საქმე N 330100123008336571
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №611აპ-24 18 სექტემბერი, 2024 წელი
ქუთელია ზურაბ, №611აპ-24 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 22 აპრილის განაჩენზე თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ დავით ხიზანაიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. ზურაბ ქუთელია (პირადი ნომერი: 01027061243) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგმში – საქართველოს სსკ-ის) 236-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და ამავე მუხლის მე-4 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება) და საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:
1.2. ზურაბ ქუთელიამ, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეიძინა 1951 წლის ნიმუშის, 9 მმ კალიბრის მაკაროვის კონსტრუქციის პისტოლეტი, რაც მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია გამოსაყენებლად, ასევე საბრძოლო ვაზნები განკუთვნილი ამავე კალიბრის პისტოლეტისთვის, რაც ასევე მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია გამოსაყენებლად. ცეცხლსასროლ იარაღს და საბრძოლო ვაზნებს ზურაბ ქუთელია, 2023 წლის 9 აგვისტოს, ასევე უკანონოდ ინახავდა.
1.3. 2023 წლის 9 აგვისტოს, დაახლოებით 00:10 საათზე, ქ. -ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ზ. ქ. უკანონოდ ატარებდა მის მიერ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეძენილ 1951 წლის ნიმუშის, 9 მმ კალიბრის მაკაროვის კონსტრუქციის პისტოლეტს, რაც მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია გამოსაყენებლად, ასევე საბრძოლო ვაზნებს განკუთვნილს ამავე კალიბრის პისტოლეტისთვის, რაც ასევე მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია გამოსაყენებლად.
1.4. 2023 წლის 7 აგვისტოს, დაახლოებით 21:45 საათზე, ქ. თბილისი, კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, გენადი კვიკვინიას სიძეს იასინ მოჰამედ იბრაჰიმსა და ზურაბ ქუთელიას შორის, ავტომანქანებით გადაადგილებისას, არასწორი საგზაო მანევრის გამო მოხდა სიტყვიერი კონფლიქტი, რის შემდგომაც, 2023 წლის 9 აგვისტოს, დაახლოებით 00:10 საათზე, ზემოხსენებული პირები შეხვდნენ ერთმანეთს ქ. თბილისი, მოსკოვის გამზირი, მე-5 კვარტალი, კორპუსი N3-ის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ სკვერში, სადაც ზურაბ ქუთელიამ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, თანნაქონი, უკანონოდ შეძენილი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, რასაც ასევე უკანონოდ ინახავდა და ატარებდა, ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა გენადი კვიკვინიას. კერძოდ, კი მიაყენა ცეცხლნასროლი ჭრილობა მარცხენა ბარძაყის ზედა მესამედში ლატერალურ და მედიალურ კიდეებზე, რაც მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით, რის შემდეგაც ზურაბ ქუთელია შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ მიიჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით, უტყუარად ვერ დადასტურდა, ზურაბ ქუთელიას მიერ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, შენახვისა და 2023 წლის 9 აგვისტოს, მართლსაწინაღმდეგო ტარების ფაქტები, ასევე მის მიერ 2023 წლის 9 აგვისტოს გენადი კვიკვინიას ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ფაქტი.
2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 20 თებერვლის განაჩენით ზურაბ ქუთელია ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით წარდგენილი ბრალდებებით.
2.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 20 თებერვლის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა, დავით ხიზანაიძემ და მოითხოვა ზურაბ ქუთელიას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 22 აპრილის განაჩენით, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 20 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელი.
3.2. 2024 წლის 20 მაისს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 22 აპრილის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა დავით ხიზანაიძემ, რომელმაც მოითხოვა გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა, კერძოდ, წარდგენილი ბრალდების ყველა ეპიზოდით ზურაბ ქუთელიას დამნაშავედ ცნობა და მისთვის კანონით გათვალისწინებული მკაცრი და რელევანტური სასჯელის დანიშვნა.
4. კასატორის არგუმენტები:
4.1. კასატორის პოზიციით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი არის უკანონო, ვინაიდან საქმეზე წარმოდგენილი სადავო/უდავო მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა ზურაბ ქუთელიას მიერ ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენის ფაქტი. კერძოდ: თეონა კვიკვინიას და იასინ მოჰამმედის ჩვენებებით დადასტურებულია, რომ შემთხვევამდე ერთი დღით ადრე ზურაბ ქუთელიასა და იასინ მოჰამმედს შორის მოხდა კონფლიქტი, ასევე, იასინ მოჰამმედის ჩვენებით დადგინდა, რომ მომდევნო დღეს ნამდვილად შეხვდნენ ერთმანეთს თანმხლებ პირებთან ერთად, რა დროსაც ზურაბ ქუთელიამ ცეცხლსასროლი იარაღიდან აწარმოა გასროლები და სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება მიაყენა გენადი კვიკვინიას. ფაქტი, რომ დაზარალებული გენადი კვიკვინია თავის ჩვენებაში, არ ამხელს ზურაბ ქუთელიას მასზე განხორციელებული ჯანმრთელობის დაზიანების მიყენებაში და განმარტავს, რომ ვერ დაინახა, თუ ვინ ესროლა ცეცხლსასროლი იარაღიდან, არ უნდა შეფასდეს იმგვარად, თითქოს ზურაბ ქუთელიას მხრიდან ადგილი არ ჰქონია დანაშაულების ჩადენას, ვინაიდან შემთხვევის ადგილზე ზურაბ ქუთელიას ყოფნის ფაქტი, ასევე დადასტურებულია ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით. კერძოდ, შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული ხელჩანთის შესაკრავსა, სალტეებზე და გარე ზედაპირზე აღმოჩნდა ზურაბ ქუთელიას გენეტიკური კვალი. კასატორის განმარტებით, საქმეში წარმოდგენილია იასინ მოჰამმედ იბრაჰიმის მონაწილეობით ჩატარებული ფოტოსურათით ამოცნობის ოქმი და საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, ამასთან, სასამართლო სხდომაზე ასევე გამოკვლეულ იქნა ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმი, თეონა კვიკვინიას მონაწილეობით ჩატარებული მობილური ტელეფონის დათვალიერების ოქმი და სხვა მტკიცებულებები. შესაბამისად, ბრალდების მხარე თვლის, რომ წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილია არაერთი უტყუარი მტკიცებულება, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს ზურაბ ქუთელიას მხრიდან გენადი კვიკვინიას მიმართ საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით, ასევე, 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენას.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ მიუთითებს და ვერც ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
5.2. პროკურორი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლად უთითებს გამოკვლეულ მტკიცებულებათა არასათანადო და არასწორი შეფასების შედეგად სააპელაციო სასამართლოს განაჩენის დაუსაბუთებლობაზე.
5.3. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მნიშვნელოვნად მიიჩნევს, თავდაპირველად მიუთითოს მოქმედი კანონმდებლობის იმ სამართლებრივ ნორმებზე, რომლითაც დგინდება საკაციო საჩივრის შეტანისა და დასაშვებობის საფუძვლები.
5.4. საქართველოს სსსკ-ის მე-300 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ გამოტანილი განაჩენი, რომელიც, კასატორის აზრით, უკანონოა. განაჩენი უკანონოა, თუ: ა) არსებითად დაირღვა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, რაც არ გამოუვლენია პირველი ინსტანციის ან სააპელაციო სასამართლოს ან რაც მან დაუშვა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს; ბ) მსჯავრდებულის ქმედებას არასწორი კვალიფიკაცია მიეცა; გ) გამოყენებულია სასჯელის ისეთი სახე ან ზომა, რომელიც აშკარად არ შეესაბამება მსჯავრდებულის ქმედების ხასიათსა და პიროვნებას.
5.5. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
5.6. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, განაჩენი უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებას, დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარდგენილი მოსაზრებებიდან. მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „ელ მასრი მაკედონიის წინააღმდეგ“ (El-Masri v. the Former Yugoslav Republic of Macedonia, (GC), 13.12.2012) და „ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Hassan v. the UK, ECtHR, (GC), 16.09.2014).
5.7. საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებს, საპროცესო ნორმათა დაცვით გამოკვლეულ და მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილ მტკიცებულებებს და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულყოფილად შეაფასა საქმეში არსებული თითოეული მტკიცებულების დამაჯერებლობა, უტყუარობა და მნიშვნელობა, ასევე დაწვრილებით მიმოიხილა თითოეული მტკიცებულების შინაარსი, მასში გადმოცემულ ინფორმაციათა მიმართება ზურაბ ქუთელიას მიმართ ბრალდების შესახებ დადგენილებაში ასახულ ფაქტებთან და სამართლებრივად სწორად დაადგინა, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ დადასტურდა 2023 წლის 9 აგვისტოს, ზურაბ ქუთელიას მიერ გენადი კვიკვინიასათვის ცეცხლნასროლი ჭრილობის მიყენებისა და, შესაბისად ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვისა და 2023 წლის 9 აგვისტოს ტარების ფაქტები.
5.8. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს, კასატორის მიერ მითითებული მოწმეების – იასინ მოჰამმედ იბრაჰიმის ჩვენებასა და თეონა კვიკვინიას გამოკითხვის ოქმზე და მიუთითებს, რომ თეონა კვიკვინიას მიერ განმარტებული გარემოებებით, მათ შორის მისი მობილური ტელეფონის დათვალიერების ოქმით დასტურდება, არა ზურაბ ქუთელიას მიმართ წარდგენილი ბრალდებები, არამედ შემთხვევამდე იასინ მოჰამმედ იბრაჰიმსა და ზურაბ ქუთელიას შორის მომხდარი სიტყვიერი შელაპარაკების ფაქტი, რაც ბრალადწარდგენილი ქმედებების დასადასტურებლად არაინფორმატიულია.
5.9. რაც შეეხება იასინ მოჰამმედ იბრაჰიმის ჩვენებას, რომელმაც პირდაპირ მიუთითა ზურაბ ქუთელიაზე, როგორც გენადი კვიკვინიასთვის ცეცხლნასროლი ჭრილობების მიმყენებელ პირზე - საკასაციო სასამართლო ამ შემთხვევაშიც ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განმარტებას და დამატებით მიუთითებს, რომ მართალია მოწმე ამხელს გამართლებულს ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენაში, თუმცა მოწმის ჩვენება გამყარებული უნდა იყოს სხვა დამოუკიდებელი მტკიცებულებებით, რადგან მისი ნათქვამის საპირწონედ საქმეში წარმოდგენილია სხვა მოწმეთა გამოკითხვის ოქმები, ასევე დაზარალებულ გენადი კვიკვინიას გამოკითხვის ოქმი, რომელმაც კატეგორიულად უარყო აღნიშნული ფაქტი და თავიდანვე განაცხადა, რომ მისთვის ცეცხლნასროლი ჭრილობა ზურაბ ქუთელიას არ მიუყენებია, ხოლო ფოტოსურათით ამოცნობის და საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმები ვერ იქნება განხილული დამოუკიდებელ მტკიცებულებებად, ვინაიდან ამ შემთხვევაშიც ინფორმაციის მიმწოდებელი პირი არის იასინ მოჰამმედ იბრაჰიმი, ხოლო იმისათვის, რათა თავიდან იქნეს აცილებული არსებითად უსამართლო და დაუსაბუთებელი განაჩენით პირის მსჯავრდება, სასამართლოსათვის აუცილებელია დამატებითი, ნეიტრალური მტკიცებულების არსებობა, რომელიც მოწმის ნათქვამის სისწორეს დაადასტურებს, რაც მოცემულ შემთხვევაში, წარმოდგენილი არ ყოფილა. ამასთან, ბალისტიკური ექსპერტიზის №747/ბ დასკვნის თანახმად: ექსპერტიზაზე წარმოდგენილი 2 ცალი მასრა არის ქარხნული წესით დამზადებული, 1951 წლის ნიმუშის 9 მმ კალიბრის ვაზნის (საბრძოლო მასალის) შემადგენელი ნაწილი, რომელიც განკუთვნილია მაკაროვის კონსტრუქციის პისტოლეტებისათვის „ПM“, სტეჩკინის კონსტრუქციის ავტომატური პისტოლეტებისათვის „AПC“ და სხვა. წარმოდგენილი მასრები არ მიეკუთვნება საბრძოლო მასალას, ვარგისია იდენტიფიკაციისათვის და გასროლილია 9 მმ კალიბრის სხვადასხვა იარაღის ლულიდან. შესაბამისად, უტყუარად იმის დადასტურება, რომ გენადი კვიკვინიამ დაზიანება მიიღო ზურაბ ქუთელიას მიერ გასროლილი ცეცხლსასროლი იარაღიდან, როგორც ამას ბრალდების მოწმე ამტკიცებს - შეუძლებელია.
5.10. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
5.11. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, რომლის თანახმადაც ზურაბ ქუთელიას მიმართ არ არის წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, ხოლო მოწმე – იასინ მოჰამმედ იბრაჰიმის ჩვენება და მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების ოქმები, სხვა პირდაპირი მტკიცებულებების ერთობლიობის არარსებობის პირობებში ვერ გახდება ზურაბ ქუთელიას მსჯავრდების საფუძველი საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და ამავე მუხლის მე-4 ნაწილით წარდგენილ ბრალდებებით.
5.12. საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დასაბუთებიდან ვერ დარწმუნდა მასში მოყვანილი არგუმენტების პერსპექტიულობაში, შეცვალოს საქმის შედეგი, რამდენადაც მასში მითითებული ყველა საკითხი კანონის დაცვით არის შესწავლილი და გამოკვლეული სააპელაციო სასამართლოს მიერ. საკასაციო სასამართლომ შეამოწმა, ხომ არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანისას საპროცესო კანონის დარღვევის სავარაუდო შემთხვევა და დაასკვნა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ ფაქტებისა და გარემოებების შეჯერებისას არ გამოვლენილა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტისაგან გადახვევა, ხოლო განაჩენი კვალიფიკაციისათვის მნიშვნელოვან ყველა სადავო საკითხთან მიმართებით არის დასაბუთებული. სხვა ახალ გარემოებაზე, რაც საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანი გახდებოდა, კასატორი საჩივარში არ უთითებს. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ სტანდარტებსა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
5.13. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
5.14. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ როდესაც საკასაციო სასამართლო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
5.15. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ დავით ხიზანაიძის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
შალვა თადუმაძე