საქმე N 030100123007826823
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №568აპ-24 11 სექტემბერი, 2024 წელი
გ–ე ლ., №568აპ-24 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),
მამუკა ვასაძე, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 18 მარტის განაჩენზე ფოთის რაიონული პროკურორის მოადგილის ალექსანდრე კოდუას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. ლ. გ–ე (პირადი ნომერი: ..........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში საქართველოს სსკ-ის) 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (ორი ეპიზოდი)), საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში) და საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით (დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების და ვალდებულებების შეუსრულებლობა (სამი ეპიზოდი)), გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგით:
1.2. 2023 წლის მაისის დასაწყისში (ზუსტი თარიღი დაუდგენელია), დაახლოებით 20:00 საათზე, ლ. გ–მ ხ–ს მუნიციპალიტეტის შ–ს ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, იმის გამო, რომ ქალი იყო და მას უნდა დამორჩილებოდა, ოჯახის წევრს – არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ხ. ს–ს, მათი არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, მარცხენა ხელი ყელზე მოუჭირა, ხოლო მარჯვენა ხელი ერთხელ დაარტყა სახის არეში, რითაც ფიზიკური ტკივილი მიაყენა.
1.3. 2023 წლის 18 მაისს, დაახლოებით 23:30 საათზე, ლ. გ–მ ხ–ს მუნიციპალიტეტის შ–ს ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, იმის გამო, რომ ქალი იყო და მას უნდა დამორჩილებოდა, ოჯახის წევრს – არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ხ. ს–ს, მათი არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, ელექტროფანარი დაარტყა კეფის არეში, ხოლო შემდეგ დაარტყა ფეხი წელის მიდამოში, რითაც ფიზიკური ტკივილი მიაყენა.
1.4. 2023 წლის 18 მაისს, დაახლოებით 23:30 საათზე, ლ. გ–მ ხობის მუნიციპალიტეტის შ–ს ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, იმის გამო, რომ ქალი იყო და მას უნდა დამორჩილებოდა, მოკვლით, თავის მოჭრით და დასახიჩრებით დაემუქრა ოჯახის წევრს – არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ხ. ს–ს, რომელსაც მუქარის განხორცილების საფუძვლიანი შიში გაუჩნდა.
1.5. 2023 წლის 19 ივნისს, ლ. გ–ს მიერ ხ. ს–ს მიმართ განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის გამო, ფოთის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოცემული იქნა დამცავი ორდერი და ლ. გ–ს ექვსი თვით აეკრძალა მსხვერპლთან – ხ. ს–სთან, მის საცხოვრებელთან, სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც იგი იმყოფება. ასევე, მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. მიუხედავად ამისა, ლ. გ–მ დაარღვია რა დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები, 2023 წლის 20 ივნისს, დაახლოებით 15:00 საათზე მიუახლოვდა ხ–ს მუნიციპალიტეტის შ–ს ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე ოჯახის წევრის – არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი ხ. ს–ს საცხოვრებელ სახლს, სადაც ეს უკანასკნელი იმყოფებოდა.
1.6. 2023 წლის 19 ივნისს, ლ. გ–ს მიერ ხ. ს–ს მიმართ განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის გამო, ფოთის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოცემული იქნა დამცავი ორდერი და ლ. გ–ს ექვსი თვით აეკრძალა მსხვერპლთან – ხ. ს–სთან, მის საცხოვრებელთან, სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც იგი იმყოფება. ასევე, მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. მიუხედავად ამისა, ლ. გ–მ დაარღვია რა დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები, 2023 წლის ივლისის დასაწყისში (ზუსტი თარიღი დაუდგენელია) რამდენჯერმე მიუახლოვდა ხ–ს მუნიციპალიტეტის შ–ს ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე ოჯახის წევრის – არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი ხ. ს–ს საცხოვრებელ სახლს, სადაც ეს უკანასკნელი იმყოფებოდა.
1.7. 2023 წლის 19 ივნისს, ლ. გ–ს მიერ ხ. ს–ს მიმართ განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის გამო, ფოთის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოცემული იქნა დამცავი ორდერი და ლ. გ–ს ექვსი თვით აეკრძალა მსხვერპლთან – ხ. ს–სთან, მის საცხოვრებელთან, სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც იგი იმყოფება. ასევე, მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. მიუხედავად ამისა, ლ. გ–მ დაარღვია რა დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები, 2023 წლის 5 აგვისტოს, დაახლოებით 10:00 საათზე, ხ–ს მუნიციპალიტეტის შ–ს ადმინისტრაციულ ერთეულში, სამარშრუტო ავტომობილში, მიუახლოვდა ოჯახის წევრს – არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ხ. ს–ს.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ სისხლის სამართლის საქმეზე, ლ. გ–ს მიმართ არ არსებობს ეჭვის გამომრიცხავ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა მის მიერ დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების და ვალდებულებების შეუსრულებლობას (სამი ეპიზოდი).
2.2. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 25 დეკემბრის განაჩენით, ლ. გ–ე საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდებით (2023 წლის 20 ივნისის, ივლისის დასაწყისის და 5 აგვისტოს ეპიზოდები) ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.
ლ. გ–ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2023 წლის მაისის დასაწყისის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2023 წლის 18 მაისის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2023 წლის მაისის დასაწყისის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 1 წლით.
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2023 წლის 18 მაისის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 1 წლით.
საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით –თავისუფლების აღკვეთა 1 წლით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, თანაბარი სასჯელებიდან ერთმა სასჯელმა შთანქა მეორე და საბოლოოდ, ლ. გ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლით.
2.3. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 25 დეკემბრის განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა ფოთის რაიონული პროკურორის მოადგილემ ალექსანდრე კოდუამ, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა განაჩენში ცვლილების შეტანა და ლ. გ–ს წარდგენილი ბრალდების ყველა ეპიზოდში დამნაშავედ ცნობა. ამასთან, ძალადობისა და მუქარის ეპიზოდებში გენდერის ნიშნის შერაცხვა.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 18 მარტის განაჩენით ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ფოთის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 25 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3.2. 2024 წლის 12 აპრილს, ფოთის რაიონული პროკურორის მოადგილემ ალექსანდრე კოდუამ საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 18 მარტის განაჩენში ცვლილების შეტანა, ლ. გ–ს საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდებით (სამი ეპიზოდი) დამნაშავედ ცნობა. ამასთან, ძალადობისა და მუქარის ეპიზოდებში გენდერის ნიშნის შერაცხვა.
4. კასატორის არგუმენტები:
4.1. კასატორის პოზიციით, გასაჩივრებული განაჩენი ლ. გ–ს საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამი ეპიზოდი) გამართლების ნაწილში უკანონოა, რადგან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი, უდავოდ მიჩნეული, მტკიცებულებები სრულად ადასტურებს მის ბრალეულობას. კერძოდ, დაზარალებულ ხ. ს–ს მიერ გამოკითხვისას მოწოდებული ინფორმაციით დასტურდება, ლ. გ–ს მიერ, როგორც დაზარალებულის სახლთან ყოფნის ორი ეპიზოდი, ასევე სამარშრუტო ტაქსში მასთან მიახლოვება. 2023 წლის 5 აგვისტოს მგზავრობისას სამარშრუტო ტაქსში მსჯავრდბეულის ყოფნის ფაქტი, ასევე დასტურდება გ. გ–ს, ნ. გ–ს, თ. ქ–ს და თ. კ–ს გამოკითხვის ოქმებში ასახული ინფორმაციით. ამასთან, ლ. გ–ს მიერ მუქარისა და ძალადობის (ორი ეპიზოდი) გენდრული დისკრიმინაციის მოტივით ჩადენა დასტურდება ხ. ს–ს გამოკითხვის ოქმით, სადაც მან აღნიშნა, რომ მის მიმართ განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედებების დროს მეუღლე ეუბნეობდა, რომ ის იყო ქალი და უნდა დამორჩილებოდა მას, ვინაიდან იყო ძლიერი სქესის წარმომადგენელი და უპირატესობა ჰქონდა მასზე.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ უთითებს და ვერც ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც იგი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
5.2. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პოზიციას, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება ლ. გ–ს მიერ დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების და ვალდებულებების შეუსრულებლობის (სამი ეპიზოდი) ჩადენა და ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას. 2023 წლის 19 და 20 ივნისის ფაქტებთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა მხოლოდ ერთი მტკიცებულება, დაზარალებულის გამოკითხვის ოქმი, რომლის თანახმად, შემაკავებელი ორდერის გამოცემის შემდეგ, დაახლოებით 1 თვის უკან შეამჩნია, რომ ლ. გ–მ რამდენჯერმე გაიარა მისი საცხოვრებელი სახლის წინ, საავტომობილო გზაზე, მაგრამ მასთან ახლოს არ მისულა. მისი სახლის ჭიშკარი აღნიშნული გზიდან არის დაახლოებით 50-60 მეტრში. 2023 წლის 20 ივნისის, 15:00 საათისთვის, იმყოფებოდა სახლში და დაახლოებით 20 მეტრის მანძილიდან დაინახა, რომ მისი საცხოვრებელი სახლის ჭიშკართან გაიარა ლ. გ–მ, რომელიც ჭიშკართან არ გაჩერებულა.
5.3. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, სასამართლოსათვის აუცილებელია დამატებითი, ნეიტრალური მტკიცებულების არსებობა, რომელიც დაზარალებულის ნათქვამის სისწორეს დაადასტურებს, რაც მოცემულ შემთხვევაში, წარმოდგენილი არ ყოფილა. პალატის მიზანს არ წარმოადგენს რაიმე ფორმით მოახდინოს დაზარალებულის ჩვენების დისკრედიტაცია ან აქციოს იგი არასანდოდ, თუმცა, ამავდროულად, სასამართლოს ამოცანაა, შეაფასოს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების უტყუარობა ერთობლიობაში და ისე მიიღოს გადაწყვეტილება პირის დამნაშავეობა/უდანაშაულობის შესახებ, რათა თავიდან იქნეს აცილებული არსებითად უსამართლო და დაუსაბუთებელი განაჩენით პირის მსჯავრდება.
5.4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად: „გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას“, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: „მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით: „მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა“, ხოლო ამავე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად: „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
5.5. რაც შეეხება 2023 წლის 5 აგვისტოს ეპიზოდს, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით – ხ. ს–სის, გ. გ–ს, ნ. გ–ს, თ. ქ–ს და თ. კ–ს გამოკითხვის ოქმებით დადგინდა, რომ ის სამარშრუტო ტაქსი, სადაც თავის შვილებთან ერთად, იმყოფებოდა ხ. ს–ე გააჩერა ლ. გ–მ, ავიდა მასში და ქ.ფ–ში წასაღებად დააწყო ბიდონებით რძე, ხ. ს–სთან მას არანაირი კომუნიკაცია არ ჰქონია, მისთვის ცნობილი არ იყო მიკროავტობუსში ხ. ს–ს ყოფნის ფაქტი და მათი შეხვედრა მოხდა შემთხვევით. აღნიშნული კი, გამორიცხავს ლ. გ–ს განზრახვას, დაერღვია დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები და მიახლოვებოდა ხ. ს–ს. შესაბამისად, ვინაიდან საქართველოს სსკ-ის 3811-ე მუხლი წარმოადგენს განზრახ დანაშაულს, ხოლო ლ. გ–ს ქმედებაში არ დგინდება ხ. ს–სთან მიახლოვება წინასწარი განზრახვით და აღნიშნული ქმედებით დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევის ფაქტი, მის ქმედებაში სახეზე არ არის ზემოხსენებული დანაშაულის შემადგენლობა.
5.6. საკასაციო პალატის შეფასებით, გენდერის ნიშნით დისკრიმინაცია გულისხმობს პიროვნების ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქცევას მხოლოდ იმიტომ, რომ ის ერთი გენდერის წარმომადგენელია და არა – მეორის. ის ძირითადად მომდინარეობს იმ სტრერეოტიპებიდან, რომელთა მიხედვითაც ერთი სქესის ადამიანი მეორე სქესის ადამიანზე უფრო მაღლა დგას. ხშირ შემთხვევაში დისკრიმინაცია გამოიხატება ქალსა და მამაკაცს შორის არსებულ უთანასწორო ძალაუფლებრივი მდგომარეობით, მამაკაცის უპირატესი როლის წარმოჩინების სურვილით, რაც დადასტურებული უნდა იქნეს მტკიცებულებებით. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით კი, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დასტურდება, რომ ლ. გ–მ გენდერული ნიშნით, დისკრიმინაციის მოტივით იძალადა და დაემუქრა ხ. ს–ს, რადგან აღნიშნულის თაობაზე ინფორმაციას შეიცავს მხოლოდ დაზარალებულის გამოკითხვის ოქმი, ხოლო თვითმხილველ მოწმეებს აღნიშნულის თაობაზე არ განუცხადებიათ.
5.7. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მტკიცებულების შეფასების თაობაზე წამოჭრილი ყველა სადავო საკითხი ჯეროვნად არის შესწავლილი და განმარტებული სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებულ განაჩენში, ბრალდების მხარეს სააპელაციო საჩივარში მითითებულ არგუმენტებზე ამომწურავი პასუხები გაეცა, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს, ხოლო რაიმე სხვა ახალ გარემოებაზე, რაც საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანი გახდებოდა, კასატორი საჩივარში არ უთითებს. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ სტანდარტებსა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
5.8. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
5.9. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
5.10. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ფოთის რაიონული პროკურორის მოადგილის ალექსანდრე კოდუას საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მამუკა ვასაძე
შალვა თადუმაძე