გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ-506-02 29 მაისი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),
მ. ცისკაძე, თ. კობახიძე
დავის საგანი: სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელება და სავალდებულო წილზე მემკვიდრედ ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
ვ. ს-შვილის საკუთრებას წარმოადგენდა ქ. თბილისში, ... მდებარე ბინა. ვ. ს-შვილის ქალიშვილია ნ. გ-ძე, რომელიც წლების განმავლობაში მამასთან არ ცხოვრობდა. ვ. ს-შვილმა მთელი თავისი ქონება უანდერძა ნათესავ გ. ს-შვილს. ვ. ს-შვილი 1998წ. 27 აპრილს გარდაიცვალა. 1998წ. ოქტომბერში აღნიშნული ბინა ანდერძისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობის საფუძველზე აღირიცხა გ. ს-შვილის სახელზე.
ნ. გ-ძემ 2001წ. 30 მარტს სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხე გ. ს-შვილის მიმართ სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელებისა და სავალდებულო წილის მიღების შესახებ.
ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001წ. 20 ივნისის გადაწყვეტილებით ნ. გ-ძეს გაუგრძელდა სამკვიდროს მიღების ვადა მამის, ვ. ს-შვილის, დანაშთ ქონებაზე. იგი ცნობილ იქნა მამის, ვ. ს-შვილის, დანაშთი ქონების 1/2 ნაწილის მემკვიდრედ და მესაკუთრედ. საჯარო რეესტრის სამსახურს დაევალა შესაბამისი ცვლილებების შეტანა რეესტრის ჩანაწერებში.
მოცემული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. ს-შვილმა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 4 თებერვლის გადაწყვეტილებით გ. ს-შვილის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001წ. 20 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება: ნ. გ-ძეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება ემყარება შემდეგ მოტივებს: პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სწორად იქნა დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ ის, რომ ვ. ს-შვილი გარდაიცვალა 1998წ. 27 აპრილს, მას დარჩა ერთადერთი მემკვიდრე, შვილი ნ. გ-ძე. ვ. ს-შვილის დანაშთი ქონება _ ბინა, ანდერძისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობის საფუძველზე 1998წ. ოქტომბერში აღირიცხა მოპასუხე გ. ს-შვილის სახელზე. სამოქალაქო კოდექსის 1371-ე მუხლის თანახმად მამკვიდრებლის შვილებს, მშობლებსა და მეუღლეს, ანდერძის შინაარსის მიუხედავად, ეკუთვნით სავალდებული წილი, რომელიც უნდა იყოს იმ წილის ნახევარი, რაც თითოეულ მათგანს კანონით მემკვიდრეობის დროს ერგებოდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ნ. გ-ძეს შეუძლია, მოითხოვოს სავალდებულო წილი. სამოქალაქო კოდექსის 1372-ე მუხლის თანახმად სავალდებულო წილის მოთხოვნის უფლება წარმოიშობა სამკვიდროს გახსნის მომენტიდან. ამავე კოდექსის 1320-ე მუხლის თანახმად სამკვიდროს გახსნის დროდ ითვლება მამკვიდრებლის გარდაცვალების დღე ან პირის გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლის დღე. სამოქალაქო კოდექსის 1424-ე მუხლის მიხედვით სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს სამკვიდროს გახსნის მომენტიდან ექვსი თვის განმავლობაში. ნ. გ-ძეს გაშვებული აქვს სამკვიდროს მიღების კანონით დადგენილი ვადა, რაც სწორად იქნა დადგენილი სასამართლოს მიერ. სამოქალაქო კოდექსის 1426-ე მუხლის თანახმად სამკვიდროს მისაღებად დადგენილი ვადა შეიძლება გააგრძელოს სასამართლომ, თუ ვადის გადაცილების მიზეზები საპატიოდ იქნება მიჩნეული. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ რაიონულმა სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა ნ. გ-ძის მიერ დასახელებულ მიზეზებს. ის გარემოება, რომ ნ. გ-ძე კეთილგანწყობილი არ იყო მამის მიმართ, ურთიერთობა არ ჰქონდა მასთან და ამის გამო 3 წლის მანძილზე მისთვის უცნობი იყო მამის გარდაცვალების ფაქტი, არ შეიძლება ჩაითვალოს სამკვიდროს მისაღებად დადგენილი ვადის გადაცილების საპატიო მიზეზად.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ნ. გ-ძემ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით.
საკასაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ მოტივებს: სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 1467-ე და 1478-ე მუხლები, რომელთა საფუძველზე მოპასუხე ვალდებული იყო, ყველა ზომა მიეღო კანონით მემკვიდრის ადგილსამყოფელის დასადგენად; მან ნოტარიუსს დაუმალა კანონით მემკვიდრის არსებობა; ნოტარიუსის მიერ დაირღვა სამოქალაქო კოდექსის 1497-ე მუხლი.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ ნ. გ-ძის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ ვ. ს-შვილის, რომელიც გარდაიცვალა 1998წ. 27 აპრილს, კანონით მემკვიდრეა ქალიშვილი ნ. გ-ძე. ვ. ს-შვილმა კუთვნილი ბინა, უანდერძა ნათესავ გ. ს-შვილს, რომელმაც სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე 1998წ. ოქტომბერში გაიფორმა ეს ბინა. ნ. გ-ძემ 2001წ. 30 მარტს სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხე გ. ს-შვილის მიმართ, მოითხოვა სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელება და სავალდებულო წილის მიღება. მან თავისი მოთხოვნა ძირითადად დააფუძნა სამოქალაქო კოდექსის 1467-ე, 1478-ე და 1497-ე მუხლებზე.
საკასაციო პალატას დასაბუთებულად მიაჩნია კასატორის მითითება იმის შესახებ, რომ სააპელაციო სასამართლომ ისე მიიჩნია ნ. გ-ძის მიერ სამკვიდროს მიღების ვადა არასაპატიო მიზეზით გაშვებულად, რომ საერთოდ არ იმსჯელა გ. ს-შვილის მიერ სამოქალაქო კოდექსის 1467-ე და 1478-ე მუხლებით გათვალისწინებული მოვალეობის შესრულების თაობაზე. სამოქალაქო კოდექსის 1467-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად თითოეული თანამემკვიდრე მოვალეა, უზრუნველყოს სხვა თანამემკვიდრეთა მიერ შესაბამის წილის მიღება. იმავე კოდექსის 1478-ე მუხლის იმპერატიული მოთხოვნაა, რომ, თუ მემკვიდრეთა შორის არიან პირები, რომელთა ადგილსამყოფელიც ცნობილი არ არის, დანარჩენი მემკვიდრეები მოვალენი არიან, მიიღონ გონივრული ზომები მათი ადგილსამყოფელის დასადგენად და სამკვიდროს მისაღებად მემკვიდრეთა მოსაწვევად.
სააპელაციო სასამართლომ ასევე არ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 1450-ე მუხლი, რომლის თანახმად სამკვიდროს მიღება ან მიღებაზე უარის თქმა შეიძლება სადავო გახდეს ორი თვის განმავლობაში იმ დღიდან, როცა დაინტერესებულმა პირმა შეიტყო, რომ ამისათვის არსებობს სათანადო საფუძველი.
პალატამ არ გაარკვია, როდის გახდა ცნობილი ნ. გ-ძისათვის გ. ს-შვილის მიერ სამკვიდრო მოწმობის მიღება და სადავო საცხოვრებელი სახლის გადაფორმება.
ყოველივე აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ არის იურიდიულად საკმაოდ დასაბუთებული, რის გამოც იგი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ე" პუნქტის თანახმად კანონის დარღვევით მიღებულად უნდა ჩაითვალოს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ნ. გ-ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 4 თებერვლის გადაწყვეტილება მოცემულ საქმეზე გაუქმდეს და ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.