Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ-526-02 6 სექტემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),

ქ. გაბელაია, თ. კობახიძე

დავის საგანი: ბინიდან გამოსახლება (ძირითადი სარჩელი); ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა და ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების დადებულად ცნობა (შეგებებული სარჩელი).

აღწერილობითი ნაწილი:

ლ. მ-მა სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა ქ-ის ოჯახის გამოსახლება რუსთავში, ... მდებარე ბინიდან შემდეგი საფუძვლით: 1996 წელს ნ. ქ-ისაგან იყიდა აღნიშნული ბინა. ქ-ეები სადავო ბინაში ცხოვრობდნენ მის მიერ ბინის შეძენამდეც და მას შემდეგაც. ისინი უარს ეუბნებიან ქირის გადახდაზე, ასევე _ ბინის გამოთავისუფლებაზე. ვ. ქ-ემ შეგებებული სარჩელით მოითხოვა სადავო ბინაზე მ-სა და ბ-ს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა და სადავო ბინაზე მას და ნ.ბ-ს შორის ნასყიდობის ხელშეკრულების დადებულად ცნობა.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2000წ. 4 მაისის გადაწყვეტილებით მ-ის სარჩელით საქმის წარმოება შეწყდა მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმის გამო, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ვ.ქ-ის შეგებებული სარჩელი, ბათილად იქნა ცნობილი ბ-სა და მ-ს შორის 1996წ. 21 ოქტომბერს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება როგორც თვალთმაქცური გარიგება. არ დაკმაყოფილდა შეგებებული სარჩელი ქ-ესა და ბ-ს შორის სადავო ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების დადებულად ცნობაზე და სადავო ბინა კვლავ აღირიცხა ძველი მესაკუთრის _ ი.ზ-ის სახელზე.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა ლ.მ-მა და მოითხოვა გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და მისი სარჩელის დაკმაყოფილება. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატაში საქმის განხილვა დანიშნული იყო 2001წ. 18 მაისს. სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა მოწინააღმდეგე მხარე ქ-ე. აპელანტ მ-ის მოთხოვნით სააპელაციო სასამართლომ გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა ლ.მ-ის სააპელაციო საჩივარი. ნაწილობრივ გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება. კერძოდ, გაუქმდა გადაწყვეტილების პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე პუნქტები, უცვლელი დარჩა მეხუთე პუნქტი, რომლითაც ქ-ის სარჩელი მას და ბ-ს შორის სადავო ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების დადებულად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მ-ის სარჩელი რუსთავში, ... მდებარე ბინიდან ვ.ქ-ის და მისი ოჯახის წევრების გამოსახლების შესახებ.

სააპელაციო სასამართლოს დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანა ვ. ქ-ემ, რომლითაც ითხოვდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებას. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001წ. 16 ივლისის განჩინებით მიღებულ იქნა საჩივარი და დაინიშნა საქმის განხილვა. საქმის განხილვის დროს 2001წ. 17 დეკემბერს, კვლავ არ გამოცხადდა ვ. ქ-ე და სააპელაციო სასამართლომ გამოიტანა მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც უცვლელად დატოვა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 28 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 17 დეკემბრის მეორე დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ვ. ქ-ემ, რომლითაც ითხოვს გადაწყვეტილების გაუქმებას შემდეგი საფუძვლით: 2001წ. 28 მაისს, როცა გამოვიდა პირველი დაუსწრებელი გადაწყვეტილება, მართალია, მან იცოდა პროცესის შესახებ, მაგრამ ვერ მოახერხა გამოცხადება, რადგან იყო, ავად და მკურნალობდა. 2001წ. 17 დეკემბერს კვლავ ავად იყო, რის გამოც პროცესზე გააგზავნა მეუღლე თხოვნით, რომ გადაედოთ პროცესი, მაგრამ სასამართლომ თხოვნა არ გაითვალისწინა და არც მეუღლეს მისცა განმარტების უფლება, რადგან იგი პროცესზე მხარედ არ იყო მიწვეული. მან კი არ იცოდა, რომ მეუღლისთვის რწმუნება უნდა გაეფორმებინა.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს. უცვლელი უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 17 დეკემბრის მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო: როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოში დ.მ-ის საკასაციო საჩივრის განხილვა დანიშნული იყო 28 მაისს. სხდომაზე არ გამოცხადდა მოწინააღმდეგე მხარე _ ვ. ქ-ე, რომელიც სსკ-ს 70-78-ე მუხლების თანახმად გაფრთხილებული იყო სხდომის დღის შესახებ. აპელანტ დ.მ-ის შუამდგომლობის საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ სსკ-ს 387-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება და დაეყრდნო მომჩივნის ახსნა-განმარტებას. დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე ქ-ემ შეიტანა საჩივარი, რომელშიც განმარტა, რომ მისი გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო ავადმყოფობით. საჩივარს თან დაურთო ცნობა ავადმყოფობის შესახებ. სააპელაციო სასამართლომ საჩივარი დასაშვებად მიიჩნია და სსკ-ს 239-ე მუხლის შესაბამისად დანიშნა ხელახალი განხილვა, რათა გარკვეულიყო გამოუცხადებლობის მიზეზები. ქ-ის მიერ წარმოდგენილ ჯანმრთელობის ცნობაზე არ იკითხება ბეჭედი, არ არის აღნიშნული, თუ რომელი პოლიკლინიკის და რომელი ექიმის მიერ არის გაცემული, რის გამოც საქმის ხელახალი განხილვის დროს საქმის მოსმენა გადაიდო და ქ-ეს მიეცა დრო, წარმოედგინა ცნობა სათანადო რეკვიზიტებით. იგი გაფრთხილებულ იქნა მომავალი სხდომის დღის და გამოუცხადებლობის შედეგების შესახებ, მაგრამ მიუხედავად ამისა, ქ-ე სასამართლო სხდომაზე მაინც არ გამოცხადდა, რის გამოც სსკ-ს 242-ე მუხლის შესაბამისად სააპელაციო სასამართლომ გამოიტანა მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება. პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ სააპელაციო სასამართლომ პროცესზე მისი პირველად გამოუცხადებლობა საპატიოდ მიიჩნია და დანიშნა ხელმეორედ საქმის განხილვა. სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახალი განხილვა დანიშნა სსკ-ს 239-ე მუხლის შესაბამისად, სწორედ იმის გასარკვევად, საპატიო იყო თუ არა გამოუცხადებლობის მიზეზები. ასევე ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ იგი მეორედ საქმის განხილვის დროსაც იყო ავად, რადგან მას ამის დამადასტურებელი რაიმე ცნობა არ წარმოუდგენია, ისევე როგორც არ წარმოუდგენია პირველად სასამართლოში მისი არყოფნის დროს ჯანმრთელობის ცნობა სათანადო რეკვიზიტებით. პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს კანონის დარღვევას ადგილი არ ჰქონია და გასაჩივრებული მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება უცვლელი უნდა დარჩეს, რადგან სსკ-ს 241-ე მუხლის თანახმად დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ დაუსწრებელი გადაწყვეტილება გამოტანილია მისი გამოტანის კანონით გათვალისწინებულ დაუშვებლობის პირობებში ან მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. მოცემულ შემთხვევაში არცერთი პირობა არ არის სახეზე და ამდენად, მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლები არ არსებობს.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ვ. ქ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. უცვლელი დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 17 დეკემბრის მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.