Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ-518-02 29 მაისი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),

მ. ცისკაძე, თ. კობახიძე

დავის საგანი: ბინიდან გამოსახლება.

აღწერილობითი ნაწილი:

ქ. ქ-ძემ სანოტარო წესით დადასტურებული ხელშეკრულებით 2000წ. 9 აგვისტოს რ. თ-ძისაგან შეიძინა ქ. ქუთაისში, ... მდებარე საცხოვრებელი ბინა, რომელიც საკუთრებაში რეგისტრირებულია ქ. ქ-ძის სახელზე. მყიდველის გაფრთხილების მიუხედავად, ბინის გამყიდველი არ ათავისუფლებს მას, რის გამოც ქ. ქ-ძემ სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხე რ. თ-ძის მიმართ საცხოვრებელი ბინის გათავისუფლების შესახებ.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 11 ივნისის გადაწყვეტილებით ქ. ქ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა. რ. თ-ძე და მასთან ერთად მცხოვრები პირები გამოსახლდნენ სადავო ბინიდან.

მოცემულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა რ. თ-ძის რწმუნებულმა მ. მ-შვილმა.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 22 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2001 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატის განჩინება ემყარება შემდეგ მოტივებს:

სააპელაციო პალატის მიერ დადგენილია, რომ რ. თ-ძემ სანოტარო წესით დამოწმებული ხელშეკრულებით საცხოვრებელი ბინა მიყიდა ქ. ქ-ძეს. სამოქალაქო კოდექსის 321-ე მუხლის პირველი წინადადების მიხედვით ხელშეკრულებაზე, რომლითაც ერთი მხარე კისრულობს ვალდებულებას, მთელი თავისი ამჟამინდელი ქონება ან ქონების ნაწილი გადასცეს სხვას, ან უზუფრუქტით დატვირთოს იგი მოითხოვს სანოტარო წესით დამოწმებას. ამავე კოდექსის 323-ე მუხლის შესაბამისად ხელშეკრულება, რომლითაც ერთი მხარე იღებს ვალდებულებას, უძრავ ნივთზე საკუთრება გადასცეს სხვას ან შეიძინოს იგი, უნდა დამოწმდეს სანოტარო წესით. სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია სანოტარო წესით დამოწმებული საბუთი და შემძენის რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. სადავო ბინა რეგისტრირებულია ქ. ქ-ძის სახელზე. რ. თ-ძემ აღიარა სარჩელი, რომ მან მართლაც გაასხვისა საცხოვრებელი ბინა და იგი თავისუფალ მდგომარეობაში უნდა ჩააბაროს მოსარჩელეს. სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. სააპელაციო პალატამ ვერ გაიზიარა რ. თ-ძის განმარტება იმის შესახებ, რომ იგი სიტყვიერად შეუთანხმდა ქ. ქ-ძეს 2001წ. 8 აგვისტოს ბინის დაცლის შესახებ, რადგან საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ მოპასუხეს სადავო ბინის ფლობის უფლება ჰქონდეს. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო სხდომაზე ქ. ქ-ძის წარმომადგენელმა განმარტა, რომ ასეთ შეთანხმებას ადგილი არ ჰქონია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის (განცხადების) შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ ვერ იმსჯელა რ. თ-ძის მოთხოვნაზე ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმების შესახებ. რ. თ-ძეს ამ მოთხოვნით შეგებებული სარჩელი შეტანილი არა აქვს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის მიხედვით კი, სასამართლოს უფლება არა აქვს მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია.

რ. თ-ძემ მოცემული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა და მოითხოვა სააპელაციო პალატის 2001წ. 22 ნოემბრის განჩინების გაუქმება და სარჩელზე უარის თქმა იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლომ მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევის მიზნით არ გამოიძახა ნოტარიუსი, რომელმაც ქ-ძესა და თ-ძეს შორის დადებული გარიგება დაამოწმა, რითაც სააპელაციო პალატამ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლი.

კასატორის მითითებით სააპელაციო პალატამ დაარღვია სამოქალაქო კოდექსის მე-500 მუხლის მოთხოვნა, რომლის თანახმად გამყიდველს უფლება აქვს დაიტოვოს ნივთი, მანამ, სანამ გამყიდველი არ აუნაზღაურებს შესაბამის ხარჯებს. კასატორი განმარტავს, რომ ქ. ქ-ძემ დაარღვია პირობა და ვადაზე ადრე მოითხოვა ბინის დაცლა.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ რ. თ-ძის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ ქ. ქ-ძესა და რ. თ-ძეს შორის 2000წ. 9 აგვისტოს დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანხმადაც ქ. ქ-ძემ რ. თ-ძისაგან შეიძინა ოროთახიანი საცხოვრებელი ბინა ქ. ქუთაისში 6500 ლარად, ნასყიდობის ხელშეკრულება კანონით დადგენილი წესით გაფორმდა ნოტარიუსის მიერ. რ. თ-ძე და მასთან ერთად მცხოვრები პირები არ ათავისუფლებენ ბინას.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს რ. თ-ძის საკასაციო საჩივრის მოტივს იმის შესახებ, რომ ქ. ქ-ძემ დაარღვია პირობა და ვადაზე ადრე მოითხოვა ბინის დაცლა.

სანოტარო წესით დამოწმებულ სადავო ბინის ნასყიდობის ხელშეკრულებაში არ არის მითითებული რაიმე პირობა ბინის მყიდველზე გადაცემასთან დაკავშირებით.

სააპელაციო პალატამ სწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის შესაბამისად მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.

სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოკვლეული საქმის მასალებით დასტურდება, რომ რ. თ-ძეს არა აქვს სადავო ბინის ფლობის უფლება. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად საოლქო სასამართლოს კოლეგიის ანპალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. საკასაციო პალატა თვლის, რომ რ. თ-ძეს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.

ამდენად, სააპელაციო სასამართლოს რ. თ-ძის სააპელაციო საჩივრის განხილვისას კანონი არ დაურღვევია, რის გამოც არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკამყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

რ. თ-ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 22 ნოემბრის განჩინება მოცემულ საქმეზე დარჩეს უცვლელად.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.