Facebook Twitter

საქმე N 050100121005112228

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №530აპ-24 16 სექტემბერი, 2024 წელი

შ–ე რ., №530აპ-24 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 18 მარტის განაჩენზე ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლევან კლდიაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. რ. შ–ეე (პირადი ნომერი: ..........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 372-ე მუხლის მე-2 ნაწილით (დაზარალებულის იძულება ინფორმაციის მიწოდებაზე უარის თქმისათვის, მოკვლის მუქარით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:

1.2. 2021 წლის 28 აგვისტოს, საქართველოს შსს ..... პოლიციის დეპარტამენტის ...... რაიონულ სამმართველოში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის N......... საქმეზე, ოჯახში ჩადენილი ძალადობის ფაქტზე. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოკითხული იქნა ნ. შ–ე, რომელმაც გამოძიებას მიაწოდა ინფორმაცია მეუღლის, ა. შ–ს მიერ მის მიმართ განხორციელებული სიცოცხლის მოსპობის მუქარისა და ფიზიკური ძალადობის შესახებ. აღნიშნული ინფორმაციისა და ფაქტების საფუძველზე ა. შ–ე დაკავებული იქნა ბრალდებულის სახით. ა. შ–ს ბრალდებულის სახით დაკავების შესახებ ინფორმაცია ცნობილი გახდა ა. შ–ს მამის, რ. შ–სთვის, რომლისთვისაც მიუღებელი აღმოჩნდა ნ. შ–ს მიერ გამოძიებისთვის მიწოდებული ინფორმაცია და შვილის, ა. შ–ს მდგომარეობის შესაცვლელად 2021 წლის 29 აგვისტოს, დღის საათებში, მივიდა ქ. ო–ში, .......ას ქ. N..-ში მდებარე ნ. შ–ს საცხოვრებელ სახლში და მოსთხოვა მის მიერ გამოძიებისთვის მიწოდებულ ინფორმაციაზე ეთქვა უარი, ან შეეცვალა ა. შ–ს მდგომარეობის სასიკეთოდ, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოასალმებდა სიცოცხლეს. რ. შ–ეის მუქარის გამო ნ. შ–ს გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში, რის შემდგომაც მობილური ტელეფონის საშუალებით მომხდარის შესახებ შეატყობინა საქართველოს შსს ...... პოლიციის დეპარტამენტის ო–ს რაიონულ სამმართველოს უბნის ინსპექტორების განყოფილების ინსპექტორ-გამომძიებელ გ. ზ–ს.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე ვერ იქნა წარმოდგენილი აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა რ. შ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 372-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.

2.2. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 16 მარტის განაჩენით, რ. შ–ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 372-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილი ბრალდებით.

2.3. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 16 მარტის განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ლევან კლდიაშვილმა, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმება, რ. შ–ს წარდგენილი ბრალდებით დამნაშავედ ცნობა და მისთვის რელევანტური სასჯელის განსაზღვრა.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 18 მარტის განაჩენით ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 16 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელი.

3.2. 2024 წლის 21 მარტს, ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ლევან კლდიაშვილმა საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 18 მარტის გამამართლებელი განაჩენის გაუქმება, რ. შ–ს წარდგენილი ბრალდებით დამნაშავედ ცნობა და მისთვის რელევანტური სასჯელის განსაზღვრა.

3.3. დაცვის მხარემ ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარზე წარმოადგინა შესაგებელი, რომლითაც ითხოვა გამამართლებელი განაჩენის უცვლელად დატოვება და ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლევან კლდიაშვილის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა.

4. კასატორის არგუმენტები:

4.1. კასატორის პოზიციით, გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი უკანონოა, ვინაიდან, დაზარალებულის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმის მიუხედავად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით: 2021 წლის 29 აგვისტოს დაზარალებულის განცხადებით, 2021 წლის 31 აგვისტოს დათვალიერების ოქმით, მოწმეების – ნ. ს–ს, გ. ზ–სა და თ. კ–ს ჩვენებებით, ასევე სასამართლოს განჩინების საფუძველზე მ. შ–ს მობილური ტელეფონიდან გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერითა და ჰაბიტოსკოპური ექსპერტიზის №....... დასკვნით უტყუარად დადასტურდა რ. შ–ს მიმართ წარდგენილი ბრალდება. რაც შეეხება დაცვის მხარის ვარაუდს, რომ წარმოდგენილი ვიდეოჩანაწერი არ ასახავს 2021 წლის 29 აგვისტოს მოვლენებს, არის სიცრუე და ემსახურება რ. შ–სთვის პასუხისმგებლობის აცილების მიზანს. აღნიშნული ჩანაწერის დასადასტურებლად ჩატარდა შესაბამისი ექსპერტიზა, ამასთან, ჩანაწერის მოპოვება მოხდა ინციდენტის შემსწრე პირისგან და თავად დაზარალებულისგან, რომელიც განცხადებაში ასახელებს ჩანაწერის თარიღს. რ. შ–ს თავისი შვილის მდგომარეობის შეცვლა ჰქონდა განზრახული და არა ის, რომ ნ. შ–ს ეთქვა სიმართლე. ამდენად, მისი მიზანი იყო დაზარალებული ეიძულებინა შეეცვალა მის მიერ გამოძიებისათვის მიწოდებული ინფორმაცია ა. შ–ს სასიკეთოდ, რაც, თავის მხრივ, უნდა მოეხდინა ყალბი ინფორმაციის მიწოდების ან ჩვენების მიცემაზე უარის თქმის გზით. კასატორმა, პოზიციის დასასაბუთებლად, ასევე მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა.

ამასთან, კასატორი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ერთ-ერთ საფუძვლად უთითებს პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის მოსამართლის მიერ მიღებულ უკანონო გადაწყვეტილებაზე, კერძოდ: წინასასამართლო სხდომის მოსამართლის მიერ უდავოდ დამტკიცებული მტკიცებულებების სადავოდ მიჩნევის თაობაზე. კასატორის პოზიციით აღნიშნულ საქმეზე რ. შ–ს იცავდნენ კერძო და სახაზინო ადვოკატები, რომლებიც ჩართულნი იყვნენ გამოძიების საწყის ეტაპზევე, რაც თავისთავად გულისხმობს რომ ადვოკატებმა მას გაუწიეს სათანადო იურიდიული კონსულტაცია და შესაბამისად არ არსებობდა აწ უკვე უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებების სადავოდ მიჩნევის სამართლებრივი საფუძველი.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ მიუთითებს და ვერც ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

5.2. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის პოზიციას, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება რ. შ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 372-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა და ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას.

5.3. საკასაციო სასამართლო კვლავაც მიუთითებს, რომ სასამართლო საქმეს განიხილავს წარდგენილი ბრალდების ფარგლებში. საქართველოს სსსკ-ის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პირის ბრალდება მხოლოდ პროკურორის უფლებამოსილებაა. ამავე კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ბრალდების შესახებ დადგენილებაში უნდა აღინიშნოს: ბრალდების ფორმულირება – ინკრიმინირებული ქმედების აღწერა, მისი ჩადენის ადგილის, დროის, ხერხის, საშუალების, იარაღის, აგრეთვე ამ ქმედებით გამოწვეული შედეგის მითითებით. ამდენად, წარდგენილი ბრალდების ფარგლებში მოიაზრება სწორედ პროკურორის მიერ ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული ბრალდების ფორმულირება, რომელშიც მკაფიოდ უნდა იყოს ჩამოყალიბებული იმ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების აღწერა (როგორ გამოიხატა), რომელსაც ბრალდების მხარე ედავება ბრალდებულს, მისი ჩადენის ადგილის, დროის, ხერხის, საშუალების, იარაღის, აგრეთვე ამ ქმედებით გამოწვეული შედეგის მითითებით (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 24 ივნისის №230აპ-13 განაჩენი, პუნქტი 4.1.2.).

5.4. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარე რ. შ–ს ედევება ზემოქმედების განხორციელებას დაზარალებულზე, რაც ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, გამოიხატა იმაში რომ 2021 წლის 29 აგვისტოს, დღის საათებში, რ. შ–ე მივიდა ქ. ო–ში, ......ას ქუჩის N..-ში მდებარე ნ. შ–ს საცხოვრებელ სახლში და მოსთხოვა მის მიერ გამოძიებისთვის მიწოდებულ ინფორმაციაზე ეთქვა უარი, ან შეეცვალა ა. შ–ეის მდგომარეობის სასიკეთოდ, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოასალმებდა სიცოცხლეს.

5.5. საქართველოს სსკ-ის 372-ე მუხლის მე-2 ნაწილით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია, გამოსაკითხი პირის, მოწმის, დაზარალებულის, ექსპერტის ან თარჯიმნის მოსყიდვისთვის ან მისი იძულებისთვის, შესაბამისად, ცრუ ინფორმაციის მიწოდებისათვის ან ცრუ ჩვენების მიცემისათვის, ან ყალბი დასკვნის მიცემისათვის, ან განზრახ არასწორად თარგმნისათვის, ანდა ინფორმაციის მიწოდებაზე ან ჩვენების მიცემაზე უარის თქმისათვის, ან მისი შეცვლისათვის, თუ ამას ერთვის მისთვის ანდა მისი ახლო ნათესავისთვის ნებისმიერი სახის ქონებრივი სარგებლის შეთავაზება ან მოკვლის, ძალადობის, ქონების დაზიანების ან განადგურების ანდა სხვა მუქარა. დამნაშავის მიზანია დაშინებით აიძულოს ზემოხსენებული პირი/პირები უარი თქვას/თქვან საგამოძიებო ორგანოსთვის ინფორმაციის მიწოდებაზე. დანაშაულის ჩადენის მოტივი კი სხვადასხვაა, კერძოდ: შურისძიება, ანგარება, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან საკუთარი თავის ან სხვა პირის დახსნა და ა. შ.

5.6. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ აღნიშნული დანაშაული გამოიხატება: გამოსაკითხი პირის, მოწმის, დაზარალებულის, ექსპერტის ან თარჯიმნის მოსყიდვაში ანდა იძულებაში ცრუ ინფორმაციის მიწოდებისათვის ან ცრუ ჩვენების მიცემისათვის, ან ყალბი დასკვნის მიცემისათვის, ან განზრახ არასწორად თარგმნისათვის, ანდა ინფორმაციის მიწოდებაზე ან ჩვენების მიცემაზე უარის თქმისათვის, ან მისი შეცვლისათვის, რასაც თან უნდა ახლდეს მისთვის ანდა მისი ახლო ნათესავისთვის ნებისმიერი სახის ქონებრივი სარგებლის შეთავაზება ან მოკვლის, ძალადობის, ქონების დაზიანების ან განადგურების ანდა სხვა მუქარა. იმისათვის, რომ ქმედება დაკვალიფიცირდეს ამ მუხლით მნიშვნელობა არ აქვს, სურდა თუ არა დამნაშავეს მუქარის რეალურად განხორციელება, მნიშვნელოვანია, რომ დაზარალებული მუქარას აღიქვამდეს, როგორც სინამდვილეში არსებულ რეალურ საფრთხეს, ხოლო იძულება წარმოადგენს ფსიქიკურ ძალადობას, რაც ზეგავლენას ახდენს და თრგუნავს დაზარალებულის ნებას.

5.7. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დასადგენ ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენდა ა. შ–ს მიმართ არსებული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, 2021 წლის 29 აგვისტოს, რ. შ–ე მოკვლის მუქარით, დაზარალებულს, ნ. შ–ს, აიძულებდა თუ არა უარი ეთქვა ინფორმაციის მიწოდებაზე.

5.8. კასატორის არგუმენტაციით, მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულმა და მოწმეებმა – მ. შ–მ, რ. შ–მ და ს. შ–მ გამოიყენეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლება და არ მისცეს ჩვენება ახლო ნათესავის წინააღმდეგ, საქმეში მოიპოვება მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც საკმარისია გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.

5.9. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს, კასატორის მიერ მითითებული მოწმეების – ნ. ს–ს, გ. ზ–სა და თ. კ–ს ჩვენებებზე და განმარტავს, რომ აღნიშნული მოწმეები არ არიან ფაქტის თვითმხილველი მოწმეები და ინფორმაციას ფლობენ რ. შ–ს ოჯახის წევრებისგან, რომლებმაც გამოიყენეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლება და არ მისცეს ჩვენება ახლო ნათესავის წინააღმდეგ, შესაბამისად, მათი ჩვენებები ირიბი შინაარსისაა, რაც ვერ დაედება საფუძვლად პირის მიმართ გამამტყუნებელ განაჩენს.

5.10. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „სასამართლომ ინდივიდუალურად უნდა შეაფასოს ყველა მტკიცებულება და ერთმანეთისაგან გამიჯნოს, რომელი ჩვენება, ან ჩვენების ნაწილი წარმოადგენს ირიბს და შემდეგ გადაწყვიტოს, რამდენად შესაძლებელია ამ ჩვენების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 14 ივლისის განაჩენი, საქმე N97აპ-20).

5.11. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ირიბი ჩვენების გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-37, II-52). შესაბამისად, საკანონმდებლო რეგულაციის არარსებობის პირობებში ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის დაუშვებელია.

5.12. რაც შეეხება, ვიდეოჩანაწერს, მისი დათვალიერების ოქმსა და ჰაბიტოსკოპიურ ექსპერტზის დასკვნას სასამართლო განმარტავს, რომ მართალია მასში აღწერილია 2021 წლის 29 აგვისტოს, ოჯახში არსებული კონფლიქტური სიტუაცია, მათ შორის რ. შ–ს მხრიდან შესაძლო მუქარის ფაქტი, თუმცა ხსენებულით იმ გარემოების დადგენა რომ აღნიშნული მუქარა მიმართული იყო კონკრეტული ადრესატისკენ, კერძოდ, ნ. შ–სკენ (როგორც ამას ბრალდების მხარე ედავება) და ემსახურებოდა მის იძულებას გამოძიებისთვის მიწოდებულ ინფორმაციაზე ეთქვა უარი, ან შეეცვალა ის ა. შ–ს მდგომარეობის სასიკეთოდ, შეუძლებელია და არ გამომდინარეობს ამ მტკიცებულების შინაარსიდან. ხოლო განცხადებაში მითითებული ინფორმაცია წარმოადგენს ნ. შ–ს მონათხრობს, რომლის სხვა ნეიტრალურ მტკიცებულებასთან შედარების საშუალებაც სასამართლოს არ მიეცა.

5.13. ამდენად, საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც საკმარისი იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. ზემოაღნიშნულ მტკიცებულებებში მითითებული მწირი ინფორმაცია, რომელიც არ შეიცავს დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელ ნიშნებს, სხვა დამაჯერებელი მტკიცებულებების გარეშე, არ წარმოადგენს საკმარის საფუძველს ბრალად წარდგენილი დანაშაულის ჩადენის დასადასტურებლად.

5.14. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება რ. შ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 372-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი, რის გამოც, მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი სააპელაციო სასამართლომ სამართლიანად გადაწყვიტა გამართლებულის სასარგებლოდ. ამასთან, კასატორმა საკასაციო საჩივარში წარმოადგინა არსებითად იმავე სახის არგუმენტაცია, რასაც სააპელაციო საჩივარში მიუთითებდა. სააპელაციო სასამართლომ, კი თავის დასაბუთებულ განაჩენში სრულყოფილად განმარტა ყველა ის გარემოება, რის გამოც, მიიჩნია, რომ არ არსებობდა რ. შ–ს წარდგენილი ბრალდებით დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისი მტკიცებულებითი სტანდარტი.

5.15. სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ კასატორის მიერ მითითებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებებში აღწერილი ფაქტობრივი გარემოებები განსხვავდება განსახილველი საქმის მოცემულობისაგან.

5.16. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

5.17. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ერთ-ერთი საფუძველია სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

5.18. საკასაციო პალატას მიზანშეწონილად მიაჩნია ყურადღება გაამახვილოს საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე რ. შ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის მიერ მტკიცებულებების სადავოდ ცნობის შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილების თაობაზე, ვინაიდან კასატორი აღნიშნულ გადაწყვეტილებას მიიჩნევს უკანონოდ და მიუთითებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ერთ-ერთ საფუძვლად.

5.19. საკასაციო პალატა თავდაპირველად მიუთითებს, რომ იმ შემთხვევაში თუ ბრალდების მხარე არ ეთანხმებოდა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებულ აღნიშნულ გადაწყვეტილებას მას უფლება ჰქონდა შემაჯამებელ გადაწყვეტილებასთან ერთად გაესაჩივრებინა ის სააპელაციო წესით და მოეთხოვა მიღებული განჩინების გაუქმება - რაც არ განუხორცილებია.

5.20. მოცემულ შემთხვევაში საქმის არსებითი განმხილველი მოსამართლის ძირითადი არგუმენტი თუ რატომ გახადა სადავოდ სასამართლომ საქმის არსებითად განხილვის დროს ბრალდების მხარის მტკიცებულებები, რაც წინასასამართლო სხდომის მოსამართლემ უდავოდ დაამტკიცა იყო ის, რომ წინასასამართლო სხდომაზე გაკეთებული განმარტების პირობებში რ. შ–ე ობიექტურად ვერ შეძლებდა განეჭვრიტა მისი ქმედების – უფლებაზე უარის თქმის (მოწმეთა დაკითხვაზე უარის თქმის და მათი გამოკითხვის ოქმების უდავოდ მიჩნევის) სამართლებრივი შედეგი. შესაბამისად, ამ გარემოების გათვალისწინებით პირველი ინსტანციის სასამართლომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით ბრალდებულისთვის მინიჭებული უფლების დარღვევის თავიდან აცილების მიზნით, კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში მიზანშეწონილად ჩათვალა მტკიცებულებების სადავოდ მიჩნევა. აღნიშნულით მან უზრუნველყო სამართლიანი სასამართლოს უფლება და ისევე როგორც დაცვის მხარეს ბრალდების მხარესაც თანაბარ პირობებში მისცა მტკიცებულებების გამოკვლევის შესაძლებლობა, რითაც არ დარღვეულა მხარეთა შეჯიბრებითობისა და თანასწორობის პრინციპი.

5.21. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების უკანონობა მოიცავს საპროცესო კოდექსის ისეთ დარღვევას, რაც არსებით გავლენას ახდენს საქმის შედეგსა და მსჯავრდებულის სამართლებრივ მდგომარეობაზე, რაც მოცემული საქმის განხილვის ფარგლებში არ დადგენილა.

5.22. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლევან კლდიაშვილის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: შალვა თადუმაძე

ლევან თევზაძე