Facebook Twitter

საქმე N 330100119003332352

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №521აპ-24 25 სექტემბერი, 2024 წელი

ა–ი კ., №521აპ-24 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 4 მარტის განაჩენზე მსჯავრდებულ ზ. მ–ს და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატებიგ. ძ–სა და ლ. ფ–ს, ასევე მსჯავრდებულების კ. ა–ს და გ. გ–სის ინტერესების დამცველი ადვოკატების დ. მ–სა და ხ. ქ–ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. კ. ა–ი (პირადი ნომერი: ..........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 2234-ე მუხლის პირველი ნაწილით (კანონიერი ქურდისთვის და ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვა ქურდული გარჩევის განხორციელების და თავისთვის მატერიალური უპირატესობის მისაღებად, პირზე გავლენის მოხდენის მიზნით), გ. გ–ი (პირადი ნომერი: .......) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით (ქურდული სამყაროს წევრობა), ზ. მ–ე (პირადი ნომერი: ...........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით (ქურდული სამყაროს წევრობა – ორი ეპიზოდი), გ. მ–ი (პირადი ნომერი: ...........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სსკ-ის 2234-ე მუხლის პირველი ნაწილით (კანონიერი ქურდისთვის მიმართვა ქურდული გარჩევის განხორციელების და თავისთვის მატერიალური უპირატესობის მისაღებად, პირზე გავლენის მოხდენის მიზნით), ი. კ–ეე (პირადი ნომერი: ..........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით („ქურდული სამყაროს“ წევრობა – სამი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. თბილისის საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ი. კ–მ ჩაიდინა, „ქურდული სამყაროს“ წევრობა (სამი ეპიზოდი); ზ. მ–მ ჩაიდინა ქურდული სამყაროს წევრობა (ორი ეპიზოდი); გ. გ–მა ჩაიდინა ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერა; კ. ა–მა ჩაიდინა კანონიერი ქურდისთვის და ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვა ქურდული გარჩევის განხორციელების და თავისთვის მატერიალური უპირატესობის მისაღებად, პირზე გავლენის მოხდენის მიზნით; გ. მ–მა ჩაიდინა კანონიერი ქურდისთვის მიმართვა ქურდული გარჩევის განხორციელების და თავისთვის მატერიალური უპირატესობის მისაღებად, პირზე გავლენის მოხდენის მიზნით, რაც გამოიხატა შემდეგით:

კ. ა–სმა 2018 წლის ნოემბრის თვეში თავის ბისზნეს პარტნიორ გ. მ–სთან არსებული ფინანსური დავის გადასაწყვეტად, მატერიალური უპირატესობის მიღების მიზნით, ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერ გ. გ–ს მეშვეობით მიმართა თ–ს რესპუბლიკაში მყოფ კანონიერ ქურდ – ჯ. კ–ს, რომელმაც მის მიერ ქურდული გარჩევით დავის განხილვა/გადაწყვეტამდე, კ. ა–ს სადავო საკითხში გარკვევა დაავალა ქურდული სამყაროს წევრ ი. კ–ს.

თავის მხრივ გ. მ–სმა ბისზნეს პარტნიორ კ. ა–სთან არსებული ფინანსური დავის გადასაწყვეტად, მატერიალური უპირატესობის მიღების მიზნით, მიმართა რ–ს ფედერაციაში მყოფ კანონიერ ქურდ ე. ა-ს, რომელმაც გ. მ–ს დავის ქურდული გარჩევის გზით გადაწყვეტა დაავალა მისი ნდობით აღჭურვლ ქურდული სამყაროს წევრებს: ვ. ა–ს და ი. დ–ს.

ი. კ–ე კანონიერ ქურდ – ჯ. კ–ს დავალების შესაბამისად, 2018 წლის ნოემბრის თვეში შეხვდა კ. ა–ს და გ. გ–ს, ხოლო შემდეგ იმავე თვეში, ქურდული სამყაროს წევრი ი. კ–ე და ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერი გ. გ–სი, როგორც კანონიერი ქურდის ჯ. კ–ს წარმომადგენლები, საკითხში გარკვევისა და ჯ. კ–სათვის სათანადო ინფორმაციის მიწოდების მიზნით, რაც ხელს შეუწყობდა ჯ. კ–ს ქურდული გარჩევის გზით საკითხის გადაწყვეტაში, შეხვდნენ ასევე ქურდული სამყაროს წევრებს ვ. ა–ს და ი. დ–ს.

დავის გადასაწყვეტად, კანონიერმა ქურდმა ჯ. კ–მა მოდავე მხარეები ქურდულ გარჩევაში მონაწილების მისაღებად დაიბარა თ–ში. 2018 წლის 13 დეკემბერს ქურდულ გარჩევაში მონაწილების მისაღებად თ–ში გაემგზავრნენ ი. კ–ე, ი. დ–ი და ვ. ა–ი. კანონიერმა ქურდმა ჯ. კ–მა განიხილა დავა, ნაწილობრივ გადაწყვიტა გ. მ–ს სასარგებლოდ და 44000 ლარის თ–ში ჩატანა დაავალა კ. ა–ს მხარეს. აღნიშნული ფულადი თანხა 2018 წლის 20 დეკემბერს ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდამჭერმა გ. გ–სმა პირადად ჩაუტანა კანონიერ ქურდ – ჯ. კ–ს.

2019 წლის 22 და 29 იანვარს, თ–ში კანონიერი ქურდის ჯ. კ–ს მიერ დავის საბოლოოდ გადაწყვეტის მიზნით, გაგრძელდა ქურდული გარჩევა, რომელსაც ესწრებოდნენ კ. ა–ი, გ. მ–ი, ი. კ–ე, გ. გ–ი, ვ. ა–ი და ი. დ–ი, თუმცა ამ დრომდე ქურდული გარჩევით დავა საბოლოოდ არ გადაწყვეტილა.

2018 წლის გაზაფხულზე ბ. ბ–მ გაიცნო ზ. მ–ე, რომელმაც შესთავაზა ყალბი 20000 ლარის განაღდებაში დახმარება და შემდგომში ურთიერთშორის განაწილება. ბ. ბ–ე თავდაპირველად დათანხმდა შეთავაზებას და გამოართვა თანხა. როდესაც მან აღმოაჩინა, რომ გადაცემული ყალბი თანხა შეადგენდა მხოლოდ 2500 ლარს აღნიშნულის შესახებ შეატყობინა ზ. მ–ს, რომელმაც განუცხადა რომ არ აინტერესებდა ყალბი თანხის ოდენობა, ვინაიდან მას უკვე ნაკისრი ქონდა ვალდებულება, რომლის შესრულებლობისთვის კრიმინალური სამყაროს წესების შესაბამისად პასუხი მოეთხოვებოდა, დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით და ერთი კვირის ვადაში მოსთხოვა 9500 ლარის მიტანა.

ზ. მ–ს მუქარით შეშინებულმა ბ. ბ–მ გადაყარა ყალბი 2500 ლარი და რამოდენიმე თვე იმალებოდა. 2018 წლის ნოემბერში, ბ. ბ–მ დასახმარებლად მიმართა თავის ნათესავ ბ. ფ-ს, რომელმაც თავის მხრივ ბ. ბ–ე დააკავშირა ნაცნობ კრიმინალურ ავტორიტეტ ი. კ–ს. საქმის ვითარებაში გარკვევის შემდეგ ი. კ–მ მუქარითა და საკუთარი კრიმინალური გავლენის გამოყენებით, ზ. მ–სთან შეთანხმებით, ბ. ბ–ს დააკისრა ერთი თვის ვადაში ზ. მ–ისათვის 8000 ლარის გადახდა. აღნიშნული გადაწყვეტილების შესაბამისად, ბ. ბ–მ ოჯახის წევრების დახმარებით დათქმულ ვადაში ორ ეტაპად შეძლო ზ. მ–ისთვის 7800 ლარის გადახდა.

2018 წლის ნოემბრის თვეში ზ. მ–სა და ი. კ–სათვის ცნობილი გახდა გ. მ–სა და ვ. ქ–ს შორის არსებული დავის შესახებ, რომელიც შეეხებოდა ვ. ქ–ს მიერ გ. მ–საგან შეძენილი ავტომანქანის თანხის გადაუხდელობას. იმავე თვეში სარგებლის მიღების მიზნით ი. კ–ე ზ. მ–სთან შეთანხმებით შეხვდა ვ. ქ–სა და მის მეგობარ გ. ჩ–ს, სადაც სიცოცხლის მოსპობის მუქარითა და საკუთარი კრიმინალური გავლენის გამოყენებით მათ დააკისრა 10000 ლარის გადახდა 20 დღის ვადაში.

მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ი. კ–ე და ზ. მ–ე სისტემატიურად უკავშირდებოდნენ გ. ჩ–ს და ვ. ქ–ს და სთხოვდნენ დათქმულ ვადაში თანხის მიტანას. 2018 წლის დეკემბრის თვეში გ. ჩ–მ და ვ. ქ–მა 10000 ლარი პირადად გადასცეს ი. კ–ს.

2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 13 სექტემბრის განაჩენით, კ. ა–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2234-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლით, რაც 2022 წლის 12 აპრილის ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის პირველი მუხლის საფუძველზე, შეუმცირდა 75 დღით და საბოლოოდ, მოსახდელად განესაზღვრა 2 წლით, 9 თვით და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა.

გ. გ–ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 2233-ე მუხლის მეორე ნაწილზე. გ. გ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2233-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლით, რაც 2022 წლის 12 აპრილის ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის პირველი მუხლის საფუძველზე, შეუმცირდა 75 დღით და საბოლოოდ, მოსახდელად განესაზღვრა 2 წლით, 9 თვით და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა.

ზ. მ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით (ბ. ბ–ს ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 8 წლით;

საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით (ვ. ქ–ს ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 8 წლით;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით (ბ. ბ–ს ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა მეორე თანაბარი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ზ. მ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა სრულად შთანთქა 2021 წლის 8 ნოემბრის და 2021 წლის 31 მაისის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენებით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ზ. მ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 წლით, რაც ამნისტიის შესახებ 2022 წლის 12 აპრილის საქართველოს კანონის პირველი მუხლის საფუძველზე, შეუმცირდა 75 დღით და საბოლოოდ, მოსახდელად განესაზღვრა 7 წლით, 9 თვით და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა.

გ. მ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2234-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლით, რაც 2022 წლის 12 აპრილის ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის პირველი მუხლის საფუძველზე, შეუმცირდა 75 დღით და საბოლოოდ, მოსახდელად განესაზღვრა 2 წლით, 9 თვით და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა.

ი. კ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით (კ. ა–ს და გ. მ–ს ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 8 წლით.

საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით (ბ. ბ–ს ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 8 წლით.

საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით (ვ. ქ–ს ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 8 წლით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით (ბ. ბ–ს ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა დანარჩენი თანაბარი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, ი. კ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ამნისტიის შესახებ 2022 წლის 12 აპრილის საქართველოს კანონის პირველი მუხლის საფუძველზე, შეუმცირდა 75 დღით და საბოლოოდ, მოსახდელად განესაზღვრა 7 წლით, 9 თვით და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა.

2.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 13 სექტემბრის განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრა სახელმწიფო ბრალმდებელმა საქართველოს გენერალური პროკურატურის პროკურორმა ირინე ჩოჩიამ და მოითხოვა გ. გ–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

2.4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 13 სექტემბრის განაჩენი ასევე გაასაჩივრა მსჯავრებულების კ. ა–სა და გ. გ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა დ. მ–მა და მოითხოვა კ. ა–სა და გ. გ–ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.

2.5. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრებულ ზ. მ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა ლ. ფ–მ და გ. ძ–მ და მოითხოვეს გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მსჯავრდებულ ზ. მ–ს გამართლება.

2.6. განაჩენი სააპელაციო წესით ასევე გაასაჩივრა მსჯავრებულ გ. მ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ზ. რ–მა და მოითხოვა გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მსჯავრდებულ გ. მ–ს გამართლება.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 4 მარტის განაჩენით ბრალდებისა და დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 13 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

3.2. 2024 წლის 3 აპრილს, საქართველოს უზენაეს სასამართლოს საკასაციო საჩივრით მომართეს მსჯავრდებულმა ზ. მ–მ და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა გ. ძ–სემ და ლ. ფ–მ. კასატორებმა მოითხოვეს გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და ზ. მ–ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

3.3. 2024 წლის 4 აპრილს, საქართველოს უზენაეს სასამართლოს საკასაციო საჩივრით მომართეს მსჯავრდებულების კ. ა–ს და გ. გ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა დ. მ–მა და ხ. ქ–მ და მოითხოვეს კ. ა–ს და გ. გ–ს უდანაშაულოდ ცნობა.

4. კასატორების არგუმენტები:

4.1. მსჯავრებულ ზ. მ–ს და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების ლ. ფ–ს და გ. ძ–ს პოზიციით, გასაჩივრებული განაჩენი უკანონოა, ვინაიდან არსებითად დაირღვა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, რადგან საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ ადასტურებენ ზ. მ–ს ბრალეულობას. იმ პირობებში, როდესაც არ არსებობს მტკიცებულებათა სრულყოფილი და საკმარისი რაოდენობა პირის დამნაშავედ ცნობა არის მისი კანონით და საერთაშორისო კონვენციით გარანტირებული უფლებების დარღვევა. არსებითი უზუსტობები იკვეთება, როგორც ბ. ბ–ს, ასევე ვ. ქ–სთან დაკავშირებულ შემთხვევებთან. კერძოდ, ბ. ბ–ეის ეპიზოდთან დაკავშირებით წარმოდგენილია მხოლოდ დაზარალებულის და მისი მეუღლის ჩვენება, რაც არ არის გამყარებული სხვა მტკიცებულებებით. ნ. ბ–ას ჩვენებაში ასახული გარემოებები, რომ თითქოს მას სამსახურში ი. კ–სთან ერთად მიაკითხა ზ. მ–მ და ეს უკანასკნელი გაეცნო, როგორც ,,ქურდული სამყაროს“ წარმომადგენელი და ეძებდა მის მეუღლეს არ დასტურდება არცერთი მტკიცებულებით. ასევე არ დასტურდება, რომ ნ. ბ–ას დაუკავშირდა ზ. მ–სე, რომელმაც უკარნახა პირადი ნომრები და მათ ანგარიშზე ჩაარიცხინა თანხა. მიუხედავად იმისა, რომ ზ. მ–სე და ი. კ–ე იყვნენ ფარული მიყურადების ფარგლებში, ჩანაწერი, რომელიც დაადასტურებდა ზემოხსენებული ფაქტს საქმეში წარმოდგენილი არ არის. თავად დაზარალებულის ჩვენების შინაარსობრივი მხარეც გამორიცხავს ზ. მ–ს მიერ დანაშაულის ჩადენას, რადგან ბ. ბ–ს მიერ ჩვენების მიცემისას მითითებული არცერთი ფაქტი არ არის გამყარებული მტკიცებულებებით. შესაბამისად, განსახილველ საქმეზე გამოძიება არ არის ჩატარებული ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად, რაც წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის დარღვევას. რეალურად, ზ. მ–ს კონტაქტი არ ჰქონია ბ. ბ–სთან და ნ. ბ–ასთან, ხოლო ფონოსკოპიური ექსპერტიზა სავარუდოდ ფალსიფიცირებულია. ამასთან, ზ. მ–ს მიერ სააპელაციო სასამართლოში საბოლოო სიტყვის ეტაპზე წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციით დადგინდა, რომ სადავო პერიოდში ის იმყოფებოდა პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო სტაციონარულ დაწესებულებაში. რაც შეეხება ვ. ქ–ს ეპიზოდს, იგი თავიდანვე სისხლის სამართლის საქმეზე ისე სცნეს დაზარალებულად, რომ თვითონ არ ცნობდა თავს დაზარალებულად. ვ. ქ–მა განაცხადა, რომ სატრანსპორტო საშუალება შეიძინა გ. მ–სგან. თავდაპირველად გადასცა 600 აშშ დოლარი, ხოლო სამ კვირაში უნდა გადაეხადა 10000 ლარი. დარჩენილი თანხა დათქმულ დროს მან გადასცა ი. კ–ს. გ. მ–ს ჩვენების თანახმად კი, ვ. ქ–ს მიერ გადაცემული თანხა ასესხა ზ. მ–ს. შესაბამისად, მოცემულ ეპიზოდშიც სახეზე არ არის დანაშაულის შემადგენლობა. ამ ეპიზოდთან დაკავშირებით წარმდგენილია მხოლოდ ფარული მიყურადების შედეგად მოპოვებული აუდიოჩანაწერები, რაც არ შეიძლება მიჩნეული იქნეს გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად საკმარის მტკიცებულებად.

4.2. კასატორები – მსჯავრდებულების კ. ა–ს და გ. გ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატები დ. მ–ი და ხ. ქ–ე უთითებენ, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ეფუძნება ვარაუდებს, რაც არღვევს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნებს. მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დგინდება, რომ კ. ა–მა გ. გ–ს მეშვეობით მიმართა თ–ს რესპუბლიკაში მყოფ კანონიერ ქურდ – ჯ. კ–ს. აღნიშნულს ჩვენებაში ადასტურებს მხოლოდ მოწმე მ. ა–ა, რომელმაც მიუთითა, რომ მას .......ის საშუალებით დაუკავშირდა მეგობარი ჯ. კ–სი და უთხრა, რომ სჭირდებოდა აუდიტი თანხების დასათვლელად, თუმცა უტყუარად არ არის დადასტურებული, რომ აღნიშნული ......პროფილი ეკუთვნოდა ჯ. კ–სს. ასევე არ დასტურდება, ბრალის დადგენილებაში მითითებული გარემოება, რომ კანონიერმა ქურდმა მოდავე მხარეები ქურდულ გარჩევაში მონაწილეობის მისაღებად დაიბარა თ–ში, განიხილა დავა და კ. ა–ს დაავალა გ. მ–ს სასარგებლოდ 44000 ლარის თურქეთში ჩატანა. არ არის დადგენილი შეხვედრის კონკრეტული ადგილი, არ არის ამოღებული აღნიშნული თანხა და არ არის გადამოწმებული გ. გ–ს საზღვრის კვეთის ფაქტები. კ. ა–ს და გ. გ–ს მიმართ გამოტანილი განაჩენი დაფუძნებულია სატელეფონო საუბრებზე, რითაც არ დასტურდება, რომ მათ კავშირი აქვთ ქურდულ სამყაროსთან და კანონიერ ქურდთან.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და მიაჩნია, რომ ისინი არ აკმაყოფილებენ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორები ვერ უთითებენ და ვერც ასაბუთებენ საკასაციო საჩივრების დასაშვებობის რომელიმე საფუძველს. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ კანონის მოთხოვნათა დაცვით სრულყოფილად გამოიკვლია განსახილველი დანაშაულების სამართლებრივი ელემენტები და ჯეროვნად შეისწავლა საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რის შესახებაც სრულფასოვნად იმსჯელა თავის დასაბუთებულ გადაწყვეტილებაში.

5.2. სააპელაციო სასამართლომ სრულყოფილად შეისწავლა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და მათი მისადაგება მსჯავრდებულთათვის ინკრიმინირებული დანაშაულების შემადგენლობის ნიშნებთან და მიიჩნია, რომ კ. ა–ს, გ. გ–ს და ზ. მ–ს მსჯავრდება ეფუძნება გონივრული ეჭვის გამომრიცხავ აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას.

5.3. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს კ. ა–ს და გ. გ–ს მსჯავრდების თაობაზე და მიუთითებს, რომ გამოკვლული ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული სატელეფონო საუბრების აუდიო ჩანაწერებით და მოწმეთა ჩვენებებით დგინდება მათ მიერ მსჯავრადშერაცხილი დანაშაულის ჩადენა. კერძოდ, დადგენილი იქნა, რომ კ. ა–ი და გ. მ–ი იყვნენ ბიზნესპარტნიორები. მათ შორის წარმოშობილი ფინანსური უთანხმოების გადასაწყვეტად კ. ა–მა დეიდაშვილის გ. გ–ს მეშვეობით მიმართა კანონიერ ქურდს – ჯ. კ–სს, რომლისგანაც ი. კ–მ თ–ში ყოფნის დროს მიიღო დავალება, რომ გაერჩია კ. ა–სა და გ. მ–ს შორის არსებული ფინანსური დავა და მასთან შეთანხმებით გადაეწყვიტა იგი კ. ა–ს სასარგებლოდ. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული სატელეფონო საუბრების ჩანაწერებით დასტურდება, კ. ა–სა და გ. მ–ს მიერ კანონიერ ქურდებსა და ქურდული სამყაროს წევრებისადმი მიმართვა და მათთან უშუალო კავშირები, ასევე ის ფაქტი, რომ თითოეულს სჯერა, რომ დავას მის სასარგებლოდ გადაწყვეტენ. გ. მ–სი კრიმინალური სამყაროს მაღალი ავტორიტეტისთვის გასაგზავნად ძვირადღირებული ძვირფასთვლიანი ბეჭდის საყიდლადაც კი დადის ვ. ა–სთან ერთად და ნერვიულობს როდესაც ეს უკანასკნელი ხმოვან შეტყობინებაზე დროულად პასუხებს არ უბრუნებს. ასევე ფარული საგამოძიებო მოქმედებით დასტურდება, რომ გ. მ–მა სხვადასხვა პირებისგან ისესხა თანხა და გადაურიცხა მ–ში ვ. ა–ს, რათა დავა მის სასარგებლოდ გადაწყვეტილიყო. აღნიშნული დასტურდება .... კრედიტიდან გამოთხოვილი ინფორმაციით. საქმეზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებებით ასევე ცალსახაა, რომ დავის გადაწყვეტასთან მიმართებაში კ. ა–ს სისტემატიური კავშირი აქვს ქურდული სამყაროს წევრთან ი. კ–სთან, ასევე ჯ. კ–ს მიერ თანხის დაანგარიშების მიზნით ჩართულ ბუღალტერთან. შესაბამისად, მას არამხოლოდ შეცნობილი აქვს, რომ საქმე კრიმინალურ ავტორიტეტებთან აქვს, არამედ სწორედ ამ კანონსაწინააღმდეგო გზით არაუფლებამოსილი პირების მიერ დავის გარჩევით ელოდება მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების მიღებას.

5.4. ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მასალით დადასტურდა, რომ მას შემდეგ რაც მოდავე მხარეებმა ვერ შეძლეს საბოლოოდ არსებული დავალიანების დაანგარიშება, კანონიერმა ქურდმა ჯ. კ–მა დავის გადაწყვეტის მიზნით მის ნაცნობ ბუღალტერს მ. ა–ს სთხოვა დოკუმენტაციის შესწავლა და შესაბამისი დასკვნის მომზადება. რაც პირველი ინსტანციის სასამართლოში დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა მ. ა–მ. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ იქნა ასევე მ. ა–ს სოციალური ქსელის – ...... მესინჯერიდან გამოთხოვილი ინფორმაცია, კერძოდ მასსა და ჯ. კ–ს შორის არსებული მიმოწერა, ასევე მ. ა–ს ელექტრონული ფოსტიდან გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია, სადაც კ. ა–სა და გ. მ–ს ბუღალტრებს გადაგზავნილი აქვთ მათი ფირმის ბუღალტრული მონაცემები. ყოველივე ზემოაღნიშნულით გონივრულ ეჭვს მიღმა სტადარტით დადასტურდა, რომ კ. ა–სა და გ. მ–ს შორის არსებული დავის გადასაწყვეტად კ. ა–მა „ქურდული გარჩევის“ განხორციელების და თავისთვის მატერიალური უპირატესობის მისაღებად, პირზე გავლენის მოხდენის მიზნით თავის დეიდაშვილის გ. გ–ს მეშვეობითა და დახმარებით მიმართა ჯ. კ–ს. გ. გ–სმა დააკავშირა კ. ა–ი და ჯ. კ–ი ერთმანეთს. ხოლო ჯ. კ–ს მითითებით დავის გადაწყვეტაში ჩაერთო ი. კ–ეე. ამდენად, კ. ა–სა და გ. მ–ს შორის არსებული დავის გადაწყვეტა ხდებოდა ქურდული წესების შესაბამისად, ქურდული გარჩევით კანონიერი ქურდის მიერ.

5.5. 2020 წლის 25 თებერვლის ფონოსკოპიური ექსპერტიზის 106/ფ დასკვნით დასტურდება, რომ ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილ აუდიოგრამებს მონტაჟის ნიშნები არ აღენიშნება. გამოსაკვლევად წარდგენილი აუდიოგრამები ვარგისია ხმის მიხედვით პიროვნების იდენტიფიკაციისათვის და დადგენილია, რომ აუდიოგრამებში არსებული ხმები იდენტურია გ. გ–ს, კ. ა–ს, გ. მ–ს და ი. კ–ს ხმის.

5.6. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს მსჯავრებულ ზ. მ–ს და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების ლ. ფ–ს და გ. ძ–ს პოზიციას წარდგენილ ბრალდებებში მსჯავრდებულის უდანაშაულობის შესახებ, ვინაიდან აღნიშნული ეწინააღმდეგება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, კერძოდ: დაზარალებულ ბ. ბ–ს ჩვენებით და ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მასალებით დგინდება, რომ 2018 წლის გაზაფხულზე ბ. ბ–მ გაიცნო ზ. მ–ე, რომელმაც შესთავაზა ყალბი 20000 ლარის განაღდებაში დახმარება და თანხის განაწილება. ბ. ბ–ე თავდაპირველად დათანხმდა შეთავაზებას და გამოართვა ფული. მოგვიანებით, მან აღმოაჩინა, რომ გადაცემული ყალბი თანხა შეადგენდა მხოლოდ 2500 ლარს, რაც შეატყობინა ზ. მ–ს, რომელმაც განუცხადა, რომ არ აინტერესებდა ყალბი თანხის ოდენობა, ვინაიდან მას უკვე ნაკისრი ქონდა ვალდებულება, რომლის შეუსრულებლობისთვის კრიმინალური სამყაროს წესების შესაბამისად პასუხი მოეთხოვებოდა, დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით და ერთი კვირის ვადაში მოსთხოვა 9500 ლარის მიტანა. ზ. მ–ს მუქარით შეშინებულმა ბ. ბ–მ გადაყარა ყალბი 2500 ლარი და რამოდენიმე თვე იმალებოდა. 2018 წლის ნოემბერში, ბ. ბ–მ დასახმარებლად მიმართა თავის ნათესავ ბ. ფ–ს, რომელმაც თავის მხრივ ბ. ბ–ე დააკავშირა ნაცნობ კრიმინალურ ავტორიტეტ ი. კ–ს. საქმის ვითარებაში გარკვევის შემდეგ ი. კ–მ მუქარითა და საკუთარი კრიმინალური გავლენის გამოყენებით, ზ. მ–სესთან შეთანხმებით, ბ. ბ–ს დააკისრა ერთი თვის ვადაში ზ. მ–სათვის 8000 ლარის გადახდა. იმის გამო, რომ ვერც ი. კ–მ და ვერც ზ. მ–მ მასთან დაკავშირება ვერ მოახერხა, ზ. მ–ე და ი. კ–ე 2018 წლის დეკემბრის თვეში მივიდნენ ბ. ბ–სთან სახლში, სადაც მხოლოდ მამამისი ვ. ბ–ე იმყოფებოდა. ზ. მ–მ და ი. კ–მ მამამისს უთხრეს, რომ ბადრის ჰქონდა მათთვის მისატანი 5000 ლარი, წინააღმდეგ შემთხვევაში მოკლავდნენ – დაახრჩობდნენ. მოწმე ნ. ბ–ას ჩვენებით კი, დადგენილია, რომ არის ბ. ბ–ს მეუღლე. მას სამსახურში მიაკითხა უცნობმა მამაკაცმა, რომელიც გაეცნო ი. კ–ს სახელით და განუმარტა, რომ ეძებდა მის მეუღლეს, რომელსაც ჰქონდა 5000 ლარი მისი ვალი და თუ ღამის 24:00 საათამდე არ ჩაურიცხავდა პირადად გაუსწორდებოდა. მისივე განმარტებით, იგი იყო „ქურდული სამყაროს“ წარმომადგენელი. ამ დროს მანქანიდან გადმოვიდა ბიჭი, რომელიც გაეცნო ზ. მ–ს სახელით. მას ჯოხი ეჭირა ხელში და უთხრა, რომ იყო ბ. ბ–ს ახლობელი. ამ უკანასკნელმა წაიღო მისი ოპერაციის თანხა – 5000 ლარი და კაზინოში წააგო. შესაბამისად, აღნიშნული თანხა უნდა დაებრუნებინა სასწრაფოდ, ვინაიდან ოპერაციის გადადება არ შეიძლებოდა და თუ თანხას 24:00 საათამდე არ დააბრუნებდა, მაშინ პირადად გაუსწორდებოდა. აღნიშნულის გამო ბ. ბ–ს მამა და ნ. ბ–ა შეშინდნენ და მათ მიერ მოთხოვნილი თანხა ზ. მ–ს მითითებით გადარიცხეს მისთვის უცნობი პიროვნების ანგარიშზე.

5.7. მოცემულ შემთხვევაში, დაზარალებულის ჩვენება სრულად თანხვედრაშია მოწმეების ჩვენებებთან. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები ასევე დადასტურებულია სასამართლოში გამოკვლეული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული აუდიო მასალით, რომლის მიხედვითაც არაერთი სატელეფონო ზარია განხორციელებული ზ. მ–ს, ი. კ–ს და დაზარალებულ ბ. ბ–ს შორის. ზ. მ–ე, საკუთარი კრიმინალური გავლენის გამოყენებით, ემუქრება ბ. ბ–ეეს და ცდილობს სარგებელის მიღებას. იგი დაზარალებულის მიმართ იყენებს დაშინების, იძულების და ზეწოლის მეთოდებს. ამასთან, საუბრობს ბ. ბ–ეს მიერ მისატანი თანხის დაკორექტირების შესაძლებლობაზეც და აცხადებს, რომ არც აღნიშნულია პრობლემა, როცა საქმე ,,ქურდულს“ და სიმართლეს ეხება.

5.8. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ დაზარალებულ ვ. ქ–ს ეპიზოდთან დაკავშირებითაც წარმოდგენილია იმ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც საკმარისია გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად. კერძოდ, დაზარალებულის განმარტებით, მან გ. მ–სისგან შეიძინა მანქანა, რომელსაც გადასცა 600 აშშ დოლარი, ხოლო 10000 ლარი უნდა გადაეხადა სამ კვირაში, თუმცა ვერ გადაიხადა. მოგვიანებით თანხა გადმოუგზვანა დედამ, რომელიც გ. ჩ–მ ხელზე გადასცა ი. კ–ს. მისთვის ცნობილი იყო, რომ ი. კ–ე იყო გ. მ–ს ნათესავი. მოწმე გ. ჩ–ს ჩვენებით დადასტურებულია, რომ ი. კ–ეემ უთხრა ვ. ქ–სს, რომ იყო „კრიმინალური ავტორიტეტი“ და ეს თანხა უნდა მიეტანა მასთან. აღნიშნულ საუბარს ი. კ–ეის მხრიდან მოყვა ლანძღვა-გინება და სიცოცხლის მოსპობის მუქარა ვ. ქ–სის მიმართულებით, თუ იგი 20 დღის განმავლობაში არ მიუტანდა თანხას. ვ. ქ–ი დათანხმდა შეთავაზებულ პირობას მიეტანა თანხა ი. კ–სთვის. ი. კ–ს საუბრის მანერიდან აშკარგად ეტყობოდა, რომ იყო „ქურდული ტრადიციების“ მატარებელი და მიმდევარი, რომ იგი იყო „კრიმინალური სამყაროს ავტორიტეტი.“ იქ შეკრებილ ადამიანებს შორის სარგებლობდა უპირატესობით, აღნიშნულ „ქურდულ გარჩევაში“ იყო ლიდერი და მის ნათქვამს ვერავინ ეწინააღმდეგებოდა. თავად ჩაუდგა თავდებში ვ. ქ–ს და ი. კ–ს შეპირდა, რომ 20 დღეში მიუტანდა 10000 ლარს. თანხას სანამ გადაიხდიდნენ ი. კ–ე დაახლოებით 15-20-ჯერ დაუკავშირდა და ეკითხებოდა ხომ მიიტანდა თანხას და ემუქრებოდა სიტყვიერად. მან და ვ. ქ–მა ჩაიტანეს თანხა ხ–ში და გადასცეს ი. კ–ს. ზ. მ–ს თავად არ იცნობს, ვ. ქ–სგან იცის, რომ სიტყვა შეაშველა და ეხმარებოდა ვალის გასტუმრებაში. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული გ. მ–ს ჩვენებით დადგენილია, რომ ზ. მ–ე მისი მეგობარია და მასთან ჰქონდა სატელეფონო საუბარი. მისი კუთვნილი ავტომობილი მიჰყიდა ვ. ქ–ს, რომელმაც გადაიხადა 600 აშშ დოლარი, ხოლო 10000 ლარი უნდა გადაეხადა ბანკში, თუმცა თანხა არ გადაიხადა, გამორთო ტელეფონი და ვერ უკავშირდებოდა. ზ. მ–სე დაეხმარა ვ. ქ–ს მოძებნაში. ვ. ქ–ს მიერ მიტანილი თანხა ზ. მ–ს ასესხა, რადგან მისი მეგობარია და ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა. ზ. მ–ს მონაწილეობას აღნიშნული საკითხის გადაწყვეტაში არ უარყოფს არც თავად დაცვის მხარე. თუმცა სისხლის სამართლის საქმეზე გამოკვლეული ფარული აუდიო ჩანაწერებით დადენილია, რომ ი. კ–ე ზ. მ–სთან შეთანხმებით შეხვდა ვ. ქ–სა და მის მეგობარ გ. ჩ–ს, სადაც სიცოცხლის მოსპობის მუქარითა და საკუთარი კრიმინალური გავლენის გამოყენებით მათ დააკისრა 10000 ლარის გადახდა 20 დღეში. აღნიშნულის შემდეგ, ი. კ–ე და ზ. მ–ე სისტემატურად უკავშირდებოდნენ გ. ჩ–ს და ვ. ქ–ს და სთხოვდნენ დათქმულ ვადაში თანხის მიტანას. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული ინფორმაციიდან ცალსახაა, რომ ვ. ქ–ს მიერ გ. მ–სთვის მისაცემი თანხა მსჯავრდებულებმა გ. მ–ს საკუთარი ავტორიტეტის გამოყენებით დაათმობინეს და ისინი თანხის მიზნობრიობაზე საუბრისას არ განიხილავდნენ ზ. მ–ს ჯანმრთელობის მდგომარეობას. თავად ზ. მ–ე კი - ,,ზონაზე“ მყოფი ,,ძმის“ დასახმარებლად მოიაზრებდა აღნიშნულ თანხას.

5.9. 2020 წლის 25 თებერვლის ფონოსკოპიური ექსპერტიზის 106/ფ დასკვნით კი, დასტურდება, რომ ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილ აუდიოგრამებს მონტაჟის ნიშნები არ აღენიშნება. გამოსაკვლევად წარდგენილი აუდიოგრამები ვარგისია ხმის მიხედვით პიროვნების იდენტიფიკაციისათვის. გამოსაკვლევად წარდგენილ სადავო ფონოგრამებში მოსაუბრე მამაკაცის ხმა იდენტურია ხმის ნიმუშში მოსაუბრე ი. კ–ს, ბ. ბ–ეის, გ. ჩ–ს, ვ. ქ–სა და ზ. მ–ს ხმის.

5.10. რაც შეეხება დაცვის მხარის მიერ მითითებულ სამედიცინო ცნობას (რაც ზ. მ–მ 2023 წლის 1 მარტს წარადგინა სააპელაციო სასამართლოში გამართულ სასამართლო სხდომაზე) - საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ აღნიშნული დოკუმენტი მსჯავრდებულმა დასკვნითი სიტყვის პოზიციის დასადასტურებლად გამოიყენა, რაც მტკიცებულებად არ ყოფილა დაშვებული და შესაბამისად არც გამოკვლეულა კანონით დადგენილი წესით, რისი გათვალისწინებითაც კასატორების აპელირება ხსენებულ დოკუმენტზე საფუძველსაა მოკლებული.

5.11. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა არ ეთანხმება დაცვის მხარის არგუმენტაციას საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შესახებ და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ემყარება საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებას, დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარდგენილი მოსაზრებებიდან. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეში წარმოდგენილია სწორედ ისეთი მტკიცებულებების ერთობლიობა, რაც აკმაყოფილებს ეროვნული კანონმდებლობის მოთხოვნებს გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად, ასევე სამართლიანი სასამართლოს უფლებასა და ბრალეულობის მტკიცების საგანთან მიმართებით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომას. პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოებმა დაასაბუთეს, თუ რატომ მიანიჭეს უპირატესობა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს და არ გაიზიარეს დაცვის მხარის არგუმენტები, ხოლო დაცვის მხარის საკასაციო საჩივრები არ წარმოაჩენს ისეთ არსებით გარემოებებს, რაც სასამართლოებმა ყურადღების გარეშე დატოვეს ან სამართლებრივად სათანადოდ არ შეაფასეს.

5.12. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

5.13. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრების დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ისინი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ზ. მ–ს და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების გ. ძ–სა და ლ. ფ–ს, ასევე მსჯავრდებულების კ. ა–ს და გ. გ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატების დ. მ–სა და ხ. ქ–ს საკასაციო საჩივრები;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

შალვა თადუმაძე