გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ-508-02 4 სექტემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),
ქ. გაბელაია, თ. კობახიძე
დავის საგანი: დაკავებული ფართიდან გამოსახლება.
აღწერილობითი ნაწილი:
თბილისში, ... მდებარე მე-... ბაგა-ბაღის შენობის ნაწილი დაკავებული აქვთ მ.ს-ის, პ.გ-ის, დ.მ-ის და ე.რ-ას ოჯახებს. თბილისის ნაძალადევის რაიონის განათლების განყოფილებამ და მე-... ბაგა-ბაღის ადმინისტრაციამ სარჩელით მიმართეს სასამართლოს და მოითხოვეს მ.ს-ის, პ.გ-ის, დ.მ-ის და ე.რ-ას გამოსახლება დაკავებული ფართიდან შემდეგი საფუძვლით: ბაგა-ბაღი ირიცხება მათ ბალანსზე. მოპასუხეებს 1996 წლიდან დაკავებული აქვთ ბაგა-ბაღის 1,2 და 3 კორპუსებში ოთახები და მიუხედავად მათი არაერთგზის გაფრთხილებისა თვითნებურად დაკავებულ ფართს არ ათავისუფლებენ.
თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2000წ. 2 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხეები გამოსახლდნენ დაკავებული ფართიდან. მოპასუხეთა სააპელაციო საჩივრის საფუძველზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 22 იანვრის განჩინებით გაუქმდა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა გლდანი-ნაძალადევის რაიონულ სასამართლოს. საქმის ხელახალი განხილვის შემდეგ გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2001წ. 20 აპრილის გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნა კვლავ დაკმაყოფილდა; მოპასუხეები მ. ს-ი, პ. გ-ი, დ. მ-ი და ე. რ-ა მათთან მყოფ პირებთან ერთად გამოსახლდა დაკავებული ფართიდან. რაიონულმა სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა სკ-ს 170-172-ე მუხლების საფუძვულზე, დადგენილად მიიჩნია გარემოება, რომ მოპასუხეებს სადავო ფართი დაკავებული ჰქონდათ ყველგვარი კანონიერი საფუძვლის გარეშე. გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანეს მოპასუხეებმა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 18 დეკემბრის გადაწყვეტილებით გაუქმდა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მოპასუხეები კვლავ გამოსახლდნენ დაკავებული ფართიდან. სააპელაციო სასამართლომ, ტექინვენტარიზაციის ბიუროდან მიღებული ცნობის საფუძველზე, მიიჩნია, რომ სადავო ფართი აღრიცხულია თბილისის განათლების განყოფილების სახელზე, რის გამოც თავდაპირველი მოსარჩელეები _ ნაძალადევის რაიონის განათლების განყოფილება და მე-... ბაგა-ბაღის ადმინისტრაცია _ მიიჩნია არასათანადო მოსარჩელეებად, სათანადო მოსარჩელედ მიიჩნია თბილისის განათლების განყოფილება და სსკ-ს 84-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით არასათანადო მოსარჩელეები შეცვალა სათანადო მოსარჩელით, ამავე კოდექსის 385-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად განიხილა სარჩელი და სკ-ს 172-ე მუხლის საფუძვლზე დააკმაყოფილა იგი, რადგან ჩათვალა, რომ მოპასუხეებს არა აქვთ უფლებამოსილი პირის – თბილისის განათლების განყოფილების მიერ მინიჭებული სადავო ფართის ფლობის უფლება.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანეს მოპასუხეებმა მ.ს-მა, პ.გ-მა, დ.მ-მა და ე.რ-ამ, რომლითაც ითხოვს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელი უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია ფაქტობრივი გარემოება, რომ თბილისში, ... მდებარე მე-... ბაგა-ბაღის შენობა თბილისის ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროში, რომელიც დღეისათვის საჯარო რეესტრის ფუნქციასაც ასრულებს, რეგისტრირებულია თბილისის განათლების განყოფილების სახელზე. მოპასუხეებს სადავო ფართი დაკავებული აქვთ ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე. მოპასუხეთა განმარტება, რომ ისინი საცხოვრებლად შეუშვა სადავო ფართში მე-... ბაგა-ბაღის დირექტორმა და ამდენად, მათ ამ ფართის ფლობის უფლება აქვთ, პალატა ვერ გაიზიარებს, რადგან ჯერ ერთი, მე-... ბაგა-ბაღის დირექტორი უფლებამოსილი არ იყო, განეკარგა სადავო ფართი, რადგან ფართი ირიცხება თბილისის განათლების განყოფილების სახელზე და მეორეც, სკ-ს 168-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრე უფლებამოსილია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება დასაბუთებული პრეტენზიის წაყენების შემთხვევაში. მოცემულ შემთხვევაში მესაკუთრეს ფართი ესაჭიროება ბაგა-ბაღის ნორმალური ფუნქციონირებისათვის და ამდენად მას უფლება აქვს სკ-ს 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ქ.თბილისის მერიის განათლების განყოფილებას, როგორც მესაკუთრეს გამოითხოვოს სადავო ფართობი უკანონო მფლობელობიდან.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მ.ს-ის, პ.გ-ის, დ.მ-ის, ე.რ-ას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 18 დეკემბრის გადაწყვეტილება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.