Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ-535-02 3 ივლისი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),

მ. ახალაძე, მ. ცისკაძე

დავის საგანი: ბინით სარგებლობისათვის საზღაურის გადახდევინება.

აღწერილობითი ნაწილი:

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ 2000წ. 11 აპრილს გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლითაც გ. ს-შვილი გამოასახლა მისი ძმის _ ა. ს-შვილის კუთვნილი ბინიდან. იმავე გადაწყვეტილებით მისი აღსრულება გადავადდა ¹621 საბინაო-სამშენებლო კოოპერატივში მოპასუხის ოროთახიანი მშენებარე ბინის ექსპლუატაციაში მიღებამდე. გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში.

2001წ. 1 მარტს ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა ა. ს-შვილმა, რომელშიც მიუთითა, რომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით მას შეეზღუდა თავისი საკუთრებით სარგებლობის უფლება; კოოპერატივის მშენებლობა, უსახსრობის გამო, შეჩერებულია 1991 წლიდან გაურკვეველი ვადით. მოსარჩელემ მოითხოვა გ. ს-შვილისათვის 100 აშშ დოლარის დაკისრება ბინის ქირის სახით; მოგვიანებით მან შეამცირა მოთხოვნა და მოითხოვა 50 ლარის დაკისრება მოპასუხისათვის.

თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001წ. 15 მაისის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ა. ს-შვილის სარჩელი. ამ უკანასკნელმა სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით ა. ს-შვილის საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001წ. 15 მაისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ა. ს-შვილის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: გ. ს-შვილს ა. ს-შვილის სასარგებლოდ 2001წ. 1 მარტიდან დაეკისრა ბინით სარგებლობისათვის ყოველთვიურად 50 ლარის გადახდა.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარეთა შორის წარმოშობილი ურთიერთობა წარმოადგენს სკ-ს 253-ე მუხლით დადგენილ ურთიერთობას _ პირად სერვიტუტს ამავე კოდექსის 247-ე მუხლით გათვალისწინებული პირობით;

გ. ს-შვილმა საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება და მოითხოვა მისი გაუქმება იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლომ სათანადოდ არ შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, დარღვეულია სსკ-ს 393-ე მუხლის მეორე ნაწილის “ბ” პუნქტისა და ამავე კოდექსის 394-ე მუხლის “ე” პუნქტის მოთხოვნები.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საკასაციო საჩივარს, საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობა და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2000წ. 11 აპრილის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით გ. ს-შვილი გამოსახლებულ იქნა მისი ძმის, ა. ს-შვილის კუთვნილი ბინიდან და გადაწყვეტილების აღსრულება გადავადდა ¹621-ე საბინაო-სამშენებლო კოოპერატივში მოპასუხის ოროთახიანი მშენებარე ბინის ექსპლუატაციაში მიღებამდე.

პალატა იზიარებს კასატორის მოტივაციას, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად ჩათვალა მხარეთა შორის წარმოშობილი ურთიერთობა პირად სერვიტუტად. სკ-ს 253-ე მუხლის I ნაწილის მიხედვით, უძრავი ნივთი შეიძლება ამა თუ იმ პირის სასარგებლოდ სერვიტუტით დაიტვირთოს ამავე კოდექსის 247-ე მუხლში გათვალისწინებული პირობით. ამგვარი დატვირთვა შეიძლება იმაში მდგომარეობდეს, რომ უფლებამოსილ პირს მესაკუთრის გამორიცხვით შეუძლია შენობა ან შენობის ნაწილი თავისთვის ან თავისი ოჯახისათვის გამოიყენოს ბინად; როგორც წესი სერვიტუტის არსებობა იურიდიულად მაშინაა შესაძლებელი, როცა ურთიერთობის მონაწილეები მესაკუთრეები არიან. სკ-ს 247-ე მუხლის I ნაწილის მიხედვით მიწის ნაკვეთი ან სხვა უძრავი ქონება შეიძლება სხვა მიწის ნაკვეთის ან სხვა უძრავი ქონების მესაკუთრის სასარგებლოდ ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული), რომ ამ მესაკუთრეს უფლება ჰქონდეს ცალკეულ შემთხვევაში ისარგებლოს ამ ნაკვეთით. პირადი სერვიტუტით მიწის ნაკვეთის ან სხვა უძრავი ქონების დატვირთვა იმ პირის სასარგებლოდ, რომელიც არაა მესაკუთრე, კანონით შესაძლებელია, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ მას გააჩნია სხვა უძრავი ნივთის ფლობის სამართლებრივი საფუძველი (მაგ: იჯარა და სხვა); განსახილველ შემთხვევაში გ. ს-შვილი არ შეიძლება, მივიჩნიოთ მხარედ, რომელსაც აქვს სადავო ბინისადმი საკუთრებით შეზღუდული სარგებლობის უფლება, ვინაიდან მას არ გააჩნია უძრავი ნივთი საკუთრებაში ან სხვა სამართლებრივი საფუძვლით მფლობელობაში, რაც განაპირობებდა სხვისი, მოცემულ შემთხვევაში, ა. ს-შვილის საკუთრებით სარგებლობის იურიდიულ ინტერესს;

პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება სამართლებრივად დაუსაბუთებელია, რაც სსკ-ს 394-ე მუხლის “ე” პუნქტის თანახმად გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.

ვინაიდან საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები შეკრებილია, პალატას მიზანშეწონილად მიაჩნია გადაწყვეტილების მიღება;

პალატა თვლის, რომ, გ. ს-შვილი ამჟამად სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების გადადების გამო, ე.ი. სამართლებრივ საფუძველზე ახორცილებს სადავო ნივთის ფლობას, ვინაიდან მხარეთა შორის შეთანხმება რაიმე გარიგების დადების შესახებ არ ყოფილა, არ არსებობს ა. ს-შვილის სასარჩელო მოთხოვნის _ გ. ს-შვილზე ბინის ქირის დაკისრების სამართლებრივი საფუძველი. მოსარჩელე ა. ს-შვილს უფლება აქვს შესთავაზოს მოპასუხე გ. ს-შვილს ბინის ქირავნობის ხელშეკრულების დადება ან მოითხოვოს სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების გადადების გაუქმება.

კასატორ გ. ს-შვილის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 30 ლარი, სსკ-ს 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უნდა დაეკისროს მოსარჩელე ა. ს-შვილს.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

გ. ს-შვილის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 26 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.

ა. ს-შვილის სარჩელი მოპასუხე გ. ს-შვილზე ბინის ქირის დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდეს.

ა. ს-შვილს დაეკისროს გ. ს-შვილის სასარგებლოდ 30 ლარის გადახდა.

გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.