საქმე N 120100121005317821
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №522აპ-24 13 სექტემბერი, 2024 წელი
ა–ე ა., №522აპ-24 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),
მამუკა ვასაძე, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 6 მარტის განაჩენზე სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსი პროკურორის თამარ ზურაბაშვილისა და მსჯავრდებულ ა. ა–სის ინტერესების დამცველი ადვოკატების კ. ლ–სისა და ნ. ს–სის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. ა. ა–ე (პირადი ნომერი: ...........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა (2020 წლის ნოემბრის და 2021 წლის თებერვლის ეპიზოდები) და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:
1.2. 2019 წლის 31 ოქტომბერს, მ. ა–ი, შვილებთან ერთად, სტუმრად იმყოფებოდა ა–ს რაიონის სოფელ ს–ში, მეუღლის ნათესავის - რ. ა–ს საცხოვრებელ სახლში, ხოლო მისი მეუღლე - ა. ა–ე სტუმრად იმყოფებოდა ამავე სოფელში მცხოვრებ ა. ლ–სის დაბადების დღეზე. იმის გათვალისწინებით, რომ მათ თან ახლდათ არასრულწლოვანი შვილები, მ. ა–მა დაუძახა მეუღლეს და სთხოვა მათი სახლში წაყვანა, რაზედაც ეზოში გამოსული ა. ე გაბრაზდა და მეუღლეს - მ. ა–ს, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, კერძოდ, ოჯახში მამაკაცის უპირატესი მდგომარეობის დემონსტრირების მიზნით, რ. ა–სის თანდასწრებით სახეში დაარტყა ხელი, რის გამოც იგი წაიქცა ძირს და განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
1.3. ა. ა–მ, 2020 წლის ნოემბერში, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, კერძოდ, თავისი დაბადების დღის აღნიშვნასთან დაკავშირებული ფინანსური საკითხის განხილვისას, ოჯახში მამაკაცის უპირატესი მდგომარეობის დემონსტრირების მიზნით, ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიჯგორში მდებარე მისი და მ. ა–ს საცხოვრებელ სახლში, არასრულწლოვანი შვილების – მ. და ი. ა–ების თანდასწრებით, კამათის დროს, საძინებელ ოთახში იძალადა მეუღლეზე – მ. ა–ზე, კერძოდ, მოუქნია ქამარი, რომლის ბალთაც მას მოხვდა თავში, რის შედეგადაც მიიღო დაზიანება და განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
1.4. ა. ა–მ, 2021 წლის თებერვლის დასაწყისში, ეჭვიანობის ნიადაგზე, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, კერძოდ, მეუღლის – მ. ა–ს სისტემატური კონტროლით, ოჯახში მამაკაცის უპირატესი მდგომარეობის დემონსტრირების მიზნით, ა–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ნ–ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, არასრულწლოვანი შვილის - ი. ა–ს თანდასწრებით, სიტყვიერი შელაპარაკების დროს ხელი ჰკრა მ. ა–ს, რის შედეგადაც მან თავი ვერ შეიკავა, თეძოს უკანა ნაწილის (წელის) მარჯვენა მხარე დაარტყა საწოლს და განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
1.5. ა. ა–სე, მეუღლეს – მ. ა–ს, თანაცხოვრების პერიოდში, მათ შორის 2019 წლიდან 2021 წლის 4 აპრილამდე დროის მონაკვეთში, სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, ასევე ამცირებდა მას. ეჭვიანობის მიზეზით, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, მუდმივად აკონტროლებდა მეუღლის სამსახურში წასვლისა და სახლში დაბრუნების დროს, აიძულებდა სისტემატურად დაერეკა მასთან მობილურ ტელეფონზე და მოეხსენებინა თუ რითი მგზავრობდა და სად იყო კონკრეტულ დროს. ასევე, იმის გამო, რომ მშობლებს შორის დაპირისპირების დროს, მ. ა–ეე უთანაგრძნობდა დედას, ა. ა–ე სისტემატურ შეურაცხყოფას აყენებდა და ამცირებდა არასრულწლოვან შვილს – მ. ა–ს. ა. ა–ს მიერ განხორციელებული შეურაცხყოფისა და დამცირების შედეგად, მ. ა–მა და არასრულწლოვანმა მ. ა–მ განიცადეს ფსიქოლოგიური ტანჯვა.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. ახალციხის რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ა. ა–სთვის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) წარდგენილ ეპიზოდებში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ იქნა დადასტურებული ოჯახის წევრის მიმართ ძალადობის ჩადენა, არასრულწლოვნების თანდასწრებით.
2.2. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 26 ოქტომბრის განაჩენით, ა. ა–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 31 ოქტომბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 საათი.
ა. ა–ს ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2020 წლის ნოემბრის ეპიზოდი), გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
ა. ა–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2020 წლის ნოემბრის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 საათი.
ა. ა–ს ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2021 წლის თებერვლის ეპიზოდი), გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
ა. ა–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2021 წლის თებერვლის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 საათი.
ა. ა–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 240 საათი.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა სხვა სასჯელები და საბოლოოდ, ა. ა–ს, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 240 საათი.
2.3. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 26 ოქტომბრის განაჩენი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის პროკურორმა თამარ ზურაბაშვილმა, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა ა. ა–ს ბრალადწარდგენილი ქმედებებით დამნაშავედ ცნობა და კანონიერი სასჯელის განსაზღვრა.
2.4. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 26 ოქტომბრის განაჩენი, სააპელაციო წესით, ასევე გაასაჩივრეს მსჯავრდებულ ა. ა–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა კ. ლ–მა და ნ. ს–მა, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 6 მარტის განაჩენით ბრალდებისა და დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და ახალციხის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 26 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3.2. 2024 წლის 1 აპრილს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 6 მარტის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის პროკურორმა თამარ ზურაბაშვილმა, რომელმაც წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მოითხოვა ა. ა–ს დამნაშავედ ცნობა წარდგენილი ბრალდებებით და მისთვის შესაბამისი სასჯელის განსაზღვრა.
3.3. . 2024 წლის 2 აპრილს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 6 მარტის განაჩენი საკასაციო წესით, ასევე გაასაჩივრეს მსჯავრდებულ ა. ა–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა კ. ლ–მა და ნ. ს–მა, რომლებმაც წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მოითხოვეს გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
4. კასატორთა არგუმენტები:
4.1. კასატორის, სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის პროკურორ თამარ ზურაბაშვილის პოზიციით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 6 მარტის განაჩენით უტყუარად დადასტურდა ა. ა–ს მიერ მ. ა–ს მიმართ 2020 წლის ნოემბერსა და 2021 წლის თებერვალში განხორციელებული ოჯახში ძალადობის ფაქტების ჩადენა მათი არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით. მართალია, ბავშვები ქამრის დარტყმის დროს იმყოფებოდნენ სხვა ოთახში, მაგრამ ესმოდათ ხმა და განიცდიდნენ ამ ფაქტს. ამდენად, არასრულწლოვნის თანდასწრებით დანაშაულის ჩადენა ვიწრო განმარტებით არ უნდა შემოიფარგლებოდეს და უნდა მოიცავდეს ისეთ შემთხვევებს, როდესაც ბავშვები განიცდიან დედის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტებს. მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ა. ა–ე დაზარალებულებს წლების განმავლობაში აყენებდა ფიზიკურ თუ სიტყვიერ შეურაცხყოფას, ამყოფებდა მათ მუდმივ სტრესში. მუდმივი კონტროლი, თითოეული ნაბიჯის მაქსიმალური შემოწმება, პათოლოგიური ეჭვიანობა, მისი, როგორც მამაკაცის უპირატესობის დემონსტრირება, ტანჯვას აყენებდა მ. ა–ს, ხოლო დედის მიმართ განხორციელებულ ძალადობას ესწრებოდა მისი შვილი –მ. ა–ე. ამასთან, კასატორის აზრით, მსჯავრდებულისთვის დანიშნული სასჯელის სახე და ზომა არის დაუსაბუთებელი და არ შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულების სიმძიმეს. მსჯავრდებულისთვის განსაზღვრული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა იმდენად ლმობიერია, რომ ამან შესაძლოა შექმნას დაუსჯელობის სინდრომი და წამახალისებელიც კი აღმოჩნდეს. სააპელაციო სასამართლომ სათანადოდ არ შეაფასა ის ფაქტი, რომ ა. ა–ე არ აღიარებდა ჩადენილ დანაშაულს, წლების განმავლობაში სისტემატურად ამცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა მეუღლესა და შვილს. შეურაცხყოფის ფაქტები გრძელდებოდა განქორწინების შემდეგაც. ასევე, სასამართლომ არ გაითვალისწინა დამამძიმებელი გარემოებები – გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივი, ოჯახის წევრის, არასრულწლოვნის მიმართ ან მისი თანდასწრებით დანაშაულის ჩადენა, არ შეაფასა მსჯავრდებულის პიროვნება, მისი უნარები და ყოფილი სამსახურებრივი საქმიანობა.
4.2. კასატორების, მსჯავრდებულ ა. ა–ს ინტერესების დამცველი ადვოკატების მიერ წარმოდგენილი საჩივრის თანახმად, თბილისის სააპელაციო სასამართლის სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი. სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის ვარაუდები და არა მტკიცებულებები. მ. ა–იმა განმარტა, რომ 2007 წლის ნოემბრიდან 2021 წლის აპრილის თვემდე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ა. ა–სთან, თუმცა, ძალადობრივი ფაქტების შესახებ არასოდეს დაუფიქსირებია სამართალდამცავ ორგანოში. დაზარალებულის მხრიდან ამ ყველაფრის ახსნა იმით, რომ არ სურდა ოჯახის დანგრევა და შვილების უმამოდ დატოვება - არაა გასაზიარებელი. იმ შემთხვევაში თუ დაზარალებული იყო გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ძალადობის მსხვერპლი, თუნდაც 2019 წლის 31 ოქტომბრამდე უნდა ჰქონოდა ადგილი ა. ა–ს მხრიდან მამაკაცის დომინანტური მდგომარეობის გამოვლინებას მეუღლის მიმართ, რაც საქმის განხილვისას, არ ყოფილა დადასტურებული. კონკრეტულ შემთხვევაში, ადგილზე მყოფი, ფაქტის შემსწრე არასრულწლოვანი მ. ა–ე არ ადასტურებს მამის – ა. ა–ს მხრიდან დედის – მ. ა–ს მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს. მან მხოლოდ ის განმარტა, რომ რომ დედამ მანქანა ვერ მოაბრუნა კარგად და მამა ეჩხუბა. ფაქტის შემსწრე მოწმის - რ. ა–სის ჩვენებით კი, 2019 წლის ზამთრის დასაწყისში, როდესაც ა. ლ–სის სახლიდან გამოვიდნენ, არსენს და მთვარისას მოუვიდათ შელაპარაკება, რა დროსაც, ა–მა ხელი გაიქნია, რაც შემთხვევით მოხვდა მთვარისას, რომელსაც სავარაუდოდ თოვლზე გაუცურდა ფეხი, დაეცა და ცხვირიდან წამოუვიდა სისხლი. ნეიტრალურ მოწმეს - რ. ა–ს ერთმნიშვნელოვნად არ დაუდასტურებია ა. ა–ს მხრიდან მიზანმიმართული ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტი. ბრალდების მხარემ ასევე ვერ წარმოადგინა მტკიცებულება იმის დასადასტურებლად, რომ ა. ა–მ, 2020 წლის ნოემბრის თვეში, ქამრის ბალთის თავში დარტყმით რაიმე სახის დაზიანება მიაყენა მ. ა–ს. აღნიშნულს ადასტურებს მხოლოდ დაზარალებული მ. ა–ი, რომელიც განმარტავს, რომ მეუღლემ ქამრის ბალთა დაარტყა თავის არეში, რა დროსაც მიიღო ჭრილობა და წამოუვიდა სისხლი. რაც შეეხება 2021 წლის თებერვლის თვის დასაწყისის ფიზიკური ძალადობის ბრალდებას, თუკი მსგავს ფაქტს ჰქონდა ადგილი, ბრალდების მხარეს პირდაპირ მტკიცებულებად უნდა გამოეყენებინა არასრულწლოვან ი. ა–ს ჩვენება. ი. ა–ს მიერ გამოძიებისთვის მიწოდებული ინფორმაცია გახდა უდავო, სადაც არასრულწლოვანი არ აფიქსირებს მსგავსი ძალადობის ფაქტს. ასევე, საინტერესოა, რატომ არ გაიზიარა სასამართლომ ა. ა–ს ჩვენება იმ ნაწილში, სადაც ის განმარტავს, რომ მათი საცხოვრებელი სახლის კიბეები არის ციცაბო და აღნიშნული დაზიანება მ. ა–მა კიბეზე დაცემის შედეგად მიიღო. აღნიშნულს ადასტურებს გ. ხ–ს ჩვენება, რომელიც განმარტავს, რომ ა-ს კლინიკაში შეხვდა მ. ა–ი და უთხრა, რომ წელის ტკივილი ჰქონდა დაცემის გამო. როგორც წესი, მოძალადეები დახმარების ხელს არ უწვდიან მსხვერპლებს, ა. ა–მ კი პირიქით, მ. ა–ი ექიმთან მიიყვანა, ექიმბაშიც მიუყვანა და ყველაფერი გააკეთა მის გამოსაჯანმრთელებლად. დაცვის მხარის პოზიციით, დაზარალებული მ. ა–ი დაინტერესებული პირია და ყოფილ მეუღლეს სამაგიეროს მიზღვისთვის უჩივლა, ვინაიდან ი. ა–მ მამასთან ცხოვრება გადაწყვიტა. ამასთან, დაცვის მხარის პოზიციით ა. ა–ე მოძალადის პათოსით განმსჭვალული რომ ყოფილიყო, ყოფილ მეუღლეს არ მისცემდა ოჯახის დატოვების და 2020 წლის მაისიდან დაბა ა–ში სამსახურის დაწყების უფლებას.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და მიაჩნია, რომ ისინი ვერ აკმაყოფილებენ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსსკ-ის) 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორები ვერ მიუთითებენ და ვერც ასაბუთებენ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
5.2. საკასაციო საჩივრების თანახმად: ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ მცდარი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, როდესაც 2020 წლის ნოემბერსა და 2021 წლის თებერვალში ა. ა–ს მიერ მ. ა–ს მიმართ ჩადენილი ოჯახში ძალადობის ფაქტებიდან ამოურიცხა ამ ქმედებების ჩადენა არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, ასევე თვლის რომ ა. ა–ს მიმართ გამოყენებული სასჯელის სახე არის ლმობიერი და ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, ხოლო დაცვის მხარეს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, ვინაიდან სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის ვარაუდები და არა მტკიცებულებები.
5.3. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მნიშვნელოვნად მიიჩნევს, თავდაპირველად მიუთითოს მოქმედი კანონმდებლობის იმ სამართლებრივ ნორმებზე, რომლითაც დგინდება საკაციო საჩივრის შეტანისა და დასაშვებობის საფუძვლები:
5.4. საქართველოს სსსკ-ის მე-300 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ გამოტანილი განაჩენი, რომელიც, კასატორის აზრით, უკანონოა. განაჩენი უკანონოა, თუ: ა) არსებითად დაირღვა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, რაც არ გამოუვლენია პირველი ინსტანციის ან სააპელაციო სასამართლოს ან რაც მან დაუშვა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს; ბ) მსჯავრდებულის ქმედებას არასწორი კვალიფიკაცია მიეცა; გ) გამოყენებულია სასჯელის ისეთი სახე ან ზომა, რომელიც აშკარად არ შეესაბამება მსჯავრდებულის ქმედების ხასიათსა და პიროვნებას.
5.5. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
5.6. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, განაჩენი უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებას, დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარდგენილი მოსაზრებებიდან. მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „ელ მასრი მაკედონიის წინააღმდეგ“ (El-Masri v. the Former Yugoslav Republic of Macedonia, (GC), 13.12.2012) და „ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Hassan v. the UK, ECtHR, (GC), 16.09.2014).
5.7. საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებს, საპროცესო ნორმათა დაცვით გამოკვლეულ მტკიცებულებებს და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულყოფილად შეაფასა საქმეში არსებული თითოეული მტკიცებულების დამაჯერებლობა, უტყუარობა და მნიშვნელობა მსჯავრდებულ ა. ა–ს ქმედებების საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა (სამი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით მსჯავრდებისთვის რელევანტური ფაქტების დასადგენად. სააპელაციო სასამართლომ დაწვრილებით მიმოიხილა თითოეული მტკიცებულების შინაარსი, მასში გადმოცემულ ინფორმაციათა მიმართება ამ ეპიზოდებში ბრალდების ფორმულირებაში ასახულ ფაქტებთან და დაადგინა, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დადასტურდა 2020 წლის ნოემბერსა და 2021 წლის თებერვალში ა. ა–ს მიერ ყოფილი მეუღლის მ. ა–ს მიმართ ძალადობის ჩადენა, მათი არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით.
5.8. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს დაცვის მხარის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლო გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისას დაეყრდნო ბრალდების მხარის ვარაუდებს და არა საქმეზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს, არ გაიზიარა ი. ა–ს გამოკითხვის ოქმი, რომლითაც ის უარყოფდა მამის მხრიდან დედის და მისი დის მისამართით ძალადობისა და სისტემატური სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტებს და აღნიშნავს, რომ გარდა დაზარალებულების – მ. ა–სა და მ. ა–ს ჩვენებებისა, დაიკითხნენ მოწმეები – რ. ა–ე, რომელიც 2019 წლის 31 ოქტომბრის ფაქტის თვითმხილველია და ცალსახად დაადასტურა აღნიშნულ დღეს, ა. ა–ს მიერ მ. ა–იისთვის ხელის მოქნევის, დაზარალებულის წაქცევის და სისხლის წამოსვლის ფაქტი; არასრულწლოვანი მოწმე - ნ. ა–ი, რომელმაც აღწერა 2021 წელს ა. ა–ს და მ. ა–ს შეხვედრა, ასევე დაზარალებულის ემოციური მდგომარეობა და მსჯავრდებულის აგრესიული დამოკიდებულება შვილის მიმართ; სოციალური მუშაკი – მ. ნ–ი, რომლის ჩვენებითაც მან მონაწილეობა მიიღო მ. და ი. ა–ების მიმართ ჩატარებულ ფსიქოლოგიურ ექსპერტიზაში და საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მათი ჩვენებები სრულად თანხვდენილია ერთმანეთთან და საქმეში არსებულ წერილობით მტკიცებულებებთან, კერძოდ ისეთთან როგორიცაა – ექსპერტიზის დასკვნები და დათვალიერების ოქმები. დაზარალებულ მ. ა–ს მიერ ფიზიკური ძალადობების შესახებ სასამართლოში გაკეთებული განმარტებები სრულ თანხვედრაშია, ასევე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის და დოკუმენტაციის შედეგებთან, რაც კიდევ უფრო მეტ დამაჯერებლობას მატებს დაზარალებულის ჩვენების სარწმუნოობას. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მ. ა–ს მარცხენა თხემის არეში არსებული ნაწიბური წარმოადგენს ჭრილობის შეხორცების შემდგომ კვალს და ატარებს მსუბუქი ხარისხის დაზიანების ნიშნებს. საგულისხმოა, რომ ექსპერტიზის დასკვნა (დაზიანების ლოკალიზაციასთან მიმართებით) და მ. ა–ს მიერ განმარტებული გარემოებები სრულ შესაბამისობაშია არასრულწლოვანი დაზარალებულის – მ. ა–ს ჩვენებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან, კერძოდ, არასრულწლვნის განმარტებით, მართალია, უშუალოდ ძალადობის ფაქტებს პირადად არ შესწრებია, თუმცა მყისიერი შემხებლობა ჰქონდა დედასთან, რომელსაც ძალადობის შემდეგ წამოუვიდა სისხლი, ხოლო შემთხვევის ადგილზე დაინახა ძირს დაგდებული ქამარი, რომლის შესაკრავიც იყო სისხლიანი.
5.9. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის №.......... და №......... დასკვნების თანახმად, მ. ა–მა და მ. ა–მ ა. ა–ს მიერ განხორციელებული ქმედებებით განიცადეს ფსიქოლოგიური ტანჯვა. დასკვნების კვლევით ნაწილში დეტალურად არის აღწერილი დაზარალებულების ემოციური მდგომარეობა ა. ა–ის ქმედებების შედეგად. ამასთან, საგულისხმოა, მ. ა–ს ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით ნაწილში მითითებული გარემოება, რომ დაზარალებულის საუბარში არ იკვეთება მისი და მისი ოჯახის მიმართ ჩადენილი დანაშაულის შემცველი ფაქტების გაზვიადებული განმარტებებით აპელირება. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ექსპერტის დასკვნები მათი შინაარსიდან გამომდინარე არ წარმოადგენს ფორმალურ კვლევას, პირიქით დასკვნის კვლევით ნაწილში დეტალურად არის მითითებული თითოეული კრიტერიუმი, მეთოდი, რომელთა გამოყენებითაც ექსპერტი მივიდა კონკრეტულ დასკვნამდე.
5.10. რაც შეეხება დაცვის მხარის არგუმენტს, რომ სააპელაციო სასამართლოს უნდა გაეზიარებინა არასრულწლოვანი მოწმის, ი. ა–ს გამოკითხვის ოქმი, რომელიც ა. ა–ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენის საფუძველს შექმნიდა, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ი. ა–ს მიერ მიწოდებული ინფორმაცია, ცალმხრივად ვერ იქნება კონკურენტუნარიანი ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით, მათ შორის სატელეფონო საუბრების ამსახველი ინფორმაციით, დაზარალებულების – მ. ა–ს და მ. ა–ს ჩვენებებით, მოწმეების – რ. ა–სა და ნ. ა–ს ჩვენებებით, ასევე სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზისა და სასამართლო ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების.
5.11. ამასთან, პალატა დამატებით მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება თითოეულ ეპიზოდთან მიმართებით სრულად შეესაბამება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მტკიცებულებით სტანდარტთან დაკავშირებით დადგენილ პრაქტიკას, რომლის თანახმადაც, საქმეებში, რომლებშიც, დაზარალებულის ჩვენებისაგან დამოუკიდებლად, წარმოდგენილია ერთი პირდაპირი მტკიცებულება მაინც, მიიჩნევა, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მიღწეულია.
5.12. საკასაციო პალატა, ასევე სრულად იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ გარემოებებს და მიაჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება ა. ა–ს მიერ, 2020 წლის ნოემბრის და 2021 წლის თებერვლის ეპიზოდებში მეუღლის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ჩადენის ფაქტები, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, კერძოდ:
5.13. დაზარალებულმა მ. ა–მა ჩვენების მიცემისას გამორიცხა 2020 წლის ნოემბრის თვეში, არასრულწლოვნების თანდასწრებით, მეუღლის მხრიდან მის მიმართ ძალადობის განხორციელება და განმარტა, რომ, იმ დროს, როდესაც ა. ა–მ მოუქნია ქამარი, რომლის ბალთაც მას მოხვდა თავში და რის შედეგადაც მიიღო დაზიანება, ბავშვები სხვა ოთახში იმყოფებოდნენ და მხოლოდ მისი ყვირილის შემდეგ შევიდნენ. ანალოგიური ფაქტობრივი გარემოება დაადასტურა მ. ა–მაც, ხოლო რაც შეეხება, 2021 წლის თებერვლის თვეში, არასრულწლოვანი ი. ა–ს თანდასწრებით განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ეპიზოდს, ი. ა–ს უდავოდ ცნობილი გამოკითხვის ოქმით აღნიშნული არ დადასტურებულა, ვინაიდან იგი არ ადასტურებს მამის მხრიდან ძალადობის ფაქტებს. ასევე, საგულისხმოა, რომ შემთხვევის დროს ი. ა–ს თანდასწრებით დანაშაულის შესახებ არც მ. ა–ს მიუწოდებია დეტალური ინფორმაცია სასამართლოსთვის.
5.14. ამდენად, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები სრულყოფილად და ობიექტურად შეაფასა. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ბრალდების და დაცვის მხარეს სააპელაციო საჩივრებში მითითებულ არგუმენტებზე ამომწურავი პასუხები გასცა, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს, ხოლო რაიმე სხვა გარემოებაზე, რაც საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანი გახდებოდა, კასატორები საჩივრებში არ უთითებენ.
5.15. რაც შეეხება, ბრალდების მხარის პოზიციას ა. ა–სათვის დანიშნული სასჯელის დამძიმებასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რისი მხედველობაში მიღებითაც არ გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია და უცვლელად დატოვა მსჯავრდებულისათვის განსაზღვრული სასჯელი, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს.
5.16. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
5.17. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, სხვა ნორმატიული აქტების, მათ შორის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების, მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში.
5.18. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნისას გასათვალისწინებელი გარემოებები, ჩადენილი ქმედების ხასიათი და სიმძიმე, პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და საქართველოს სსკ-ის 39-ე, 53-ე და 59-ე მუხლების მოთხოვნათა მხედველობაში მიღებით, ა. ა–ს კანონიერი და სამართლიანი სასჯელი განუსაზღვრა.
5.19. საკასაციო პალატა კვლავაც იმეორებს, რომ სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს. მთავარია, არა დამნაშავის მკაცრად დასჯა, არამედ ის, რომ დანაშაულის შემთხვევა არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება იყოს დამნაშავის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების ადეკვატური.
5.20. ამდენად, საკასაციო პალატა, ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას თითქოსდა სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულების ხასიათი და განმარტავს, რომ მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება საქმის განხილვის არცერთ ეტაპზე არ გამოვლენილა. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა მსჯავრდებულს მსჯავრადშერაცხილი თითოეული ეპიზოდისათვის განუსაზღვრეს საქართველოს სსკ-ის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, რაც სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას. ამასთან, პროკურორის საკასაციო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებას, თუ რა განსხვავებული წინაპირობები არსებობს დანიშნული სასჯელის დამძიმებისათვის, რაც სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა.
5.21. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „ზოგადი პრევენციის მიზნის უგულებელყოფა არ შეიძლება, მეტიც, მას ნამდვილად აქვს საზოგადოებაში მაგალითის დატვირთვა და პოზიტიური როლი კრიმინალური ქმედების შემცირებისა და საზოგადოების მშვიდი, ჰარმონიული განვითარებისთვის. თუმცა სახელმწიფოს იძულების ღონისძიების გამოყენებისას უნდა ჰქონდეს ზოგადი პრევენციის ზემოაღნიშნული პოზიტიური შედეგების გამოწვევის პასიური მოლოდინი, სახელმწიფომ არ შეიძლება პირი დასაჯოს მხოლოდ იმის გამო, რომ სხვამ არ ჩაიდინოს იგივე ქმედება. არ შეიძლება პირის დასჯის მიზანი იყოს მხოლოდ და მხოლოდ სხვა პირების „დაშინება“, გაფრთხილება და ამ გზით სხვების მიერ იმავე დანაშულის ჩადენის რისკების მინიმალიზება. მხოლოდ ზოგადი პრევენცია ვერ იქნება საკმარისი და თვითკმარი პირის მიმართ ნებისმიერი სასჯელის გამოყენებისთვის, რადგან ასეთი მიდგომით ადამიანი გადაიქცევა სახელმწიფოს ხელში საზოგადოების „დაშინების იარაღად“, იძულების ღონისძიების გამოყენების მუქარის შიშველ ობიექტად, რაც გამორიცხულია და დაუშვებელი სამართლებრივ სახელმწიფოში“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-52).
5.22. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
5.23. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ როდესაც საკასაციო სასამართლო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
5.24. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსი პროკურორის თამარ ზურაბაშვილისა და მსჯავრდებულ ა. ა–ს ინტერესების დამცველი ადვოკატების კ. ლ–სა და ნ. ს–ს საკასაციო საჩივრები;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მამუკა ვასაძე
შალვა თადუმაძე