯები 1995 წლიდან თვეში 20 ლარის ოდენობით, რაც 2000წ. ნოემბრამდე შეადგენს 1440 ლარს, ე.ი. ბ.-ეს ერთდროულად უნდა ანაზღაურდეს 3525 ლარი.
სასამართლომ არ გაიზიარა მ. ბ.-ის წარმომადგენლის ნ. ა.-ის მოსაზრება შპს “ა.-ასათვის” 22296 ლარის დაკისრების თაობაზე, რადგან მიიჩნია, რომ სკ-ს 387-ე მუხლი გამოიყენება მხოლოდ მაშინ, როცა ადგილი აქვს ფულის ერთეულის გაზრდას ან შემცირებას, ასევე ვალუტის შეცვლას და ეროვნული ვალუტის ჰიპერინფლაციას, ასეთს კი მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. სასამართლომ არ გაიზიარა ასევე მოსარჩელის წარმომადგენლის მოსაზრება დავის გადასაწყვეტად საქართველოს პრეზიდენტის 1999წ. 1 თებერვლის ¹48 ბრძანებულების გამოყენების შესახებ, იმ საფუძვლით, რომ იგი არ აწესრიგებს სადავო ურთიერთობას, რადგან მოსარჩელეს დაზიანება საწარმოში არ მიუღია.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001წ. 29 დეკემბრის გადაწყვეტილებით გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 15 ოქტომბრის გადაწყვეტილება; დაკმაყოფილდა მ. ბ.-ის სარჩელი, შპს “ა.-ს” დაიეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ 1995 წლიდან ერთდროულად 3525 ლარის, ხოლო 2000წ. ნოემბრიდან მდგომარეობის შეცვლამდე მიუღებელი ხელფასის სახით _ 47 ლარის და მომვლელის თანხის 20 ლარის გადახდა.
ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება შპს “ა.-ს” დირექტორმა, მ. ა.-მ გაასაჩივრა საკასაციო წესით. კასატორის მოსაზრებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება იურიდიულად დაუსაბუთებელია, ითხოვს მის გაუქმებას და საქმის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნებას ქუთაისის საოლქო სასამართლოს შესაბამის პალატაში.
კასატორის მოსაზრებით სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი “სახელმწიფო პრივატიზების შესახებ”, რადგან მოპასუხეს გარანტირებული არა აქვს მესაკუთრედ გახდომა;
კასატორს მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატას უნდა შეეწყვიტა საქმის წარმოება, აღნიშნულის ნაცვლად სასამართლომ მოახდინა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების რევიზია;
კასატორის მოსაზრებით სასამართლოს უნდა გამოეყენებინა პრეზიდენტის ¹48 ბრძანებულება.
კასატორი თვლის, რომ სააპელაციო პალატის განჩინება უკანონო დოკუმენტია, რადგან იგი მიღებულია განჩინების ფორმით. განჩინების ფორმით საქმე არსებითად არ წყდება, სასამართლომ კი საქმე განიხილა არსებითად.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ს 407-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად საკასაციო სასამართლო მსჯელობს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტების მიმართ, რომელიც ასახულია საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის გადაწყვეტილებაში ან საქმის მასალებში. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.
მოცემულ საქმეზე დამტკიცებულად არის ცნობილი, რომ მ. ბ.-ე ქუთაისის ¹2 ... საწარმოდან ღებულობდა სარჩოს დასახიჩრებასთან დაკავშირებით. დადგენილია, რომ ¹2 ... საწარმოს სამართალმემკვიდრეა შპს “ა.-ა”, რომელმაც საწარმოს ქონება მიიღო პრივატიზაციის წესით.
აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების საწინააღმდეგოდ კასატორი ვერ მიუთითებს საქმეში არსებულ რაიმე მტკიცებულებას რაც გამორიცხავდა სააპელაციო პალატის მიერ დადგენილ გარემოებებს. ამასთან, მოპასუხე თავის შესაგებელში აღიარებდა იმ გარემოებას, რომ შპს “ა.-ა” წარმოადგენს ქუთაისის ¹2 ... საწარმოს სამართალმემკვდირეს. აღიარება კი სსკ-ს 131-ე მუხლის თანახმად სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლოს გადაწყვეტილებას.
არასწორია კასატორის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა საქართველოს კანონი “სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის შესახებ”, რადგან მოპასუხეს გარანტირებული არა აქვს მესაკუთრედ გახდომა.
მითითებული კანონის მე-10 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად სახელმწიფო ქონების მყიდველი ხდება შეძენილი ქონების სამართალმემკვდირე. პრივატიზაციის მასალებით დადგენილია, რომ შპს “ა.-მ” საწარმოს ქონება მიიღო პრივატიზაციის წესით იჯარა-გამოსყიდვის გზით. შპს “ა.-ს” საწარმოს პრივატიზაციაზე, ე.ი. ქონების ბოლომდე გამოსყიდვაზე უარი არ განუცხადებია და დღემდე თანდათანობით მიმდინარეობს გამოსყიდვა. იმ შემთხვევაში თუ იგი არ გამოისყიდის ბოლომდე ქონებას და მოშლის იჯარა-გამოსყიდვის ხელშეკრულებას, გადაწყვეტილებით დაკისრებული მოვალეობები გადავა იმ მესაკუთრეზე ვინც გამოისყიდის სახელმწიფო ქონებას. ამ ეტაპზე კი ვინაიდან სადავო ქონებაზე დაფუძნდა შპს “ა.-ა” და აწარმოებს აღნიშნული ქონების გამოსყიდვას, კანონის თანახმად იგი უნდა ჩაითვალოს სამართალმემკვდრედ.
საკასაციო პალატა არ იზარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სააპელაციო პალატამ ფაქტობრივად მოახდინა კანონიერ ძალაში შესული 1969წ. 3 თებერვლის გადაწყვეტილების რევიზია.
სსკ-ს 272-ე მუხლის “ბ” პუნქტის თანახმად სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან განჩინება, რომელიც გამოტანილია დ.-ე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლებით.
საკასაციო პალატა თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველი არ არსებობდა, რადგან მ. ბ.-მ სარჩელი აღძრა სულ სხვა საფუძვლით, ვიდრე 1969 წელს. კერძოდ, შპს “ა.-ა” უარს აცხადებდა მ. ბ.-ისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებას იმ საფუძვლით, რომ სახელმწიფო ქონების მართვის ქუთაისის სამმართველოს მიერ 1998წ. 24 დეკემბერს ჩატარებული კონკურსის პირობები არ ითვალისწინებდა ვალდებულებებს გამარჯვებული ორგანიზაციის მიერ პიროვნების დასახიჩრების გამო ზიანის ანაზღაურებას. აღნიშნულის გამო მ. ბ.-მ პრივატიზაციის შესახებ კანონის მე-10 მუხლის საფუძველზე მოითხოვა შპს “ა.-სათვის” ზიანის ანაზღაურების დაკისრება. ამდენად, სარჩელი აღძრული იყო სხვა საფუძვლით და სააპელაციო პალატამ მართებულად განიხილა იგი.
საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო პალატამ მართებულად არ გამოიყენა საქართველოს პრეზიდენტის 1999წ. 9 თებერვლის ¹48 ბრძანებულებით დამტკიცებული “შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესი” მითითებული წესი აწესებს საქართველოს ტერიტორიაზე განთავსებულ საწარმოებში დასაქმებულ მუშაკთა შრომითი მოვალეობის შესრულებისას ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების სამართლებრივ საფუძვლებს (მუხლი 1).
მოცემულ შემთხვევაში მ. ბ.-ე არ იყო დასაქმებული და არ ასრულებდა შრომით მოვალეობას. მოპასუხე საწარმოში, მ. ბ.-ს ზიანი მიაყენა მოპასუხე საწარმოს მუშაკმა. სადავო ურთიერთობას მითითებული წესები არ აწესრიგებს და იგი წესრიგდება სამოქალაქო კოდექსის შესაბამისი ნორმებით. სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964წ.) 458-ე მუხლის თანახმად ორგანიზაცია მოვალეა აანაზღაუროს ზიანი, რომელიც მიყენებულია მისი მუშაკის ბრალით, როცა ეს მუშაკი თავის შრომით მოვალეობას ასრულებდა. ამდენად, საკასაციო პაალატა თვლის, რომ სააპელაციო პალატამ სწორად გამოიყენა კანონი.
სსკ-ს 386-ე მუხლის თანახმად, თუ საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო პალატა თვითონ იღებს გადაწყვეტილებას. ამავე კოდექსის 390-ე მუხლის თანახმად სააპელაციო სასამართლოს დადგენილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით.
მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ გააუქმა I ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და საქმე არსებითად გადაწყვიტა. სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ს 389-ე მუხლით, რომელშიც მითითებულია ის მოთხოვნები, რაც უნდა გაითვალისწინოს სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების ჩამოყალიბების დროს (გადაწყვეტილების შინაარსი).
საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო პალატის დადგენილება ჩამოყალიბებულია გადაწყვეტილების ფორმით, თავისი შინაარსით აკმაყოფილებს 249-ე და 389-ე მუხლებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და საქმე გადაწყვეტილია არსებითად. ამდენად, ის გარემოება, რომ სააპელაციო პალატის დადგენილების შესავალ ნაწილში მითითებულია “განჩინება” ვერ გახდება მისი გაუქმების საფუძველი, რადგან თავისი შინაარსით იგი წარმოადგენს გადაწყვეტილებას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებულ კანონის დარღვევას არა აქვს ადგილი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
შპს “ა.-ს” საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს ამ საქმეზე ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 29 დეკემბრის გადაწყვეტილება.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.