გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ-532-02 6 სექტემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),
ქ. გაბელაია, თ. კობახიძე
დავის საგანი: სამემკვიდრეო წილის ნატურით გაყოფა.
აღწერილობითი ნაწილი:
ხონის რაიონული სასამართლოს 2001წ. 10 აპრილის გადაწყვეტილებით აწ გარდაცვლილი ვა. გ-ას დანაშთ ქონებაზე მემკვიდრეებად ცნობილ იქნენ ზ. გ-ა, ვ. გ-ა და ს. გ-ა. თითოეულს მიეკუთვნა სამემკვიდრეო ქონების 1/3 ნაწილი. რადგან სასამართლოს გადაწყვეტილებით განისაზღვრა მემკვიდრეობის იდეალური ნაწილი, ზ. და ვ. გ-ებმა კვლავ მიმართეს სასამართლოს, მოპასუხედ მიუთითეს ს. გ-აზე და მოითხოვეს მისი სამემკვიდრეო წილის ნატურით გამოყოფა. ხონის რაიონული სასამართლოს 2001წ. 11 ივნისის განჩინებით სარჩელი დაკმაყოფილდა და მხარეებს საკუთრების უფლებით გამოეყოთ სამემკვიდრეო ქონებიდან 1/3 წილი საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით.
ხონის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ს. გ-ამ და მოითხოვა ხონის რაიონული სასამართლოს 2001წ. 10 აპრილის გადაწყვეტილებით სამემკვიდრეო ქონების გამოყოფის, ქონების რეალურად გამოყოფის შესახებ ამავე რაიონული სასამართლოს 2001წ. 7 აგვისტოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება ხონის რაიონული სასამართლოს 2000წ. 20 იანვრის განჩინების გათვალისწინებით. ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ 2001წ. 25 დეკემბრის განჩინებით ს. გ-ას სააპელაციო საჩივარი არ დააკმაყოფილდა, უცვლელი დატოვა ხონის რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ს. გ-ას გაშვებული აქვს ხონის რაიონული სასამართლოს 2001წ. 10 აპრილის გადაწყვეტილების გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადა და ამ გადაწყვეტილების გასაჩივრების ნაწილში სააპელაციო საჩივარი დაუშვებლად მიიჩნია. რაც შეეხება ხონის რაიონული სასამართლოს 2001წ. 7 აგვისტოს გადაწყვეტილებას, რომლითაც მხარეებს შორის ნატურით გაიყო სამემკვიდრეო წილი, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ იგი კანონიერად არის გამოტანილი, რის გამოც უცვლელი დატოვა გადაწყვეტილება.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ს. გ-ამ, რომლითაც ითხოვს განჩინების გაუქმებას შემდეგი მოტივით: ხონის რაიონული სასამართლოს 2000წ. 20 იანვრის განჩინებით, რომელიც კანონიერ ძალაშია დღესაც, დამტკიცდა მორიგების აქტი მას და დედამისს, ზ. გ-ას, შორის, რომლის თანახმად აწ გარდაცვლილ მამის, ვა. გ-ას, დანაშთი ქონებიდან მას და დედამისს თანაბრად გამოეყოთ საცხოვრებელი ფართი და დამხმარე სათავსები. სასამართლოს ეს განჩინება აღსრულდა იმავეწ. 8 თებერვალს სასამართლოს აღმასრულებლის მიერ. სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ სასამართლოს იმავე საგანზე შესული სასარჩელო განცხადება უნდა მიეჩნია დაუშვებლად და არ უნდა მიეღო 2001წ. 10 აპრილის და 7 აგვისტოს გადაწყვეტილებები. გარდა ამისა, კასატორის განცხადებით, მას არ ჩაბარებია კანონით დადგენილი წესით 2001წ. 10 აპრილის გადაწყვეტილება და ამდენად, არ გაუშვია მისი გასაჩივრების ვადა. კასატორი განმარტავს, რომ 2001წ. 7 აგვისტოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ ისე მიიჩნია კანონიერად, რომ ამის არგუმენტი განჩინებაში არ ჩამოუყალიბებია.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ ს. გ-ას საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს კერძოდ, უცვლელი უნდა დარჩეს სააპელაციო სასამართლოს განჩინების ის ნაწილი, რომლითაც ს. გ-ას სააპელაციო საჩივარი 2001წ. 10 აპრილის გადაწყვეტილების ნაწილში დარჩა განუხილველი დაუშვებლობის გამო, დანარჩენ ნაწილში სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლომ სწორად ჩათვალა ს.გ-ას სააპელაციო საჩივარი ხონის რაიონული სასამართლოს 2001წ. 10 აპრილის გადაწყვეტილებაზე დაუშვებლად, რადგან, როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, გადაწყვეტილების გამოტანის დღეს სხდომას ესწრებოდა ს.გ-ა, სადაც გამოტანილ იქნა მოტივირებული გადაწყვეტილება. ასეთ პირობებში, სსკ-ს 369-ე მუხლის თანახმად სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა არის ერთი თვე და ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება.
პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ იგი, მართალია, ესწრებოდა სასამართლო განხილვას, მაგრამ გადაწყვეტილების გამოცხადებას არ დალოდებია და ამიტომ ვადა არა აქვს გაშვებული. სხდომის ოქმის მიხედვით არ ირკვევა ს.გ-ა დაესწრო თუ არა გადაწყვეტილების გამოცხადებას. მას კი შენიშვნები ოქმზე დადგენილ ვადაში არ წარუდგენია. რაც შეეხება სააპელაციო სასამართლოს განჩინების იმ ნაწილს, რომლითაც უცვლელი დარჩა ხონის რაიონული სასამართლოს 2001წ. 7 აგვისტოს გადაწყვეტილება, პალატა თვლის, რომ ამ ნაწილში განჩინება იურიდიულად დაუსაბუთებელია არ არის მითითებული კანონის არც ერთი ნორმა, რის გამოც გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, რაც სსკ-ს 394-ე მუხლის “ე” პუნქტის საფუძველზე გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე და 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ს. გ-ას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 25 დეკემბრის განჩინება, ხონის რაიონული სასამართლოს 2001წ. 7 აგვისტოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების ნაწილში და ამ ნაწილში საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატას.
დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელი.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.