Facebook Twitter

¹3კ-539-02 13 ივნისი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),

მ. ახალაძე, მ. ცისკაძე

დავის საგანი: სამუშაოზე აღდგენა.

აღწერილობითი ნაწილი:

ა. ბ-ძე გლდანი-ნაძალადევის საგადასახადო ინსპექციის უფროსის 2000წ. 18 აგვისტოს ¹კ-84 ბრძანებით განთავისუფლდა ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის საგადასახადო ინსპექციის კონტროლის განყოფილების ...... თანამდებობიდან “საჯარო სამსახურის” შესახებ საქართველოს კანონის 96-ე მუხლის საფუძველზე.

საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2000წ. 15 ივნისის ¹103 ბრძანების შესაბამისად დადგენილ იქნა საგადასახადო ორგანობის შესარჩევი კონკურსის ჩატარების წესი. აღნიშნული ბრძანების საფუძველზე 2000წ. 5-6 აგვისტოს საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს მიერ ჩატარებულ იქნა მოხელეთა შესარჩევი კონკურსის პირველი ტური, ხოლო 11-16 აგვისტოს _ შესარჩევი კონკურსი თბილისის საგადასახადო ინსპექციებში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2000წ. 21 დეკემბრის გადაწყვეტილებით მას 255 მოსარჩელესთან ერთად ჩაბარებულად ჩაეთვალა საგადასახდო ორგანოების მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა და საგადასახადო ორგანოების მოხელეთა შესარჩევი კონკურსის ჩატარების წესის მეოთხე თავის თანახმად უფლება მიიღო მონაწილეობა მიეღო საკვალიფიკაციო გამოცდაზე გამარჯვებულ კანდიდატთა შესარჩევ კონკურსში.

2001წ. 16-18 თებერვალს ჩატარებული კონკურსის საბოლოო შედეგებით მან დააგროვა 38,5 ქულა. შემოსავლების სამინისტროს 2001წ. 25 თებერვლის სხდომის ოქმის საფუძველზე გავლილად ჩაეთვალა როგორც საკვალიფიკაციო გამოცდის პირველი ტური, ასევე _ შესარჩევი მეორე ტური. მიუხედავად აღნიშნულისა, სამინისტრომ მას უარი უთხრა სამსახურით დაკმაყოფილებაზე.

ა. ბ-ძემ სარჩელი შეიტანა ვაკე-საბურათლოს რაიონულ სასამართლოში და მოითხოვა, დაევალებინათ შემოსავლების სამინისტროსათვის მისი დაკმაყოფილება სამსახურით.

ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001წ. 11 ივლისის გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე მოსარჩელეს ეთქვა უარი. სასამართლომ მიიჩნია, რომ საკითხის გადაწყვეტა სასამართლო უწყების კომპეტენციას არ განეკუთვნება, ვინაიდან “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის I ნაწილის თანახმად აქვს შესაბამის დაწესებულებას, ხელმძღვანელს ან მის მიერ ამისათვის უფლებამოსილ პირს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 29 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება ემყარება შემდეგ საფუძვლებს: საგადასახადო შემოსავლების სამინისტრომ ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2000წ. 21 დეკემბრის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით ფორმალურად გამოაცხადა შესარჩევი კონკურსის მეორე ტური, რადგან არ არსებობდა ვაკანტური ადგილები, ხოლო “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 31-ე მუხლის თანახმად კონკურსი ცხადდება ვაკანტურ თანამდებობაზე. ამავე კანონის 34-ე მუხლით ვაკანტურ თანამდებობაზე კანდიდატის დასანიშნად წამოყენების უფლება აქვს საკონკურსო-საატესტაციო კომისიას, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ იგი მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო არ დაინიშნებოდა თანამდებობაზე, სურვილის შემთხვევაში ჩაირიცხებოდა მოხელეთა რეზერვში.

ა. ბ-ძის კანდიდატურა წარდგენილი არ ყოფილა თანამდებობაზე დასანიშნად საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ. “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 127-ე მუხლის მიხედვით მხოლოდ მოხელეს აქვს უფლება, მოთხოვოს ბრძანების, განკარგულების გადაწყვეტილების ან მოქმედების ნაწილობრივ, ან მთლიანად არაკანონიერად აღიარება, აღნიშნული მუხლით დავის საგანი არ შეიძლება იყოს თანამდებობაზე დანიშვნა, ამავე კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტით ასეთი უფლება გააჩნია მხოლოდ შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელს ან მის მიერ ამისათვის უფლებამოსილ მოხელეს.

ა. ბ-ძემ საკასაციო საჩივარი შეიტანა სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება ხელახლა განსახილველად იმ საფუძვლით, რომ სამინისტროს მიზეზით შეილახა მისი უფლებები და დროულად არ მიეცა საშუალება, მონაწილეობა მიეღო 2000წ. 11-16 აგვისტოს მოხელეთა შესარჩევ კონკურსში განაცხადში აღნიშნული ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ განიხილა საქმის მასალები, შეისწავლა საკასაციო საჩივარი, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობა და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ა. ბ-ძე მუშაობდა ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის საოლქო საგადასახადო ინსპექციაში ......-ად. მან მონაწილეობა მიიღო 2000წ. 5-6 აგვისტოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს მიერ ჩატარებული მოხელეთა შესარჩევი კონკურსის საკვალიფიკაციო გამოცდის პირველ ტურში, რათა დაეკავებინა მთავარი სპეციალისტის ვაკანტური ადგილი გლდანი-ნაძალადევის რაიონის საოლქო საგადასახადო ინსპექციის კონტროლის განყოფილებაში.

2000წ. 5-6 აგვისტოს ჩატარებული საგადასახადო ორგანოების მოხელეთა შესარჩევი კონკურსის საკვალიფიკაციო გამოცდის პირველი ტური გასაჩივრებულ იქნა მასში მონაწილე პირთა მიერ და ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2000წ. 21 დეკემბრის გადაწყვეტილებით ა. ბ-ძეს ჩაბარებულად ჩაეთვალა გამოცდის პირველი ტური საგადასახადო ორგანოების მოხელეთა შესარჩევი კონკურსის ჩატარების წესის მეოთხე თავის თანახმად უფლება მიეცა მონაწილეობა მიეღო საკვალიფიკაციო გამოცდაზე გამარჯვებულ კანდიდატთა შესარჩევ კონკურსში.

2001წ. 16-18 თებერვალს ჩატარებული კონკურსის საბოლოო შედეგებით ა. ბ-ძემ დააგროვა 38,5 ქულა და 2001წ. 25 თებერვლის სხდომის ოქმის საფუძველზე გავლილად ჩაეთვალა საკვალიფიკაციო გამოცდის ორივე ტური, მაგრამ იგი არ იქნა დანიშნული თანამდებობაზე.

“საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის I ნაწილის თანახმად თანამდებობაზე პირის დანიშვნის უფლება აქვს შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელს ან მის მიერ ამისათვის უფლებამოსილ პირს. გამომდინარე აღნიშნულიდან თანამდებობაზე დანიშვნა სასამართლო უწყების კომპეტენციას არ განეკუთვნება.

“საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 35-ე მუხლით საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ თანამდებობაზე დასანიშნად წამოყენებული კანდიდატი, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო არ დაინიშნა თანამდებობაზე, სურვილის შემთხვევაში ირიცხება მოხელეთა რეზერვში; ე.ი. კანონი უშვებს არამარტო კონკურსგავლილი, არამედ საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ თანამდებობაზე დასანიშნად წამოყენებული კანდიდატის არ დანიშვნის შესაძლებლობას; მოქმედი კანონმდებლობით არ არსებობს სადავო შემთხვევაში ადმინისტრაციის მავალდებულებელი ნორმა, სამსახურში დანიშნოს მუშაკი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება კანონიერია და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

პალატა თვლის, რომ ვინაიდან ა. ბ-ძე განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, მაგრამ მის მიერ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი საკასაციო საჩივარზე 30 ლარის ოდენობით მას უნდა დაუბრუნდეს გადახდილი თანხა.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ა. ბ-ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 29 ნოემბრის განჩინება დარჩეს უცვლელი.

ა. ბ-ძეს დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 30 ლარის ოდენობით ¹000141107 ანგარიშიდან.

პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.