საქმე # 330100123008103917
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №505აპ-24 ქ. თბილისი
მ. ა. 505აპ-24 6 სექტემბერი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 5 აპრილის განაჩენზე თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ გულნარა ოქრუაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად: ა. მ–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალი ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - საქართველოს სსკ-ის) 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით:
2023 წლის 14 მაისს, დაახლოებით 13:30 საათზე, ქ. თ–ში, ბ–ს ქუჩის №..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ა. მ–მ მ. ა–ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ხელი დაარტყა ხელში, რის შემდეგაც ერთი ხელი ძლიერად მოკიდა თმებში, ხოლო მეორე ხელი მოჰკიდა მკლავზე, მოუჭირა და გარკვეული მანძილი გაატარა ძალის გამოყენებით. აღნიშნულის შედეგად მ. ა–მა მიიღო დაზიანება და განიცადა ფიზიკური ტკივილი.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 7 თებერვლის განაჩენით:
3.1. ა. მ–ე საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა;
3.2. ა. მ–ს განემარტა, რომ უფლება აქვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 7 თებერვლის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა გულნარა ოქრუაშვილმა და მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და ა. მ–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და შესაბამისი სასჯელის განსაზღვრა.
4.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარადგინა გამართლებულმა ა. მ–მ და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 7 თებერვლის განაჩენის უცვლელად დატოვება.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 5 აპრილის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 7 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 5 აპრილის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა გულნარა ოქრუაშვილმა მოითხოვა ა. მ–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის მიზნების რელევანტური სასჯელის განსაზღვრა.
7. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სსსკ-ი 273-ე მუხლს; ასევე – ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001).
8. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო საჩივრით ბრალდების მხარე ითხოვს ა. მ–ს დამნაშავედ ცნობას წარდგენილ ბრალდებაში და მისთვის შესაბამისი სასჯელის დანიშვნას.
9. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს იმის რწმენაცა და სამართლებრივი გარანტიაც, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41-43). „უტყუარობის კონსტიტუციური პრინციპი მოითხოვს არა მხოლოდ იმას, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უტყუარ (სანდო, გაუყალბებელ) მტკიცებულებებს ეფუძნებოდეს, არამედ იმასაც, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით ეჭვგარეშე დასტურდებოდეს პირის ბრალეულობა დანაშაულის ჩადენაში (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება N 2/2/1276 საქმეზე „გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-77).
10. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მტკიცებას, რომ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულად ადასტურებენ ა. მ–სის მიერ მისთვის ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას.
10.1. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ა. მ–ს მიერ ჩადენილი ფიზიკური ძალადობის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) – მ. ა–ს ხელი დაარტყა ხელში, ძლიერად ხელი მოჰკიდა თმებში – შესახებ მითითებულია მხოლოდ დაზარალებულ მ. ა–ს ჩვენებაში, რაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ ადასტურებს ა. მ–ს მიერ ფიზიკური ძალადობის ჩადენის ფაქტს.
10.2. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ ა. მ–ს მიერ მ. ა–სათვის ხელის ხელზე მოკიდების და სახლიდან გაყვანის ფაქტი დასტურდება, როგორც დაზარალებულის ჩვენებით, ასევე სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი ვიდეოჩანაწერით. სასამართლო ასევე ითვალისწინებს სამედიცინო ექსპერტიზის №.......... დასკვნას (რომლის თანახმადაც, 15.05.2023 წელს, პირადი შემოწმებით, მ. ა–ს აღენიშნებოდა დაზიანება სისხლნაჟღენთის სახით (მარჯვენა წინამხრის უკანა ზედაპირზე, ქვედა მესამედში, აღენიშნება მოლურჯო-მოიისფრო ფერის, უსწორო ფორმის არამკვეთრი კიდეებისა და კონტურების მქონე სისხლნაჟღენთი), რაც განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვის საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ 14.05.2023 წლის თარიღს), თუმცა, იმავდროულად, ითვალისწინებს, რომ დაზარალებულ მ. ა–ს ა. მ–ს მიერ ხელის ხელზე მოკიდებით სახლიდან გაყვანის ფაქტთან მიმართებით ფიზიკური ტკივილის განცდის ფაქტზე არ უსაუბრია პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით ჩვენების მიცემისას და მიუთითა მხოლოდ ხელის ხელზე დარტყმისას ფიზიკური ტკივილის განცდაზე (იხ.: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 8 იანვრის სხდომის ოქმი 15:42:40 – 15:43:35).
11. შესაბამისად, წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დასტურდება ა. მ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რის გამოც, მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სამართლიანად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
12. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, par.175, ECtHR, 14/05/2020).
13. მოცემულ შემთხვევაში, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
14. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად, არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
16. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 5 აპრილის განაჩენზე თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ გულნარა ოქრუაშვილის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. ვასაძე