¹ ბს-22-2-კ-0524 იანვარი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),
მ. ვაჩაძე (მომხსენებელი),
გ. ქაჯაია
დავის საგანი: დაუსაბუთებელი ქონების ჩამორთმევა და სახელმწიფოსათვის გადაცემაზე უარის თქმა.
აღწერილობითი ნაწილი:
2004წ. 17 სექტემბერს აჭარის ა/რ პროკურორმა სარჩელით მიმართა აჭარის ა/რ უმაღლეს სასამართლოს და მ. ც.-ისა და მ. მ.-ის ქონების დაუსაბუთებლად ცნობა და სახელმწიფოსათვის გადაცემა მოითხოვა.
მოსარჩელე სარჩელში მიუთითებდა, რომ პროკურატურის წარმოებაში იყო სისხლის სამართლის საქმე მ. ც.-ის მიმართ და არსებობდა გარემოებები, რომლებიც პროკურატურას აძლევდა საფუძველს, ევარაუდა, რომ თანამდებობის პირის _ მ. ც.-ისა და მისი ოჯახის წევრების მფლობელობაში იმყოფებოდა უკანონო და დაუსაბუთებელი ქონება, რაც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 371-ე მუხლის შესაბამისად, სარჩელის აღძვრის საფუძველს წარმოადგენდა.
მოსარჩელემ სარჩელით შემდეგი ქონების დაუსაბუთებლად ცნობა მოითხოვა:
მ. ც.-ის კუთვნილი:
საცხოვრებელი სახლი ბათუმში, ..., ღირებული 80000 ლარად;
ავტომანქანა “მიცუბიში-პაჯერო”, ღირებული 25000 ლარად;
მ. ც.-ის ოჯახის წევრის (მეუღლე) _ მ. მ.-ის კუთვნილი:
1. საცხოვრებელი ბინა ბათუმში, ..., ღირებული 80000 ლარად;
2. საცხოვრებელი ბინა ბათუმში, ..., ღირებული 105000 ლარად;
3. საცხოვრებელი სახლი ხულოს რაიონის კურორტ ...-ში, ღირებული 10000 ლარად.
აჭარის ა/რ პროკურატურა სარჩელის საფუძვლად იმ გარემოებებზე მიუთითებდა, რომ მ. ც.-ე 1998წ. 3 აგვისტოდან 2004წ. 10 ივნისამდე ფინანსთა სამინისტროს საბაჟო გამშვები პუნქტი “...-ის” ... სექტორის უფროსად მუშაობდა მას თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში ხელფასის სახით მიღებული ჰქონდა შემოსავალი მხოლოდ 16 467 ლარის ოდენობით, მას და მისი ოჯახის წევრებს სხვა კანონიერი შემოსავალი არ გააჩნდათ საიმისოდ, რათა სადავო ქონების შეძენა შეძლებოდათ.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2004წ. 11 ოქტომბრის გადაწყვეტილებით აჭარის ა/რ პროკურორის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: მოსარჩელეს უარი ეთქვა მ. ც.-ის სახელზე რიცხული საცხოვრებელი სახლის, მდებარე ..., ჩამორთმევის ნაწილში. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხეს ქონების უკანონო და დაუსაბუთებელი სახსრებით გაუმჯობესებისათვის 30 000 ლარის ოდენობით კომპენსაცია უნდა დაკისრებოდა. ამავე გადაწყვეტილებით უარი ეთქვა მოსარჩელეს მოპასუხე მ. მ.-ის სახელზე რიცხული ქ. ბათუმში, ... მდებარე ბინა ¹57-ის ჩამორთმევაზე და მას ქონების გაუმჯობესებისათვის კომპენსაციის სახით 20 000 ლარი დაეკისრა. ჩამორთმევას დაექვემდებარა მ. ც.-ის კუთვნილი ავტომანქანა “მიცუბიში-პაჯერო”, და მ. მ.-ის სახელზე რიცხული ბინა 3-4, მდებარე ... და დასასვენებელი სახლი კურორტ ...-ში
ზემოხსენებული გადაწყვეტილება მ. ც.-ისა და მ. მ.-ის წარმომადგენელმა ი. კ.-მ საკასაციო წესით გაასაჩივრა და მიუთითა, რომ ქონების გაუმჯობესებისათვის კომპენსაცია მოსარჩელეს არ მოუთხოვია და აღნიშნულს არც მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებდა, სასამართლო კი გასცდა მოთხოვნის ფარგლებს და მოპასუხეს დააკისრა ის, რაც სარჩელში მოთხოვნილი არ ყოფილა.
კასატორმა, საბოლოოდ, მიღებული გადაწყვეტილების სრულად გაუქმება და პროკურატურის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
სამოტივაციო ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება_დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნევს, რომ მ. ც.-ისა და მ. მ.-ის წარმომადგენლის _ ი. კ.-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2004წ. 11 ოქტომბრის გადაწყვეტილება მ. მ.-ისათვის ქ. ბათუმში, ... მდებარე ბინა 57-ის გაუმჯობესებისავის 20 000 ლარის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სსკ-ის დებულებანი.
საკასაციო სასამართლო, უპირველეს ყოვლისა, მხარეთა ყურადღებას მიაქცევს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლით დადგენილ ტერმინთა განმარტებაზე და მიიჩნევს შემდეგს:
ხსენებული მუხლის “ე” ქვეპუნქტის თანახმად, უკანონოდ ითვლება ქონება, აგრეთვე, ამ ქონებიდან მიღებული შემოსავალი, აქციები (წილი), რომლებიც თანამდებობის პირს, მისი ოჯახის წევრს, ახლო ნათესავს ან დაკავშირებულ პირს მოპოვებული აქვთ კანონის მოთხოვნათა დარღვევით, ხოლო დაუსაბუთებლად მიიჩნევა ქონება, აგრეთვე, ამ ქონებიდან მიღებული შემოსავალი, აქციები (წილი), რომელთა კანონიერი საშუალებებით მოპოვების დამადასტურებელი დოკუმენტები თანამდებობის პირს, მისი ოჯახის წევრს ან ახლო ნათესავს არ გააჩნიათ.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ პროკურატურის მიერ სარჩელში მითითებული ქონება თავისი არსით დაუსაბუთებელია, რის გამოც განჩინებაში გამოყენებულ უნდა იქნეს ტერმინი: “დაუსაბუთებელი ქონება”, რადგან, როგორც “უკანონო ქონების” დეფინიციიდან იკვეთება, ქონების უკანონო გზით მოპოვება-მითვისება დადასტურებულ უნდა იყოს კანონით დადგენილი წესით _ სასამართლო გადაწყვეტილების შესაბამისად, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს.
სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. ვინაიდან საკასაციო სასამართლოში მხარეებს დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენიათ, ამდენად, დამტკიცებულად ითვლება შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
მ. ც.-ე 1998წ. 3 აგვისტოდან 2004წ. 10 ივნისამდე ფინანსთა სამინისტროს საბაჟო გამშვები პუნქტი “...-ის” საგადასახადო სექტორის უფროსად მუშაობდა და მას თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში ხელფასის სახით მიღებული ჰქონდა შემოსავალი მხოლოდ 16467 ლარის ოდენობით. მასა და მისი ოჯახის წევრებს სხვა კანონიერი შემოსავალი არ გააჩნდათ.
“ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ” 2004წ. 25 აგვისტოს დადგენილებით, სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილისა და მე-3 ნაწილის “ა” პუნქტის საფუძველზე, მ. ც.-ე დანაშაულში ბრალდებულად იქნა ცნობილი. სარჩელი სასამართლოში პროკურატურის მიერ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 371-ე მუხლის საფუძველზე იქნა წარდგენილი.
2004წ. 22 სექტემბრის ¹09-პ/45 აუდიტორული დასკვნის თანახმად, მ. ც.-ის, მისი ოჯახის წევრების, ახლო ნათესავების და მათთან დაკავშირებული პირების კუთვნილი საცხოვრებელი სახლების, ბინების, სატრანსპორტო საშუალებების, საზოგადოებებში წილებისა და აქციების ღირებულება სულ 260000 ლარს შეადგენდა.
ზემოთქმული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2004წ. 11 ოქტომბრის გადაწყვეტილება მ. ც.-სა და მ. მ.-ზე რიცხული ქონების დაუსაბუთბელად ცნობის თაობაზე კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად, გარდა გადაწყვეტილების იმ ნაწილისა, რომლითაც მ. მ.-ს ბათუმში, ... მდებარე ¹57 ბინის დაუსაბუთებელი თანხებით გაუმჯობესებისათვის კომპენსაციის სახით დაეკისრა 20 000 ლარის გადახდა. აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო განმარტავს შემდეგს:
როგორც საქმის მასალებით დადგენილია, 2002წ. 5 ნოემბრის ¹1-2885 ჩუქების ხელშეკრულებით, ბათუმში, ... მდებარე ბ.57 ს. მ.-ემ უსასყიდლოდ გადასცა შვილს _ მ. მ.-ეს. მართალია, ს. მ.-ის მიერ გაჩუქებული ნივთი შეფასებულ იქნა 4761 ლარად, მაგრამ საქმეში მოიპოვება ხსენებული სახლის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება, რომლითაც დასტურდება, რომ ს. მ.-ის მიერ შესყიდული ბინა 45000 ლარად შეფასდა. ამრიგად, სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ქონების რეალური ღირებულება 4761 ლარი ვერ იქნებოდა. აღნიშნული თანხა ს. მ.-ის მიერ იყო მითითებული. ზემოთქმულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბათუმში, ... მდებარე ბ.57-ის გაუმჯობესებისათვის კომპენსაციის სახით 20000 ლარის დაკისრება უსაფუძვლოა, რადგან 2004წ. 22 სექტემბრის ¹09-პ/45 აუდიტორული დასკვნის თანახმად, მისი ღირებულება დავის პერიოდში 40000 ლარი იყო. მ. მ.-ეზე რიცხული სადავო სახლის საბაზრო ღირებულება არ გაზრდილა, შესაბამისად, ხსენებული ქონების დაუსაბუთებელი გაუმჯობესებაც არ დასტურდება.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერია, რადგან მოპასუხეებმა ვერ შეძლეს დაესაბუთებინათ სადავო ქონების ფინანსური წყარო, რაც, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, იძლევა საფუძველს, რათა მითითებული ქონება ჩაითვალოს დაუსაბუთებლად და დაექვემდებაროს სახელმწიფოსათვის გადაცემას.
საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორის მოსაზრებას და მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ მოპასუხის ქონების შეძენის წყარო ნაწილობრივ დასტურდება, სახელმწიფოს უბრუნდება მოპასუხის ქონების ის ნაწილი, რომლის დასაბუთებულობას მოპასუხე სასამართლო წესით ვერ დაადასტურებს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ შეუძლებელია მოპასუხის დაუსაბუთებელი ქონების პირვანდელი მდგომარეობით სახელმწიფოსათვის დაბრუნება, მოპასუხეს დაეკისრება ამ ქონების ეკვივალენტური ფულადი თანხის გადახდა. ამდენად, სასამართლო კოლეგია უფლებამოსილი იყო, სადავო ქონების დაუსაბუთებელი გაუმჯობესებისათვის მოპასუხისათვის შესაბამისი კომპენსაცია დაეკისრებინა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ი. კ.-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, უნდა გაუქმდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2004წ. 11 ოქტომბრის გადაწყვეტილება მ. მ.-ისათვის ქ. ბათუმში, ... მდებარე ბინა 57-ის გაუმჯობესებისათვის 20000 ლარის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს, ხოლო დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 410-ე, 411-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი. კ.-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2004წ. 11 ოქტომბრის გადაწყვეტილება მ. მ.-ისათვის ქ. ბათუმში, ... მდებარე ბინა 57-ის გაუმჯობესებისათვის 20 000 ლარის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
3. დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად;
4. მ. ც.-ს დაეკისროს სახელმწიფო ბაჟი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 5000 ლარის ოდენობით;
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.