გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ-500-02 4 სექტემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),
მ. ცისკაძე, მ. ახალაძე
დავის საგანი: ბინიდან გამოსახლება (სარჩელში). თანხის დაკისრება (შეგებებულ სარჩელში).
აღწერილობითი ნაწილი:
ბ. გ-ის საკუთრებას წარმოადგენს ქ. ონში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლი. მან 2001წ. მარტში სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხეების: რ. ე-ის და დ. ჩ-ის მიმართ თავისი კუთვნილი საცხოვრებელი სახლიდან მათი გამოსახლების მოთხოვნით. მოსარჩელემ მოთხოვნა იმით დაასაბუთა, რომ 1999წ. დეკემბერში ბინაში დროებით საცხოვრებლად იმ პირობით შეუშვა ნაცნობი რ. ე-ე ოჯახით, რომ მოპასუხეებს იგი უნდა გამოეთავისუფლებინათ როცა ბ. გ-ს თავისი სახლი დასჭირდებოდა.
ონის რაიონული სასამართლოს 2001წ. 17 აპრილის გადაწყვეტილებით ბ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. რ. ე-ე და დ. ჩ-ე არასრულწლოვან შვილებთან ერთად გამოსახლებულ იქნენ ქ. ონში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლიდან.
დ. ჩ-ემ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
სააპელაციო პალატაში დ. ჩ-ემ წარადგინა შეგებებული სარჩელი მოპასუხეების: ბ. გ-ის და ნ. გ-ის მიმართ და მოითხოვა ნ. გ-ისათვის მის სასარგებლოდ 4500 აშშ დოლარის და 2700 ლარის დაკისრება. დ. ჩ-ემ თავისი შეგებებული სარჩელი დაასაბუთა იმით, რომ ნ. გ-მა მას შესთავაზა სადავო საცხოვრებელი სახლის ყიდვა, მან 1997წ. ოქტომბრისათვის მთლიანად გადაუხადა ბინის ღირებულება და ზეპირი შეთანხმების თანახმად ბინის გაფორმება უნდა მომხდარიყო მხოლოდ თანხის გადახდის შემდეგ. მართალია, სადავო საცხოვრებელი სახლი ბ. გ-ის საკუთრებას წარმოადგენდა, მაგრამ ნ. გ-მა უთხრა, რომ მესაკუთრეს ჰქონდა მისი ვალი და ამიტომ ბინას ჰყიდდა ვალის დასაფარავად. ამ ბინაში დ. ჩ-ის ოჯახი საცხოვრებლად შევიდა თვით ბ. გ-ის თანხმობით.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ 2001წ. 18 ოქტომბრის განჩინებით დ. ჩ-ის შეგებებული სარჩელი განსახილველად მიიღო მის სააპელაციო საჩივართან ერთად.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 22 იანვრის გადაწყვეტილებით დ. ჩ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: გაუქმდა ონის რაიონული სასამართლოს 2001წ. 17 აპრილის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა რაიონულ სასამართლოს. სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება დასაბუთებულია იმით, რომ სააპელაციო პალატის სხდომაზე სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ მოხერხდა აპელანტის მიერ დასახელებული მოწმეების – ვ. ღ-ისა და დ. გ-ის დაკითხვა, რის გამოც შეუძლებლად იქნა მიჩნეული საქმეზე ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. სააპელაციო პალატამ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება გააუქმა სსკ-ს 394-ე მუხლის “ე” პუნქტის საფუძველზე.
სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ნ. გ-მა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ბ. გ-ის სარჩელის დაკმაყოფილება. კასატორი მიუთითებს, რომ სააპელაციო პალატამ უკანონოდ დააკმაყოფილა დ. ჩ-ის მოთხოვნა.
სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ბ. გ-მა, რომელმაც მოითხოვა სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი სარჩელის დაკმაყოფილება. კასატორის მოთხოვნა ემყარება შემდეგ მოტივებს: სააპელაციო პალატამ ყურადღება არ მიაქცია საჯარო რეესტრიდან წარდგენილ ამონაწერს იმის შესახებ, რომ ქ. ონში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლი წარმოადგენს კასატორის საკუთრებას. ამ საცხოვრებელ სახლზე დ. ჩ-ეს და მისი ოჯახის წევრებს არავითარი იურიდიული უფლება არ გააჩნიათ. სააპელაციო სასამართლომ არასწორად ჩათვალა, რომ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული და არ მიუთითა, თუ რაში გამოიხატებოდა იურიდიული დაუსაბუთებლობა. დ. ჩ-ე მიუთითებს, რომ საცხოვრებელი სახლის საფასური გადაუხადა ნ. გ-ს, ამ გარემოებას კი კასატორის სარჩელთან კავშირი არა აქვს. სააპელაციო სასამართლომ საქმის გაჭიანურების მიზნით საქმეში მესამე პირად ჩართო ნ. გ-ი. პალატამ არ მიიღო კანონით გათვალისწინებული ზომები მოწმეების სასამართლოში მოსაყვანად.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, საკასაციო საჩივრების მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ ნ. გ-ის და ბ. გ-ის საკასაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატაში დ. ჩ-ის სააპელაციო საჩივრის განხილვისას მიღებულ იქნა დ. ჩ-ის შეგებებული სარჩელი მოპასუხეების: ბ. გ-ის და ნ. გ-ის მიმართ, მის სასარგებლოდ ნ. გ-ისათვის 4500 აშშ დოლარის და 2700 ლარის დაკისრების თაობაზე.
სააპელაციო პალატამ მოცემული საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნა ონის რაიონულ სასამართლოს იმ საფუძვლით, რომ სასამართლოს არაერთგზის მცდელობის მიუხედავად, საქმეზე ვერ მოხერხდა დ. ჩ-ის მიერ დასახელებული მოწმეების დაკითხვა სხვადასხვა მიზეზების გამო, რომლის გარეშეც შეუძლებელია საქმეზე ფაქტობრივი გარემოების დადგენა. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს ამგვარ მოსაზრებას, რადგან სსკ-ს 381-ე მუხლის მეორე წინადადების თანახმად სააპელაციო სასამართლოში დასაშვებია შეგებებული სარჩელის აღძვრა, ამიტომ სააპელაციო სასამართლომ თვითონ უნდა განიხილოს ეს სარჩელი და არსებითად გადაწყვიტოს დავა. ხოლო სსკ-ს 372-ე მუხლში მითითებულია, რომ საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებითა და დამატებებით.
სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა სსკ-ს 140-ე მუხლის მეორე ნაწილის მითითება იმის თაობაზე, რომ მოწმე შეიძლება გამოცხადდეს სასამართლოში დაინტერესებული მხარის მეშვეობით.
საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო პალატამ დაარღვია ასევე სსკ-ს 243-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნა იმის შესახებ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება გამოაქვს საქმის არსებითად გადაწყვეტის შემთხვევაში. სააპელაციო პალატამ კი მოცემულ შემთხვევაში განჩინების ნაცვლად გადაწყვეტილებით გააუქმა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნა ონის რაიონულ სასამართლოს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ნ. გ-ის და ბ. გ-ის საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 22 იანვრის გადაწყვეტილება მოცემულ საქმეზე გაუქმდეს და ხელახალი განხილვისათვის საქმე დაუბრუნდეს იმავე პალატას.
პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.