გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ-547-02 16 მაისი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),
მ. ახალაძე, მ. ცისკაძე
დავის საგანი: სამუშაოზე აღდგენა.
აღწერილობითი ნაწილი:
ი. თ-იამ სარჩელი აღძრა სასამართლოში და განმარტა, რომ 1995 წელს 38 წლის შრომის სტაჟით დაიწყო მუშაობა ...ად ფოთის მერიის მიწათმოწყობისა და მიწათსარგებლობის განყოფილებაში, რომელიც ქ. ფოთის მერიის არქიტექტურის სამსახურის დაქვემდებარებაში შედიოდა. საქართველოს მიწის მართვის დეპარტამენტის ბიუროდან 1997წ. 15 მარტს გადაყვანილ იქნა ფოთის მიწის მართვის საქალაქო სამმართველოში მთავარ სპეციალისტად მიწის კადასტრისა და რეგისტრაციის საკითხებზე.
მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის ფოთის საქალაქო სამმართველოს 2001წ. 1 მარტის ¹5 ბრძანებით “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 97-ე, 109-ე მუხლების საფუძველზე. ი. თ-ია განთავისუფლდა ფოთის მიწის მართვის სამმართველოს ...ის თანამდებობიდან სამმართველოში საშტატო რიცხოვნობის შემცირებასთან დაკავშირებით.
განთავისუფლებას საფუძვლად დაედო “საქართველოს 2001 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის 27-ე მუხლი და მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის 2001წ. 11 ივნისის ¹5 ბრძანება, რომლითაც სისტემის ყველა დაწესებულებებში განხორციელდა საშტატო რიცხოვნობის ათი პროცენტის შემცირება, რაც შეეხო მიწის მართვის ფოთის სამმართველოსაც, სადაც განსაზღვრული იყო ერთი მთავარი სპეციალისტის საშტატო ერთეულის შემცირება.
მოსარჩელემ მოითხოვა სამუშაოზე აღდგენა, განთავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობა, 11 თვის გაუცემელი ხელფასისა და 2001 წლის მიუღებელი თანამდებობრივი სარგო.
ფოთის საქალაქო სამმართველოს 2001წ. 17 სექტემბრის გადაწყვეტილებით ი. თ-იას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: მას უარი ეთქვა სამუშაოზე აღდგენაზე უსაფუძვლობის გამო. დაკმაყოფილდა სარჩელი მიუღებელი ხელფასის გადახდევინების ნაწილში. მოპასუხეს დაეკისრა ი. თ-იას სასარგებლოდ 11 თვის მიუღებელი ხელფასის – 439 ლარის გადახდა.
მიიჩნია რა სასამართლო გადაწყვეტილება უკანონოდ, იგი აპელაციის წესით გაასაჩივრა ი. თ-იამ.
ქ.ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 20 ნოემბრის გადაწყვეტილებით ი. თ-იას სარჩელი სამუშაოზე აღდგენის ნაწილში უარი ეთქვა. მოპასუხე ფოთის მიწის მართვის სამმართველოს დაეკისრა შრომის წიგნაკის ჩაუბარებლობის დროისა და 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ანაზღაურება 180 ლარის ოდენობით.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ემყარება შემდეგ საფუძვლებს:
მოსარჩელე ი. თ-ია საპენსიო ასაკისაა. “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 101-ე მუხლი ითვალისწინებს მოხელის გათავისუფლებას სამსახურიდან ასაკის გამო ამ კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, რომლის შესაბამისად საჯარო სამსახურში ყოფნის ზღვრული ასაკი განისაზღვრება 60 წლით.
გამომდინარე აღნიშნულიდან, მოსარჩელეს მიმართ სწორად არ იქნა გამოყენებული შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლით დაწესებული სამუშაოზე დარჩენის უპირატესი უფლება.
ი. თ-იამ საკასაციო საჩივარი შეიტანა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სამუშაოზე აღდგენა.
საკასაციო საჩივარი ემყაება შემდეგ საფუძვლებს: საპენსიო ასაკის გამო დათხოვნის შესახებ განთავისუფლების ბრძანებაში არაფერია ნათქვამი ამ მოტივის შესახებ.
“საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის მიხედვით მოსამსახურე პენსიაში გადის კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხოლო სხვა შემთხვევაში ასაკის მიუხედავად მოსამსახურის მიმართ გათვალისწინებული უნდა იყოს შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლი.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივარს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთებულობა და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატის მიერ დადგენილად არის მიჩნეული, რომ ი. თ-ია ქ.ფოთის მიწის მართვის სამმართველოში შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე – ...ად დაინიშნა 1997წ. 14 აპრილის ¹3 ბრძანებით.
მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის 2001წ. 10 იანვრის ¹5 ბრძანებით გათვალისწინებულ იქნა სისტემის მუშაკთა 10%-იანი შემცირება. აღნიშნული ბრძანების საფუძველზე 2001წ. 1 მარტს გამოცემული ¹5 ბრძანებით კი ი. თ-ია განთავისუფლებულ იქნა სამუშაოდან “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 97-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე შტატებით გათვალისწინებულ თანამდებობათა შემცირების გამო და ამავე კანონის 109-ე მუხლის შესაბამისად მიეცა სამსახურიდან გასვლის ფულადი კომპენსაცია.
პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოტივაციას, რომ მისი სამუშაოდან განთავისუფლებისას არ ყოფილა გათვალისწინებული შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლის მოთხოვნა სამუშაოზე დარჩენის უპირატესი უფლების შესახებ, მაშინ, როცა მას სხვა მუშაკებთან შედარებით ყველაზე ხანგრძლივი შრომის სტაჟი აქვს.
საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლის პირველი ნაწილი მუშაკთა რიცხოვნობის შემცირებისას სამუშაოზე დარჩენის უპირატეს უფლებას ანიჭებს იმ მუშაკებს, რომლებიც უფრო მაღალი კვალიფიკაციითა და შრომის ნაყოფიერებით გამოირჩევიან, ე.ი. ნორმაში მითითებული საფუძვლებით სამუშაოზე დარჩენის უპირატესი უფლების მქონე მუშაკის შერჩევა წარმოებს თანაბარი კვალიფიკაციისა და შრომის ნაყოფიერების მქონე პირებს შორის.
“საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი ნაწილით სამსახურში ყოფნის ზღვრული ასაკი ქალისათვის განისაზღვრება 60 წლით.
საქმის მასალებით ირკვევა, რომ ი. თ-ია საპენსიო ასაკს მიღწეულია და აღნიშნულიდან გამომდინარე იგი ვერ ჩაითვლება სხვა მუშაკებთან შედარებით თანაბარი შრომის ნაყოფიერების მქონე პირად. უნდა აღინიშნოს რომ ამ უკანასკნელი კატეგორიის შეფასება ადმინისტრაციის პრეროგატივაა, ამიტომ ი. თ-იას მიმართ, როგორც ხანგრძლივი შრომის სტაჟის გამო სამუშაოზე დარჩენის უპირატესი უფლების მქონე პირის შესახებ საკითხი ვერ დაისმებოდა.
პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოტივაციას, რომ მისი თანამდებობა, ქ.ფოთის მიწის მართვის მთავარი სპეციალისტის საშტატო ერთეული არ შემცირებულება და რომ განთავისუფლების ბრძანება დაიწერა გვიან და არა 2001წ. 1 მარტს. საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის 2001წ. 11 იანვრის ¹5 ბრძანებით მხარეების, რაიონების მიწის მართვის სამმართველოებს დაევალათ მუშაკთა რიცხოვნობის შემცირება საერთო საშტატო რიცხოვნობის არანაკლებ 10%-ის ფარგლებში. კასატორს არ წარმოუდგენია აღნიშნული დოკუმენტის საწინააღმდეგო და თავისი პრეტენზიის დამადასტურებელი სხვა მტკიცებულება.
პალატა თვლის, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება კანონიერია და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ი. თ-იას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 20 ნოემბრის განჩინება დარჩეს უცვლელი.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.