¹3კ-516-02 19 ივნისი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. წიქვაძე (თავმჯდომარე),
ლ. გოჩელაშვილი, რ. ნადირიანი
სარჩელის საგანი: ზიანის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
შპს “კ-ამ” სარჩელი აღძრა სს “ს-ოს” წინააღმდეგ და მოითხოვა ზიანის ანაზღაურება 227275 ლარის ოდენობით. მოსარჩელემ განმარტა, რომ კაპიტალური მშენებლობის ხელშეკრულების საფუძველზე მის მიერ შესრულდა საამშენებლო სამუშაოები მაგისტრალური ნავთობსადენების საწარმოო გაერთიანებისათვის. კერძოდ, თბილისში, ...... გზატკეცილის ¹21ა-ში ააშენა ექვსართულიანი შენობა, რომლის მეექვსე სართულზე – 425,0 კვ.მ საკუთრებაში უნდა გადასცემოდა მოსარჩელეს. 2000წ. ივნისში შპს-მ სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხეების – საქართველოს საერთაშორისო ნავთობის კომპანიის, სს საქართველოს ნავთობსადენების კომპანიისა და სს “ს-ის” მიმართ და მოითხოვა მათზე, როგორც მაგისტრალური ნავთობსადენების საწარმოო გაერთიანების სამართალმემკვიდრეებზე, შესრულებული სამუშაოს ღირებულების დაკისრება. საქმის განხილვის პროცესში მისთვის ცნობილი გახდა,, რომ სს “ს-ს” 1996 წელს მოუხდენია საქართველოს მაგისტრალური ნავთობსადენების საწარმოო გაერთიანების ლიკვიდაციია. მოსარჩელემ მიიჩნია, რომ დეპარტამენტმა “ს-მა” (შემდგომში სს “ს-ი”) ისე მოახდინა მაგისტრალური ნათვობსაენების საწარმოს ლიკვიდაცია, რომ არ გამოაქვეყნა აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია პრესაში, რითაც მას მოუსპო საშუალება სალიკვიდაციო კომისიისათვის მიემართა პრეტენზიით არსებულ დავალიანების გადახდის შესახებ. ამჟამად კი დებიტორი ლიკვიდირებულია, რის გამოც მისგან მოპასუხის ბრალით თანხის მიღება შეუძლებელია. მოსარჩელემ მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლი.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო იმ საფუძვლით, რომ მშენებლობა დამთავრდა 1995 წელს და მოსარჩელეს იმ დროიდან წარმოეშვა თანხის მოთხოვნის უფლება, რაც მას არ განუხორციელებია. ამასთან, დეპარტამენტ “ს-ის” (სს “ს-ის”) ბრძანება მაგისტრალური ნავთობსადენების საწარმოო გაერთიანების ლიკვიდაციის შესახებ გამოტანილი იყო საქართველოს პრეზიდენტის 1995წ. 16 ნოემბრის 178-ე ბრძანებულების და საქართველოს ქონების მართვის სამინისტროს 1996წ. 15 აგვისტოს ბრძანების შესრულების მიზნით. მაგისტრალური ნავთობსადენების საწარმოს ბალანსზე რიცხული ძირითადი ფონდების და დაუმთავრებელი მშენებლობების ბაზაზე შეიქმნა სს “ნ-ა”. მაგისტრალური ნავთობდავალიანების საწარმოს ლიკვიდაციის შესახებ გადაწყვეტილება კი მიიღო საქართველოს ქონების მართვის სამინისტრომ.
თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2001წ. 25 ივნისის გადაწყვეტილებით შპს “კ-ის” სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ სარჩელს უარი უთხრა სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.
აღნიშნული გადაწყვეტილება გააუქმა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ და 2001წ. 3 დეკემბრის გადაწყვეტილებით მოცემულ საქმეზე დაადგინა შემდეგი გარემოებანი:
1992წ. 1 იანვარს საქართველოს მაგისტრალურ ნავთობსადენების საწარმოო გაერთიანებასა და გაერთიანება “ქ-ს” (შემდგომში შპს “კ-ა”) შორს დაიდო კაპიტალური მშენებლობის (ნარდობის) ხელშეკრულება, რომლის თანახმად “ქ-მა” (მენარდე) ვალდებულება იკისრა 1992წ. 1 სექტემბრამდე ააშენებდა დამკვეთისათვის საწარმოო ლაბორატორიის კორპუსს კავშირგაბმულობის კვანძით, ხოლო დამკვეთს უნდა მოეხდინა მშენებლობის დაფინანსება 5,07 მილიონი მანეთის ოდენობით. დამკვეთს მენარდისათვის სახელშეკრულებო ფასში უნდა ჩაეთვალა და საკუთრებაში გადაეცა შენობის მე-6 სართულზე 425,0 კვ.მ ოდენობის ფართი. მენარდემ შენობა ააშენა, მაგრამ იგი ექსპლუატაციაში არ არის მიღებული.
საქართველოს სახელმწიფო მეთაურის 1995წ. 11 ნოემბრის ¹477 ბრძანებულებით შეიქმნა საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაცია ამ ბრძანებულების მოთხოვნათა შესრულების მიზნით საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ 1996წ. 15 აგვისტოს გამოსცა ბრძანება, რომლითაც დამტკიცდა სააქციო საზოგადოების წესდება. ამავე ბრძანებით მაგისტრალური ნავთობსადენების საწარმოო გაერთიანების ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებებისა და დაუმთავრებელი მშენებლობების ბაზაზე დაფუძნდა სს “ნ-ა”. დეპარტამენტ “ს-ის” 1996წ. 19 აგვისტოს ბრძანებით ლიკვიდირებულ იქნა დეპარტამენტის დაქვემდებარებაში არსებული საქართველოს ნავთობსადენების საწარმოო გაერთიანებაა, ხოლო იმავე დეპარტამენტის 1996წ. 21 აგვისტოს ბრძანებით შეიქმნა საქართველოს მაგისტრალური ნავთობსადენების საწარმოო გაერთიანების სალიკვიდაციო კომისია, რომელსაც დაევალა ლიკვიდაციასთან დაკავშირებული ღონისძიებების ჩატარება.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს მაგისტრალური ნავთობსადენების საწარმოო გაერთიანების ლიკვიდაცია ფაქტობრივად არ მომხდარა, რადგან დაცული არ ყოფილა “მეწარმეთა შესახებ” კანონის 14.2 და 14.3 მუხლებით საწარმოს ლიკვიდაციისათვის დადგენილი წესი. სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ მოცემულ შემთხვევაში მოხდა არა ლიკვიდაცია, არამედ საწარმოს გარდაქმნა, რადგან დეპარტამენტ “ს-ის” 1996წ. 19 აგვისტოს ბრძანებით საქართველოს ნავთობსადენების საწარმოო გაერთიანების ბალანსზე რიცხული ქონება გადაეცა საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციას, რაზედაც შედგა მიღება-ჩაბარების აქტი და მხოლოდ ამის შემდეგ შეიქმნა სალიკვიდაციო კომისია.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სს “ს-ის” (ყოფილი დეპარტამენტ “ს-ი”) ქმედებით მოსარჩელეს ზიანი არ მიდგომია, რადგან მაგისტრალური ნავთობსადენების საწარმოო გაერთიანება გარდაიქმნა სს “ნ-ად” და შპს უფლებამოსილია მიმართოს მას სარჩელით თავისი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად.
სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული ახალი გადაწყვეტილებით შპს “კ-ა” სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
აღნშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ კასატორი მოითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების შემდეგ გარემოებათა გამო: სასამართლომ გამოიყენა “მეწარმეთა შესახებ” კანონის 14.2; 14.3 მუხლები, რომლებიც არ უნდა გამოეყენებინა, რადგან იგი არეგულირებს კერძო სამართლის იურიდიული პირების ლიკვიდაციის წესს, მაგისტრალური ნავთობსადენების საწარმოო გაერთიანება კი ლიკვიდაციის დროს წარმოადგენდა საჯარო სამართლის იურიდიულ პირს.
კასატორს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა იმის შესახებ, რომ მოცემულ შემთხვევაში მოხდა ერთი საწარმოს მეორე საწარმოდ გარდაქმნა, მიაჩნია იურიდიულად დაუსაბუთებლად; სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964წ.) ნორმები საწარმოს ლიკვიდაციის შესახებ, სააპელაციო სასამართლომ არასაწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლით გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი, თუ სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ, მართალია, მიუთითა “მეწარმეთა შესახებ” კანონის 14.2; 14.3 მუხლებზე, მაგრამ მოცემული დავის გადასაწყვეტად არ გამოიყენა ამ ნორმათა მოთხოვნა. კერძოდ, სასამართლომ მიუთითა საქმეში არსებულ იმ მტკიცებულებებზე, რომლებითაც ირკვევა, რომ საქართველოს მაგისტრალური ნავთობსადენების საწარმოო გაერთიანების ლიკვიდაცია მოხდა, მაგრამ მიიჩნია, რომ ამ საწარმოს ლიკვიდაცია ფაქტობრივად არ მომხდარა. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით არ დაასაბუთა, თუ რატომ არ მიჩნია მაგისტრალური ნათვობსადენების საწარმოო გაერთიანება ლიკვიდირებულად, მაშინ, როცა დაადგინა საწარმოს ლიკვიდაციის შესახებ ფაქტობრივი გარემოებანი, მაგრამ მათ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა. ასევე არასწორად მიუთითა დადგენილ გარემოებებზე. კერძოდ, დადგენილია, რომ მაგისტრალური ნავთობსადენების საწარმოო გაერთიანების აქტივების სს “ნ-ისათვის” გადაცემის შემდეგ _ 1996წ. 24 სექტემბერს, შეიქმნა სალიკვიდაციო კომისია, მაშინ როცა საქმის მასალებში არის დეპარტამენტ “ს-ის” 1996წ. 21 აგვისტოს ბრძანება სალიკვიდაციო კომისიის შექმნის შესახებ, სალიკვიდაციო კომისიის სხდომის ოქმი, საწარმოს დებიტორ-კრედიტორული დავალიანების შესახებ ნუსხა შესაბამისი ანგარიშსწორებით.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მოცემულ შემთხვევაში მოხდა საწარმოს რეორგანიზაცია (გარდაქმნა). “მეწარმეთა შესახებ” კანონის 14.4 მუხლით დადგენილია, რომ საწარმოს პარტნიორებს შეუძლიათ ერთი ფორმის საზოგადოება გარდაქმნან სხვა სამართლებრივი ფორმის საზოგადეობად წილობრივი ურთიერთობებისა და საზოგადოების საქმიანობის საგნის შენარჩუნებით, ე.ი. უნდა არსებობდეს ერთი (სამართლებრივი) ფორმის საწარმო, რომ მოხდეს მისი გარდაქმნა, წინააღმდეგ შემთხვევაში შეუძლებელი იქნება ამ ნორმის დათქმის შესრულება – წილობრივი ურთიერთობებისა და საზოგადოების საქმიანობის შენარჩუნება.
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ მოხდა საქართველოს ნათვობსადენების საწარმოო გაერთიანების გარდაქმნა სააქციო საზოგადოებად, სკასაციო სასამართლოს უსაფუძვლოდ მიაჩნია.
პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა “მეწარმეთა შესახებ” კანონის ნორმები. სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964წ.) 37-ე მუხლის მე-5 ნაწილით იურიდიული პირის ლიკვიდაციისა და რეორგანიზაციის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. 1996წ. აგვისტო-ოქტმბერში უკვე მოქმედებდა “მეწარმეთა შესახებ” კანონი, რომელიც ადგენს საწარმოს როგორც ლიკვიდაციას, ისე რეორგანიზაციის წესს.
ამდენად, სასამართლოს უნდა გამოეყენებინა “მეწარმეთა შესახებ” კანონით დადგენილი წესი საწარმოს რეალიზაციის და ლიკვიდაციის შესახებ.
მითითებული ნორმების მოთხოვნიდან გამომდინარე პალატა თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში მოხდა საქართველოს მაგისტრალური ნავთობსადენების საწარმოო გაერთიანების მოსპობა (ლიკვიდაცია), რადგან დეპარტამენტ “ს-ის” 1996წ. 19 აგვისტოს ბრძანებით ლიკვიდირებულ იქნა ამავე დეპარტამენტის დაქვემდებარებაში მყოფი საწარმო, ხოლო დეპარტამენტ “ს-ის” მაგისტრალური ნავთობსადენების საწარმოო გაერთიანებას 1996წ. 21 აგვისტოს ბრძანებით დაევალა ლიკვიდაციასთან დაკავშირებული ღონისძიებების ჩაბარება. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემულ საქმეზე დადგენილია, რომ “მეწარმეთა შესახებ” კანონის 14.2 და 14.3 მუხლებით დადგენილი წესი საწარმოს ლიკვიდაციის დროს დაცული არ იქნა. ამდენად, ვინაიდან სარჩელის საგანი სწორედ იმ ზიანის ანაზღაურებაა, რაც არასწორად განხორციელებული საწარმოს ლიკვიდაციით დადგა, მოთხოვნა სათანადო მხარის (მოპასუხის) მიმართაა წარდგენილი. სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვის დროს, უნდა განსაზღვროს დელიქტით მიყენებული ზიანის ოდენობა.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
შპს “კ-ას” საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 3 დეკემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შესაბამის პალატას.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.