გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ-517-02 6 სექტემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),
თ. კობახიძე, ქ. გაბელაია
დავის საგანი: სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
სს “საქართველოსბანკის” ადმინისტრაციის 2000წ. 29 დეკემბრის ¹27 ბრძანებით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2000წ. 13 დეკემბრის გადაწყვეტილების შესაბამისად მ. ჭ-ე აღდგენილ იქნა სს “.. ..-ის” ქუთაისის ფილიალში ...ის თანამდებობაზე. ბანკის ადმინისტრაციის 2001წ. 18 ივნისის ¹256-ე ბრძანებით მ. ჭ-ე კვლავ განთავისუფლდა სამუშაოდან შრომითი კონტრაქტის ვადის გასვლის გამო.
მ. ჭ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში სს “.. ..-ის” მიმართ სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ იმ საფუძვლით, რომ 2000წ. 29 დეკემბრის სამუშაოზე აღდგენის ¹27 ბრძანებაში მითითებული არ არის, რომ იგი სამუშაოზე გარკვეული ვადით იქნა აღდგენილი, ადმინისტრაციის მოგვიანებითაც არ გაუფორმებია მასთან ვადიანი შრომითი კონტრაქტი, რის გამოც მისი სამუშაოდან განთავისუფლება, შრომითი კონტრაქტის ვადის გასვლის გამო, უკანონოა, სამუშაოდან განთავისუფლების ბრძანება მას ჩაბარდა 2001წ. 2 ივლისს.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 9 აგვისტოს გადაწყვეტილებით მ. ჭ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა – იგი აღდგენილ იქნა სს “.. ..-ის” ქუთაისის ფილიალში პირვანდელ სამუშაოზე და აუნაზღაურდა იძულებითი განაცდური 160 ლარის ოდენობით. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მ. ჭ-ე სამუშაოზე აღდგენილ იქნა განუსაზღვრელი ვადით და ადმინისტრაციას არც შემდგომ გაუფორმებია მასთან ვადიანი შრომითი კონტრაქტი, რის გამოც მისი განთავისუფლება, შრომითი კონტრაქტის ვადის გასვლის გამო, სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს “.. ..-მა”. ქუთაისის საოლქო სასამართრლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 17 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს “.. ..-მა”, რომლითაც მოითხოვა განჩინების გაუქმება შემდეგი საფუძვლით: ბანკში მოქმედებს ვადიანი კონტრაქტების სისტემა, რომელიც ვრცელდება ბანკის ყველა თანამშრომელზე, მათ შორის მ. ჭ-ეზე, რის გამოც მისი განთავისუფლება, კონტრაქტის ვადის გასვლის გამო, კანონიერია.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მ. ჭ-ე სამუშაოზე აღდგენილ იქნა განუსაზღვრელი ვადით და არც შემდგომ დადებულა მასთან ვადიანი შრომითი კონტრაქტი. სსკ-ს 407-ე მუხლის II ნაწილის თანახმად, საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, სს “.. ..-მა” სასამართლოს ვერ წარუდგინა კონტრაქტის ასლი და ვერანაირი მტკიცებულება იმისა, რომ მას და მ. ჭ-ეს შორის დადებული იყო ვადიანი შრომითი კონტრაქტი.
სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ბანკში მოქმედებს ვადიანი კონტრაქტების სისტემა, რომელიც ავტომატურად ვრცელდებოდა მ. ჭ-ეზეც. შრომის კანონთა კოდექსის მე-19 მუხლის I ნაწილის შესაბამისად შრომის ხელშეკრულება (კონტრაქტი) იდება წერილობითი ფორმით და ძალაშია მხარეების მიერ ხელმოწერის დღიდან, თუ ხელშეკრულების პირობებში სხვა რამ არ არის მითითებული. მ. ჭ-ესა და სს “.. ..-ის” ადმინისტრაციას შორის კანონის შესაბამისად, შრომის კონტრაქტი არ ყოფილა დადებული და ცხადია, კონტრაქტის პირობები და ვადები მ. ჭ-ეზე ავტომატურად ვერ გავრცელდებოდა, რის გამოც მისი განთავისუფლება კონტრაქტის ვადის გასვლის გამო, უკანონოა.
სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულიო განჩინება კანონიერია და არ არსებობს საფუძველი მისი გაუქმებისა.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
სს “.. ..-ის” საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 17 იანვრის განჩინება.