გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ-548-02 31 მაისი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მ. წიქვაძე (თავმჯდომარე),
მ. გოგიშვილი, რ. ნადირიანი
საქმის ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა თ. ქ-ძის საკასაციო საჩივარი ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 16 ნოემბრის განჩინებაზე.
აღწერილობითი ნაწილი:
თ. ქ-ძემ განცხადებით მიმართა სასამართლოს და აღნიშნა, რომ მამამისი _ ვ. ქ-ძე იბრძოდა რა წითელი არმიის რიგებში, 1942წ. ივნის-ივლისში ხარკოვის მიდამოებში ჩავარდა ტყვედ. 1942-1945 წლებში იმყოფებოდა ხარკოვში, გერმანიის ბანაკებში. 1951წ. 16 თებერვალს გასამართლებულ იქნა ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სამხედრო ტრიბუნალის მიერ და სამშობლოს ღალატის ბრალდებით მიესაჯა 25 წლით თავისუფლების აღკვეთა და 5 წლით პოლიტიკური უფლების ჩამორთმევა, იგი პატიმრობიდან გათავისუფლდა სსსკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1955წ. 17 სექტემბრის “ამნისტიის შესახებ” ბრძანებულების საფუძველზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, თ. ქ-ძემ მოითხოვა მამამისის _ ვ. ქ-ძის პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარება.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 26 სექტემბრის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა თ. ქ-ძის განცხადება უსაფუძვლობის გამო.
სასამართლომ განმარტა, რომ თ. ქ-ძის მიერ მითითებული გარემოებები არ შეესაბამებოდა “საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” კანონის მოთხოვნებს.
თ. ქ-ძემ მიიჩნია უკანონოდ საქალაქო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება და სააპელაციო საჩივრით მიმართა საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატას.
აპელანტმა აღნიშნა, რომ მამამისი რეპრესირებული იყო ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე და მას მიესაჯა 25 წლით თავისუფლების აღკვეთა, აგრეთვე 5 წლით ჩამოერთვა პოლიტიკური უფლება მისი პოლიტიკური მრწამსის გამო. თ. ქ-ძის აზრით, სწორედ აღნიშნული გარემოებები შეესაბამებოდა “საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” კანონის მოთხოვნებს.
აღნიშნულიდან გამომდინარე აპელანტმა მოითხოვა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი მოთხოვნის დაკმაყოფილება.
საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატამ 2001წ. 16 ნოემბრის განჩინებით არ დააკმაყოფილა ი. ქ-ძის სააპელაციო საჩივარი და უცვლელი დატოვა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 26 სექტემბრის გადაწყვეტილება.
საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატამ მთლიანად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები და სამართლებრივი შეფასება.
თ. ქ-ძემ უკანონოდ მიიჩნია საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის აღნიშნული განჩინება და საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
კასატორმა აღნიშნა, რომ წინა ინსტანციის სასამართლოებმა არასწორად განმარტეს “საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნები.
კასატორმა მოითხოვა საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმება და მისი მოთხოვნების დაკმაყოფილება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლით მივიდა დასკვნამდე, რომ თ. ქ-ძის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
“საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად “პოლიტიკურ რეპრესიად მიიჩნევა იძულების სხვადასხვა ფორმა - სიცოცხლის ხელყოფა, ჯანმრთელობის დაზიანება, თავისუფლების აღკვეთა, გადასახლება, გასახლება, სახელმწიფოდან გაძევება, ფსიქიატრიულ დაწესებულებაში იძულებით მოთავსება, მოქალაქეობის ჩამორთმევა, შრომაში იძულებით ჩაბმა, ქონების ჩამორთმევა, საცხოვრებლად გამწესება სპეციალური დასახლების ადგილებში, საცხოვრებელი სადგომიდან გამოსახლება, აგრეთვე, კანონმდებლობით გარანტირებული ადამიანის უფლებების ან თავისუფლებების სხვაგვარი შეზღუდვა, რომელიც სახელმწიფომ განახორციელა პოლიტიკური მოტივით სასამართლოს ან სხვა სახელმწიფო ორგანოს გადაწყვეტილებით და დაკავშირებული იყო დანაშაულის ჩადენაში ყალბ ბრალდებასთან, პირის პოლიტიკურ შეხედულებასთან ან არსებული პოლიტიკური რეჟიმის უკანონო ქმედების მიმართ წინააღმდეგობის გაწევასთან, სოციალურ, წოდებრივ ან რელიგიურ კუთვნილებასთან, აგრეთვე, ამ კანონის მე-4 მუხლში ჩამოთვლილი სახელმწიფოს მიერ განხორციელებული იძულების ფორმები”.
ამავე კანონის მე-4 მუხლის მიხედვით “პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად მიიჩნევა პირი, რომელიც მსჯავრდებული იყო შემდეგი დანაშაულის ჩადენისათვის: ა) ანტისაბჭოთა და კონტრევოლუციური აგიტაცია და პროპაგანდა, კონტრევოლუციური და მმართველობის წესის საწინააღმდეგო სსრ კავშირისათვის საშიში სხვა დანაშაული. ბ) სახელმწიფოსაგან ეკლესიის და ეკლესიისაგან სკოლის გამოყოფის კანონის დარღვევა. გ) წინასწარი შეცნობით სახელმწიფო და საზოგადოებრივი წყობის სახელის გამტეხი ცრუ მონაჭორის გავრცელება. დ) შრომა-გასწორების, გადასახლების, გასახლების, სპეციალური დასახლების ადგილიდან გაქცევა, თუ პირი იქ იმყოფებოდა პოლიტიკური რეპრესიების შედეგად. ე) რელიგიური წესის აღსრულების მოტივით ადამიანის უფლებების და თავისუფლებების ხელყოფა. პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად ჩაითვლება პირი, რომელიც მსჯავრდებული იყო დანაშაულის ჩადენაში ყალბი ბრალდების საფუძველზე, რაც დაკავშირებული იყო პირის პოლიტიკურ შეხედულებასთან, არსებული პოლიტიკური რეჟიმის უკანონო ქმედების მიმართ წინააღმდეგობის გაწევასთან, სოციალურ, წოდებრივ ან რელიგიურ კუთვნილებასთან”.
საკასაციო პალატის აზრით, ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე სახელმწიფოს იძულებითი ღონისძიებების პოლიტიკურ რეპრესიად მიჩნევისათვის და პირის პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად მიკუთვნებისათვის აუცილებელია პოლიტიკური მოტივის არსებობა. კანონმდებელი პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებას უკავშირებს ისეთი დანაშაულის ჩადენაში ყალბ ბრალდებას, რაც დაკავშირებული იყო პირის პოლიტიკურ შეხედულებასთან, არსებული პოლიტიკური რეჟიმის უკანონო ქმედების მიმართ წინააღმდეგობის გაწევასთან, სოციალურ, წოდებრივ ან რელიგიურ კუთვნილებასთან.
მოცემულ შემთხვევაში კი, როგორც საქმის მასალებით არის დადგენილი, კასატორის მამა გასამართლებული იყო კონკრეტული ქმედებისათვის, რაც არ იყო დაკავშირებული მის პოლიტიკურ მრწამსთან და შეხედულებებთან.
აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა თვლის, რომ “საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, არ არსებობს თ. ქ-ძის პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად ცნობის საფუძველი.
საკასაციო პალატის აზრით, სააპელაციო პალატის განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა და მისი გაუქმების იურიდიული საფუძველი არ არსებობს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
თ. ქ-ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
მოცემულ საქმეზე უცვლელი დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 16 ნოემბრის განჩინება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.