Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№621აპ-24 თბილისი

კ. გ., 621აპ-24 25 სექტემბერი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 16 თებერვლის განაჩენზე ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ოლღა მერებაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, გ. კ-ეს ბრალად დაედო: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი (დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილით, 3 ეპიზოდი); ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ჯანმრთელობის დაზიანებისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში (დანაშაული, გათვალისწინებული 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით). აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგით:

· 2022 წლის მაისში ქ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ ზ--ში მდებარე საცხოვრებელ სახლში გ. კ-ემ თმის თრევით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თავისი ოჯახის წევრს, მეუღლეს – ნ. ც-ეს, რომელმაც განიცადა ფიზიკური ტკივილი.

· 2022 წლის 20 ნოემბერს ქ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ ზ--ში მდებარე საცხოვრებელ სახლში გ. კ-ემ სახის არეში ხელის დარტყმით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თავისი ოჯახის წევრს, მეუღლეს – ნ. ც-ეს, რომელმაც განიცადა ფიზიკური ტკივილი.

· 2022 წლის 10 სექტემბერს, დილის საათებში, ქ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ ზ--ში მდებარე საცხოვრებელ სახლში გ. კ-ემ ხელის არეში ხელების მოჭერით, ასევე – სახის არეში ხელისა და ბალიშის დარტყმით სხეულის დაზიანებები მიაყენა თავისი ოჯახის წევრს, მეუღლეს – ნ. ც-ეს, რომელმაც განიცადა ფიზიკური ტკივილი.

· 2022 წლის 10 სექტემბერს, დილის საათებში, ქ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ ზ--ში მდებარე საცხოვრებელ სახლში გ. კ-ემ ჯანმრთელობის დაზიანებითა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა თავისი ოჯახის წევრს, მეუღლეს – ნ. ც-ეს – რაც დაზარალებულმა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 7 ნოემბრის განაჩენით გ. კ-ე, ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (2022 წლის 20 ნოემბრისა და იმავე წლის მაისის ეპიზოდები) წარდგენილ ბრალდებებში; გ. კ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (2022 წლის 10 სექტემბრის ეპიზოდი) – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63–ე, 64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 2 წლის გამოსაცდელი ვადით, 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63–ე, 64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 2 წლის გამოსაცდელი ვადით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, გ. კ-ეს, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის საბოლოო სახედ და ზომად განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63–ე, 64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 2 წლის გამოსაცდელი ვადით; მასვე სასჯელის ვადაში ჩაეთვალა 2023 წლის 14 სექტემბრიდან იმავე წლის 24 ოქტომბრამდე პატიმრობაში ყოფნის დრო.

3. აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 16 თებერვლის განაჩენით დარჩა უცვლელად.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით პროკურორი ოლღა მერებაშვილი ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 16 თებერვლის განაჩენში ცვლილების შეტანას, გ. კ-ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (3 ეპიზოდი), 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მითითებული მუხლების სანქციით გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელის განსაზღვრას, რომელიც დაკავშირებული იქნება სასჯელის თავისუფლების აღკვეთის შესაბამის დაწესებულებაში მოხდასთან.

5. მსჯავრდებულ გ. კ-ის ადვოკატი მ. ც. შესაგებლით ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვებას.

6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა დაიშვას განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად მიიჩნევა, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება რომელიმე ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება ბრალდების საკასაციო საჩივრის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ განაჩენი უკანონო, დაუსაბუთებელი და უსამართლოა გ. კ-ის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (2022 წლის 20 ნოემბრისა და იმავე წლის მაისის ეპიზოდები) გამართლების ნაწილში. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, ერთი მხრივ, გადაწყვეტილება გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, ხოლო, მეორე მხრივ, სააპელაციო სასამართლოს განაჩენში ამომწურავად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ დადგინდა ბრალდების ამ ეპიზოდში გ. კ-ის ბრალეულობა.

9. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, უსაფუძვლოა კასატორის მოთხოვნა გ. კ-ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (2022 წლის 20 ნოემბრისა და იმავე წლის მაისის ეპიზოდები) წარდგენილი ბრალდებებით დამნაშავედ ცნობის შესახებ, ვინაიდან სააპელაციო სასამართლომ ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მსჯავრდებული სწორად ცნო უდანაშაულოდ მითითებულ ეპიზოდებში. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებში არ მოიპოვება ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა გ. კ-ის მიერ ოჯახის წევრზე ძალადობის ჩადენას, მხოლოდ დაზარალებულის ჩვენება კი არ არის საკმარისი ბრალდების ამ ეპიზოდებში გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.

10. სასჯელთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო კვლავაც იმეორებს, რომ სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს. მთავარია, არა დამნაშავის მკაცრად დასჯა, არამედ ის, რომ დანაშაულის შემთხვევა არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება იყოს დამნაშავის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მისი შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების ადეკვატური. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა სასჯელის განსაზღვრისას გაითვალისწინეს საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების მოთხოვნები, კერძოდ, ჩადენილ ქმედებათა ხასიათი და სიმძიმე (ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულები), პირის ინდივიდუალური მახასიათებლები (მსჯავრდებულის წარსული ცხოვრება, ნასამართლობის არქონა, დანაშაულის აღიარება და მონანიება), სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი, რაზე დაყრდნობითაც, მსჯავრდებულ გ. კ-ეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილითა (2022 წლის 10 სექტემბრის ეპიზოდი) და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის, დანაშაულთა ერთობლიობით, კანონიერი და სამართლიანი სასჯელი – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა – შეუფარდეს, თუმცა შემდეგ დადგენილი სასჯელი, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაუთვალეს პირობით მსჯავრად, პირობითად ჩათვლილი თავისუფლების აღკვეთა კი, თავისი თანმდევი შედეგების გათვალისწინებით, არ წარმოადგენს მსუბუქი სახის სასჯელს; პირობითი მსჯავრით მასზე დაკისრებული მოვალეობა და მისი დარღვევის შემთხვევაში მოსალოდნელი შედეგები, პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელ სასჯელთან ერთად, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

11. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად და ობიექტურად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები, მიღებული გადაწყვეტილება არის კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სააპელაციო სასამართლოს განაჩენში ამომწურავი პასუხები გაეცა პროკურორის საკასაციო საჩივარში (იგივე საფუძვლები იყო მითითებული სააპელაციო საჩივარშიც) მითითებულ მოტივებზე, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

12. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხების გაცემას. აღნიშნული ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, N49684/99, §30, 25/12/2001)). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ – ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება – არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „გოროუ საბერძნეთის წინააღმდეგ“ (Gorou v. Greece (No. 2) ECtHR, N 12686/03, §37, §41, 20/03/2009), „ქადაგიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020)).

13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პროკურორის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი, ვინაიდან კასატორის მიერ მითითებული საფუძვლები არ შეესაბამება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ რომელიმე წინაპირობას.

14. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ოლღა მერებაშვილის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნეს ცნობილი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ნ. სანდოძე