საქმე N 020100122006414876
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №583აპ-24 10 სექტემბერი, 2024 წელი
მ-ა ი., №583აპ-24 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),
მამუკა ვასაძე, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 22 დეკემბრის განაჩენზე ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ შორენა გვილავას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. ი. მ–აა (პირადი ნომერი: ..........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:
1.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 2 სექტემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 111,120-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის ნასამართლევი ი. მ–ა 2022 წლის 17 სექტემბერს დაახლოებით 00:30 საათზე, ქ.ზ–ში თ–ს ქუჩა N..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში დას – მ. მ–ს სახლის სარემონტო სამუშაოების თაობაზე არსებული სიტყვიერი შელაპარაკების დროს თმაში სწვდა ხელით და რამდენიმეჯერ მოქაჩა, დააგდო იატაკზე და დაარტყა ხელი მარჯვენა თვალის არეში, რის შედეგადაც მ. მ–მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად არ დადასტურდა ი. მ–ს მიერ ბრალადწარდგენილი ქმედების ჩადენა.
2.2. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 1 ნოემბრის განაჩენით, ი. მ–ა ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით და გამართლდა.
2.3. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 1 ნოემბრის განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა შორენა გვილავამ, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა – გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 22 დეკემბრის განაჩენით, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 1 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3.2. 2024 წლის 17 იანვარს, ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა შორენა გვილავამ, საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 22 დეკემბრის განაჩენის გაუქმება, ი. მ–ს დამნაშავედ ცნობა და მისთვის სამართლიანი და პროპორციული სასჯელის დანიშვნა.
4. კასატორის არგუმენტები:
4.1. კასატორის პოზიციით, საქმეში არსებული მტკიცებულებებით სრულად დასტურდება ი. მ–ს მიერ მისთვის ბრალადწარდგენილი ქმედებების ჩადენა. მართალია, დაზარალებულმა ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით და არ მისცა ბრალდებულის მამხილებელი ჩვენება, თუმცა მისი ჩვენებისგან დამოუკიდებლად არსებობდა იმ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც საკმარისია გამამტყუნებლი განაჩენის დასადგენად. კერძოდ, გამომძიებელ ირაკლი ხუფაცარიას ჩვენება, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი და სსიპ 112-ის სამსახურში მ. მ–ს მიერ დაფიქსირებული შეტყობინება.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ უთითებს და ვერც ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
5.2. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის პოზიციას, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით სრულად დასტურდება ი. მ–ს მიერ ძალადობის ჩადენა და ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას. მოცემულ შემთხვევაში, გასათვალისწინებელია, რომ დაზარალებულმა მ. მ–მ (და) სასამართლო სხდომაზე უარი განაცხადა ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე. ამდენად, შეუძლებელია მის მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაციის გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. ამასთან, არ იკვეთება, რომ მან ამ უფლებით ისარგებლა მნიშვნელოვანი მიზეზის არსებობის, ი. მ–ს მხრიდან დაშინების ან სხვაგვარი გავლენის გამო.
5.3. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ დაზარალებულის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმა, ავტომატურად არ უკარგავს სამართლებრივ წონას დაზარალებულის მონაწილეობით შედგენილ დოკუმენტებს. თუმცა ცალკე შეფასების საგანია მტკიცებულებათა საკმარისობის საკითხი, რომელიც ყოველ კონკრეტულ საქმეზე სასამართლომ უნდა დაადგინოს ინდივიდუალურად.
5.4. მოცემულ შემთხევევაში, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს შეტყობინებაზე, რომლითაც ირკვევა, რომ 2022 წლის 17 სექტემბრის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში შევიდა მ. მ–ს შეტყობინება იმის შესახებ, რომ ძმასთან აქვს კონფლიქტი, რომელმაც მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. საკასაციო პალატის შეფასებით, აღნიშნული მტკიცებულებით არ დგინდება ძალადობის განხორციელების ხერხი და შედეგად ტკივილის განცდის ფაქტი.
5.5. სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის №.......... დასკვნით დადგენილია, რომ პირადი გასინჯვით მ. მ–ს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთებისა და ნაჭდევების სახით. დაზიანებები განვითარებული იყო რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მიეკუთვნებოდნენ სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებოდნენ საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს. საკასაციო პალატის შეფასებით, იმ პირობებში, როდესაც დაზარალებულმა არ მისცა სასამართლოს ჩვენება და არ დაადასტურა, რომ სამედიცინო ექსპერტიზაში ასახული დაზიანებები მას სწორედ ძმამ მიაყენა ვერც აღნიშნული მტკიცებულება გახდება ი. მ–ს მსჯავრდების საფუძველი.
5.6. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კასატორის მიერ მითითებული მოწმე – ი. ხ–ა არ არის ფაქტის თვითმხილველი და გადმოსცემს დაზარალებულების მიერ მისთვის მიწოდებულ ინფორმაციას. შესაბამისად, ვერ იქნება შეფასებული, როგორც ისეთი წონადი მტკიცებულება, რაც შესაძლოა გახდეს ი. მ–ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი.
5.7. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ირიბი ჩვენების გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-37, II-52). შესაბამისად, საკანონმდებლო რეგულაციის არარსებობის პირობებში, ირიბი ჩვენების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის დაუშვებელია.
5.8. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, ზემოაღნიშნული მტკიცებულებები არ ქმნის გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებით სტანდარტს. სხვა რაიმე მტკიცებულება კი, რომელიც თავისი შინაარსით უკავშირდება ი. მ–ს მიერ მ. მ–ს მიმართ ძალადობის განხორციელებას საქმეში წარმოდგენილი არ არის. რის გამოც, მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი სასამართლოებმა სამართლიანად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
5.9. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები სრულყოფილად და ობიექტურად შეაფასა. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ბრალდების მხარეს სააპელაციო საჩივარში მითითებულ არგუმენტებზე ამომწურავი პასუხები გაეცა, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს, ხოლო რაიმე სხვა გარემოებაზე, რაც საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანი გახდებოდა, კასატორი საჩივარში არ უთითებს.
5.10. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ მხოლოდ აღნიშნულ წერილობით მტკიცებულებებში ასახული ინფორმაცია, რომელიც არ არის გამყარებული სხვა მტკიცებულებებით – არასაკმარისია ერთი მხრივ, ი. მ–ს მიერ ძალადობის განხორციელების და მეორეს მხრივ – ძალადობის შედეგად ტკივილის განცდის დასადასტურებლად.
5.11. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტების გამეორება, რომლებსაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
5.12. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
5.13. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ შორენა გვილავას საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მამუკა ვასაძე
შალვა თადუმაძე