გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ-542-02 13 მაისი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. წიქვაძე (თავმჯდომარე),
რ. ნადირიანი, მ. გოგიშვილი
სარჩელის საგანი: სამუშაოზე აღდგენა, განაცდურის და მორალური ზიანის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
2001 წლის 21 დეკემბერს გ. კ-ძემ სს “.. ..-ის” წინააღმდეგ სარჩელით მიმართა თბილისის საოლქო სასამართლოს.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ 2001 წლის 1 მაისიდან შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე ორი თვის ვადით დაინიშნა სს “.. ..-ის” საბურთალოს ბიზნეს ცენტრში ...ის თანამდებობაზე და ხელფასის სახით ყოველთვიურად განესაზღვრა 375 ლარი. ბიზნესის ცენტრის ადმინისტრაციამ 1 ივნისიდან აღარ დაუშვა სამუშაოზე იმ საფუძვლით, რომ მასთან შრომითი ხელშეკრულება შეწყვეტილი იყო. მოსარჩელემ მიუთითა, რომ ადმინისტრაციას სამუშაოდან განთავისუფლების შესახებ იგი წინასწარ არ გაუფრთხილებია. ამასთან, არ გადაუხადეს მაისის თვის ხელფასი და მაისის თვის ხელფასის მიღების სანაცვლოდ აიძულეს, დაეწერა განცხადება სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ.
სამუშაოდან უკანონო დათხოვნის თაობაზე სხვადასხვა დროს მიმართა სხვადასხვა ორგანიზაციებს, მაგრამ - ამაოდ. სამუშაოდან უკანონოდ დათხოვნის შედეგად მიიღო მძიმე ფსიქოლოგიური სტრესი.
მოსარჩელემ მოითხოვა სს “.. ..-ის” 2001 წლის 13 ივლისის ¹კ-402 ბრძანების გაუქმება, სამუშაოზე აღდგენა, მიუღებელი ხელფასის სახით მატერიალური ზიანის 2625 ლარის და მორალური ზიანისათვის 700000 ლარის ანაზღაურება.
მოპასუხემ შესაგებელი არ წარადგინა, მაგრამ სასამართლო პროცესზე სარჩელი არ ცნო იმ საფუძვლით, რომ მოთხოვნა ხანდაზმული იყო.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2002 წლის 8 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა სარჩელის წარდგენის ხანდაზმულობის ვადის გასვლისა და უსაფუძვლობის გამო.
საოლქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
მოსარჩელე გ. კ-ძე 2001 წლის 13 ივლისის ¹კ-402 ბრძანების საფუძველზე პირადი განაცხადებით განთავისუფლდა სამუშაოდან, ხოლო სამუშაოზე აღდგენის შესახებ სარჩელი აღძრა 2001 წლის 12 დეკემბერს.
სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება იმის შესახებ, რომ მან სამუშაოზე აღდგენის თაობაზე სასამართლოს მიმართა 2001 წლის 15 აგვისტოს. საოლქო სასამართლომ მიუთითა, რომ, მართალია, მოსარჩელემ სამუშაოდან უკანონოდ დათხოვნის თაობაზე სარჩელით მიმართა სასამართლოს, მაგრამ ვინაიდან აღნიშნული სარჩელი ხარვეზიანი იყო, მოსარჩელეს ხარვეზის შესავსებად მიეცა ვადა და ვინაიდან მან ხარვეზი არ შეავსო, სარჩელი დარჩა უმოძრაოდ. საოლქო სასამართლოს მიაჩნია, რომ ასეთ ვითარებაში 2001 წლის 15 აგვისტოსათვის სარჩელი არ შეიძლება ჩათვლილიყო შეტანილად. ამდენად, გასული იყო სარჩელის წარდგენის ხანდაზმულობის ვადა. გარდა ამისა, საოლქო სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელე სამუშაოდან დათხოვნილ იქნა პირადი განცხადების საფუძველზე და მან სასამართლო პროცესზე ვერ დაადასტურა, რომ სამუშაოდან განთავისუფლების შესახებ განცხადების დაწერა მას აიძულეს. აქედან გამომდინარე, საოლქო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია მოსარჩელის მოთხოვნა სამუშაოზე აღდგენის და უკანონოდ დათხოვნის გამო მატერიალური ზიანის 2625 ლარის ანაზღაურების თაობაზე.
სასამართლომ ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნია მოსარჩელის მოთხოვნა მორალური ზიანის გამო 700000 ლარის ანაზღაურების შესახებ, ვინაიდან სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევაში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. საქართველოს შრომის კანონთა კოდექსი არ ითვალისწინებს მორალური ზიანის ანაზღაურებას მუშაკის სამუშაოდან დათხოვნის შემთხვევაში.
2002 წლის 11 მარტს მოსარჩელემ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
კასატორმა მოითხოვა მოცემულ საქმეზე საოლქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება შემდეგ გარემოებათა გამო:
კასატორმა მიუთითა, რომ სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა; გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოყენებინა და არასწორად განმარტა კანონი.
მან მიუთითა, რომ სამუშაოდან დათხოვნის შესახებ ბრძანება ჩაიბარა არა 2001 წლის 13 ივლისს, როგორც ამას საოლქო სასამართლო მიუთითებს, არამედ 2001 წლის ივლისის ბოლოს და იმავე წლის 3 აგვისტოს მიმართა რაიონულ სასამართლოს სამუშაოზე აღდგენის, განაცდურის და მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ. 2001 წლის 15 აგვისტოს კი მიმართა საოლქო სასამართლოს, მაგრამ მისი სარჩელი უმოძრაოდ იქნა დატოვებული და დაუბრუნეს 2001 წლის 8 ოქტომბერს. მან 12 დეკემბერს კვლავ მიმართა საოლქო სასამართლოს იმავე მოთხოვნით. ამიტომ პირველი სარჩელის შეტანის დღიდან, სამოქალაქო კოდექსის 140-ე მუხლის შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადა შეწყდა, ამიტომ სასამართლოს ეს კანონი უნდა გამოეყენებინა და არა შრომის კანონთა კოდექსის 240-ე მუხლი.
კასატორი მიუთითებს, რომ საოლქო სასამართლომ შრომის კანონთა კოდექსის 30-ე მუხლის საფუძველზე ჩათვალა იგი სამუშაოდან კანონიერად დათხოვნილად, მაშინ, როცა კანონის აღნიშნული ნორმა არ არეგულირებს ვადიანი შრომითი ხელშეკრულებით სამუშაოზე მიღებული მუშაკის დათხოვნის საკითხს. მისი მითითებით, სამუშაოდან დათხოვნის შესახებ განცხადების დაწერა მოხდა იძულებით, რასაც ადასტურებს ის გარემოებაც, რომ 13 ივლისამდე ანუ სამუშაოდან განთავისუფლების შესახებ განცხადების დაწერამდე, მას არ აძლევდნენ მაისის თვის ხელფასს.
სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო ბ. კ-ძის საკასაციო საჩივარი მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში განუხილველად დარჩა.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი განხილვის გარეშე, საკასაციო საჩივრის ფარგლებში გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეში წარმოდგენილი მასალებით უდავოდ დადგენილია ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ მოსარჩელე 2 თვიანი გამოსაცდელი ვადით იყო მიღებული სამუშაოზე. გამოსაცდელი ვადა იწურებოდა 2001 წლის 1 ივლისს. მუშაკი დათხოვნილ იქნა სამუშაოდან 13 ივლისს პირადი განცხადების საფუძველზე 2001 წლის 1 ივნისიდან. ბრძანება სამუშაოდან დათხოვნის შესახებ დათარიღებულია 2001 წლის 13 ივლისით.
საოლქო სასამართლო მიუთითებს, რომ მოსარჩელეს სამუშაოდან დათხოვნის შესახებ ბრძანება ჩაბარდა 2001 წლის 13 ივლისს და მიუთითებს, რომ ამის შესახებ მტკიცება მოთავსებულია საქმეში. მართალია, საქმეში მოთავსებულია ბრძანება მოსარჩელის სამუშაოდან დათხოვნის შესახებ, მაგრამ ამ ფურცელზე და არც საქმეში არავითარი მტკიცება არ არის წარმოდგენილი იმის შესახებ, რომ მითითებული ბრძანება მოსარჩელეს ჩაბარდა 2001 წლის 13 ივლისს.
საოლქო სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ თითქოს სარჩელი გ. კ-ძის მიერ საოლქო სასამართლოში შეტანილია 12 დეკემბერს, მაშინ, როცა საქმეში ამის შესახებ არავითარი მტკიცებულება არ არსებობს. პირიქით, საქმეში არსებობს სასარჩელო განცხადება, რომელიც შეტანილია 2001 წლის 21 დეკემბერს, რომელთანაც დაკავშირებით საოლქო სასამართლომ 2002 წლის 8 თებერვალს მიიღო გადაწყვეტილება.
საოლქო სასამართლო მიუთითებს, რომ მოსარჩელემ მოცემულ საკითხთან დაკავშირებით პირველად სასამართლოში სარჩელი აღძრა 2001 წლის 15 აგვისტოს, მაგრამ ვინაიდან იგი ხარვეზიანად იქნა მიჩნეული და განესაზღვრა ვადა ხარვეზის შესავსებად, ხოლო 2001 წლის 10 სექტემბერს მოსარჩელემ არ შეავსო ხარვეზი და სარჩელი უმოძრაოდ დარჩა, ე.ი. საქმეს მსვლელობა არ მისცემია, ეს გარემოება, ანუ სარჩელის შეტანა ხანდაზმულობის ვადის დენაზე გავლენას არ მოახდენდა.
საოლქო სასამართლოს ეს მითითება არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელემ სამუშაოზე აღდგენის, მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ პირველად სარჩელით მიმართა ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს. კასატორის განმარტებით, სარჩელით მიმართვა განხორციელდა 2001 წლის 3 აგვისტოს. ამავე სასამართლოს 10 აგვისტოს განჩინებით მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელის მიღებაზე და ამ განჩინების გასაჩივრებისათვის მიეცა 12 დღიანი ვადა.
2001 წლის 15 აგვისტოს მოსარჩელემ იმავე მოთხოვნით უკვე მეორედ მიმართა სარჩელით ამჯერად უკვე საოლქო სასამართლოს.
სამოქალაქო კოდექსის 138-ე მუხლის შესაბამისად ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ უფლებამოსილი პირი შეიტანს სარჩელს მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. მოცემულ შემთხვევაში სამუშაოდან დათხოვნის შესახებ ბრძანების ასლი მოსარჩელს თუნდაც 2001 წლის 13 ივლისს რომ ჩაბარებოდა, მაშინ 2001 წლის 3 აგვისტოს შეწყდებოდა სარჩელის წარდგენის ხანდაზმულობის ვადის დენა.
სამოქალაქო კოდექსის 139-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტა სარჩელის შეტანის საფუძველზე გრძელდება მანამ, სანამ სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება არ შევა კანონიერ ძალაში, ან პროცესი სხვაგვარად არ დასრულდება. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ 3 აგვისტოს შეტანილ სარჩელზე სასამართლოს მიერ 2001 წლის 10 აგვისტოს იქნა მიღებული განჩინება სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ და მხარეს მიეცა 12 დღიანი ვადა ამ განჩინების გასაჩივრებისათვის, ანუ 2001 წლის 22 აგვისტომდე სარჩელის წარდგენის ხანდაზმულობის ვადის დენა შეწყვეტილი იყო.
დადგენილია, რომ მოსარჩელემ იმავე მოთხოვნით (სამუშოაზე აღდგენა, მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება) საოლქო სასამართლოს მიმართა 2001 წლის 15 აგვისტოს, ანუ მანამ, სანამ ხელმეორედ დაიწყებოდა მოცემულ საქმეზე ხანდაზმულობის ვადის დენის ათვლა. მოცემული სარჩელი საოლქო სასამართლომ 10 სექტემბერს უმოძრაოდ დატოვა და მოსარჩელეს მისცა 12 დღიანი ვადა მისი გასაჩივრებისათვის. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლის საფუძველზე მითითებულ განჩინებაზე გასაჩივრების ვადის გამოთვლა იწყება მოსარჩელისათვის მისი ჩაბარების დროიდან, ანუ 2001 წლის 8 ოქტომბრიდან, როცა ამ განჩინების ასლი ჩაბარდა მოსარჩელეს. აღნიშნულიდან გამომდინარე, 2001 წლის 10 სექტემბრის განჩინება კანონიერ ძალაში შევიდოდა 2001 წლის 22 ოქტომბრიდან (რადგან 21 ოქტომბერი არის არასამუშაო დღე).
სამოქალაქო კოდექსის 141-ე მუხლის შესაბამისად, თუ შეწყდება ხანდაზმულობის ვადის დენა, მაშინ შეწყვეტამდე განვლილი დრო მხედველობაში არ მიიღება და ვადა დაიწყება თავიდან. მოცემულ შემთხვევაში 2001 წლის 22 ოქტომბრიდან სარჩელის შეტანის ერთთვიანი ვადის დინება ხელახლა დაიწყო და ეს ვადა დასრულდა 2001 წლის 22 ნოემბერს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეს თუნდაც 2001 წლის 12 დეკემბერს (როგორც საოლქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია და არა 2001 წლის 21 დეკემბერს, როგორც ეს საქმის მასალებით დგინდება), რომ შეეტანა სარჩელი სამუშაოზე აღდგენის და უკანონოდ დათხოვნის შედეგად მატერიალური ზიანის ანაზღაურების შესახებ, გაშვებული იყო სარჩელის შეტანის ხანდაზმულობის ვადა (საოლქო სასამართლოს 2001 წლის 10 სექტემბრის განჩინება სარჩელის უმოძრაოდ დატოვების შესახებ მოსარჩელეს არ გაუსაჩივრებია და კანონიერ ძალაში შევიდა 2001 წლის 22 ოქტომბერს, სარჩელი კი შეტანილ იქნა 2001 წლის 21 დეკემბერს, ანუ სარჩელის შეტანის ხანდაზმულობის ერთთვიანი ვადის გასვლის შემდეგ).
ვინაიდან შრომის კანონთა კოდექსის 204-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დათხოვნის საქმეთა გამო მუშებს და მოსამსახურეებს შეუძლიათ, მიმართონ სასამართლოს დათხოვნის ბრძანების ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში, ხოლო ეს ვადა გასული იყო, საოლქო სასამართლომ სწორად არ დააკმაყოფილა სარჩელი სამუშაოზე აღდგენის და უკანონოდ დათხოვნის შედეგად ზიანის ანაზღაურების თაობაზე.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სარჩელის წარდგენის ხანდაზმულობის ვადის გამოთვლის დროს გამოყენებული ვერ იქნება სამოქალაქო კოდექსის 140-ე მუხლი.
მითითებული ნორმის პირველი ნაწილის შესაბამისად მართალია, სარჩელის შეტანა ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტას არ გამოიწვევს, თუ მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, ან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით სარჩელი განუხილველად იქნება დატოვებული, ხოლო ამავე ნორმის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ უფლებამოსილი პირი ექვსი თვის განმავლობაში შეიტანს ახალ სარჩელს მაშინ ხანდაზმულობის ვადა შეწყვეტილად ითვლება, პირველი სარჩელის შეტანის დღიდან, მაგრამ აღნიშნული ნორმის გამოყენება სარჩელის წარდგენის ხანადზმულობის ვადის განსაზღვრის დროს დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში როცა მოსარჩელე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის “გ” პუნქტის შესაბამისად უარს იტყვის სარჩელზე (სარჩელზე უარის თქმას უთანაბრდება ამავე მუხლის “დ” პუნქტის შესაბამისად მხარეების მორიგება), ანდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად სარჩელი განუხილველი დარჩება.
მოცემულ შემთხვევაში არც 2001 წლის 10 აგვისტოს, როცა ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლომ განჩინებით უარი უთხრა მოსარჩელეს სარჩელის მიღებაზე და არც 2001 წლის 10 სექტემბერს, როცა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიამ უარი უთხრა მოსარჩელეს სარჩელის მიღებაზე, სასამართლოების მიერ არ მიღებულა განჩინება საქმის წარმოებით შეწყვეტის და არც განუხილველად დატოვების შესახებ. მოცემულ შემთხვევაში სარჩელები დარჩა უმოძრაოდ და მოსარჩელეს დაუბრუნდა. აქედან გამომდინარე, მოცემული დავის გადაწყვეტის დროს სარჩელის წარდგენის ხანდაზმულობის ვადის გამოთვლა, ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტა, მისი ხანგრძლივობა და ხანდაზმულობის ვადის დენის თავიდან ათვალა უნდა მოხდეს სამოქალაქო კდექსის 138-ე, 139-ე და 241-ე მუხლების საფუძველზე.
არასწორია კასატორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ თითქოს მას გაშვებული არა აქვს სარჩელის წარდგენის ხანდაზმულობის ვადა. თუ ჩავთვლით, რომ სამუშაოდან დათხოვნის შესახებ ბრძანების ასლი მოსარჩელეს ჩაბარდა 2001 წლის 31 ივლისს (თვითონ მიუთითებს, რომ ბრძანების ასლი ჩაბარდა 2001 წლის ივლისის ბოლოს), მას მაინც გაშვებული აქვს სარჩელის წარდგენის ხანდაზმულობის ვადა, ვინაიდან სარჩელის წარდგენის ხანდაზმულობის ვადის დენა მოცემულ საქმეზე იწყება 2001 წლის 22 ოქტომბრიდან და დასრულდა იმავე წლის 22 ნოემბერს. სარჩელი კი წარდგენილია 2001 წლის 21 დეკემბერს, ანუ სარჩელის წარდგენის ხანდაზმულობის ვადის გასვლიდან 1 თვის შემდეგ.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საოლქო სასამართლოს განჩინებას საფუძვლად არ უდევს საკასაციო საჩივარში მითითებული კანონის დარღვევა.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
გ. კ-ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2002 წლის 8 თებერვლის გადაწყვეტილება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.