Facebook Twitter

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

¹ 3კ-528-02 19 ივლისი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),

თ. კობახიძე, ქ. გაბელაია

დავის საგანი: სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

მ. კ-ა 2000წ. 8 აგვისტოდან მუშაობდა საქართველოს ეროვნული ბანკის ფოთის ფილიალის მთავარ სპეციალისტად.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2001წ. 19 ივნისის ბრძანებით მ. კ-ა და ფილიალის მთავარი ბუღალტერი ნ. ბ-ა განთავისუფლებულ იქნენ სამსახურიდან “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 93-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, იმ საფუძვლით, რომ უხეშად დაარღვიეს 2001წ. 3 აგვისტოს ¹101 ბრძანებით დამტკიცებული “საქართველოს ეროვნული ბანკის ფილიალის თანამშრომელთა თანამდებობრივი მოვალეობების და საკვალიფიკაციო მოთხოვნების” დებულება, აგრეთვე 2000წ. 1 დეკემბრის ¹325 ბრძანებით დამტკიცებული დებულების “საქართველოს ეროვნული ბანკის სისტემაში საკასო-საემისიო ოპერაციების წარმოების წესისა” და ეროვნული ბანკის 2000წ. 24 მარტის ¹6 დადგენილებითY დამტკიცებული “საქართველოს ეროვნული ბანკის ფილიალების შესახებ” დებულების მოთხოვნები, რითაც საფრთხე შეექმნა საცავში არსებული ფასეულობების დაცვას.

მ. კ-ას და ნ. ბ-ას სამსახურიდან განთავისუფლების ბრძანება ემყარება საქართველოს ეროვნული ბანკის საკასო ოპერაციებისა და ნაღდი ფულის მიმოქცევის სამმართველოს მიერ 2001წ. 29 მაისს ფოთის ფილიალში ჩატარებული სალაროს მოულოდნელი შემოწმების მასალებს.

შემოწმებისას მთავარი ბუღალტრის კუთვნილ ფასეულობათა საცავის გასაღებები და დასალუქი ბეჭედი ეროვნულ ბანკთან ყოველგვარი შეთანხმებისა და ადგილზე შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების გარეშე, სალაროს გამგის მოვალეობის შემსრულებელმა და ფასეულობათა საცავის გასაღებების მფლობელმა მოლარემ, რომელიც ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობის თანხმობით ოჯახური პირობების გამო გაშვებული იყო კუთვნილ შვებულებაში, გადასცა მოლარეს.

ნ. ბ-ა ეროვნული ბანკის ფოთის ფილიალის ... თანამდებობიდან განთავისუფლების შემდგომ დაინიშნა იმავე ფილიალში ბუღალტრად.

2001წ. ივლისში კორკელიამ სარჩელი შეიტანა სასამართლოში საქართველოს ეროვნული ბანკის მიმართ სამსახურიდან დათხოვნის ბრძანების გაუქმების, სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ, იმ საფუძვლით, რომ მის მიერ არ ყოფილა დარღვეული სამსახურებრივი მოვალეობები.

ქ.თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2001წ. 19 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. მოსარჩელე აღდგენილ იქნა სამსახურში და მოპასუხეს დაეკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.

სასამართლომ ჩათვალა, რომ მოსარჩელის სამსახურიდან განთავისუფლება მოხდა კანონის დარღვევით.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ეროვნულმა ბანკმა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001წ. 27 დეკემბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა ამ საქმეზე რაიონული სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მ. კ-ას უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე, იმ საფუძვლით, რომ მატერიალურად პასუხისმგებელი ორი პირის დასწრების გარეშე ფასეულობების საცავის გახსნა მიეკუთვნებოდა მძიმე კატეგორიის დარღვევას, რადგან იქმნებოდა ფულის დატაცების შესაძლებლობა.

პალატის შემადგენლობის ერთი მოსამართლე დარჩა განსხვავებულ აზრზე.

მ. კ-ა საკასაციო საჩივრით ითხოვს სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების გაუქმებას შემდეგი საფუძვლებით:

“საქართველოს ეროვნული ბანკის სისტემაში საკასო-საემისიო ოპერაციების წარმოების წესის” თანახმად იგი პასუხისმგებელი იყო ფასეულობების საცავის მხოლოდ მასზე გადაცემული გასაღებების შენახვა-გამოყენებაზე, არ არსებობს ნორმატიული აქტი, რომელიც ფილიალის მთავარ სპეციალისტს ავალებდეს კონტროლი განახორციელოს საცავის გასაღებების გადაცემის დადგენილი წესის დაცვაზე, მის მიერ არ ყოფილა დარღვეული სამსახურეობრივი მოვალეობები, რის გამოც არასწორია სამსახურიდან გათავისუფლებისას “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 99-ე მუხლის მე-3 პუნქტის გამოყენება.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეების განმარტებები და თვლის, რომ მ. კ-ას საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდება სარჩელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

“საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 99-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად მოხელე შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან დისციპლინური პასუხისმგებლობის მოქმედების გარეშეც, თუ იგი უხეშად არღვევს სამსახურეობრივ მოვალეობებს.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2001წ. 19 ივნისის ¹90 ბრძანებაში არ არის აღნიშნული, თუ რა ქმედებები ჩაითვალა მ. კორკელიას მხრიდან სამსახურეობრივი მოვალეობების უხეშ დარღვევად. ასევე, არ არის მითითებული “საქართველოს ეროვნული ბანკის ფილიალის თანამშრომელთა თანამდებობრივი მოვალეობების და საკვალიფიკაციო მოთხოვნების” და “საქართველოს ეროვნული ბანკის სისტემაში საკასო-საემისიო ოპერაციების წარმოების წესის” დებულებების კონკრეტულად რომელი ნორმები არ იქნა მის მიერ შესრულებული.

სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ მ. კ-ას მიერ მატერიალურად პასუხისმგებელი ორი პირის დასწრების გარეშე ფასეულობათა საცავის გახსნა საკასო ოპერაციების წარმოების პროცესში მიეკუთვნება მძიმე კატეგორიის დარღვევას, რადგანაც იქმნება შესაძლებლობა ფულის დატაცებისათვის. სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემობა, რომ 2001წ. 29 მაისს ფასეულობათა საცავი გაიხსნა არა საკასო ოპერაციების ჩასატარებლად, არამედ სალაროს მოულოდნელი შემოწმების მიზნით. შემოწმება ჩატარდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანების შესაბამისად საკასო ოპერაციებისა და ნაღდი ფულის მიმოქცევის სამმართველოს თანამშრომლების მიერ. ამ დროისათვის მთავარი ბუღალტრის ნ. ბ-ას სალაროს გასაღები ინახებოდა ფილიალის მმართველ ა. გ-ასთან. ფილიალის მმართველი წარმოადგენდა მატერიალურად პასუხისმგებელ პირს. ამ უკანასკნელმა გასაღები გადასცა მთავარი ბუღალტრის შემცვლელს, მისი არყოფნის პერიოდში უფროს ბუღალტერ რ.გვასალიას, რომელიც ასევე იყო მატერიალურად პასუხისმგებელი პირი და გააჩნდა სალაროს გასაღების ფლობის უფლება. სათავო ბანკიდან ნებართვა სალაროს გასაღების ერთი მატერიალურად პასუხისმგებელი პირიდან მეორეზე გადაცემის თაობაზე უნდა მიეღო არა მთავარ სპეციალისტს, არამედ ფილიალის გამგეს.

ფილიალის სალაროს გამგე ლ. ა-ისაგან მოლარე ი. ჯ-აზე ფულადი და მატერიალური ფასეულობების გადაბარება მოხდა ეროვნული ბანკის ნებართვით, მიღების შემდეგ საწესდებო მოთხოვნების სრული დაცვით. ის, რომ მამის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სასწრაფოდ გამგზავრების გამო 2001წ. 24 მაისს შედგენილ ფასეულობების გადაბარების აქტზე არ იყო დაფიქსირებული ლ. ა-ის ხელმოწერა, არ წარმოადგენს იმის მტკიცების საფუძველს, რომ ი. ჯ-ას არ გააჩნდა საცავის გასაღებების ფლობის უფლება. ლ. ა-მა აქტს ხელი მოაწერა 2001წ. 30 ივლისს.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2000წ. 1 დეკემბრის ¹325 ბრძანებით დამტკიცებული “ეროვნული ბანკის სისტემაში საკასო-საემისიო წარმოების წესის” 1 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, “ეროვნული ბანკის სისტემაში არსებული ფასეულობის დაცულობისა და საკასო-საემისიო ოპერაციების წარმოებისათვის პასუხისმგებლობა უშუალოდ ეკისრებათ საკასო ცენტრისა და ეროვნული ბანკის ფილიალის იმ თანამდებობის პირებს, რომელთა მატერიალური პასუხისმგებლობა გათვალისწინებულია “საქართველოს ეროვნული ბანკის ფილიალების შესახებ” ეროვნული ბანკის საბჭოს 2000წ. 28 მარტის დადგენილებით დამტკიცებული დებულებით რომლის თანახმად ფილიალის მატერიალურად პასუხისმგებელი პირები არიან: ფილიალის მმართველი, მთავარი ბუღალტერი, სალაროს გამგე, მოლარე, მათი შემცვლელი პირები, რომლებთანაც ფორმდება ხელშეკრულება სრული მატერიალური პასუხისმგებლობის შესახებ და რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ეროვნული ბანკის ფილიალის სალაროს უბანსა და ფულის საცავებში არსებული ფასეულობებისათვის.

დებულების მიხედვით ფილიალის მთავარი სპეციალისტი თანამდებობრივად მატერიალურად პასუხისმგებელი პირი არ არის. ის შეიძლება გახდეს მატერიალურ პასუხისმგებელი პირი იმ შემთხვევაში, თუკი ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით მას დაევალება შეცვალოს მითითებული ოთხი მატერიალურად პასუხისმგებელი თანამდებობის პირიდან რომელიმე. დადგენილია, რომ მოულოდნელი შემოწმების ჩატარების პერიოდში კასატორ მ. კ-ას ასეთი შეცვლა არ ჰქონია დავალებული.

მ. კ-ა სრული მატერიალური პასუხისმგებლობის შესახებ დადებული ხელშეკრულების საფუძველზე მოვალე იყო, უზრუნველეყო მისთვის მინდობილი საცავების პლომბების, ბეჭდების და გასაღებების საიმედო შენახვა, რათა გამორიცხულიყო მათი სხვა პირთა ხელში მოხვედრა.

მ. კ-ამ უზრუნველყო მისთვის მინდობილი საცავების პლომბების, ბეჭდების და გასაღებების საიმედო შენახვის, მათი სხვა პირთა ხელში მოხვედრის გამორიცხვის თაობაზე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება.

“საქართველოს ეროვნული ბანკის ფილიალის თანამშრომელთა თანამდებობრივი მოვალეობებისა და საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ” ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ¹101 ბრძანების შესაბამისად ფილიალის მთავარ სპეციალისტს ევალება გაუძღვეს სალაროს მეურნეობას. კონკრეტულად მთავარი სპეციალისტი ახორციელებს სალაროს დაკეტვას, დალუქვას, დაცვისათვის ჩაბარებას და დაცვისაგან უკან მიღებას. ორგანიზაციას უწევს საბანკო დაწესებულების სასამსახურო შენობის, სალაროს მეურნეობის ტექნიკური გამაგრების საკითხების მოწესრიგებას, უზრუნველყოფს დაცვითი სახანძრო და საგანგაშო სისტემის ტექნიკური მოწყობილობების გამოყენების წესების შესრულებას, მათ გამართულად მუშაობას, ადგილობრივი დაცვის პოლიციის განყოფილების ხელმძღვანელობასთან ერთად. ასევე, ბანკის გუშაგების მოვალეობების შესრულებას და საშვთა რეჟიმის წესების დაცვის კონტროლს. სალაროს მეურნეობის გაძღოლის მოვალეობა მოიცავს ტექნიკურ მხარეს და არა საკასო-საემისიო და სალაროს ოპერაციების წარმოებას. საკასო-საემისიო ოპერაციებს ახორციელებენ მთავარი ბუღალტერი, სალაროს გამგე და მოლარე.

მ. კ-ამ თავისი გასაღები საცავის გასაღებად გამოიყენა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის დავალების შესრულების უზრუნველსაყოფად, მაშინ, როდესაც ეროვნული ბანკიდან მივლინებულმა პირემბა წარუდგინეს ბრძანება საცავში არსებული მატერიალური ფასეულობების მოულოდნელი რევიზიის შესახებ. დანარჩენი ორი გასაღები იმყოფებოდა მატერიალურად პასუხისმგებელ პირებთან _ ფილიალის გამგესთან და მოლარესთან. თუ ფილიალის მთავარი ბუღალტრის ადგილზე არყოფნის პირობებში დაუშვებელი იყო ფასეულობათა საცავების გახსნა, მივლინებულ სპეციალისტებს და ფილიალის მმართველს დაუყოვნებლივ უნდა შეეტყობინებინათ ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობისათვის მოულოდნელი შემოწმების ჩატარების შეუძლებლობის შესახებ და ემოქმედათ საპასუხოდ მიღებული მითითების შესაბამისად. ფილიალის მთავარი სპეციალისტის სამსახურებრივ მოვალეობებში არ შედიოდა ფილიალის მმართველის ფასეულობათა საცავების გასაღებების მქონე მატერიალურად პასუხისმგებელი პირებისა და სათაო ბანკიდან მივლინებულთა საქმიანობაზე კონტროლის განხორციელება. იგი არ იყო უფლებამოსილი შეეშალა ხელი სალაროს მოულოდნელი შემოწმების შესახებ ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესრულებაში.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ მ. კ-ამ დაუშვა სამსახურეობრივი მოვალეობის უხეში, მძიმე კატეგორიის დარღვევა, რადგან თითქოს იქმნებოდა შესაძლებლობა ფულის დატაცებისათვის.

საქმის გარემოებები საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის მიერ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშეა დადგენილი და საჭირო არ არის მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევა, რის გამო საკასაციო სასამართლოს სსკ-ს 411-ე მუხლის შესაბამისად შესაძლებლად მიაჩნია თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით დაP

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

მ. კ-ას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001წ. 27 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.

მ. კ-ას სარჩელი დაკმაყოფილდეს. გაუქმდეს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2001წ. 19 ივნისის ბრძანება მ. კ-ას სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ და მოსარჩელე აღდგენილ იქნას საქართველოს ეროვნული ბანკის ფოთის ფილიალში მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე.

საქართველოს ეროვნულ ბანკს მ. კ-ას სასარგებლოდ დაეკისროს იძულებითი განაცდური დროის ხელფასის ანაზღაურება 2001წ. 19 ივნისიდან თანამდებობაზე აღდგენის დღემდე.

გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.