გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ-498-02 24 მაისი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),
ქ. გაბელაია, თ. კობახიძე
დავის საგანი: თანხის დაბრუნება (ძირითადი სარჩელი), სახლის ღირებულების დარჩენილი, სახლის გადაფორმებაზე დახარჯული თანხებისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურება (შეგებებული სარჩელი).
აღწერილობითი ნაწილი:
ქ. ბათუმში, ... დასახლების სახლში, 2000წ. 24 აპრილს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, ტ. ს-ევამ მიჰყიდა დ. დ-ძეს. ბინა ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროში აღირიცხა დ. დ-ძის სახელზე. 2000წ. აგვისტოში ტ. ს-ევამ მიმართა სასამართლოს და თავდაპირველად მოითხოვა ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმება, ხოლო 2001წ. 11 იანვარს შეცვალა სასარჩელო მოთხოვნა, სასამართლოში შეიტანა დამატებითი სასარჩელო განცხადება და მოითხოვა დ. დ-ძისათვის გადაცემული რვა ათასი აშშ დოლარის უკან დაბრუნება შემდეგი საფუძვლით: 2000წ. 24 აპრილს სადავო ბინა მიჰყიდა დ. დ-ძეს, რაშიც მან გადაუხადა ცხრა ათასი აშშ დოლარი; შეთანხმების თანახმად საცხოვრებლად დარჩა ცოტა ხნით გაყიდულ ბინაში, სანამ გაემგზავრებოდა რუსეთში ნათესავებთან, მაგრამ 2000წ. 23 მაისს მოულოდნელად გარდაეცვალა მეუღლე ი. ს-ევი, რომელიც გაასვენა გაყიდული ბინიდან, რისი წინააღმდეგიც იყო დ. დ-ძე, რომელმაც განუცხადა, რომ ამ ფაქტის გამო აღარ სურდა ამ ბინაში ცხოვრება. მან დ-ძეს უკან დაუბრუნა 8000 აშშ დოლარი, დარჩენილ 1000 დოლარსაც გადაუხდიდა ორი წლის მანძილზე, ხოლო დ-ძე გადაუფორმებდა ბინას. დ-ძემ თანხა მიიღო, მაგრამ თავის მხრივ არაფერი გააკეთა ხელშეკრულების გასაუქმებლად. მოსარჩელე ითხოვს დ-ძისათვის გადაცემული 8000 დოლარის უკან დაბრუნებას.
სასამართლო სხდომაზე მოპასუხე დ. დ-ძემ სარჩელი არ ცნო და შეგებებული სარჩელით მოითხოვა დარჩენილი 1000 აშშ დოლარის, ბინის გადაფორმებაზე დახარჯული 550 აშშ დოლარისა და მიყენებული ზიანის _ 3000 აშშ დოლარის დაკისრება ტ. ს-ევასათვის შემდეგი გარემოებების გამო: მან ბინა შეიძინა 8000 ლარად, ანუ 4000 აშშ დოლარად, როგორც ნასყიდობის ხელშეკრულებაშია ნათქვამი, ხოლო დარჩენილი თანხა გადაიხადა ავტოფარეხში, მიწის ნაკვეთსა და ავეჯში. გარდა ამისა, იმის გამო, რომ მოცემული საქმის განხილვის გამო მას ჩამოერთვა ხელწერილი გაუსვლელობის შესახებ, მან ვერ შეძლო გემზე სამუშაოდ წასვლა და განიცადა ზიანი 3000 აშშ დოლარის ოდენობით. მან ასევე მოითხოვა ს-ევას გამოსახლება სადავო ბინიდან.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 11 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ს-ევას სარჩელი დაკმაყოფილდა. დ. დ-ძეს ს-ევას სასარგებლოდ დაეკისრა 8000 აშშ დოლარის გადახდა. დ. დ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: ს-ევა გამოსახლდა სადავო ბინიდან. დ-ძეს თანხის ანაზღაურებაზე ეთქვა უარი.
ქ.ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაიცო საჩივარი შეიტანა დ. დ-ძემ. აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 15 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელი დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ განჩინება გამოიტანა შემდეგი საფუძვლით: დადგენილად მიიჩნია, რომ 2000წ. 24 აპრილს მხარეებს შორის დაიდო ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება. დ. დ-ძემ ტ. ს-ევას გადაუხადა ბინის ღირებულება 9000 აშშ დოლარი, შემდგომში დ. დ-ძემ ტ. ს-ევას უკანვე გამოართვა 8000 აშშ დოლარი, ვითომ ხელშეკრულების გასაუქმებლად, მაგრამ ხელშეკრულება არ გაუქმებულა და ბინა დღემდე ირიცხება დ. დ-ძის სახელზე, რადგან დღეისათვის ხელშეკრულება ნამდვილია და არცერთი მხარე არ ითხოვს მის გაუქმებას. სასამართლომ სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის თანახმად დაავალდებულა დ-ძე გადაეცა ს-ევასთვის ბინის საფასური _ 8000 აშშ დოლარი, რის შემდეგაც ს-ევა უნდა გამოსახლებულიყო სადავო ბინიდან.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია ასევე, რომ დ-ძემ აღნიშნული თანხა გადაიხადა როგორც ბინის საფასური და არა როგორც ავეჯის, ავტოფარეხისა და მიწის ღირებულება. სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების შესახებ, რადგან მიიჩნია, რომ ჩამორთმეული ხელწერილის თანახმად დ-ძე არ იყო შეზღუდული, შეეძლო გასულიყო რესპუბლიკიდან, თუ დატოვებდა წარმომადგენელს, რაც მან არ გააკეთა.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა დ. დ-ძემ, რომლითაც ითხოვს გადაწყვეტილების გაუქმებას შემდეგი საფუძვლით: სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლი, უგულებელყო ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი მყიდველის ვალდებულება, გამყიდველისათვის შეთანხმებული ფასის გადახდის შესახებ. სასამართლომ არ გამოიყენა კანონები, რომელთა გამოყენებასაც ითხოვდა განსახილველი სიტუაცია, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 508-ე მუხლი, რომელიც ითვალისწინებს ორმხრივ რესტიტუციას ხელშეკრულებაზე უარის თქმისას, ასევე, სამოქალაქო კოდექსის 394-ე, 411-ე, 412-ე, 992-ე მუხლები და საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტი და არ გაანალიზა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 პუნქტის “თ” ქვეპუნქტი.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელი უნდა დარჩეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ დაადგინა ფაქტობრივი გარემოება, რომ 2000წ. 24 აპრილს მხარეებს შორის დაიდო სადავო ბინაზე ნასყიდობის ხელშეკრულება და დღეისათვის საჯარო რეესტრში ბინა აღრიცხულია დ. დ-ძის სახელზე. სასამართლომ ასევე დაადგინა ფაქტობრივი გარემოება, რომ დ. დ-ძემ ბინაში ს-ევას გადაუხადა 9000 აშშ დოლარი, აღნიშნული თანხიდან უკან წაიღო 8000 აშშ დოლარი. სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის საფუძველზე სწორად დაავალა დ-ძეს (მყიდველს) ს-ევასათვის ბინის საფასურის 8000 აშშ დოლარის დაბრუნება, ხოლო ს-ევას _ დ-ძისათვის გაყიდული ბინის გადაცემა. პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ სააპელაციო სასამართლოს ს-ევასათვის უნდა დაეკისრებინა დარჩენილი 1000 აშშ დოლარისა და ხელშეკრულების დადების ხარჯები _ 550 აშშ დოლარი დაკისრება, რადგან დ-ძეს არ მოუთხოვია ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმება ან ბათილად ცნობა, ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება ნამდვილია და მყიდველს ევალება ბინის საფასურის გადახდა.
პალატა ასევე ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ მან სასამართლოში საქმის წარმოების გამო განიცადა ზიანი, რადგან გაუსვლელობის ხელწერილის ჩამორთმევის გამო ვერ შეძლო გემზე სამუშაოდ გამგზავრება და აღნიშნული ზარალი უნდა დაეკისროს მოსარჩელე ს-ევას. სააპელაციო სასამართლომ სწორად მიუთითა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის “თ” პუნქტი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებად ითვალისწინებს მოპასუხისათვის მისი საცხოვრებელი ან სამყოფელი ადგილიდან გაუსვლელობის ხელწერილის ჩამორთმევას. ამდენად, ხელწერილის ჩამორთმევა მოხდა კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, ხოლო უზრუნველყოფის ღონისძიებებით მიყენებული ზიანის ანაზღაურებას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლი ითვალისწინებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სარჩელის უზრუნველსაყოფად დაშვებული ღონისძიებები გაუმართლებული გამოდგა იმის გამო, რომ მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელზე. მოცემულ შემთხვევაში კი პირიქით, ს-ევას სარჩელი, რომლის უზრუველყოფისათვის იყო გამოყენებული გაუსვლელობის ხელწერილის ჩამორთმევა, დაკმაყოფილდა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს კანონის დარღვევას ადგილი არ ჰქონია და არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების კანონიერი საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
დ. დ-ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელი დარჩეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 15 იანვრის განჩინება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.