Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ-520-02 13 სექტემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),

ქ. გაბელაია, თ. კობახიძე

დავის საგანი: ბინიდან გამოსახლება (ძირითადი სარჩელი); მინდობილობისა და ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა (შეგებებული სარჩელი).

აღწერილობითი ნაწილი:

თბილისში, ... მდებარე ერთოთახიანი ბინა ¹2 საკუთრების უფლებით ირიცხებოდა აწ გარდაცვლილი ე. პ-ს სახელზე. 1998წ. 2 ივნისს ე. პ-მ მინდობილობა გასცა ან. პ-ის სახელზე. ამ უკანასკნელმა კი მინდობილობის საფუძველზე პ-ს სახელზე რიცხული ბინა მიჰყიდა ც. ბ-ს. დღეისათვის ტექნიკური ინვენტარიზაციის სამსახურის მონაცემებით ბინა ც. ბ-ის სახელზე ირიცხება. ც. ბ-მა სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა ე. პ-ს დის ა. პ-ს გამოსახლება სადავო ბინიდან შემდეგი საფუძლით:

ბინა არის მისი საკუთრება, ბინის ყოფილი მესაკუთრის – ე. პ-ს გარდაცვალების შემდეგ სადავო ბინა დაიკავა მისმა დამ – ა. პ-მ და მიუხედავად მოთხოვნისა არ ათავისუფლებს ბინას.

ა. პ-მ სარჩელი შეიტანა სასამართლოში და მოითხოვა ე. პ-ს მიერ ან. პ-ის სახელზე გაცემული მინდობილობისა და აღნიშნული მინდობილობის საფუძვლით ან. პ-სა და ც. ბ-ს შორის სადავო ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა შემდეგი საფუძვლით: ან. პ-ი არის მისი დის – აწ გარდაცვლილი ე. პ-ს არარეგისტრირებული მეუღლის ს. პ-ის ძმა, მან 1998 წელს ყალბად გააკეთა მინდობილობა და შემდეგ ამ ყალბი მინდობილობით სადავო ბინა მიჰყიდა თავის მეუღლეს ც. ბ-ს.

თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2000წ. 26 ივლისის განჩინებით ერთ საქმედ გაერთიანდა ზემოაღნიშნული სარჩელები და 2001წ. 30 მარტის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ან. პ-ის და ც. ბ-ის სასარჩელო მოთხოვნა – ა. პ-ა გამოსახლდა სადავო ბინიდან. ა. პ-ს შეგებებული სარჩელი მინდობილობისა და ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა. რაიონულმა სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა შემდეგი საფუძვლით: ექსპერტიზის დასკვნების საფუძველზე დადგენილად მიიჩნია, რომ ე. პ-ს მინდობილობის გაფორმების დროს შეეძლო სრულიად აღექვა თავისი მოქმედების მნიშვნელობა და ეხელმძღვანელა მისთვის. ე.პ-მ მინდობილობით გამოხატა თავისი ნება, მისი ქონება განეკარგა ან. პ-ს. სკ-ს 96-ე, 98-ე მუხლების თანახმად, აღნიშნული მინდობილობით პ-მა ბინა გაასხვისა ც. ბ-ზე. ც. ბ-ი რეგისტრირებულია, როგორც მესაკუთრე და მისი სარჩელი სკ-ს 170-172-ე მუხლების შესაბამისად დაკმაყოფილდა.

ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა ა. პ-მ. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 24 დეკემბრის განჩინებით ა. პ-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ა. პ-მ, რომლითაც ითხოვს განჩინების გაუქმებას შემდეგი საფუძვლით:

რაიონულმა და სააპელაციო სასამართლომ ისე გამოიტანეს გადაწყვეტილება, რომ საქმეში არ არის არცერთი მტკიცებულება, ისინი ვერ იქნა შეკრებილი სასამართლოს ბრალით სსკ-ს 103-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნათა უხეში დარღვევით, კერძოდ, სასამართლომ გაიზიარა ექსპერტიზის ის დასკვნა, რომელიც სასამართლოს განჩინებით არ ყოფილა დანიშნული, სასამართლომ არ დააკმაყოფილა მათი შუამდგომლობა მოწმეების დაკითხვის შესახებ.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს. შესაბამისად, უნდა გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს თბილისის საოლქო სასამართლოს იმავე პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლომ თავის განჩინებაში გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების ორი საფუძველი მიუთითა: პირველი, რომ სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის 2001წ. 10 იანვრის დასკვნის თანახმად, 1998წ. 2 ივნისს მინდობილობის გაფორმების დროს ე. პ-ს შეეძლო სრულად აღექვა თავისი მოქმედების მნიშვნელობა და ეხელმძღვანელა მათთვის და მეორე _ მოწმე ვ. ც-ის ჩვენებით მინდობილობის გაცემის დროს ე. პ-მ ზემოქმედების და ძალდატანების გარეშე გამოავლინა მისი ნება.

პალატა თვლის, რომ ფაქტობრივი გარემოებების დადგენის დროს სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სსკ-ს 105-ე მუხლის მოთხოვნები. აღნიშნული მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ, მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას. მოცემულ სიტუაციაში საქმეში წარმოდგენილია სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის ორი ურთიერთსაწინააღმდეგო დასკვნა, 2000წ. 20 დეკემბრის დასკვნის საფუძველზე შეუძლებელია იმის დადგენა, პ-ს შეეძლო თუ არა მინდობილობის გაცემის დროს სწორად აღექვა თავისი მოქმედებების მნიშვნელობა და ეხელმძღვანელა მისთვის. იმავ ექსპერტების ხელმოწერით 2001წ. 10 იანვარს გაიცა კატეგორიული დასკვნა, რომ ე. პ-ს მინდობილობის გაცემის დროს შეეძლო სრულიად აღექვა თავისი მოქმედებების მნიშვნელობა და ეხელმძღვანელა მათთვის. როგორც დასკვნაშია აღნიშნული, მეორე ექსპერტიზის დასკვნა გაცემულია იმავე სასამართლოს განჩინების საფუძველზე, რომლითაც გაიცა პირველი ექსპერტიზის დასკვნა და ასევე დამატებითი მასალების საფუძველზე. დასკვნის თანახმად, გაუგებარია რა დამატებით მასალებზეა საუბარი და რამდენად ახდენდა ეს მასალები გავლენას დასკვნის შინაარსზე.

სასამართლოს, აღნიშნული ურთიერთსაწინააღმდეგო ექსპერტიზის დასკვნების არსებობის პირობებში, სსკ-ს 249-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, უნდა დაესაბუთებინა, თუ რატომ იზიარებს ერთს და არ იზიარებს მეორეს. უნდა დაეკითხა ექსპერტები და გაერკვია სხვადასხვა შინაარსის დასკვნების გაცემის საფუძვლები. საქმის მასალებით არ არის გარკვეული, რატომ და ვისი მოთხოვნით გაკეთდა მეორე დასკვნა ან რა დამატებითი საბუთები იქნა წარდგენილი.

სასამართლომ სათანადო შეფასება არ მისცა ასევე იმ გარემოებას, რომ მინდობილობის შედგენისას ესწრებოდა მოწმე ვ. ც-ი. კანონით მინდობილობის შედგენისას მოწმის დასწრება გათვალისწინებული არ არის, გასარკვევია, რამ გამოიწვია მინდობილობის გაფორმების დროს მოწმის დასწრების აუცილებლობა.

საქმის ხელახალი განხილვის დროს, სასამართლომ უნდა გამოარკვიოს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნების სხვაობის მიზეზები და დაასაბუთოს, თუ რატომ იზიარებს ერთ-ერთ მათგანს, დაკითხოს საქმეზე მოწმეები და ისე გამოიტანოს გადაწყვეტილება.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ა. პ-ს წარმომადგენლის გ. ტ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 24 დეკემბრის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს თბილისის საოლქო სასამართლოს იმავე პალატას.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.