საქმე N 200100122006287897
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №573აპ-24 16 სექტემბერი, 2024 წელი
ჭ–ი შ., №573აპ-24 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 20 მარტის განაჩენზე თელავის რაიონული პროკურორის მოადგილის მაია გუგეშაშვილისა და მსჯავრდებულ შ. ჭ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის ჯ. კ–სის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. შ. ჭ–ი (პირადი ნომერი: ...........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ), საქართველოს სსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობა, რამაც მისი დაღუპვა გამოიწვია), საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით (განზრახი მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება, საქართველოს სსკ-ის 366-ე მუხლის პირველი ნაწილითა (სასამართლოს უპატივცემულობა, რაც გამოიხატა სამართალწარმოების მონაწილის შეურაცხყოფით) და საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა, მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, ჩადენილი ძალადობით) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:
1.2. 2022 წლის 14 სექტემბერს, დაახლოებით 21:00 საათზე, მაშინ, როდესაც, ქ. ქ–ე იმყოფებოდა ქ. თ–ში, კ–ს ქუჩის N..-ის, ბინა N..-ში მდებარე თავისი დის – ს. ქ–სის საცხოვრებელში, მას მისი კუთვნილი მობილური ტელეფონის ნომერზე – ....... – მობილური ტელეფონის ნომრიდან –.....–დაუკავშირდა მისი მეუღლე – შ. ჭ–ი და გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ვინაიდან, მის მიმართ გააჩნდა მესაკუთრული დამოკიდებულება, დაემუქრა ქ. ქ–ს სიცოცხლის მოსპობით და ჯანმრთელობის დაზიანებით. აღნიშნულის სადემონსტრაციოდ, შ. ჭ–მა ყელი გამოჭრა ძაღლს და ყელგამოჭრილი ძაღლის ლეში დააგდო ს. ქ–ს საცხოვრებელ ბინასთან, სადაც ასევე იმყოფებოდა ქ. ქ–ე, ხოლო სადარბაზოს კედელზე სისხლით დააწერა სახელი „ქ–ი“. აღნიშნული მუქარა ქ. ქ–მ აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
1.3. 2022 წლის 14 სექტემბერს, დაახლოებით 21:30 საათზე, ქ. თ–ი, კა–ს ქუჩის N..-ე კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, შ. ჭ–იი სასტიკად მოეპყრა მიუსაფარ ძაღლს, კერძოდ, დანის გამოყენებით გამოჭრა მას ყელი, რის შემდეგაც, ძაღლის ლეში აიტანა და დააგდო ამავე კორპუსის სადარბაზოს მეოთხე სართულზე მდებარე ს. ქ–ს საცხოვრებელი ბინის კარის წინ.
1.4. შ. გ–ს ძე ჭ–ი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 13 სექტემბრის განაჩენით, ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის მეორე ნაწილით. აღნიშნულიდან გამომდინარე, შ. ჭ–ი იყო რა ნასამართლევი განზრახი მძიმე დანაშაულისათვის, ატარებდა ცივ იარაღს. 2022 წლის 15 სექტემბერს, ქ. თ–ში, ვ–ს მე-.. მიკრორაიონის, მე-.. რიგის, კორპუსის N..-ის ეზოში ჩატარებული მისი პირადი ჩხრეკისას ამოღებული იქნა საკეცი დანა, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით, განეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას.
1.5. 2022 წლის 18 სექტემბერს, თელავის რაიონულ სასამართლოში, N..-ე დარბაზში, მიმდინარეობდა ბრალდებულ შ. ჭ–ს სასამართლოში პირველი წარდგენისა და აღკვეთის ღონისძიების გამოყენების სხდომა. სხდომის დარბაზში, მოსამართლის მიერ განჩინების გამოცხადების შემდეგ, ბრალდებულმა შ. ჭმა გამოხატა უპატივცემულობა სასამართლოს მიმართ, კერძოდ, სამართლაწარმოების მონაწილეს, სახელმწიფო ბრალმდებელს – თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ვალერი გიორგაშვილს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა.
1.6. 2022 წლის 18 სექტემბერს, თელავის რაიონულ სასამართლოში, N..-ე დარბაზში, მიმდინარეობდა ბრალდებულ შ. ჭ–ს სასამართლოში პირველი წაარდგენისა და აღკვეთის ღონისძიების გამოყენების სხდომა. სხდომის დარბაზში, მოსამართლის მიერ განჩინების გამოცხადების შემდეგ, ბრალდებული შ. ჭ–ი გახდა აგრესიული და დაიწყო თვითდაზიანების მიყენება, რომლის აღკვეთასაც ცდილობდნენ შსს ... პოლიციის დეპარტამენტის თ–ს რაიონული სამმართველოს თანამშრომლები – ზ. მ-ი, გ. ზ-ი და გ. ხ-ი. ამ დროს, შ. ჭ–მა განიზრახა წინააღმდეგობა გაეწია პოლიციის მუშაკისთვის, მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, რის გამოც, ფეხი ჩაარტყა მკერდის არეში შსს ... პოლიციის დეპარტამენტის თ–ს რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელს ზ. მ–ს, რა დროსაც მან განიცადა ფიზიკური ტკივილი. აღნიშნულის შემდეგ, შსს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა – ზ. მ–მა, გ. ზ–მა და გ. ხ–მა მ–ს შ. ჭ–ს შებოჭვა და დამორჩილება.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. თელავის რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე, მხარეთა მონაწილეობით შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვის უზრუნველყოფით მხარეთა მიერ წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების, ასევე, მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების შეფასებითა და გაანალიზებით, ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა შ. ჭ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენის ფაქტებს.
2.2. თელავის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 8 ივნისის განაჩენით, შ. ჭ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდებებით;
შ. ჭ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2022 წლის 15 სექტემბერს მოქმედი რედაქცია), საქართველოს სსკ-ის 366-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2022 წლის 15 სექტემბერს მოქმედი რედაქცია) – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 366-ე მუხლის პირველი ნაწილით – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, შ. ჭ–ის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.
2.3. თელავის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 8 ივნისის განაჩენი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა დავით გველესიანმა, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა შ. ჭ–ს ბრალადწარდგენილი ქმედებებით დამნაშავედ ცნობა და კანონიერი სასჯელის განსაზღვრა.
2.4. თელავის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 8 ივნისის განაჩენი, სააპელაციო წესით, ასევე გაასაჩივრა მსჯავრდებულ შ. ჭ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ი. ო–მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლით მსჯავრდების ნაწილში შ. ჭ–ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 20 მარტის განაჩენით, ბრალდებისა და დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და თელავის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 8 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3.2. 2024 წლის 16 აპრილს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 20 მარტის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თელავის რაიონული პროკურორის მოადგილემ მაია გუგეშაშვილმა, რომელმაც წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მოითხოვა შ. ჭ–ს დამნაშავედ ცნობა წარდგენილი ბრალდებებით და მისთვის შესაბამისი სასჯელის განსაზღვრა.
3.3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 20 მარტის განაჩენი საკასაციო წესით, ასევე გაასაჩივრა მსჯავრდებულ შ. ჭ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ჯ. კ–მა, რომელმაც წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მოითხოვა დანიშნული სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის – მინიმუმამდე შემცირება.
4. კასატორთა არგუმენტები:
4.1. კასატორის, თელავის რაიონული პროკურორის მოადგილის მაია გუგეშაშვილის, პოზიციით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 20 მარტის განაჩენი უკანონოა შ. ჭ–ს გამართლების ნაწილში. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა შ. ჭ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენის ფაქტები. მართალია, ქ. ქ–მ სასამართლოში ჩვენების მიცემზე უარი განაცხადა, თუმცა დაზარალებულის დამ სასამართლოში ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ გაიგო შ. ჭ–ს სიტყვები: „არ გაგახარებ“. ასევე, ვ. ს–სის ჩვენებით დადგენილია, რომ მას შემდეგ, რაც ს. ქ–მ და ქ. ქ–მ სადარბაზოში ყელგამოჭრილი ძაღლის ლეში და კედელზე წითლად დაწერილი სახელი „ქ–ი“ დაინახეს დაიწყეს ტირილი, ხოლო გ. ჩ–სის ჩვენებით, რომელმაც დაზარალებული გამოკითხა დასტურდება, რომ ქ. ქ–ე იყო აღელვებული და შეწუხებული. ამდენად, ბრალდების მხარის პოზიციით ზემოაღნიშნული მტკიცებულებებით, ასევე შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმითა და ს. ქ–ს მიერ საზოგადოებრივი მართვის ცენტრ „112“-ში განხორციელებული შეტყობინებით დასტურდება შ. ჭ–ს მხრიდან ქ. ქ–ს მიმართ განხორციელებული სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, რაც სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა.
რაც შეეხება, საქართველოს სსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილს – ცხოველისადმი სასტიკ მოპყრობას, პალატამ განმარტა, რომ ძაღლის ლეშს სასტიკი მოპყრობის დაზიანებების, ჭრილობების, ცემის, ძვლების გატეხვის, კანის აგლეჯის კვალი არ აღენიშნებოდა. ჰქონდა მხოლოდ ერთი მჭრელი საგნით მიყენებული ჭრილობა. მსჯავრდებულმა კი განმარტა, ძაღლი თავს დაესხა და მისი მხრიდან ადგილი ჰქონდა ძაღლის მოგერიებას, აღნიშნულის გამაბათილებელი გარემოებები კი ბრალდების მხარეს სასამართლო სხდომაზე არ წარმოუდგენია, რაც კასატორის პოზიციით არასწორია. მართალია შ. ჭ–მა განმარტა, რომ ძაღლი თავდაცვის მიზნით მოკლა, თუმცა არ დასმულა შეკითხვა, რაში დასჭირდა შემდეგ ყელგამოჭრილი ძაღლის მეოთხე სართულზე დაგდება და კედელზე წარწერების გაკეთება. ფაქტია, რომ ბრალდებულმა ძაღლი მოკლა ყოფილი მეუღლის დაშინების და მის მიმართ განხორციელებული მუქარის სადემონსტრაციოდ და არა თავდაცვის მიზნით.
4.2. კასატორის, მსჯავრდებულ შოთა ჭრელაშვილის ინტერესების დამცველი ადვოკატის ჯ. კ–სის მიერ წარმოდგენილი საჩივრის თანახმად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 20 მარტის განაჩენი შ. ჭ–იის მსჯავრდების და გამართლების ნაწილში კანონიერია, მხოლოდ მის მიმართ დანიშნული სასჯელი არის ზედმეტად მკაცრი, რაც უნდა შემსუბუქდეს მინიმუმამდე.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და მიაჩნია, რომ ისინი ვერ აკმაყოფილებენ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსსკ-ის) 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორები ვერ მიუთითებენ და ვერც ასაბუთებენ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
5.2. საკასაციო საჩივრების თანახმად: ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ მცდარი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, როდესაც შ. ჭ–ი გაამართლა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდებებით, რისი გათვალისწინებითაც თვლის რომ მის მიმართ გამოყენებული სასჯელი არის ლმობიერი, ხოლო დაცვის მხარეს მიაჩნია, რომ შ. ჭ–ს მიმართ გამოყენებული სასჯელი არის ზედმეტად მკაცრი რაც უნდა შეიცვალოს.
5.3. საკასაციო სასამართლო თავდაპირველად მიუთითებს, რომ მხარეებს შორის სადავო ფაქტობრივ გარემოებას არ წარმოადგენს შ. ჭ–იის მიერ მსჯავრადშერაცხილი დანაშაულების (საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილი (2022 წლის 15 სექტემბერს მოქმედი რედაქცია), საქართველოს სსკ-ის 366-ე მუხლის პირველი ნაწილი და საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილი) ჩადენის ფაქტები, რისი გათვალისწინებითაც სასამართლო მხარეთა საკასაციო საჩივრების ფარგლებში იმსჯელებს და შეაფასებს რამდენად არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლები.
5.4. საკასაციო სასამართლო მნიშვნელოვნად მიიჩნევს, მიუთითოს მოქმედი კანონმდებლობის იმ სამართლებრივ ნორმებზე, რომლითაც დგინდება საკაციო საჩივრის შეტანისა და დასაშვებობის საფუძვლები:
5.5. საქართველოს სსსკ-ის მე-300 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ გამოტანილი განაჩენი, რომელიც, კასატორის აზრით, უკანონოა. განაჩენი უკანონოა, თუ: ა) არსებითად დაირღვა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, რაც არ გამოუვლენია პირველი ინსტანციის ან სააპელაციო სასამართლოს ან რაც მან დაუშვა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს; ბ) მსჯავრდებულის ქმედებას არასწორი კვალიფიკაცია მიეცა; გ) გამოყენებულია სასჯელის ისეთი სახე ან ზომა, რომელიც აშკარად არ შეესაბამება მსჯავრდებულის ქმედების ხასიათსა და პიროვნებას.
5.6. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
5.7. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, განაჩენი უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებას, დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარდგენილი მოსაზრებებიდან. მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „ელ მასრი მაკედონიის წინააღმდეგ“ (El-Masri v. the Former Yugoslav Republic of Macedonia, (GC), 13.12.2012) და „ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Hassan v. the UK, ECtHR, (GC), 16.09.2014).
5.8. საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებს, საპროცესო ნორმათა დაცვით გამოკვლეულ მტკიცებულებებს და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულყოფილად შეაფასა საქმეში არსებული თითოეული მტკიცებულების დამაჯერებლობა, უტყუარობა და მნიშვნელობა მსჯავრდებულ შ. ჭ–ს ქმედებების საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრდებისთვის რელევანტური ფაქტების დასადგენად. სააპელაციო სასამართლომ დაწვრილებით მიმოიხილა თითოეული მტკიცებულების შინაარსი, მასში გადმოცემულ ინფორმაციათა მიმართება ამ ეპიზოდებში ბრალდების ფორმულირებაში ასახულ ფაქტებთან და სამართლებრივად სწორად დაადგინა, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დადასტურდა შ. ჭ–ს მიერ ქ. ქ–ს მიმართ სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარისა და ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის ფაქტები, კერძოდ:
5.9. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ბრალდების მხარის მითითებას, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით: მოწმეების – ს. ქ–ს, ვ. ს–სა და გ. ჩ–ს ჩვენებით, საზოგადოებრივი მართვის ცენტრ „112-ში“ გაკეთებული შეტყობინებითა და შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით უტყუარად დადასტურდა შ. ჭ–ს მხრიდან ქ. ქ–ს მიმართ განხორციელებული სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარის ფაქტები, ასევე ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობა, რასაც საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს შემდეგ გარემებათა გამო:
5.10. მოცემულ შემთხვევაში, გასათვალისწინებელია, რომ შ. ჭ–ს ბრალი ედება ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული შესაძლო სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარისთვის, რამაც მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში გააჩინა, თუმცა აღსანიშნავია, რომ დაზარალებულმა ქ. ქ–მ ჩვენების მიცემაზე განაცხადა უარი. სხვა მტკიცებულება კი, რომელიც დაადასტურებდა შ. ჭ–ს მიმართ წარდგენილ ამ ბრალდებას, წარმოდგენილი არ არის.
5.11. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს, კასატორის მიერ მითითებული მოწმეების – ს. ქ–ს, ვ. ს–სა და გ. ჩ–ს ჩვენებებზე და განმარტავს, რომ მათ მიერ სასამართლოში გაკეთებული განმარტებები, პირის ბრალდების დადგენილებაში მითითებული გარემოების – სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარის დადგენის თვალსაზრისით არაინფორმატიულია. ფაქტი, რომ ს. ქ–მ გაიგო, როგორ უთხრა შ. ჭ–მა მის დას რომ არ გაახარებდა ვერ ჩაითვლება სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარად, ამასთან აღნიშნულის ამგვარად მიჩნევის შემთხვევაშიც კი, ზემოხსენებულ მოწმეთა ჩვენებებით, იმის დადგენა გაუჩნდა თუ არა დაზარალებულს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, შეუძლებელია, ვინაიდან მათი განმარტებები ეფუძნება სუბიექტურ აღქმებს, ბრალად წარდგენილი ქმედებები კი უნდა დასტურდებოდეს ურთიერთშეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით. ამასთან, ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ არ უნდა აჩენდეს გონივრულ კითხვებს და არ უნდა იძლეოდეს ინტერპრეტირების შესაძლებლობას.
5.12. საკასაციო პალატა ეთანხმება კასატორის პოზიციას, რომ მუქარის განსახორციელებლად აუცილებელი არ არის აღნიშნული გამოიხატოს მხოლოდ ვერბალური კომუნიკაციის გზით და ამ მხრივ იზიარებს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკას, თუმცა დამატებით მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში საქმის ინდივიდუალური გარემოებებიდან გამომდინარე შ. ჭ–ს ქმედებები, ვერ შეფასდება იმგვარად, რომ აღნიშნული მიმართული იყო პირის მოკვლის ან ჯანმრთელობის დაზიანების მუქარისკენ, ვინაიდან, ამის დამადასტურებელი პირდაპირი მტკიცებულება არ მოიპოვება სისხლის სამართლის საქმეში. ფაქტი, რომ შ. ჭ–იმა მიუსაფარ ძაღლს ყელი გამოჭრა, იმისათვის, რათა ამგვარად ირიბად დამუქრებოდა მის ყოფილ მეუღლეს, ასევე არ დასტურდება საქმეში არსებული მტკიცებულებებით, ვინაიდან ერთადერთი მტკიცებულება, რომლითაც დასტურდება შ. ჭ–ს მიერ მიუსაფარი ძაღლის მოკვლის ფაქტი არის თავად მსჯავრდებულის აღიარება, რომელმაც განმარტა, რომ მან ძაღლი მოკლა თავდაცვის მიზნით, ვინაიდან ის თავს დაესხა. შესაბამისად, იმის მტკიცება, რომ შ. ჭ–მა სხვა ვითარებაში მოკლა ძაღლი - საფუძველსაა მოკლებული, ვინაიდან აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება სასამართლოში ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია. რაც შეეხება ბ. ა–ს მიერ გამოძიებისათვის მიწოდებულ ინფორმაციას - არც აღნიშნული გამორიცხავს თავდასხმის შედეგად შ. ჭ–ს მიერ ძაღლის მოკვლის ფაქტს. ასევე, ს. ქ–სა და ვ. ს–სის ჩვენებებით დადგენილია, რომ მკვდარი ძაღლი იყო მიუსაფარი და მათ არ გაუგიათ ვის ან როგორ შეიძლებოდა დაეტოვებინა მისი ლეში სადარბაზოში. მათთვის იყო არასასიამოვნო და მოულოდნელი სურათი, რის გამოც ს. ქ–მ დარეკა პოლიციაში. მათ ეს არასასიამოვნო სურათი მუქარად არ აღუქვამთ. ამასთან, არც ქ. ქ–ს უთქვამს, რომ შეეშინდა. ასევე, მოწმე ბ. ა–სის ინფორმაციით, შ. ჭ–ი ქ. ქ–ს მისი თანდასწრებით არ დამუქრებია.
5.13. ამდენად, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება შ. ჭ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენის ფაქტები, რის გამოც, მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი სააპელაციო სასამართლომ სამართლიანად გადაწყვიტა მსჯავრდებულის სასარგებლოდ. ამასთან, კასატორმა საკასაციო საჩივარში წარმოადგინა არსებითად იმავე სახის არგუმენტაცია, რასაც სააპელაციო საჩივარში მიუთითებდა. სააპელაციო სასამართლომ, კი თავის დასაბუთებულ განაჩენში სრულყოფილად განმარტა ყველა ის გარემოება, რის გამოც, მიიჩნია, რომ არ არსებობდა შ. ჭ–ს ამ ეპიზოდებში დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისი მტკიცებულებითი სტანდარტი. სააპელაციო სასამართლომ ბრალდების და დაცვის მხარეს სააპელაციო საჩივრებში მითითებულ არგუმენტებზე ამომწურავი პასუხები გასცა, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს, ხოლო რაიმე სხვა გარემოებაზე, რაც საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანი გახდებოდა, ბრალდების მხარე არ უთითებს.
5.14. რაც შეეხება, დაცვის მხარის პოზიციას შ. ჭ–ს მიმართ დანიშნული სასჯელის შემცირებასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს და აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით.
5.15. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, სხვა ნორმატიული აქტების, მათ შორის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების, მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში.
5.16. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნისას გასათვალისწინებელი გარემოებები, ჩადენილი ქმედებების ხასიათი და სიმძიმე, პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და საქართველოს სსკ-ის 39-ე, 53-ე, 58-ე და 59-ე მუხლების მოთხოვნათა მხედველობაში მიღებით, შ. ჭ–ს თითოეული ეპიზოდისთვის და დანაშაულთა ერთობლიობით კანონიერი და სამართლიანი სასჯელი განუსაზღვრა.
5.17. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დანაშულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას. საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა, სულ მცირე, 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.
5.18. ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ შ. ჭ–ი წარსულში ნასამართლევი იყო განზრახი დანაშულისათვის საქართველოს სსკ-ის 366-ე მუხლის პირველ ნაწილთან და საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველ ნაწილთან მიმართებით სახეზე გვაქვს დანაშაულის რეციდივი, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ ეპიზოდებში დანიშნული სასჯელის ვადა, სულ მცირე, 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.
5.19. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 20 მარტის განაჩენით, ამ ეპიზოდებისათვის დანიშნული სასჯელები სრულად შეესაბამება, როგორც საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის, ისე საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მოთხოვნებს და არის კანონიერი და სამართლიანი, ისევე როგორც საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელი, რაც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს და რისი გათვალისწინებითაც არ არსებობს დანიშნული სასჯელის შემსუბუქების სამართლებრივი საფუძველი.
5.20. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
5.21. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ როდესაც საკასაციო სასამართლო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
5.22. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თელავის რაიონული პროკურორის მოადგილის მაია გუგეშაშვილისა და მსჯავრდებულ შ. ჭ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის ჯ. კ–ს საკასაციო საჩივრები;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: შალვა თადუმაძე
ლევან თევზაძე