¹3კ-523-02 12 ივნისი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),
მ. ცისკაძე,მ. ახალაძე
დავის საგანი: ბინის მესაკუთრედ ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
თ. გ-შვილის საკუთრებას პრივატიზაციის ხელშეკრულების საფუძველზე წარმოადგენს ქ. რუსთავში, ... მდებარე ბინა თ. გ-შვილს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 1999წ. 19 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დაეკისრა მ. ა-შვილის სასარგებლოდ 8000 აშშ დოლარის გადახდა. ამ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად ყადაღა დაედო თ. გ-შვილის კუთვნილ ბინას და დაინიშნა იძულებითი აუქციონი. ვ. რ-ძემ 2001წ. თებერვალში სარჩელი აღძრა სასამართლოში მიხეილ ადეიშვილის, თ. გ-შვილის მიმართ და მოითხოვა ქ. რუსთავში, ... მდებარე ბინის მესაკუთრედ ცნობა და ამ ბინაზე დადებული ყადაღის მოხსნა იმ საფუძვლით, რომ მან 1997წ. აგვისტოში თ. გ-შვილისაგან იყიდა აღნიშნული ბინა 3000 აშშ დოლარად, რის შემდეგაც იგი საცხოვრებლად გადავიდა ამ ბინაში.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 7 მაისის გადაწყვეტილებით ვ. რ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ვ. რ-ძემ.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ 2002წ. 29 იანვრის გადაწყვეტილებით გააუქმა მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და მიიღო ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ვ. რ-ძის სარჩელი გ. ა-შვილისა და თ. გ-შვილის მიმართ ბინის მესაკუთრედ ცნობისა და ბინაზე ყადაღის მოხსნის შესახებ არ დააკმაყოფილა უსაფუძვლობის გამო.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დასაბუთებულია იმით, რომ ვ. რ-ძესა და თ. გ-შვილს შორის 1997წ. აგვისტოში გაფორმდა ბინის შესყიდვის მიზნით შინაურული ხელწერილი თანხის გადაცემის თაობაზე, ხოლო 1999წ. 31 აგვისტოს თ. გ-შვილმა მინდობილობა მისცა ვ. რ-ძეს ბინის გასხვისების თაობაზე. აღნიშნული გარემოებები არ არის საკმარისი სადავო ბინაზე ვ. რ-ძის საკუთრების უფლების წარმოშობისათვის, რადგან არ არის დაცული სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის და 323-ე მუხლის მოთხოვნები. სამოქალაქო კოდექსის 68-ე მუხლის თანახმად გარიგების ნამდვილობისათვის საჭიროა კანონით დადგენილი ფორმის დაცვა, ხოლო იმავე კოდექსის 59-ე მუხლის მიხედვით კი ბათილია კანონით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული აუცილებელი ფორმის დაუცველად დადებული გარიგება. სადავო ბინის დაყადაღებამდე ვ. რ-ძეს და თ. გ-შვილს ჰქონდა შესაძლებლობა კანონით გათვალისწინებული სანოტარო ფორმის დაცვით გაეფორმებინათ ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება, რაც არ შეასრულეს, ამიტომ ვ. რ-ძეს უფლება აქვს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” პუნქტის შესაბამისად მოითხოვოს თ. გ-შვილისაგან ბათილი გარიგების შედეგად გადაცემული თანხის უკან დაბრუნება.
სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ვ. რ-ძემ, რომლითაც მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი სარჩელის დაკმაყოფილება. საკასაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ მოტივებს: კასატორსა და თ. გ-შვილს შორის სადავო ბინის ნასყიდობის თაობაზე 1997 წელს გაფორმდა მარტივი წერილობითი ფორმის ხელშეკრულება; ვ. რ-ძე თავის ოჯახთან ერთად დაეუფლა ნაყიდ ბინას; 1999 წელს ამ ბინის თაობაზე თ. გ-შვილმა მისცა სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობა; სასამართლომ არასწორად არ დააკმაყოფილა კასატორის მოთხოვნა და სამოქალაქო კოდექსის 69-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე არ დაამოწმა ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება, რადგან თ. გ-შვილი არ არის წინააღმდეგი საკუთრების უფლება გადასცეს სადავო ბინაზე ვ. რ-ძეს.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ ვ. რ-ძის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, თ. გ-შვილის საკუთრებას წარმოადგენს ქ. რუსთავში, ... მდებარე ბინა პრივატიზაციის ხელშეკრულების საფუძველზე. თ. გ-შვილს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 1999წ. 19 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დაეკისრა მ. ა-შვილის სასარგებლოდ 8000 აშშ დოლარის გადახდა. სასამართლოს ამ გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად ყადაღა დაედო თ. გ-შვილის კუთვნილ ბინას და დაინიშნა იძულებითი აუქციონი. ვ. რ-ძემ 2001წ. თებერვალში სარჩელი აღძრა სასამართლოში მ. ა-შვილის, თ. გ-შვილის მიმართ და მოითხოვა ქ. რუსთავში, ... მდებარე ბინის მესაკუთრედ ცნობა და ამ ბინაზე დადებული ყადაღის მოხსნა.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს ვ. რ-ძის საკასაციო საჩივრის მოტივს იმის შესახებ, რომ მან თ. გ-შვილისაგან 1997წ. აგვისტოში იყიდა სადავო ბინა მარტივი წერილობითი ფორმით გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, რადგან იმ დროისათვის თ. გ-შვილი არ წარმოადგენდა სადავო ბინის მესაკუთრეს; იგი მხოლოდ 1998წ. 16 აპრილს გახდა ამ ბინის მესაკუთრე პრივატიზაციის ხელშეკრულების საფუძველზე. სააპელაციო სასამართლომ მოცემულ შემთხვევაში სწორად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმად უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია სანოტარო წესით დამოწმებული საბუთი და შემძენის რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. რეგისტრაციისათვის განცხადების შეტანა შეუძლია როგორც გამსხვისებელს, ისე _ შემძენს. უძრავ ქონებაზე საკუთრების გადაცემის სპეციალურ წესს ითვალისწინებს ასევე 323-ე მუხლიც, რომლის თანახმად ხელშეკრულება, რომლითაც ერთი მხარე იღებს ვალდებულებას, უძრავ ქონებაზე საკუთრება გადასცეს სხვას ან შეიძინოს იგი, უნდა დამოწმდეს სანოტარო წესით.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სააპელაციო სასამართლოს მოცემული დავის გადასაწყვეტად უნდა გამოეყენებინა სამოქალაქო კოდექსის 69-ე მუხლის მესამე ნაწილი, რომლის საფუძველზე, თუ გარიგების ფორმა მოითხოვს სანოტარო წესით დამოწმებას, მაშინ დამოწმება უნდა განახორციელოს ნოტარიუსმა, მოსამართლემ ან კანონით გათვალისწინებულმა სხვა პირმა. 69-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე, სასამართლოს არ აქვს მხარეთა შორის კანონის მოთხოვნათა შეუსაბამოდ გაფორმებული ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების დამოწმების უფლება, რადგან სამოქალაქო კოდექსის 183-ე და 323-ე მუხლებმა სპეციალურად, იმპერატიულად მიუთითა ასეთი ხელშეკრულების სანოტარო წესით დადასტურების აუცილებლობაზე.
ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მოცემული დავის გადაწყვეტისას სწორად გამოიყენა კანონი, რის გამოც ვ. რ-ძის საკასაციო სააჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ვ. რ-ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 29 იანვრის გადაწყვეტილება მოცემულ საქმეზე დარჩეს უცვლელი.
პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.