Facebook Twitter
3კ-533-02

3კ-533-02 30 სექტემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

თ. კობახიძე,ქ. გაბელაია

დავის საგანი: შინაგან საქმეთა ორგანოებში და სამსახურში აღდგენა, იძულებით გაცდენილი დროის ხელფასის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

შინაგან საქმეთა სამინისტროს 2001წ. 15 ივნისის ¹221 ბრძანების თანახმად, 2001წ. 23 აპრილს, დაახლოებით 00.30 საათზე, ზესტაფონის რაიონის შინაგან საქმეთა განყოფილების თანამშრომლები, მათ შორის, საგზაო პოლიციის ინსპექტორი, პოლიციის ზემდეგი ე. ს.-ე, სოფ. ...-ის ტერიტორიაზე პატრულირების დროს, უკანონოდ გამოედევნენ ფ.დ.-ის მართვის ქვეშ მყოფ “უაზ-469” მარკის ავტომანქანას. პოლიციის უფროს სერჟანტ კ.ჭ.-ის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან ავტომანქანის მიმართულებით მრავალჯერადი გასროლის შედეგად ხერხემლის არეში სხეულის დაზიანება მიიღო ავტომანქანის მგზავრმა თ.ს.-მ. დაჭრილისათვის დაუყოვნებლივ დახმარების აღმოჩენის ნაცვლად პოლიციის თანამშრომლებმა ავტომანქანაში მსხდომ მოქალაქეებს მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. მიღებული დაზიანების შედეგად 2001წ. 1 ივნისს თ.ს.-ე გარდაიცვალა. ამ ჯგუფში შემავალ პოლიციის თანამშრომლებთან ერთად ე. ს.-ეც დათხოვნილ იქნა სამსახურიდან და შინაგან საქმეთა ორგანოებიდან, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების, დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობებისადმი უპასუხისმგებლო დამოკიდებულებისა და უმოქმედებისათვის, “საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის შესახებ" დებულების მე-60 მუხლის “ლ” პუნქტისა და 69-ე მუხლის საფუძველზე.

ე. ს.-ემ 2001წ. 20 ივლისს სარჩელით მიმართა სასამართლოს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2001წ. 15 ივნისის ¹221 ბრძანების გაუქმების, შინაგან საქმეთა ორგანოებში და ზესტაფონის რაიონის საგზაო პოლიციაში ინსპექტორის თანამდებობაზე აღდგენისა და იძულებით განაცდური დროის ხელფასის ანაზღაურების შესახებ, იმ საფუძვლით, რომ საერთოდ არ მიუღია მონაწილეობა ფ.დ.-ის ავტომანქანის გამოდევნებაში; ამ პერიოდში იგი სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა სულ სხვა ადგილას _ მდ. ...-ს მარცხენა სანაპიროს საავტომობილო გზაზე; არასწორი ახსნა-განმარტებები მიცემული აქვს ზესტაფონის პოლიციის სამმართველოს და საგზაო პოლიციის უფროსების ზეგავლენით, გამოძიების პროცესში და სასამართლოში მის მიერ მიცემული ჩვენებები. ობიექტურად ასახავენ ფაქტობრივ გარემოებებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო იმ საფუძვლით, რომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით არასწორი განმარტების მიცემით ე.ს.-მ ჩაიდინა შინაგან საქმეთა ორგანოს თანამშრომლისათვის შეუფერებელი საქციელი, დისკრედიტაცია გაუწია პოლიციის მუშაკის სახელს, რაც წარმოადგენდა სამსახურიდან მისი დათხოვნის კანონიერ საფუძველს.

ქ.თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2001წ. 2 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ე.ს.-ის სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

ე.ს.-მ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 6 თებერვლის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შეიცვალა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2001წ. 2 ოქტომბრის გადაწყვეტილება და ე.ს.-ს სარჩელზე უარი ეთქვა სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გაშვების გამო. სარჩელზე უარის თქმის საფუძვლად მითითებულ იქნა “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 127-ე მუხლის პირველ ნაწილზე. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ე.ს.-ე სამსახურიდან განთავისუფლდა შინაგან საქმეთა მინისტრის 2001წ. 15 ივნისის ბრძანების საფუძველზე, ხოლო სასამართლოს სარჩელით მიმართა სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ _ 2001წ. 20 ივლისს.

ე. ს.-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 6 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმებას იმ საფუძვლით, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს 2001წ. 15 ივნისის ბრძანება ჩაბარდა 2001წ. 25 ივნისს. მისთვის ამ ბრძანებით გახდა ცნობილი, რომ გათავისუფლებული იყო დაკავებული თანამდებობიდან. კასატორს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 127-ე მუხლი.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივრის საფუძვლებს და თვლის, რომ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახალი განხილვისათვის გადაეგზავნოს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახდო საქმეთა სააპელაციო პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2001წ. 15 ივნისის ¹221 ბრძანებით ე. ს.-ე ზესტაფონის რაიონის შინაგან საქმეთა განყოფილების სხვა თანამშრომლებთან ერთად დათხოვნილ იქნა შინაგან საქმეთა ორგანოებიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისათვის, რაც გამოიხატა მოქალაქე ფ.დ.-ის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის უკანონო გაჩერების მცდელობის და გამოდევნების, დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობებისადმი უპასუხისმგებლო დამოკიდებულებასა და უმოქმედობაში, არ აღკვეთა პოლიციის უფროს სერჟანტ კ.ჭ.-ის მიერ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის არამართლზომიერად გამოყენებისას ფაქტი, რასაც შედეგად მოჰყვა თ. ს.-ის დაჭრა და შემდგომში მისი გარდაცვალება, ასევე ფ. დ.-ისა და დაჭრილ თ. ს.-ისათვის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებაში. ბრძანება ეფუძნება “საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის შესახებ" დებულების მე-60 მუხლის “ლ” პუნქტის (გადაცდომა, რომელიც შეუთავსებელია შს ორგანოს თანამშრომლისათვის) და 69-ე მუხლს (პოლიციის თანამშრომლის სახელის დისკრედიტაცია).

პალატა იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 127-ე მუხლი. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოხელეს უფლება აქვს კანონმდებლობით დადგენილი წესით ერთი თვის განმავლობაში გაასაჩივროს სასამართლოში სამსახურებრივ საკითხებზე გამოცემული ბრძანება.

ვინაიდან მოცემული კანონი არ ითვალისწინებს 127-ე მუხლით დადგენილი ერთთვიანი ვადის ათვლის წესს, ამ ვადის ათვლა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. საქართველოს სკ-ს 130-ე მუხლის თანახმად, მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ ისე მიიჩნია გაშვებულად სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა, რომ არ გაურკვევია,Uთუ როდის გახდა მოსარჩელისათვის ცნობილი სამსახურიდან განთავისუფლების 2001წ. 15 ივნისის ბრძანების შესახებ, იგი ასრულებდა თუ არა სამსახურებრივ მოვალეობას ბრძანების ჩაბარებამდე ანუ 2001წ. 25 ივნისამდე. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 1999წ. 12 ნოემბრის განჩინებაზე დაფუძნებული სასამართლო პრაქტიკა “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონიდან გამომდინარე დავების სამოქალაქო საპროცესო წესებით განხილვის თაობაზე შეიცვალა და ამ კატეგორიის საქმეთა განხილვა წარმოებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის “ბ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანს შეიძლება წარმოადგენდეს ადმინისტრაციული გარიგების დადება ან შესრულება.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოა ყველა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანო ან დაწესდებულება. მოცემულ დავაში მოპასუხე შსს სამინისტრო წარმოადგენს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოს და ამდენად იგი არის ადმინისტრაციული ორგანო. ამავე მუხლის, ამავე პუნქტის “ზ” ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული გარიგება არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ფიზიკურ პირთან დადებული სამოქალაქო სამართლებრივი გარიგება.

კონკრეტულ შემთხვევაში სახეზე გვაქვს ადმინისტრაციულ ორგანოსთან ვადიანი საჯარო სამართლებრივი შრომითი ურთიერთობა, ხოლო დავის საგანია ადმინისტრაციული გარიგების-ვადიანი საჯარო შრომითი ურთიერთობის დადება შეწყვეტა, რაც ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მეორე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ადმინისტრაციული წესით განსჯად საქმეს განეკუთვნება და იგი განხილული უნდა იქნეს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით.

დავის განხილვა და გადაწყვეტა კი უნდა მოხდეს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის ნორმების შესაბამისად.

სსკ-ს 393-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სამართლის ნორმები დარღვეულად ითვლება, თუ სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა ან გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა.

“საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-20-ე მუხლით განსაზღვრულია საოლქო სასამართლოს კოლეგიები და პალატები, მათი შემადგენლობის ფორმირების წესი, მოსამართლის სხვა კოლეგიის ან პალატის მიერ საქმის განხილვაში მონაწილეობა. ამ წესის დარღვევით სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის არა განსჯადი საქმის განხილვა შესაბამისად იწვევს საქმის განმხილველი სასამართლოს არაკანონიერ შემადგენლობას, რაც სსკ-ს 394-ე მუხლის “ა” პუნქტის შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია.

სააპელაციო სასამართლოს სრულყოფილად არ აქვს გამოკვლეული საქმის ფაქტობრივი გარემოებები რის გამოც საკასაციო სასამართლო ვერ მიიღებს ახალ გადაწყვეტილებას. საქმე ხელახალი განხილვისათვის უნდა დაუბრუნდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციულ, საგადასახადო და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ე. ს.-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 6 თებერვლის გადაწყვეტილება და საქმე განსახილველად დაუბრუნდეს თბილისის საოლქო

სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა

სააპელაციო პალატას.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.