Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ-540-02 4 სექტემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),

ქ. გაბელაია, თ. კობახიძე

დავის საგანი: ბინიდან გამოსახლება.

აღწერილობითი ნაწილი:

თბილისში, ... მდებარე სახლი თანაბარ წილად ირიცხება რ. და დ. ქ-ების და გ. ბ-ის სახელზე. გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2000წ. 10 აპრილის გადაწყვეტილებით სახლი გაყოფილია ნატურით. დ. და რ. ქ-ებმა სარჩელით მიმართეს სასამართლოს და მოითხოვეს მ. კ-ის გამოსახლება სახლის მათი კუთვნილი წილიდან შემდეგი საფუძვლით: სახლი არის მათი და მათი ბიძის, აწ გარდაცვლილი ნ. ბ-ის, საკუთრება. ნ. ბ-ის მდგმურმა მ. კ-ემ თავისი ოჯახით უნებართვოდ დაიკავა სახლის არამარტო მათი ბიძის კუთვნილი ნაწილი, არამედ მათი კუთვნილი ფართი. მათ, როგორც მესაკუთრეებს, სჭირდებათ თავიანთი კუთვნილი სახლი, მოპასუხეები კი ბინას არ ათავისუფლებენ.

მოპასუხე მ. კ-ემ სარჩელი არ ცნო შემდეგი საფუძვლით: სახლი მან იყიდა მოსარჩელეთა ბიძის ნ. ბ-ისაგან.

გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2001წ. 7 თებერვლის გადაწყვეტილებით დ. და რ. ქ-ების სარჩელი დაკმაყოფილდა. მ. კ-ე მასთან მყოფ პირებთან ერთად გამოსახლდა სადავო სახლიდან. რაიონულმა სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა შემდეგი საფუძვლით: დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო სახლის ½ ნაწილი კერძოდ, ¹1 და ¹5 შენობა-ნაგებობები წარმოადგენს მოსარჩელეთა საკუთრებას; მოპასუხეს მოსარჩელეთა კუთვნილი ფართი დაკავებული აქვს თვითნებურად, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე; მოპასუხემ ვერ წარმოადგინა ვერავითარი მტკიცება იმისა, რომ მას აქვს სადავო ფართის ფლობის საფუძველი. გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. კ-ემ. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 18 იანვრის განჩინებით მ.კ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა მ. კ-ემ, რომლითაც ითხოვს განჩინების გაუქმებას შემდეგი საფუძვლით: დადგენილია ფაქტობრივი გარემოება, რომ სადავო ფართში ცხოვრობს 1991 წლიდან, რატომ აქამდე არ გამოასახლეს, თუ უკანონოდ ფლობდა ფართს; მოსარჩელეებს გაშვებული აქვთ ხანდაზმულობის ვადა. გარდა ამისა, სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ მას ბინა ფაქტობრივად ნაყიდი აქვს და გადახდილი აქვს თანხა.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო: საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელეები დ. და რ. ქ-ები არიან სადავო სახლის 1/2-ის მესაკუთრეები. აღნიშნული დადგენილია საჯარო რეესტრიდან ამონაწერით. მოსარჩელეებს სასამართლოს გადაწყვეტილებით გამოყოფილი აქვთ ფართი ნატურით. ასევე დადგენილია, რომ მოპასუხეები ცხოვრობენ მოსარჩელეთა კუთვნილ ფართში. პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას,M რომ მას სადავო ფართი ნაყიდი აქვს და გადახდილი აქვს თანხა. საქმეში არ არის იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ სადავო ფართი მოპასუხეებმა შეიძინეს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად და რომ სადავო ფართი ირიცხება მათ სახელზე. აქედან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად არ გაიზიარა მოპასუხეთა მოთხოვნები და სკ-ს 172-ე მუხლის თანახმად დააკმაყოფილა სარჩელი.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მ. კ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. უცვლელი დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 18 იანვრის განჩინება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.