¹3კ-534-02 14 ივნისი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. წიქვაძე (თავმჯდომარე),
მ. გოგიშვილი, რ. ნადირიანი
დავის საგანი: ფულადი ვალდებულების შესრულება.
აღწერილობითი ნაწილი:
სს “ე-ის” ლიკვიდატორმა ი. გ-იამ სასარჩელო განცხადებით მიმართა სასამართლოს. მოსარჩელემ მიუთითა, რომ 2000წ. 1 ივნისს ბანკსა და მოქალაქე ჯ. კ-ძეს შორის დაიდო ¹36 საკრედიტო ხელშეკრულება, რომლითაც ჯ. კ-ძემ სესხის სახით მიიღო 3000 აშშ დოლარი ორი თვის ვადით 5%-ის სარგებლის დარიცხვით. სესხის უზრუნველყოფის მიზნით მოპასუხის მიერ წარმოდგენილი იქნა სს “პ-ეს” 2000წ. 31 მაისის საგარანტიო წერილი. ასევე გირაოში ჩაიდო ჯ. კ-ძის კუთვნილი ავტომანქანა “მერსედეს-ბენცი”, მაგრამ სესხის გაცემის შემდეგ აღნიშნული ავტომანქანა დადგენილი წესის შესაბამისად არ გადაეცა მოსარჩელეს, რის გამოც ვერ მოხერხდა სარჩელის დროული უზრუნველყოფა.
მოსარჩელემ განმარტა რომ 2000წ. 12 დეკემბრისათვის მოპასუხის მიერ დაფარული იქნა მხოლოდ 1045 აშშ დოლარი და სესხის სარგებლობისათვის პროცენტი 355 აშშ დოლარი, სულ 2000 აშშ დოლარი. 2001წ. 1 მაისის მდგომარეობით ჯ. კ-ძის დავალიანებამ შეადგინა 3510 აშშ დოლარი. მოსარჩელემ მიუთითა, რომ მიუხედავად არაერთგზის გაფრთხილებისა ჯ. კ-ძე და სს “პ-ე” უარს აცხადებენ ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა ჯ. კ-ძეზე და სს “პ-ეზე” 3510 აშშ დოლარის სოლიდარულად დაკისრება.
თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2001წ. 12 ივლისის გადაწყვეტილებით სს “ე-ის” სარჩელი ჯ. კ-ძის და სს “პ-ის” მიმართ დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს დაეკისრათ სს “ე-ის” სასარგებლოდ 3510 აშშ დოლარის სოლიდარულად გადახდა. სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია ის ფაქტი, რომ სს “ე-ს” და მოპასუხე ჯ. კ-ძეს შორის წარმოიშვა სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე მუხლებით გათვალისწინებული ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობა. კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. კანონის ეს მოთხოვნა დარღვეულია ჯ. კ-ძის მხრიდან, რის გამოც მოვალე პასუხისმგებელია კრედიტორის წინაშე. ამასთან, კრედიტორი ხელშეკრულების 2.2 მუხლით უფლებამოსილია მოითხოვოს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დადგენილი პროცენტი.
სასამართლომ ასევე განმარტა, რომ სს “პ-ეს” ჯ. კ-ძესთან ერთად საგარანტიო წერილით ნაკისრი აქვს კრედიტორის წინაშე ვალდებულების შეუსრულებლობისათვის პასუხისმგებლობა. საგარანტიო წერილის მეოთხე მუხლით სს “პ-ის” მიერ სესხზე ნაკისრი ვალდებულება წარმოადგენს საკმაო საფუძველს მისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებისათვის.
სს “პ-ემ” რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა სააპელაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით 3510 აშშ დოლარის მხოლოდ ჯ. კ-ძისათვის დაკისრება.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 18 იანვრის განჩინებით სს “პ-ის” სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2001წ.. 12 ივლისის გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ რაიონულმა სასამართლომ სწორად შეაფასა საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები და სწორად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლი, როდესაც სს “პ-ის” საგარანტიო წერილი მიიჩნია თავდებობის ხელშეკრულებად, ვინაიდან თავდების მიერ ნაკისრი ვალდებულებები სრულ საფუძველს იძლევა იმის დასადასტურებლად, რომ თავდებმა სოლიდარული პასუხისმგებლობა იკისრა.
სააპელაციო პალატის განჩინება სს “პ-ემ” გაასაჩივრა საკასაციო წესით. კასატორმა მიუთითა, რომ გასაჩივრებული განჩინება დაუსაბუთებელია იმ ნაწილში, რომლითაც საგარანტიო წერილი შეფასებული იქნა ხელშეკრულებად. კასატორის აზრით წერილი არ შეიძლება იყოს ხელშეკრულება, არამედ იგი ინფორმაციული სახის დოკუმენტია და არა გარანტია. საინფორმაციო წერილის მიღების შემდეგ ბანკი ვალდებული იყო გაეფორმებინა საგარანტიო ხელშეკრულება ან ხელშეკრულება, რათა საზოგადოებისათვის ცნობილი ყოფილიყო რა თანხის ფარგლებში უნდა გაფორმებულიყო სესხის ხელშეკრულება, საკმარისი იყო თუ არა საზოგადოების ძირითადი საშუალებები და მატერიალური ფასეულობები სესხის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად.
კასატორმა მიუთითა, რომ სასამართლომ არასწორად შეაფასა მტკიცებულებები და საინფორმაციო საგარანტიო წერილი ჩათვალა თავდებობად და არა გარანტიად, როგორც ეს წერილის სათაურშია მითითებული.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც არ დაკმაყოფილდება “ე-ის” სარჩელი სს “პ-ეზე” 9510 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობით და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენით მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის თანახმად ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან.
საქმეში წარმოდგენილია 2000წ. 31 მაისის საგარანტიო წერილი, რომლითაც სს “პ-ე” ჯ. კ-ძის მიერ აღებულ სესხზე სს “ე-ს” გარანტიას აძლევს სესხის დაფარვაზე, რომელიც გაიცემა სს “ე-ის” მიერ 2000წ. 31 მაისიდან სრულ დაფარვამდე თანხით 3000 აშშ დოლარი. იმ შემთხვევაში, თუ სესხის მიმღებმა მასზე დაკისრებული ვალდებულების თანახმად ვერ უზრუნველყო სესხის თავისდროული დაფარვა, კომერციულ ბანკს სს “პ-ემ” მისცა უფლება მოახდინოს სესხის დაფარვა, სესხით სარგებლობისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროცენტის ჩათვლით თავისი განკარგულებით მათი ანგარიშსწორების ანგარიშიდან რომელიც გახსნილია სს “ე-ში”. იმ შემთხვევაში თუ გარანტიის მიმცემ ორგანიზაციას სესხის დაბრუნების მომენტისათვის ანგარიშსწორების ანგარიშზე არ აქვს მთლიანი თანხა, მაშინ კომერციულ ბანკს უფლება აქვს გარანტიის მიმცემი ორგანიზაციის კუთვნილი ძირითადი საშუალებები და მატერიალური ფასეულობები მიმართოს სესხის სარგებლობის პროცენტის დასაფარავად. გარანტიის მოქმედების ვადა შეწყვეტილი იქნება სესხისა და საპროცენტო განაკვეთის სრული დაფარვის შემდეგ.
საკასაციო პალატა იზიარებს წინა ინსტანციების სასამართლოების მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ აღნიშნული საგარანტიო წერილი წარმოადგენს თავისი შინაარსით ხელშეკრულებას. სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის თანახმად ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ამავე კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წააყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ საოლქო სასამართლომ სწორად შეაფასა საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები და გასაჩივრებული განჩინება მიღებულია მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით, რის გამოც არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
სს “პ-ის” საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 18 იანვრის განჩინება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.