Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ-551-02 10 ივლისი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),

მ. ცისკაძე, მ. ახალაძე

დავის საგანი: სამკვიდრო ქონებიდან რეალური წილის გამოყოფა და და ბინაში შესახლება (სარჩელში). სამკვიდრო ქონების გაყოფა (შეგებებულ სარჩელში)

აღწერილობითი ნაწილი:

ო. ბ-ძე-ი-ევას ჰყავდა ვაჟი ლ. ი-ევი, რომელიც გარდაიცვალა 1997წ. თებერვალში. ლ. ი-ევს დარჩა მეუღლე - ნ. ი-ევა და ორი ქალიშვილი – შ. და ე. ლ. ი-ევის სახელზე საკუთრების უფლებით ირიცხებოდა ქ. ფოთში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლი. ფოთის საქალაქო სასამართლოს 1999წ. 29 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ნ. ი-ევას სარჩელი და ო. ბ-ძე-ი-ევას შეგებებული სარჩელი: მათ ქ. ფოთში, ... მდებარე სამკვიდრო ქონებიდან გამოეყოთ შემდეგი წილი: ნ. ი-ევას ½1/2, ხოლო დარჩენილი ½1/2 წილი გაიყო აწ გარდაცვლილ ლ. ი-ევის შვილებზე, მეუღლესა და დედაზე. კერძოდ, შ. ი-ევას გამოეყო ¼1/4 წილი, ე. ი-ევას ¼1/4 წილი, ნ. ი-ევას 1/4 და ოლია ბ-ძე-ი-ევას 1/4 წილი.

ო. ბ-ძე-ი-ევამ 2000 მაისში სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხეების: ნ., შ. და ე. ი-ევების მიმართ და მოითხოვა აწ გარდაცვლილ ლ. ი-ევის სამკვიდრო ქონებიდან რეალური წილის გამოყოფა და ბინაში შესახლება.

ნ., შ. და ე. ი-ევებმა შეგებებულ სასარჩელო განცხადებით მოითხოვეს სამკვიდრო ქონების რეალური გაყოფა.

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2000წ. 1 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ოლია ბ-ძე-ი-ევას, შ., ე. და ნ. ი-ევების სასარჩელო მოთხოვნებ: ო. ბ-ძე-ი-ევას რეალური წილის სახით გამოეყო საცხოვრებელი სახლის 1/8, კერძოდ: სახლის პირველ სართულზე განთავსებული ¹1-7,1-8,1-2 ოთახები, საერთო ფართით 41,87 კვ.მ. ე. ი-ევას გამოეყო საცხოვრებელი სახლის 1/8, კერძოდ, სახლის მეორე სართულზე ¹2-5, 2-1 ოთახები, საერთო ფართობით 41,87კვ.მ. შ. ი-ევას გამოეყო საცხოვრებელი სახლის 1/8 შესაბამისად საცხოვრებელი სახლის პირველ და მეორე სართულებზე განთავსებული ¹1-1 და ¹2-4 ოთახები, 41.87კვ.მ. ფართობით; ნ. ი-ევას გამოეყო კუთვნილი 5/8 წილის შესაბამისად საცხოვრებელი სახლის პირველი და მეორე სართულზე მდებარე საცხოვრებელი ოთახები: ¹1-3, 1-4, 1-5, 1-6, 2-3, 2-2 საერთო ფართობით 209,35კვ.მ.

მხარეთა საერთო საკუთრებაში დარჩა საცხოვრებელი სახლის მესამე სართული, კერძოდ, ნ. ი-ევას 5/8 წილის შესაბამისად 83,75კვ.მ., შ. ი-ევას 1/8 წილის შესაბამისად 16,7კვ.მ., ე. ი-ევას 1/8 წილის შესაბამისად, 16,7 კვ.მ.. მხარეთა შორის საერთო სარგებლობაში დარჩა მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული დამხმარე შენობა-ნაგებობები, სანიტარული და წყალმომარაგების კვანძები.

ნ., ე. და შ. ი-ევებმა სააპელაციო საჩივარი შეიტანეს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ 2001წ. 13 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ნ., ე. და შ. ი-ევების სააპელაციო საჩივარი დააკმაყოფილა მოწინააღმდეგე მხარის, ო. ბ-ძე-ი-ევას, გამოუცხადებლობის გამო. გააუქმა მოცემულ საქმეზე ფოთის საქალაქო სასამართლოს 2000წ. 1 ნოემბრის გადაწყვეტილება. ო. ბ-ძე-ი-ევას სარჩელი რეალური წილის გამოყოფის შესახებ არ დააკმაყოფილა. დაკმაყოფილდა ნ., ე. და შ. ი-ევების შეგებებული სარჩელი სამკვიდრო ქონების, ქ. ფოთში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლის, გაყიდვისა და ამონაგები თანხის თანამესაკუთრეებს შორის მემკვიდრეობის წილის შესაბამისად მიკუთვნების თაობაზე. ო. ბ-ძე-ი-ევამ საჩივარი შეიტანა სააპელაციო პალატის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ 2002წ. 22 იანვრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ო. ბ-ძე-ი-ევას საჩივარი და უცვლელად დატოვა მოცემულ საქმეზე სააპელაციო პალატის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატის განჩინება დასაბუთებულია იმით, რომ ო. ბ-ძე-ი-ევას და მის ადვოკატს სასამართლო შეტყობინებები ჩაბარდათ კანონით დადგენილი წესის შესაბამისად. მათ ვერ წარუდგინეს სასამართლოს საპატიო მიზეზით პროცესზე გამოუცხადებლობის დამადასტურებელი საბუთი.

ო. ბ-ძე-ი-ევამ საკასაციო საჩივარი შეიტანა სააპელაციო პალატის განჩინებაზე, მოითხოვა მისი გაუქმება და იმავე პალატისათვის საქმის დაბრუნება ხელახალი განხილვისათვის.

საკასაციო საჩივარი ეფუძნება იმას, რომ კასატორი სასამართლო სხდომას ვერ დაესწრო ავადმყოფობის გამო, მისი ადვოკატი კი, გზაში ტრანსპორტის შეფერხების გამო, დროულად ვერ გამოცხადდა.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

როგორც საქმის მასალებით ირკვევა, ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატაში 2001წ. 13 ნ.მბერს დანიშნული იყო ნ., შ. და ე. ი-ევების სააპელაციო საჩივრის განხილვა. აპელანტებს და ო. ბ-ძე-ი-ევას ეცნობათ სასამართლო სხდომის დრო და პროცესზე გამოუცხადებლობის შედეგების შესახებ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით.

ვინაიდან მოწინააღმდეგე მხარე – ო. ბ-ძე-ი-ევა პროცესზე არ გამოცხადდა, აპელანტების წარმომადგენელმა მ. ს-უამ იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე, რაც დააკმაყოფილა სასამართლომ. ო. ბ-ძე-ი-ევამ საჩივარი შეიტანა სააპელაციო პალატის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე, მოითხოვა მისი გაუქმება იმ საფუძვლით, რომ მას ბევრი საპატიო მიზეზი ჰქონდა პროცესზე გამოუცხადებლობისათვის, მაგრამ დროულად ვერ შეძლო ამ მიზეზების შეტყობინება სასამართლოსათვის. იგი პროცესზე არ ყოფილა მოწვეული სსკ-ს 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად. საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად ჩათვალა, რომ ოლია ი-ევა-ბ-ძემ სასამართლოს ვერ წარუდგინა რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ მას ჰქონდა სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი. სსკ-ს 233-ე მუხლის პირველ ნაწილში იმპერატიულად არის მითითებული, თუ რა შემთხვევებში არ შეიძლება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა. საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას ადგილი არ ჰქონია ამ მუხლის პირველი ნაწილის “ა”-”დ” პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებს, ამიტომ სწორად იქნა გამოყენებული 387-ე მუხლის მეორე ნაწილი. ამ ნორმის თანახმად, თუ საქმის განხილვაზე მოწინააღმდეგე მხარე არ გამოცხადდება, სააპელაციო საჩივრის შემტანი პირის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას, რომელიც შეიძლება დაეყრდნოს მომჩივნის ახსნა-განმარტებას.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას იმის შესახებ, რომ იგი სააპელაციო სასამართლოს 2001წ. 13 ნოემბრის სხდომაზე ავადმყოფობის გამო ვერ გამოცხადდა. მის საკასაციო საჩივარს ერთვის ექიმის ცნობა იმის თაობაზე, რომ ო. ი-ევა-ბ-ძე 2001წ. 13 ნ.მბერს ქ. ფოთის ¹.... პოლიკლინიკაში იმყოფებოდა ამბულატორულ მიღებაზე, ჰიპერტონული კრიზის დიაგნოზით. ო. ბ-ძე-ი-ევას ეს ცნობა არ წარუდგენია სააპელაციო პალატისათვის, ამიტომ სასამართლომ სწორად ჩათვალა, რომ მას არ ჰქონდა პროცესზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი. აღნიშნული ცნობა გაცემული არაა ქ. ფოთის ¹.... პოლიკლინიკის მიერ, არამედ იგი ექიმის კერძო ბეჭდითაა დადასტურებული. პალატა ვერ გაიზიარებს ასევე ო. ი-ევა-ბ-ძის საკასაციო საჩივრის მოტივს იმის შესახებ, რომ მის ადვოკატს პროცესზე დააგვიანდა იმის გამო, რომ ავტომანქანა, რომლითაც ის მგზავრობდა, გზაში გაფუჭდა, რადგან არც აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება იქნა წარდგენილი სააპელაციო სასამართლოში. წარმოდგენილ საჩივარში ო. ი-ევა-ბ-ძე არ აკონკრეტებს იმ საპატიო მიზეზებს, რის გამოც ვერ შეძლო სააპელაციო პალატის 2001წ. 13 ნოემბრის სხდომაზე გამოცხადება.

ყოველივე აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის კანონიერების შემოწმებისას არ დაურღვევია კანონი, რის გამოც არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ო. ბ-ძე-ი-ევას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 22 იანვრის განჩინება მოცემულ საქმეზე დარჩეს უცვლელად.

პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.