Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ-537-02 10 ივლისი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),

მ. ცისკაძე, მ. ახალაძე

დავის საგანი: სამკვიდრო ქონების გაყოფა (სარჩელში). მკურნალობის და დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურება (შეგებებულ სარჩელში).

აღწერილობითი ნაწილი:

ო. გ-ძე და ლ. ხ-ასი მეუღლეები იყვნენ. ო. გ-ძის შვილები არიან მ. და ბ. გ-ძეები. მას ლ. ხ-ასთან შვილი არ შესძენია. ო. გ-ძე გარდაიცვალა 1998 წელს. ო. გ-ძემ კუთვნილი საცხოვრებელი სახლი, მდებარე ... ქ.თბილისში, 1998წ. 17 აგვისტოს უანდერძა მეუღლე - ლ. ხ-ასს და შვილს _ მ. გ-ძეს თანაბარ წილად. ბ. გ-ძე ცნობილ იქნა სავალდებულო წილზე მემკვიდრედ. ლ. ხ-ასმა საცხოვრებელი სახლის კუთვნილი 5/12 იდეალური წილიდან 5/24 წილი აჩუქა ძმისშვილს, ი. ხ-ასს, ხოლო 5/24 წილი კი _ ძმისშვილ დ. ხ-ასს. ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროში სადავო საცხოვრებელი სახლის მესაკუთრეებად რეგისტრირებული არიან: 5/24 წილზე ი. ხ-ასი, დ. ხ-ასი _ 5/24 წილზე; მ. გ-ძე _ 5/12 წილზე და ბ. გ-ძე _ 2/12 წილზე.

მ. და ბ. გ-ძეებმა სარჩელი აღძრეს სასამართლოში მოპასუხეების: ი. და დ. ხ-ასების მიმართ და მოითხოვეს ქ.თბილისში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლიდან და ეზოდან იდეალური წილის შესაბამისად რეალური წილების გამოყოფა. შეგებებული სარჩელით ი. და დ. ხ-ასების წარმომადგენელმა ლ. ხ-ასმა მოითხოვა აწ გარდაცვლილი ო. გ-ძის მკურნალობის, დაკრძალვისა და სასაფლაოს მოწყობის ხარჯების ანაზღაურება და მოპასუხეებისათვის, მ. და ბ. გ-ძეებისათვის, 3530 ლარის დაკისრება.

ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულმა სასამართლომ 2000წ. 21 ივნისის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა ბ. და მ. გ-ძეების სარჩელი: მათ უარი ეთქვათ მამის, ო. გ-ძის, 1998წ. 17 აგვისტოს ანდერძის ბათილად ცნობაზე უსაფუძვლობის გამო. მ. გ-ძეს გამოეყო ქ.თბილისში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლიდან მარცხენა მხარეს 5/12 იდეალური წილი, ასევე, მოძრავი ქონებიდან ამ დღისათვის არსებული სამეული, მაგიდა, სკამები და წიგნები. ბ. გ-ძეს გამოეყო იგივე ბინიდან მარცხენა მხარეს 7/12 ნაწილიდან სავალდებულო სამემკვიდრეო 2/12 წილი, ლ. ხ-ასს გამოეყო იგივე ბინიდან მარჯვენა მხარეს 5/12 იდეალური წილი ყველა იმ დამხმარე სათავსით, რომლებიც განლაგებულია სახლის მარჯვენა მხარეს. ეზო ანდერძისმიერ მემკვიდრეებს დარჩათ საერთო სარგებლობაში. მოსარჩელეებს უსაფუძვლობის გამო უარი ეთქვათ დ. ხ-ასის სახელზე 1998წ. 18 აგვისტოს გაცემული გენერალური მინდობილობის გაუქმებაზე შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მ. და ბ. გ-ძეებმა.

სააპელაციო საჩივარი შეტანილ იქნა ი. და დ. ხ-ასების მიერაც.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 27 დეკემბრის გადაწყვეტილებით მ. და ბ. გ-ძეების სააპელაციო საჩივარზე შეწყდა წარმოება იდეალური წილების რეალურად გამოყოფის მოთხოვნის ნაწილში. დანარჩენ ნაწილში უარი ეთქვათ სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

ი. და დ. ხ-ასების წარმომადგენელი ლ. ხ-ასის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2000წ. 21 ივნისის გადაწყვეტილების მეშვიდე პუნქტი და ახალი გადაწყვეტილებით ამ ნაწილში შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

ი. და დ. ხ-ასების სასარგებლოდ მ. გ-ძეს დაეკისრა 1468 ლარისა და 75 თეთრის გადახდა, ხოლო ბ. გ-ძეს 587 ლარისა და 50 თეთრის გადახდა.

ი. და დ. ხ-ასების სასარგებლოდ მ. და ბ. გ-ძეებს დაეკისრათ სახელმწიფო ბაჟის _ 61 ლარის და 68 თეთრის გადახდა.

სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგ მოტივებს: საქმის მასალებში წარმოდგენილია სასაფლაოს გამგის მიერ გაცემული ცნობა, რომ ლ. ხ-ასმა გადაიხადა სასაფლაოს მოწყობაში 3450 ლარი. წარმოდგენილია ასევე ცნობები გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის თაობაზე, სულ _ 75 ლარის ღირებულების. მ. გ-ძეს არ წარმოუდგენია სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების გასაქარწყლებლად შესაგებელი; სსკ-ს 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებს და შესაგებელს.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხის მიერ აწ გარდაცვლილ ო. გ-ძის მკურნალობისა და დაკრძალვის ხარჯები შეადგენს 3525 ლარს (3450 ლარი + 75 ლარი). ვინაიდან აღნიშნული ხარჯები მთლ.დ გაიღო ლ. ხ-ასმა, სკ-ს 1334-ე მუხლის თანახმად დანარჩენმა მემკვიდრეებმა უნდა გადაუხადონ მიღებული სამკვიდრო წილის პროპორციულად მოპასუხეს აწ გარდაცვლილი ო. გ-ძის მკურნალობისა და დაკრძალვის ხარჯები ბ. გ-ძემ _ 3525 ლარის 2/12, რაც შეადგენს 587,5 ლარს, მ. გ-ძემ _ 3525 ლარის 5/12, რაც შეადგენს 1468,75 ლარს.

მ. და ბ. გ-ძეებმა საკასაციო საჩივრით მოითხოვეს სააპელაციო პალატის 2001წ. 27 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება მათთვის თანხის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილებით ი. და დ. ხ-ასების შეგებებულ სარჩელზე უარის თქმა. საკასაციო საჩივრის მოტივს წარმოადგენს ის, რომ საქმეში წარმოდგენილი ცნობით ირკვევა, რომ სასაფლაოს მოწყობის ხარჯები გაიღო ლ. ხ-ასმა, სასამართლომ კი არასათანადო მოსარჩელეების, ი. და დ. ხ-ასების, სასარგებლოდ დააკისრა თანხის გადახდა კასატორს, ამით სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სსკ-ს 84-ე მუხლის პირველი ნაწილი. ასევე, არასწორად განმარტა სასამართლომ სკ-ს 1334-ე მუხლი, რომელიც ითვალისწინებს მხოლოდ ავადმყოფის მკურნალობას, მოვლას, დაკრძალვის აუცილებელი ხარჯების გასტუმრებას. სასამართლომ არ გაითვალისწინა ის, რომ არავითარ საჭიროებას არ წარმოადგენდა რვაკაციანი საფლავის მოწყობა, თანაც გრანიტისა და ბაზალტის ქვებით.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

როგორც საქმის მასალებით ირკვევა, აწ გარდაცვლილი ო. გ-ძის მეუღლე იყო ლ. ხ-ასი. ლ. ხ-ასმა კუთვნილი წილი საცხოვრებელი სახლიდან აჩუქა ძმისშვილებს _ ი. და დ. ხ-ასებს. ი. და დ. ხ-ასების წარმომადგენელმა ლ. ხ-ასმა შეგებებული სარჩელი აღძრა სასამართლოში აწ გარდაცვლილი ო. გ-ძის შვილების, მ. და ბ. გ-ძეების, წინააღმდეგ და მოითხოვა მათთვის ო. გ-ძის მკურნალობის და დაკრძალვის ხარჯების დაკისრება. შეგებებულ სარჩელში მითითებულია, რომ აწ გარდაცვლილი ო. გ-ძის მკურნალობისა და დაკრძალვის ხარჯები გაიღეს ლ. ხ-ასმა და მისმა ძმამ, ი. და დ. ხ-ასების მამამ – გ. ხ-ასმა.

საკასაციო პალატა თვლის, რომ ი. და დ. ხ-ასების შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებისას სააპელაციო სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სკ-ს 1484-ე მუხლის პირველი ნაწილი. ამ ნორმის თანახმად მემკვიდრეები ვალდებულნი არიან მთლ.დ დააკმაყოფილონ მამკვიდრებლის კრედიტორთა ინტერესები, მაგრამ მიღებული აქტივის ფარგლებში თითოეულის წილის პროპორციულად. აღნიშნული მუხლი ადგენს მემკვიდრეთა პასუხისმგებლობას მამკვიდრებლის კრედიტორთა წინაშე; საკასაციო პალატას დასაბუთებულად მიაჩნია ბ. და მ. გ-ძეების საკასაციო საჩივრის მოტივი იმის შესახებ, რომ სააპელაციო სასამართლომ არასათანადო მოსარჩელეების, ი. და დ. ხ-ასების სასარგებლოდ, მათ დააკისრა გარდაცვლილი მამის მკურნალობისა და დაკრძალვის ხარჯების გადახდა. სააპელაციო სასამართლომ არ გაარკვია, ი. და დ. ხ-ასებმა პირადად გაიღეს თუ არა მამკვიდრებლის მკურნალობისა და დაკრძალვის ხარჯები. სსკ-ს 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

სააპელაციო სასამართლომ მოცემული საქმის განხილვისას დაარღვია სსკ-ს 84-ე მუხლის პირველი ნაწილი, არ გაარკვია და არ დაასაბუთა, ჰქონდათ თუ არა დ. და ი. ხ-ასებს მამკვიდრებლის მკურნალობისა და დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნის უფლება. თუ სასამართლო გაარკვევდა, რომ შეგებებული სარჩელი აღძრული იყო არა იმ პირების მიერ, რომლებსაც მოთხოვნის უფლება აქვთ, შეეძლო, მოსარჩელეთა თანხმობით საქმის შეუწყვეტლად შეეცვალა თავდაპირველი მოსარჩელეები სათანადო მოსარჩელით.

ყოველივე აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება ი. და დ. ხ-ასების შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში არ არის იურიდიულად დასაბუთებული, რის გამოც იგი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ე” პუნქტის თანახმად კანონის დარღვევით მიღებულად უნდა ჩაითვალოს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ბ. და მ. გ-ძეების საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 27 დეკემბრის გადაწყვეტილება გაუქმდეს ი. და დ. ხ-ასების შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ამ ნაწილში საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას.

პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.