Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ-509-02 24 ივლისი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. წიქვაძე (თავმჯდომარე),

ლ. გოჩელაშვილი, რ. ნადირიანი

დავის საგანი: ხელშეკრულების ბათილად ცნობა, ქონების დაბრუნება.

აღწერილობითი ნაწილი:

2000წ. 21 ივლის მცხეთის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა მცხეთის რაიონის სამომხმარებლო კოოპერატივის გამგეობამ თბილისის სპორტული ნაწარმის ექსპერიმენტული ქარხნის უფლებამონაცვლე სს “ლ.”-ს წინააღმდეგ და მოითხოვა ხელშეკრულების ბათილად ცნობა, უკანონო მფოლობელობიდან ნივთის გამოთხოვა. სარჩელში აღნიშნულია, რომ 1991წ. 31 მაისს მცხეთის რაიკოოპკავშირის გამგეობასა და მოპასუხეს შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხეს გადაეცა ქ.მცხეთაში, ... ქ.¹15-ში მდებარე რაიკოოპკავშირის სასაწყობო მეურნეობის შენობა-ნაგებობები 450 კვ.მ ფართით, საბალანსო ღირებულება 100000 მანეთი, ხოლო ქარხანამ იკისრა ვალდებულება შენობა-ნაგებობის ღირებულება გადაეხადა “მ-ში” რაიკოოპკავშირის ანგარიშზე. მოსარჩელე მიუთითებს, რომ სასაწყობო მეურნეობის შენობა-ნაგებობის საერთო ფართი 900 კვ.მ-ს შეადგენს. ხელშეკრლება დადებულია 450 კვ.მ-ის გასხვისების თაობაზე, ე.ი. დანარჩენი ფართი მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს ვენდიკაციით, ხოლო უძრავი ქონების გასხვისების ხელშეკრულება ბათილია, რის გამოც აღნიშნული ფართი მოსარჩელის საკუთრებაა და უნდა დაუბრუნდეს უკანონო მფლობელისაგან. ხელშეკრულების ბათილობის საფუძვლად მოსარჩელე მიუთითებს შემდეგ გარემოებებს: ხელშეკრულება ნოტარიულად არ არის დამოწმებული და არ არის რეგისტრირებული ტექაღრიცხვის ბიუროში. დადებულია არაუფლებამოსილი პირის მიერ იძულებისა და მუქარის გზით; ხელშეკრულება დადებულია იმ დროს მოქმედი “საქართველოს სამომხმარებლო კოოპერაციის სისტემაში ქონების კერძო პირებზე შრომის კოლექტივებზე, კოოპერატივებზე და სხვა ორგანიზაციებზე მიყიდვის შესახებ” დებულების მოთხოვნათა დარღვევით.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ გაშვებულია სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა.

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2001წ. 6 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო. გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში კი სარჩელზე უარის თქმის საფუძვლად მითითებულია სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გაშვება.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 24 დეკემბრის განჩინებით გაუქმდა მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

სააპელაციო სასამართლომ განჩინებაში მიუთითა, რომ მოცემული დავის გადასაწყვეტად გამოყენებული უნდა იქნეს ახალი სამოქალაქო კოდექსი, რომელიც უძრავ ნივთთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნის მიმართ აწესებს ხანდაზმულობის ექვსწლიან ვადას. სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული ვადა დასრულდა 1997წ. 31 მაისს, რადგან ხელშეკრულება დადებულია 1991წ. 31 მაისს. მოსარჩელე ხანდაზმულობის ვადის გასვლამდე შეეცადა თავისი მოთხოვნა დაეკმაყოფილებინა სხვა საშუალებებით და 1996 წელს განცხადებით მიმართა მცხეთის რაიონის პროკურატურას. სასამართლომ მიიჩნია, რომ ამით, 1996 წელს, სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა შეწყდა და სკ-ს 141-ე მუხლის საფუძველზე ვადის ათვლა დაიწყება თავიდან. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელემ 2000წ. 27 ივლისს ე.ი. 2002წ. თებერვლამდე, ხანდაზმულობის ვადის დამთავრებამდე, მიმართა სარჩელით სასამართლოს, ამიტომ სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა არ უნდა ჩაითვალოს გაშვებულად.

სასამართლომ განჩინების სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 129-ე, 138-ე, 139-ე, 140-ე და 141-ე მუხლები.

საკასაციო საჩივრის ავტორი მოითხოვს აღნიშნული განჩინების გაუქმებას და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებას შემდეგი გარემოებების გამო: სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი – სკ-ს 138-ე მუხლი. ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტისათვის არ არის საკმარისი ის, რომ მხარემ პროკურატურას მიმართა განცხადებით. პროკურატურას არ განუხილავს აღნიშნული საკითხი და რაიმე შემაჯამებელი გადაწყვეტილებაც არ მიუღია. კასატორს მიაჩნია, რომ სარჩელი ხანდაზმულია და მას დაკმაყოფილებაზე უარი უნდა ეთქვას.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი და თვლის, რომ გასაჩივრებული განჩინება ძალაში უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

მოცემულ საქმეზე რაიონულმა სასამართლომ სარჩელი ხანდაზმულად მიიჩნია, თუმცა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში მიუთითა, რომ სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო. პალატა თვლის, რომ, თუ გადაწყვეტილების სამოტივაციო და სარეზოლუციო ნაწილები ერთმანეთს ეწინააღმდეგება, ასეთ შემთხვევაში სსკ-ს 394-ე მუხლის “ე” ქვეპუნქტით გადაწყვეტილება კანონის დარღვევით მიღებულად მიიჩნევა და უნდა გაუქმდეს. Aაქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ სავსებით სწორად გააუქმა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, როგორც დაუსაბუთებელი და საქმე ხელახლა განსახილველად დააბრუნა პირველ ინსტანციაში.

საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ, თუ უძრავ ნივთთან არის დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნა, ასეთ შემთხვევაში გამოყენებული უნდა იქნეს ახალი სამოქალაქო კოდექსის ნორმები. Aაღნიშნული კოდექსის 138-ე მუხლი ითვალისწინებს ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტას, თუ უფლებამოსილი პირი შეეცდება დაიკმაყოფილოს მოთხოვნა სახელმწიფო ორგანოსადმი მიმართვით. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარემ განცხადებით მიმართა მცხეთის რაიონის პროკურატურას. პალატა ვერ გაიზიარებს, სააპელაიცო სასამართლოს მოსაზრებას, იმის შესახებ, რომ ასეთ შემთხვევაში კანონი არ ადგენს ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტის ხანგრძლივობას. პალატა მიუთითებს, რომ სამოქალაქო კოდექსის 139-ე მუხლის პირველი ნაწილით ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტა სარჩელის შეტანის საფუძველზე გრძელდება მანამ, სანამ სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება არ შევა კანონიერ ძალაში, ან პროცესი სხვაგვარად არ დასრულდება. ანალოგიური წესი უნდა გავრცელდეს იმ შემთხვევაში, როცა უფლებამოსილი პირი განცხადებით მიმართავს სახელმწიფო ორგანოს მოთხოვნის არსებობის შესახებ. ამასთან, ამ ორგანოს კომპეტენციაში უნდა შედიოდეს სადავო საკითხის დარეგულირება. მოცემულ შემთხვევაში მხარეს პროკურატურისადმი მიმართვით შეეძლო მოეგვარებინა მოცემული სადავო საკითხი. კერძოდ, იმ დროს (1996წ.) მოქმედი სსკ-ს მე-4 მუხლის მეორე ნაწილით სამოქალაქო საქმის განხილვას სასამართლო შეუდგებოდა პროკურორის განცხადებით, ე.ი. პროკურატურას (პროკურორს) შეეძლო განმცხადებლის მიმართვის საფუძველზე გადაეწყვიტა სასამართლოში სამოქალაქო დავის აღძვრის საკითხი ან უარი ეთქვა. ამ შემთხვევაში სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის დენა შეწყდება, მანამ, სანამ პროკურატურა უარს არ იტყოდა დავის სასამართლოში წარმართვაზე, ან მის მიერ აღძრულ სარჩელზე სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება არ შევიდოდა კანონიერ ძალაში. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, მოცემულ შემთხვევაში პროკურატურამ განმცხადებელს განუმარტა, რომ განცხადებაში მითითებული საკითხის განხილვა სასამართლოს ქვემდებარეა და პროკურატურას აღნიშნულ საკითხზე მოკვლევა არ ჩაუტარებია. ასეთ შემთხვევაში სასარჩელო ხანდაზმულობის შეჩერების ვადის დასადგენად სასამართლომ უნდა გამოარკვიოს როდის მიმართა მხარემ პროკურატურას და რა ვადაში მიიღო მისგან პასუხი.

საკასაციო პალატა ასევე თვლის, რომ მოცემული საქმის ხელახლა განხილვისას პირველი ინსტანციის სასამართლომ სასარჩელო ხანდაზმულობის საკითხის გასარკვევად დამატებით უნდა გამოიკვლიოს საქმის მასალები და ისე მიიღოს საქმეზე გადაწყვეტილება. პალატა მიუთითებს, რომ, მართალია, ახალი სამოქალაქო კოდექსი ადგენს უძრავი ნივთების მიმართ სახელშეკრულებო მოთხოვნის ექვსწლიან ხანდაზმულობის ვადას, მაგრამ ეს იმ შემთხვევაში გავრცელდება, თუ ძველი კოდექსით (1964წ.) დადგენილი ვადა ჯერ კიდევ არ არის გასული.

ამდენად, მართალია, მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს ზოგიერთ მოსაზრებას საკასაციო სასამართლო არ იზიარებს, მაგრამ რადგან საქმეზე მიღებული განჩინება საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების შესახებ იურიდიულად სწორია, ამიტომ იგი ძალაში უნდა დარჩეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

სს “ლ-ს” საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 24 დეკემბრის განჩინება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.