გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ-531-02 27 მაისი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),
მ. ახალაძე, მ. ცისკაძე
დავის საგანი: სამუშაოზე აღდგენა.
აღწერილობითი ნაწილი:
ნ. ხ-შვილი მუშაობდა სს “ჭ-ის” აკაკი წერეთლის სახელობის მაღაროს ...ად. 2000წ. 15 დეკემბრიდან განთავისუფლდა სამუშაოდან სტატისტიკოსის შტატის შემცირების გამო.
ნ. ხ-შვილმა სამუშაოდან დათხოვნა უკანონოდ მიიჩნია, მიმართა ჭიათურის რაიონულ სასამართლოს სარჩელით და მოითხოვა სამუშაოზე აღდგენა.
ჭიათურის რაიონული სასამართლოს 2001წ. 26 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა და მოსარჩელე აღდგენილ იქნა თავდაპირველ თანამდებობაზე.
ჭიათურის რაიონულ სასამართლოს დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანა სს “ჭ-ის” აღმასრულებელმა დირექტორმა და მოითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გადასინჯვა და საქმის არსებითად განხილვა იმ საფუძვლით, რომ სასამართლო უწყების ჩაბარებისას დირექტორები პრობლემატური საკითხების მოსაგვარებლად გასულები იყვნენ ქალაქგარეთ და წარმომადგენლის უფლებამოსილების გაფორმება შეუძლებელი იყო.
ჭიათურის რაიონულმა სასამართლომ 2001წ. 26 მარტის განჩინებით ძალაში დატოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
სს “ჭ-ის” გენერალურმა დირექტორმა სააპელაციო საჩივრით მიმართა ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატას და მოითხოვა ჭიათურის რაიონული სასამართლოს 2001წ. 24 ოქტომბრის განჩინებისა და 2001წ. 26 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის არსებითად განხილვა.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 15 იანვრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა მოპასუხის სააპელაციო საჩივარი. სასამართლომ მიიჩნია, რომ სასამართლო პროცესზე გამოუცხადებლობა გამოწვეული არ ყოფილა რაიმე დამაბრკოლებელი გარემოებით, იგი გამოწვეული იყო სს “ჭ-ის” ადმინისტრაციის დაუდევრობითა და ბრალით.
აღნიშნული განჩინება სს “ჭ-მა” საკასაციო წესით გაასაჩივრა და მოითხოვა მისი გაუქმება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის “ზ” პუნქტის საფუძველზე, ვინაიდან ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას, რამაც ხელი შეუშალა სასამართლოში მხარის გამოუცხადებლობას.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივარს და მიაჩნია, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახლა განხილვისთვის დაუბრუნდეს იმავე პალატას.
ჭიათურის რაიონის სასამართლომ მიიღო 2001წ. 26 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილება იმ საფუძვლით, რომ მხარე, რომელიც გაფრთხილებული იყო სასამართლო სხდომის თაობაზე, არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა სხდომაზე. საქმის მასალებით დადასტურებულია და მოსარჩელეც არ უარყოფს, რომ 2001წ. 26 მარტს სასამართლოში გამოცხადდა სს “ჭ-ის” იურიდიული განყოფილების უფროსი, რომელმაც განაცხადა, რომ პროცესში ვერ მიიღებს მონაწილეობას იმ მიზეზით, რომ არ გააჩნია სათანადო რწმუნებულება.
დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღება კანონით დასაშვებია, როცა მხარე მოწვეულია სამოქალაქო კოდექსის 70-78-ე მუხლებით, მაგრამ იგი არასაპატიო მიზეზით არ ცხადდება სასამართლოში. განსახილველ შემთხვევაში მხარე არ ყოფილა გაფრთხილებული გამოუცხადებლობის სამართლებრივ შედეგებზე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 72-ე მუხლის I ნაწილის “ზ” ქვეპუნქტის შესაბამისად. მხარე გამოცხადდა სხდომაზე, მაგრამ განაცხადა, რომ ვერ მიიღებდა მონაწილეობას, ვინაიდან სათანადო რწმუნებულება არ გააჩნდა.
პალატა თვლის, რომ ზემოაღნიშნულ შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება კი არ უნდა მიეღო, არამედ გადაედო სხდომა და მიეცა ვადა მხარისათვის უფლებამოსილების ნაკლის გამოსასწორებლად; სააპელაციო სასამართლომ კი სათანადო რწმუნებულების არარსებობა მხარის გამოუცხადებლობად მიიჩნია, რაც არ შეესაბამება კანონის მოთხოვნებს.
პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დარღვეულია საპროცესო ნორმების მოთხოვნები, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია. საქმის ხელახლა განსახილველად სასამართლომ სრულყოფილად უნდა გამოიკვლიოს ფაქტობრივი გარემოებანი და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
სააქციო საზოგადოება “ჭ-ის” სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 15 იანვრის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისთვის დაუბრუნდეს იმავე პალატას.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.