საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№563აპ-24 თბილისი
ხ-ი დ., 563აპ-24 17 სექტემბერი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
ნინო სანდოძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 27 მარტის განაჩენზე თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ გურამ კრავეიშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 10 ოქტომბრის განაჩენით დ. ხ-ი, - ნასამართლობის არმქონე, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა; აქედან, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის ნაწილი – 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა – უნდა მოიხადოს პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი ნაწილი – 1 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა – სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობით, 2 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე, დამატებითი სასჯელის სახით, 1 წლით ჩამოერთვა სამეწარმეო საზოგადოებაში ხელმძღვანელობით თანამდებობაზე საქმიანობის უფლება. მსჯავრდებულს სასჯელი აეთვალა 2023 წლის 10 ოქტომბრიდან.
2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 27 მარტის განაჩენით დარჩა უცვლელად.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ დ. ხ-მა ჩაიდინა სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, როდესაც ეს ნივთი მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში ან გამგებლობაში იმყოფებოდა, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით. აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგით:
· 2019 წლის 1 სექტემბრიდან 2020 წლის 24 სექტემბრის ჩათვლით დროის პერიოდში შპს “----ს“ დირექტორმა დ. ხ-მა თავის განკარგვაში არსებული კომპანია „-- ბანკის“ საბანკო ანგარიშებიდან – -- და -- – ტრანზაქციებისა და პირდაპირი განაღდების გზით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა შპს “----ს“ კუთვნილი ფულადი თანხა, ჯამურად – 259 433 (ორას ორმოცდაცხრამეტი ათას ოთხას ოცდაცამეტი) ლარი და 77 (სამოცდაჩვიდმეტი) თეთრი – და გამოიყენა პირადი საჭიროებისათვის. მითითებული თანხის ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია მას კომპანიის ბუღალტერთან არ წარუდგენია. დ. ხ-ის ქმედებით შპს “----ს“ მიადგა დიდი ოდენობით – 259 433 (ორას ორმოცდაცხრამეტი ათას ოთხას ოცდაცამეტი) ლარი და 77 (სამოცდაჩვიდმეტი) თეთრის – მატერიალური ზიანი.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 27 მარტის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით პროკურორი გურამ კრავეიშვილი ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას და დ. ხ-ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.
5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა დაიშვას განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად მიიჩნევა, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება რომელიმე ზემოაღნიშნული საფუძველი.
7. კასატორი ასაჩივრებს მხოლოდ მსჯავრდებულისათვის შეფარდებულ სასჯელს. მსჯავრდებული დ. ხ-ი დამნაშავედ არის ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც ისჯება ვადით – შვიდიდან თერთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთით, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით, ვადით – სამ წლამდე. მოცემული საქმის გარემოებების გათვალისწინებით, ბრალდების მხარეს „შეუსაბამოდ მსუბუქად და არათანაზომიერად“ მიაჩნია მსჯავრდებულისათვის განსაზღვრული სასჯელი და ითხოვს მის გამკაცრებას, წინდახედულობის ნორმის დარღვევის ხარისხის გათვალისწინებით.
8. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სასჯელის მიზანი არ არის პირის დასჯა და მისი სამართლიანობა ვლინდება მსჯავრდებულის რესოციალიზაციისა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილების მიზნებთან შესაბამისობასა და პროპორციულობაში. სასჯელის პროპორციულობა გულისხმობს მის გამოყენებას მნიშვნელოვნად ინდივიდუალიზებული სახით, რა დროსაც მხედველობაში მიიღება დანაშაულის სიმძიმე, დამნაშავის ბრალი და დანაშაულის შედეგად გამოწვეული ზიანი. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ელი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ელი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. სასჯელის მიზანი კი მიიღწევა მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ: დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
9. განსახილველ შემთხვევაში მსჯავრდებულს სასჯელი განსაზღვრული აქვს შესაბამისი მუხლის სანქციის ფარგლებში, რაც უკავშირდება 7 წლით თავისუფლების აღკვეთასა და სამეწარმეო საზოგადოებაში ხელმძღვანელობით თანამდებობაზე საქმიანობის უფლების ჩამორთმევას. საქმის ინდივიდუალური გარემოებებიდან გამომდინარე, გასათვალისწინებელია მსჯავრდებულის პიროვნული მახასიათებლები: არ ყოფილა ნასამართლევი, აღიარა და მოინანია დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან, უდავოდ ცნო ბრალდების მხარის მტკიცებულებების ნაწილი, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, კანონის შესაბამისი და ეთიკური ქცევა სასამართლო განხილვის დროს, ყოფაქცევა დანაშაულის ჩადენის შემდეგ, ასევე მისი პირადი, ფინანსური და ოჯახური პირობები, წარსული ცხოვრება, მზაობა, რომ აანაზღაუროს მიყენებული ზიანი და დაზარალებულის პოზიცია. განსახილველი დანაშაულისათვის დადგენილი სანქცია, თავისუფლების აღკვეთის გარდა, სხვა ალტერნატიულ ძირითად სასჯელს არ ითვალისწინებს, ხოლო სასჯელის ზომის შერჩევისას სასამართლო ვალდებულია, გამოიყენოს თავისუფლების აღკვეთა ისეთი ვადით, რაც მკაცრად აუცილებელია სასჯელის მიზნების მისაღწევად და პროპორციულია, ჩადენილი დანაშაულის გარემოებების მხედველობაში მიღებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას შორის სასჯელის ისეთი ვადა უნდა იქნეს შერჩეული, რაც ყველაზე უკეთ მოემსახურება სასჯელის მიზნების მიღწევას.
10. საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასამართლო უფლებამოსილია, განაჩენით დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის – პირობით მსჯავრად ჩათვლა, თუ ბრალდებული (მსჯავრდებული) აღიარებს დანაშაულს (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან. ამ საფუძვლების არსებობისას სასამართლო ადგენს გამოსაცდელ ვადას, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული და უნდა შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობა. ამდენად, სასამართლო უფლებამოსილია, დაადგინოს დანიშნული სასჯელის ნაწილის პირობითად ჩათვლა და მსჯავრდებულს განუსაზღვროს ადეკვატური გამოსაცდელი ვადა. ამასთან, სასამართლომ დანიშნული სასჯელის ნაწილის პირობითად ჩათვლის საკითხის გადასაწყვეტად უნდა გაითვალისწინოს სასჯელის სამართლიანობისა და ინდივიდუალიზაციის პრინციპები. 11. სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ დანიშნული სასჯელის ნაწილის პირობითად ჩათვლა გულისხმობს არა მსუბუქი სასჯელის შეფარდებას, არამედ მისი აღსრულების სპეციალური წესის დადგენას, რა დროსაც, საქმის გარემოებების გათვალისწინებით, არსებობს მოლოდინი, რომ მსჯავრდებულის რესოციალიზაციის პროცესი ეფექტიანად წარიმართება მისი საზოგადოებისგან მკაცრი იზოლირების გარეშე, თუმცა სახელმწიფოს კონტროლისა და აქტიური ზედამხედველობის პირობებში. ასეთი ჰუმანური მიდგომა გამართლებული და გამოსადეგია ყველა შემთხვევაში, თუკი არ არსებობს წარსული ნასამართლობის ისტორია, დანაშაულის რეციდივის მაღალი რისკი, ხოლო მსჯავრდებულის პიროვნული მახასიათებლები და დანაშაულის შემდგომი ვითარება არ წარმოშობს სასჯელის ნაწილის პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდის და, შესაბამისად, პიროვნების თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლების მკაცრი შეზღუდვის აუცილებლობასა და გარდაუვალობას. პროკურორი ვერ უთითებს ვერცერთ რელევანტურ კრიტერიუმს, რაც მოცემულ შემთხვევაში მიზანშეუწონლად აქცევდა კონკრეტული მსჯავრდებულის მიმართ პირობითი მსჯავრის მექანიზმის გამოყენებას. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, დანაშაულის ხასიათის გათვალისწინებით, შეფარდებული სასჯელის ზომა წარმოადგენს ადეკვატურ ღონისძიებას, ამასთან, არ არსებობს სასჯელის პენიტენციურ დაწესებულებაში სრულად მოხდის უკიდურესი საჭიროება, ვინაიდან პენიტენციურ დაწესებულებაში სასჯელის აღსრულება არ წარმოადგენს სახელმწიფოს თვითმიზანს, თუკი დამნაშავის რესოციალიზაციისა და დანაშაულის პრევენციის მიზნები მიღწევადია სასჯელის ნაწილის ალტერნატიული რეჟიმის პირობებში მოხდითაც. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ დ. ხ-ისათვის განსაზღვრული სასჯელი სამართლიანია და მისი დამძიმების საფუძველი არ არსებობს.
12. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ პროკურორის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
13. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ გურამ კრავეიშვილის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნეს ცნობილი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: ნ. სანდოძე
ლ. ფაფიაშვილი