საქმე N 330100123007724486
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №592აპ-24 13 სექტემბერი, 2024 წელი
ფ–ი ვ., №592აპ-24 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),
მამუკა ვასაძე, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 10 აპრილის განაჩენზე თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ მადონა ურუშაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. ვ. ფ–ი (პირადი ნომერი: .........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში) და საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:
1.2. 2023 წლის 9 ივლისს, დაახლოებით 23:30 საათზე, ქ. თ–ი, .......ის გამზირი №..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ სკვერში, ნასვამმა ვ. ფ–მა, შურისძიების მოტივით, ი. გ–თანთან ქორწინების გამო ყოფილ მეუღლეს, ე. ვ–ჭ–ს, სიტყებით „ორივეს ყელს გამოგჭრით და მოგკლავთ“ დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც, დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
1.3. 2023 წლის 9 ივლისს, დაახლოებით 23:30 საათზე, ქ. თ–, ........ის გამზირი №..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ სკვერში, ნასვამი ვ. ფ–ი, იმ ფაქტით გაბრაზებული, რომ მისი ყოფილი მეუღლე ე. ვ–ჭ–ი ცოლად გაჰყვა ი. გ–თანს, დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რომელმაც მუქარა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ სასამართლო სხდომაზე ვერ იქნა წარმოდგენილი აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ვ. ფ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.
2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 2 თებერვლის განაჩენით, ვ. ფ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდებით და გამართლდა.
ვ. ფ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 საათით, რაც საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, პატიმრობაში ყოფნის ვადის (2023 წლის 11 ივლისიდან – 2024 წლის 2 თებერვლის ჩათვლით) გათვალისწინებით ჩაეთვალა მოხდილად.
2.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 2 თებერვლის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მადონა ურუშაძემ, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა – გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და ვ. ფ–ს მიმართ წარდგენილი ბრალდების ყველა ეპიზოდით გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა.
2.4. დაცვის მხარემ, სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მსჯავრდებულ ვ. ფ–ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 10 აპრილის განაჩენით, ბრალდების და დაცვის მხარეების სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 2 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3.2. 2024 წლის 23 აპრილს, თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მადონა ურუშაძემ საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 10 აპრილის განაჩენში ცვლილების შეტანა, ვ. ფ–ს ყველა წარდგენილი ბრალდებით დამნაშავედ ცნობა და მისთვის მკაცრი სასჯელის დანიშვნა.
4. კასატორის არგუმენტები:
4.1. კასატორის პოზიციით, საქმეში არსებული მტკიცებულებებით სრულად დასტურდება ვ. ფ–ს მიერ ე. ვ–ჭ–ს მიმართ მუქარის განხორციელების ფაქტი. კერძოდ, თავად დაზარალებულმა სასამართლოს მისცა სარწმუნო ჩვენება, რაც გამყარებულია ი. გ–ს და თ. მ–ს ჩვენებებით, ასევე საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით. ამასთან, ბრალდების მხარეს გასათვალისწინებელ გარემოებად მიაჩნია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს №561აპ-15 გადაწყვეტილებით დადგენილი იქნა, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტი ოქმი დამოუკიდებელი მტკიცებულებაა. ბრალდების მხარე მიუთითებს, რომ ვ. ფ–ს მიმართ დანიშნული სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს და არსებობს მის მიერ დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების საფრთხე.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ უთითებს და ვერც ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
5.2. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის პოზიციას, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით სრულად დასტურდება ვ. ფ–ს მიერ ე. ვ–ჭ–ს მიმართ მუქარის ჩადენა და ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას.
5.3. საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს, რომ ე. ვ–ჭ–ს მიმართ განხორციელებული მუქარის ეპიზოდთან მიმართებით წარდგენილი ბრალდების დასადასტურებლად საქმეში წარმოდგენილია ერთადერთი პირდაპირი მტკიცებულება, მოწმე ი. გ–ს ჩვენება, რომლითაც დადგენილია, რომ 2023 წლის 9 ივლისს, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე, ყოფნისას ვ. ფ–ი ყელის გამოჭრით დაეუმუქრა მას და ე. ვ–ჭ–ს. ხოლო იმისათვის, რათა პირს მსჯავრად შეერაცხოს მუქარის ჩადენა, გარდა მუქარის სიტყვიერად გამოხატვისა, სავალდებულოა, რომ დაზარალებულმა აღნიშნული მუქარა აღიქვას რეალურად და გაუჩნდეს მისი განხორცილებების რეალური შიში, რაც მოცემულ შემთვევაში საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით არ დადასტურდა.
5.4. მოცემულ შემთხვევაში, გასათვალისწინებელია, რომ დაზარალებულ ე. ვ–ჭ–ს მიერ გამოძიების დროს მიწოდებული ინფორმაცია და სასამართლოსთვის მიცემული ჩვენება შეიცავს ისეთ არსებით წინააღმდეგობებს რაც დამაჯერებლობას უკარგავს მას და ცალკეულ შემთხვევაში ეწინააღმდეგება ბრალის დადგენილებაში მითითებულ გარემოებებს. დაზარალებულის განმარტებები ურთიერთგამომრიცხავია, რომლითაც ვერ დგინდება 2023 წლის 9 ივლისს წარმოსთქვა თუ არა მის მიმართ ვ. ფ–მა მუქარის შემცველი სიტყვები, რაც მან რეალურად აღიქვა და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. კერძოდ, ე. ვ–ჭ–მა განმარტა, რომ ვ. ფ–ი სასჯელს იხდიდა მის მიმართ განხორციელებული ძალადობის გამო. იგი იმ პერიოდში ცხოვრობდა ი. გ–თან ერთად, რომელიც იყო მისი მეგობარი, თუმცა აღნიშნულის შესახებ ვ–სთვის არ უთქვამს. ციხიდან გამოსვლის შემდეგ ვ–ე ცდილობდა მასთან შერიგებას, თუმცა შემდეგ მასაც აღარ სურდა შერიგება. ციხიდან გამოსვლის შემდეგ, ვ–ს რამდენჯერმე შეხვდა და ქმრის ყოლის მიუხედავად, პატივისცემის მიზნით მასთან ერთად ღამე სასტუმროში გაატარა. 2023 წლის 9 ივლისს, კი ვ–ს თავად დაურეკა, მოატყუა, რომ სახლიდან გამოაგდეს და დახმარებოდა, თორემ ვ–ე არ მივიდოდა. დაზარალებულის მიერ მითითებული აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებით არ დასტურდება, რომ ბრალდებულისთვის ცნობილი იყო ე. ვ–ჭ–ს დაოჯახების შესახებ, რაც არ შეესაბამება ბრალის დადგენილებაში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს, რომ ე. ვ–ჭ–ის ი. გ–თან ქორწინების გამო, ვ. ფ–ის ამოძრავებდა შურსძიების მოტივი. დაზარალებულმა ასევე განმარტა, რომ 2023 წლის 9 ივლისს ვ–ე ფეიქრიშვილი მას არ დამუქრებია, მხოლოდ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, თუმცა მანამდე ტელეფონზე საუბრისას ემუქრებოდა. იგი სკვერში ესაუბრა ს–ს და ვ–ს, საუბრის შემდეგ კი გინებით წავიდა იქედან, პირადად მას არ შეხვედრია, მხოლოდ წასვლისას დაინახა. ჩვენების მიცემისას კი მუქარის თაობაზე მას შემდეგ განაცხდა რაც, დაადასტურა გამოძიების ეტაპზე მის მიერ მიცემული ჩვენების სისწორე, რომ ვ–ე წასვლისას მათ დაემუქრათ სიცოცხლის მოსპობით. ამასთან განმარტა, რომ ვ. ფ–ს მიერ მუქარის განხორციელების დროს თ. მ–ი იდგა მის გვერდით და მუქარას ისიც აუცილებლად გაიგებდა. რის საპირისპიროდ თ. მ–მა მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ ვ–ს მიერ დამუქრების ფაქტს არ შესწრებია.
5.5. რაც შეეხება დაზარალებულის მიერ მუქარის რეალურად აღქმის ფაქტს, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს დაზარალებულის განმარტებას, რომ პოლიციაში განცხადება სხვების რჩევით შეიტანა, რადგან იცოდა, რომ ვ–ე არ იყო მუქარის შემსრულებელი, მაგრამ მაინც ეშინოდა. ამასთან განმარტა, რომ მისი შვილი – გ. ჭ–ი, 2023 წლის 9 ივლისს სახლში არ იმყოფებოდა და ბიძას ჰყავდა წაყვანილი კ–ში. მაშინ როდესაც გამოძიებაში მიცემული ჩვენებით, დგინდება, რომ 2023 წლის 9 ივლისს, ვ. ფ–ს მიერ განახორციელებული მუქარის შესახებ პოლიციაში განცხადება 10 ივლისს შეიტანა, რადგან 2023 წლის 9 ივლისს მისი შვილი გ. ჭ–ი სახლში იმყოფებოდა და დაელოდა ბიძის მიერ ბავშვის წაყვანას.
5.6. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ მუქარის შემადგენლობის ერთ-ერთი მთავარი ელემენტი – საფუძვლიანი შიში – მნიშვნელოვანწილად თავად დაზარალებულის ჩვენებით უნდა დადგინდეს. მან უნდა მიუთითოს, თუ როგორ აღიქვა მუქარის შინაარსი და გაუჩნდა თუ არა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში. მუქარა, ცალკე აღებული, ვერ გამოიწვევს პირის დასჯადობას, დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულების გამჟღავნების გარეშე. შესაბამისად, როდესაც დაზარალებულის ჩვენებით არ დასტურდება დანაშაულის ჩადენის და მუქარის რეალურად აღქმის ფაქტი მასში არსებული უზუსტობების გამო - აღნიშნული ჩვენება ვერ მიიჩნევა უტყუარ პირდაპირ მტკიცებულებად.
5.7. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმში ასახული ინფორმაცია, რომელიც არ არის გამყარებული სხვა მტკიცებულებებით – არასაკმარისია ერთი მხრივ, მუქარის განხორციელების და შედეგად შიშის განცდის ფაქტის დასადასტურებლად.
5.8. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები სრულყოფილად და ობიექტურად შეაფასა. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ბრალდების მხარეს სააპელაციო საჩივარში მითითებულ არგუმენტებზე ამომწურავი პასუხები გაეცა, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს, ხოლო რაიმე სხვა გარემოებაზე, რაც საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანი გახდებოდა, კასატორი საჩივარში არ უთითებს.
5.9. რაც შეეხება ვ. ფ–ს მიერ ი. გ–ს მიმართ ჩადენილი მუქარის ნაწილში დანიშნულ სასჯელს, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნისას გასათვალისწინებელი გარემოებები და სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, ვ. ფ–ს კანონიერი და სამართლიანი სასჯელი განუსაზღვრა. მოცემულ შემთხვევაში, განსაზღვრული სასჯელი საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქციის ფარგლებშია და სრულად შეესაბამება საქმის ინდივიდუალურ გარემოებებს (ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და მსჯავრდებულის პიროვნებას).
5.10. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტების გამეორება, რომლებსაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
5.11. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
5.12. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ მადონა ურუშაძის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მამუკა ვასაძე
შალვა თადუმაძე