Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ-502-02 7 მაისი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),

ქ. გაბელაია, თ. კობახიძე

დავის საგანი: სამუშაოზე აღდგენა.

აღწერილობითი ნაწილი:

1994 წლიდან ს. ა-ია მუშაობდა მუნიციპალურ საწარმო “გ-ში”, ოპტიკის განყოფილებაში, სექტორის ...ედ. 1996 წლიდან მუნიციპალური საწარმო “გ-ი” გარდაიქმნა შპს-დ, რომელიც რეგისტრაციაში გატარდა ქუთაისის სასამართლოში. აღნიშნული შპს-ს დამფუძნებელი არის თვითონ მოსარჩელეც, რომლის წილი საწესდებო კაპიტალში შეადგენს 10%-ს. 2001 წლის 11 ოქტომბერს შპს “გ-ის” დირექტორმა ე. ნ-ძემ ¹120 ბრძანებით ს. ა-ია გაათავისუფლა სამუშაოდან შრომის კანონმდებლობის უგულებელყოფის გამო.

ს. ა-იამ სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა შპს “გ-ის” ¹120 ბრძანების ბათილად ცნობა იმ მოტივით, რომ იგი არის შპს “გ-ის” დამფუძნებელი და 2001 წლის 28 სექტემბრიდან ქუთაისის საოლქო საგადასახადო ინსპექციაში რეგისტრირებულია როგორც ინდივიდუალური მეწარმე, ბრძანება განთავისუფლების შესახებ არის უკანონო და არ არსებობს მისი განთავისუფლების კანონიერი საფუძველი.

შპს “გ-ის” დირექტორმა ე. ნ-ძემ წარმოდგენილ შესაგებელში სარჩელი არ ცნო და განაცხადა, რომ ს. ა-ია სისტემატურად არღვევდა შრომის კანონმდებლობასა და შინაგანაწესს, საზოგადოებრივ წესრიგს, რითაც ზიანი ადგებოდა დაწესებულების ბიუჯეტს. ს. ა-ია მრავალჯერ იქნა გაფრთხილებული, რომ მის მიმართ გატარებული იქნებოდა მკაცრი ადმინისტრაციული ზომები, მაგრამ, მიუხედავად ამისა, იგი კვლავ განაგრძობდა თვითნებურ ქცევას. აქედან გამომდინარე, იგი კანონის შესაბამისად იქნა განთავისუფლებული სამუშაოდან.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2001 წლის 3 დეკემბრის გადაწყვეტილებით ს. ა-იას სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო. სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობს შპს “გ-ის” დირექტორ ე. ნ-ძის ¹120 ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველი. საწარმოს შპს “გ-ად” გარდაქმნის შემდეგ ს. ა-ია გახდა 10%-ის მფლობელი პარტნიორი, მაგრამ ამავე დროს იგი, როგორც თანამშრომელი აგრძელებდა მუშაობას საწარმოში. ამიტომ მასზე, როგორც მუშაკზე უნდა გავრცელდეს შრომის კანონმდებლობით დადგენილი ნორმები და შრომის შინაგანაწესის სისტემატური დარღვევის ან სამუშაოს არასაპატიო მიზეზით გაცდენის გამო შესაძლებელია მისი სამუშაოდან გათავისუფლება.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ს. ა-იამ.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილებით ს. ა-იას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა ქუათაისის საქალაქო სასამართლოს 2001 წლის 3 დეკემბრის გადაწყვეტილება. ს. ა-ია აღდგენილ იქნა შპს “გ-ში”, ოპტიკის განყოფილებაში, სექციის ...ედ, ხოლო შპს “გ-ს” დაეკისრა იძულებით განაცდურის ანაზღაურება განთავისუფლების დღიდან.

სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება გამოტანა შემდეგი საფუძვლით: ჩათვალა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება იურიდიულად დაუსაბუთებელია, რის გამოც იგი გააუქმა და მიიღო ახალი გადაწყვეტილება, ასევე მიიჩნია, რომ ს. ა-იას სამსახურიდან დათხოვა მოხდა საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის მოთხოვნათა დარღვევით, ვინაიდან მოპასუხემ, შპს “გ-ის” დირექტორმა ე. ნ-ძემ, ვერ დაადასტურა 2001 წლის 10 და 17 იანვრის ¹104 და ¹120 ბრძანებების აღრიცხვის წიგნის ფიზიკურად არსებობა. აღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლომ სარჩელი დააკმაყოფილა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს “გ-მა” და მოითხოვა საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმება. შპს “გ-ის საკასაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ მოტივებს: ს. ა-ია სისტემატიურად არღვევდა შრომის შინაგანაწესს, საზოგადოებრივ წესრიგს და ამით საფრთხეს უქმნიდა დაწესებულების ნორმალურ მუშაობას. საკასაციო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონო და ტენდენციურია, ამიტომ იგი უნდა გაუქმდეს.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის მოტივები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა, იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს და შესაბამისად უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:

როგორც საქმის მასალებით ირკვევა, ს. ა-ია სამუშაოდან დათხოვნილ იქნა 2001 წლის 11 ოქტომბერს შრომის კანონთა კოდექსის 34-ე მუხლის “გ” პუნქტის საფუძველზე. აღნიშნული მუხლი ითვალისწინებს მუშაკის მიერ შრომის ხეკლშეკრულების ან შრომის შინაგანაწესის სისტემატიური შეუსრულებლობის ან მის სამუშაოს მიერ არასაპატიო მიზეზით გაცდენის გამო ადმინისტრაციის მხრიდან შრომის ხელშეკრულების შეწყვეტას, თუკი მუშაკის მიმართ ადრე გამოყენებული იყო დისციპლინური მოქმედების ღონისძიება. სააპელაციო სასამართლომ იმისთვის, რომ დაედგინა, იყო თუ არა გამოყენებული დისციპლინური ზემოქმედება ა-იას მიმართ მისი სამუშაოდან დათხოვნამდე, მოპასუხეს მოსთხოვა ბრძანებათა აღრიცხვის წიგნის წარმოდგენა, რაზედაც მოპასუხემ უარი განაცხადა. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 157-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად სწორად მიიჩნია, რომ მოპასუხემ ვერ დაადასტურა მოსარჩელის მიმართ დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ ბრძანებების არსებობა. ამდენად, თუკი არ ყოფილა გამოყენებული მოსარჩელის მიმართ დისციპლინარული ღონისძიებები, საფუძველს არის მოკლებული მისი განთავისუფლება სამუშაოდან შკკ-ის 34-ე მუხლის “გ” პუნქტით. გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ მოპასუხემ ა-იას განთავისუფლების დროს დაარღვია შრომის კანონთა კოდექსის 136-ე მუხლის მეორე პუნქტის მოთხოვნა და მას დისციპლინარული სასჯელი დაადო დარღვევის გამოვლენიდან 5 თვის შემდეგ, მაშინ, როცა აღნიშნული მუხლი იმპერატიულად მოითხოვს, რომ სასჯელის გამოყენება უნდა მოხდეს გამოვლენისთანავე, მაგრამ არაუგვიანეს ერთი თვისა მისი გამოვლენის დღიდან. პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ ა-ია სამუშაოდან განთავისუფლებულ იქნა არა 2001 წლის 20 აპრილიდან 12 მაისამდე სამსახურის გაცდენის გამო, არამედ იმის გამო, რომ 2001 წლის 11 ოქტომბრამდე აგრძელებდა შრომის დისციპლინის დარღვევას, რადგან ა-იას განთავისუფლების შესახებ საქმეში წარმოდგენილი ბრძანებაში ¹120 აღნიშნულის შესახებ არაფერი წერია.

პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს კანონის დარღვევას ადგილი არ ჰქონია, რის გამოც გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად უნდა დარჩეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

შპს “გ-ის” დირექტორ ე. ნ-ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივდება.