Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ-503-02 5 ივლისი, 2002 წ., ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),

თ. კობახიძე, ქ. გაბელაია

დავის საგანი: ბინიდან გამოსახლება და ბინის ქირის დაკისრება.

აღწერილობითი ნაწილი:

ქ.თბილისში, ... მდებარე სახლი ირიცხებოდა ე. და ლ. ე-შვილების დედის, რ. ე-შვილის, სახელზე.

1951 წელს რ. ე-შვილთან დადებული გარიგების საფუძველზე 21 კვ.მ. ოთახი და აივანი სარგებლობის უფლებით დაიკავა გ-იანების ოჯახმა.

1977 წელს გარდაიცვალა რ. ე-შვილი. 1987წ. 3 მარტს მიღებული მემკვიდრეობის უფლების მოწმობის საფუძველზე სახლის მესაკუთრეები გახდნენ ე. და ლ. ე-შვილები.

2001წ. მარტში ე. და ლ. ე-შვილებმა სარჩელი შეიტანეს სასამართლოში ე., ჯ., ს., ა. და რ. გ-იანების მიმართ ქირავნობის ხელშეკრულების მოშლის, გადაუხდელი ბინის ქირის დაკისრებისა და ბინიდან გამოსახლების შესახებ.

ქ.თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2001წ. 3 აგვისტოს გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხეები გამოსახლებულ იქნენ დაკავებული ფართობიდან და დაეკისრათ ბინის ქირის _ 580 ლარის გადახდა. ე., ჯ., ს., ა. და რ. გ-იანებმა სააპელაციო საჩივრით მოითხოვეს გადაწყვეტილების გაუქმება იმ საფუძვლით, რომ ისინი წარმოადგენდნენ არა დამქირავებლებს, არამედ მოსარგეებლებს, ამიტომ სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა 1998წ. 25 ივნისის კანონით “საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ”.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მოპასუხეების სააპელაციო საჩივარი. გაუქმდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. არ იქნა დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნა სადავო ბინიდან გამოსახლების ნაწილში. მოპასუხეებს მოსარჩელეების სასარგებლოდ დაეკისრათ ბინის ქირის, ერთდროულად 268 ლარის, ხოლო 2001წ. 1 დეკემბრიდან თვეში 4 ლარის და 20 თეთრის გადახდა.

ე. და ლ. ე-შვილები საკასაციო საჩივრით ითხოვენ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებას იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ არ გაითვალისწინა მათი, როგორც მესაკუთრეების, კონსტიტუციური უფლებები.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეების განმარტებები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო:

ქ.თბილისში, ... მდებარე სახლის მესაკუთრეები არიან ე. და ლ. ე-შვილები. მოსარჩელეებმა რ. ე-შვილის მიერ დატოვებული ანდერძის საფუძველზე მიიღეს მემკვიდრეობის უფლების მოწმობა.

სააპელაციო პალატამ სწორად მიუთითა იმის თაობაზე, რომ გ-იანების ოჯახი 1951 წლიდან აღნიშნულ სახლში ცხოვრობს მოსარგებლის უფლებით და რომ მხარეებს შორის ურთიერთობა უნდა მოწესრიგდეს კანონით “საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობის შესახებ”.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2001წ. 7 ივნისის გადაწყვეტილებით* არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი აღნიშნული კანონის მე-5 მუხლი, რომელიც ითვალისწინებდა მესაკუთრის მოთხოვნით მოსარგებლის მიერ სადგომის გამოთავისუფლების ვალდებულებას (თუ მესაკუთრე მოსარგებლეს იმავე დასახლებული პუნქტის ფარგლებში გადასცემდა ამ მუხლით განსაზღვრული ფართის სხვა საცხოვრებელ სადგომს, ან გადაუხდიდა შესაბამის კომპენსაციას).

არ შეიძლება გაზიარებულ იქნეს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება იმის თაობაზე, რომ კანონით მითითებული ნორმის არაკანოსტიტუციურად ცნობის გამო ვერ დაკმაყოფილდება მესაკუთრის მოთხოვნა მოსარგებლის მიერ სადგომის გამოთავისუფლებაზე, თუნდაც სარჩელი დასაბუთებული იყოს. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის მიერ 2002წ. 29 აპრილს ს. ტ-ოვის საქმეზე მიღებულ განჩინებაში მითითებულია, რომ დავის მოსაწესრიგებლად გამოყენებულ უნდა იქნეს სამოქალაქო კოდექსის ის ნორმები, რომლებიც მფლობელისა და მესაკუთრის უფლება-მოვალეობებს ითვალისწინებს. დავის გადასაწყვეტად გამოყენებულ არ უნდა იქნეს ქირავნობის ურთიერთობის მომწესრიგებელი სკ-ს 531-ე, 575-ე მუხლები.

საქმე არასრულყოფილადაა განხილული ბინის ქირის დაკისრების ნაწილშიც. “საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” კანონის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ერთ სულზე 12კვ.მ. ნაკლებ საცხოვრებელ ფართობზე ბინის ქირის ოდენობა თვეში შეადგენს დაუბეგრავი მინიმუმის ერთ პროცენტს თითოეულ კვადრატულ მეტრზე, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. მოპასუხე ე. გ-იანის განმარტების მიხედვით ბინის ქირა შეადგენდა 10 ლარს. სააპელაციო პალატამ არ გაითვალისწინა ამ საკითხზე მხარეებს შორის არსებული შეთანხმება და ბინის ქირა განსაზღვრა თვეში 4 ლარის და 20 თეთრის ოდენობით.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ე. და ლ. ე-შვილების საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 20 დეკემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაბურუნდეს იმავე პალატას.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

* ix. susg 2002 # 7, samoq., gv. 1124-1131.