საქმე N 180100122006394107
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაცისო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №487აპ-24 9 სექტემბერი, 2024 წელი
ა–ე ო., №487აპ-24 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),
მამუკა ვასაძე, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 22 თებერვლის განაჩენზე მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ გოჩა ცინცაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. ო. ა–ეე (პირადი ნომერი: ........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში საქართველოს სსკ-ის) 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის), საქართველოს სსკ-ის 284-ე მუხლის პირველი ნაწილით (კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:
1.2. 2022 წლის 19 სექტემბერს, დაახლოებით 03:00 საათზე, მ–ს მუნიციპალიტეტ სოფელ წ–ს მიმდებარე ტერიტორიაზე, ო. ა–მ მას შემდეგ, რაც მის ყოფილ მეუღლეს ქ. მ–ს, მის კუთვნილ „ჰონდა სივიკის“ მარკის ავტომობილში დარჩა მისი „აიფონ-11“ მობილური ტელეფონი, უნებართვოდ შეაღწია კომპიუტერულ სისტემაში, კერძოდ ქ. მ–ის „აიფონ-11“ მობილური ტელეფონის პირად სოციალური ქსელ „ფ–ს“ გვერდზე და წაიკითხა ქ. მ–ის პირადი მიმოწერა.
1.3. 2022 წლის 19 სექტემბერს, დაახლოებით 03:00 საათზე, მ–ს მუნიციპალიტეტ სოფელ წ–ში მე-.. ქუჩა, სახლი N..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ო. ა–ს და მის ყოფილ მეუღლეს ქ. მ–ს, ეჭვიანობის ნიადაგზე გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით მოუხდათ შელაპარაკება, რა დროსაც ო. ა–ე მეუღლის მიმართ გახდა აგრესიული, დაუწყო ყვირილი, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და ფიზიკურად იძალადა მასზე, კერძოდ: გაშლილი ხელი ორჯერ ძლიერად დაარტყა მარცხენა ლოყაში, რა დროსაც ქ. მ–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
1.4. 2022 წლის 19 სექტემბერს, დაახლოებით 03:00 საათზე, მ–ს მუნიციპალიტეტ სოფელ წ–ში, მე-.. ქუჩა, სახლი N..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ო. ა–ე ეჭვიანობის ნიადაგზე, გენდერული ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, დანის დემონსტრირებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ყოფილ მეუღლეს ქ. მ–ს, რის შედეგადაც, დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
1.5. 2022 წლის 19 სექტემბერს, დაახლოებით 03:00 საათზე, მ–ს მუნიციპალიტეტ სოფელ წ–ში, მე-.. ქუჩა, სახლი N..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ო. ა–ე ფიზიკური ძალადობის გამოყენებით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის, აშკარად მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა, ყოფილი მეუღლის ქ. მ–ს კუთვნილ „აიფონ-11“ მობილურ ტელეფონს, ღირებულს 900 ლარად და თავისი კუთვნილი „ჰონდა სივიკის“ მარკის ავტომობილით მიიმალა შემთხვევის ადგილიდან.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. მცხეთის რაიონულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დადასტურდა ო. ა–ს მიერ ძარცვისა და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ჩადენის ფაქტები.
სასამართლომ, ასევე დაადგინა, რომ ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი საკმარისი მტკიცებულებები, რაც დაადასტურებდა ო. ა–ს მიერ მისთვის მსჯავრადშერაცხილი დანაშაულების გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენას.
2.2. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 8 ივნისის განაჩენით, ო. ა–ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდებით და გამართლდა.
ო. ა–ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 284-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდებით და გამართლდა.
ო. ა–ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 1 წლით.
საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით – თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ო. ა–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა – 1 წლითა და 6 თვით.
2.3. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 8 ივნისის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ო. ა–მ და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ბ. ქ–მ და მოითხოვეს გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
2.4. განაჩენი ასევე გაასაჩივრა მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გოჩა ცინცაძემ, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და ო. ა–ს ყველა წარდგენილი ბრალდებით დამნაშავედ ცნობა.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 22 თებერვლის განაჩენით, ბრალდების და დაცვის მხარეების სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 8 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3.2. 2024 წლის 20 მარტს, მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გოჩა ცინცაძემ, საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 22 თებერვლის განაჩენში ცვლილების შეტანა და ო. ა–ს ყველა წარდგენილი ბრალდებით დამნაშავედ ცნობა და მისთვის სამართლიანი სასჯელის დანიშვნა.
3.3. დაცვის მხარემ, მსჯავრდებულმა ო. ა–მ და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ბ. ქ–მ წარმოდგენილი შესაგებლით მოითხოვეს ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა.
4. კასატორის არგუმენტები:
4.1. კასატორის პოზიციით, ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა ო. ა–ს მიერ ბრალადწარდგენილი ქმედებების ჩადენა. სასამართლოში დაკითხული დაზარალებულ ქ. მ–ის, მოწმეების – ბ. მ–ს, ბ. გ–ს, გ. ქ–ს, დ. მ–ს, ნ. ქ–ს ჩვენებები ქმნის მტკიცებულებათა იმ ერთობლიობას, რაც საკმარისია ო. ა–ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 284-ე მუხლის პირველი ნაწილით გამამტყუნებლი განაჩენის დასადგენად. ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ ო. ა–მ მისთვის მსჯავრადშერაცხილი დანაშაულები ჩაიდინა გენდერული ნიშნით დიკრიმინაციის მოტივით, რაც პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა ყველა დანაშაულისათვის.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ მიუთითებს და ვერც ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
5.2. საკასაციო პალატა არ იზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულად ადასტურებს ო. ა–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, ასევე საქართველოს სსკ-ის 284-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენას და ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, რომ სასამართლოში არ ყოფილა წარმოდგენილი უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც საკმარისია ამ ნაწილში გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.
5.3. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ ო. ა–ს მიერ კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის დასადასტურებლად წარმოდგენილი იქნა მხოლოდ ერთი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება – დაზარალებულ ქ. მ–ს ჩვენება, რომლის თანახმად, როდესაც ო. ა–ე მივიდა მის საცხოვრებელ სახლთან, დაინახა, რომ მას ტელეფონში გახსნილი ჰქონდა „ფ–ს მესენჯერის“ აპლიკაცია, აჩვენებდა პირად მიმოწერებს და სთხოვდა მისთვის ყველაფრის ახსნას. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ იმისათვის, რათა თავიდან იქნეს აცილებული არსებითად უსამართლო და დაუსაბუთებელი განაჩენით პირის მსჯავრდება, აუცილებელია დამატებითი, ნეიტრალური მტკიცებულების არსებობა, რომელიც დაზარალებულის ნათქვამის სისწორეს დაადასტურებს, რაც მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი არ ყოფილა. პალატის მიზანს არ წარმოადგენს რაიმე ფორმით მოახდინოს დაზარალებულის ჩვენების დისკრედიტაცია ან აქციოს იგი არასანდოდ, თუმცა, ამავდროულად, სასამართლოს ამოცანაა, შეაფასოს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების უტყუარობა ერთობლიობით და მიიღოს გადაწყვეტილება პირის დამნაშავეობა/უდანაშაულობის შესახებ. მით უმეტეს იმ პირობებში, როდესაც დაზარალებულმა განაცხადა, რომ მობილურ ტელეფონზე დაყენებული ჰქონდა კოდი, რომელიც ო. ა–სათვის ცნობილი არ იყო. ამასთან, ზემოხსენებულ მობილურ ტელეფონზე არ ჩატარებულა ექსპერტიზა, რომლის შედეგებითაც ცხადი გახდებოდა თუ რა გზით იყო შესაძლებელი მობილური ტელეფონის განბლოკვა ან კოდის მოხსნა და ტელეფონში დაცული ინფორმაციის გაცნობა.
5.4. საკასაციო პალატა ასევე ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს, რომ ძარცვის შემადგენლობა სახეზეა, როდესაც ხდება მოძრავი ნივთის დაუფლება აშკარად და ქმედების ჩამდენს ამოძრავებს ნივთის მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მიზანი, რაშიც მოიაზრება ნივთის მფლობელობა, სარგებლობა და განკარგვა. თუმცა, ყველა შემთხვევაში დანაშაულის სუბიექტური მხარის ერთ-ერთი აუცილებელი ნიშანია პირის ანგარებითი მოტივი, რაშიც იგულისხმება ქმედების ჩადენა იმ მიზნითა და მოტივით, რომ პირს სურს მიიღოს ნებისმიერი სახის მატერიალური გამორჩენა, ფული, ქონება, ქონებაზე უფლება ან/და თავის სასარგებლოდ გამოიყენოს სხვისი საკუთრება.
5.5. მოცემულ შემთხვევაში, დაზარალებულ ქ. მ–ს ჩვენებით დგინდება, რომ 2022 წლის 19 სექტემბერს, იგი ო. ა–მ საკუთარი მანქანით სახლში მიიყვანა. სახლში აღმოაჩინა, რომ ო. ა–ს მიერ ნაჩუქარი მობილური ტელეფონი თან აღარ ჰქონდა. დედის – ნ. ქ–ს მობილურის ნომრიდან რეკავდა თავის ნომერზე, თუმცა არავინ პასუხობდა. არ გაჰკვირვებია, რადგან მობილურს ზარის ხმა ჰქონდა გათიშული. დაახლოებით მეხუთე ცდაზე, უპასუხა ო. ა–ეემ და უთხრა, რომ ტელეფონი მის მანქანაში დარჩა, მობრუნდებოდა და მიუტანდა. დაახლოებით 15 წუთში ო. ა–მ, თავისი მობილური ნომრიდან დაურეკა დედამისის ნომერზე და აგრესიული ტონით უთხრა, რომ სახლთან იყო და გარეთ მარტო გასულიყო. შეხვედრის შემდეგ ო. ა–მ იძალადა მასზე და დააემუქრა სიცოცხლის მოსპობით, ჩაჯდა ავტომობილში და ისე, რომ არ დაუბრუნებია მობილური ტელეფონი დატოვა შემთხვევის ადგილი. რამოდენიმე წუთში მსჯავრდებულმა კვლავ დარეკა ნ. ქ–ს მობილურზე და კვლავ მოსთოვა გარეთ გასვლა. იგი ძმასთან – დ. მ–თან ერთად სახლის წინ გავიდა. მისი ძმის დანახვისას ო. ა–ე წავიდა ისე, რომ არაფერი უთქვამს. ვინაიდან, ტელეფონი ვერ დაიბრუნა, თავად დაურეკა ო. ა–ს, რომელმაც უთხრა, რომ ტელეფონს დაუბრუნებდა და დაახლოებით ღამის 03:30 საათზე, მივიდოდა მის საცხოვრებელ სახლთან. რა დროსაც იგი დედასთან და ძმასთან ერთად გავიდა გარეთ. მათ შორის კვლავ შეიქმნა კონფლიქტური სიტუაცია, რის შემდეგ ო. ა–მ სწრაფი სიჩქარით დატოვა ტერიტორია, ისე, რომ მისი ტელეფონიც თან წაიღო. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები დასტურდება, როგორც დ. მ–სა და ნ. ქ–ს ჩვენებებით, ისე ავტომანქანის ჩხრეკის ოქმით და ჩხრეკის ამსახველი ვიდეოჩანაწერის დათვალიერების ოქმებით. წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების შედეგად შეუძლებელია დადასტურებულად იქნეს მიჩნეული, რომ მსჯავრდებულს მობილური ტელეფონის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების განზრახვა გააჩნდა. შესაბამისად, ვერ იქნა დადგენილი, რომ ო. ა–ე აპირებდა მის ავტომანქანაში დარჩენილი ქ. მ–ს ნივთით მატერიალური გამორჩენის მიღებას, ან ამ ნივთის თავის სასარგებლოდ განკარგვას, რაც თავის მხრივ გამორიცხავს მის ქმედებაში მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნის არსებობას და მისი მხრიდან ძარცვის შემადგენლობის განხორციელებას.
5.6. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად: „გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას“, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: „მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით: „მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა“, ხოლო ამავე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად: „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
5.7. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება დაცულია მხოლოდ მაშინ, როდესაც პირის მსჯავრდებას საფუძვლად უდევს უტყუარ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არ ერევა ეროვნული სასამართლოების მიერ მტკიცებულებათა დასაშვებობასა და შეფასებაში და ადგენს ზოგადსახელმძღვანელო სტანდარტს: განაჩენი უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებას, დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარდგენილი მოსაზრებებიდან. მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „ელ მასრი მაკედონიის წინააღმდეგ“ (El-Masri v the Former Yugoslav Republic of Macedonia, (GC), 13.12.2012) და „ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Hassan v. the UK, ECtHR, (GC), 16.09.2014). ამასთან, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით შესაძლებელი უნდა იყოს არა მხოლოდ ფაქტების უტყუარი დადასტურება, არამედ მტკიცება უნდა მიემართებოდეს მატერიალური სამართლის ნორმის თითოეულ ელემენტს და უნდა ქმნიდეს დანაშაულის სრულყოფილ შემადგენლობას. ამასთან, უდანაშაულობის პრეზუმფცია დაძლეულია მხოლოდ მაშინ, თუ უტყუარი და დამაჯერებელი მტკიცებულებებით ქარწყლდება გონივრული ეჭვი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვლინდება დანაშაულის შემადგენლობის რომელიმე ნიშნის არსებობის მიმართ, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
5.8. საკასაციო პალატის შეფასებით, გენდერის ნიშნით დისკრიმინაცია გულისხმობს პიროვნების ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქცევას მხოლოდ იმიტომ, რომ ის ერთი გენდერის წარმომადგენელია და არა – მეორის. ის ძირითადად მომდინარეობს იმ სტრერეოტიპებიდან, რომელთა მიხედვითაც ერთი სქესის ადამიანი მეორე სქესის ადამიანზე უფრო მაღლა დგას. ხშირ შემთხვევაში დისკრიმინაცია გამოიხატება ქალსა და მამაკაცს შორის არსებულ უთანასწორო ძალაუფლებრივი მდგომარეობით, მამაკაცის უპირატესი როლის წარმოჩინების სურვილით, რაც დადასტურებული უნდა იქნეს მტკიცებულებებით. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით კი, არ დასტურდება, რომ ო. ა–მ გენდერული ნიშნით, დისკრიმინაციის მოტივით იძალადა და დაემუქრა ქ. მ–ს. აღნიშნულის თაობაზე ინფორმაციას არ შეიცავს დაზარალებულის ჩვენება და არც საქმეში წამოდგენილი სხვა მტკიცებულებები.
5.9. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მტკიცებულების შეფასების თაობაზე წამოჭრილი ყველა სადავო საკითხი ჯეროვნად არის შესწავლილი და განმარტებული სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებულ განაჩენში, ბრალდების მხარეს სააპელაციო საჩივარში მითითებულ არგუმენტებზე ამომწურავი პასუხები გაეცა, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს, ხოლო რაიმე სხვა ახალ გარემოებაზე, რაც საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანი გახდებოდა, კასატორი საჩივარში არ უთითებს. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ სტანდარტებსა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
5.10. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland,no.49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, განსახილველ საქმეში არ იკვეთება ისეთი სამართლებრივი პრობლემა, რაც სამართლის განვითარებისათვის ახლებურ გადაწყვეტას საჭიროებს ან აქამდე დადგენილი სასამართლო პრაქტიკისგან განსხვავებულ სამართლებრივ მოცემულობას ქმნის.
5.11. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
5.12. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მცხეთის რაიონული პროკურორის პროკურორ გოჩა ცინცაძის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მამუკა ვასაძე
შალვა თადუმაძე