Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ-552-02 11 ივლისი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),

მ. ახალაძე, მ. ცისკაძე

დავის საგანი: საწარმოო ტრავმით მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

თ. გ-ორმა სარჩელით მიმართა ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა შპს “გ.” ერთდროული თანხის _ 3324 ლარისა და 37 თეთრის, 2001წ. 1 სექტემბრიდან ყოველთვიურად საშუალო ხელფასის, ასევე სამედიცინო და საყოფაცხოვრებო მომვლელის ხარჯების სულ 73,79 ლარის ანაზღაურება.

მოსარჩელის განმარტებით, იგი 1989წ. 17 მარტს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დასახიჩრდა საწარმოს ბრალით და 100%-ით დაკარგა შრომის უნარი. ცნობილ იქნა ინვალიდად და დაენიშნა პენსია 120 საბჭოთა მანეთის ოდენობით. ამასთან, საწარმოს “ს.” ოზურგეთის მატერიალურ-ტექნიკური მომარაგების ბაზას დაეკისრა ყოველთვიურად პენსიასა და ხელფასს შორის სხვაობის ანაზღაურება, რაც შეადგენდა 251 საბჭოთა მანეთს. აღნიშნულ თანხას ღებულობდა 1991წ. თებერვლამდე, ხოლო შემდეგ შეუწყვიტეს თანხის გადახდა. ოზურგეთის რაიონის სასამართლოს 1997წ. 14 მარტის გადაწყვეტილებით 1991წ. თებერვლიდან 1997წ. თებერვლის ჩათვლით მას აუნაზღაურდა პენსიასა და ხელფასს შორის სხვაობა 654 ლარის ოდენობით. 1998წ. დეკემბერში “საქსოფლმომარაგების” ოზურგეთის მატერიალურ-ტექნიკური მომარაგების ბაზის ქონება შეიძინა შპს “გ.”, რომელიც უარს აცხადებს დავალიანების გადახდაზე. საქართველოს პრეზიდენტის 1999წ. 9 თებერვლის ¹48 ბრძანებულებით დამტკიცებული წესის შესაბამისად მოითხოვს, შპს “გ.” დაეკისროს ერთდროული ასანაზღაურებელი თანხა 3324 ლარისა და 37 თეთრის ოდენობით. 2001წ. 1 სექტემბრიდან კი ყოველთვიურად აუნაზღაურდეს მუშის საშუალო ხელფსი 43,79 ლარისა და სამედიცინო და საყოფაცხოვრებო მომვლელის ხარჯები 30 ლარის, ე.ი. სულ _ 73,79 ლარის ოდენობით.

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2001წ. 24 სექტემბრის გადაწყვეტილებით თ. გ-ორის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეებს: შპს “გ.” და ოზურგეთის ქონების მართვის სამმართველოს სოლიდარულად დაეკისრათ თ. გ-ორის სასარგებლოდ ერთდროულად 2684 ლარისა და 66 თეთრის ხოლო 2001წ. 1 სექტემბრიდან ყოველთვიურად 53 ლარისა და 79 თეთრის გადახდა. სამედიცინო მოვლისათვის ხარჯების ანაზღაურების ნაწილში სარჩელი დატოვებული იქნა განუხილველად.

აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრა შპს “გ.” მისთვის თანხის დაკისრების ნაწილში.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 25 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება ეფუძნება შემდეგ მოტივებს:

შპს “გ.” არგუმენტები სახელმწიფო ქონების პრივატიზაციისა და “მეწარმეთა შესახებ” კანონის ნორმებზე დაყრდნობით უსაფუძვლოა, რადგან ეს კანონები სულ სხვა ურთიერთობებს არეგულირებს. მოცემულ შემთხვევაში კი დავის საგანს შეადგენს საწარმოო ტრავმით მიყენებული ზიანის ანაზღაურება, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის 1999წ. 9 თებერვლის ¹48 ბრძანებულებით წესრიგდება.

ამავე წესების მე-11 პუნქტის მიხედვით, დაზარალებულს ზიანი აუნაზღაურდება ყოველგვარი სარჩოს გადახდით იმ ვადით, რა ვადითაც დადგენილი აქვს შრომის უნარის ხარისხის დაკარგვა, მიუხედავად იმისა, მინიჭებული აქვს თუ არა ინვალიდობის ჯგუფი.

თ. გ-ორს შრომის უნარი უვადოდ დაკარგული აქვს 100%-ით. წესის მე-11 პუნქტის მეორე აბზაცის მიხედვით, ზიანი ანაზღაურდება იმავე ან იმავე თანრიგის ნებისმიერი სპეციალობის მუშაკის ბოლო სამი თვის ნამუშევარი, ფაქტობრივად მიღებული საშუალო ხელფასიდან იმ ოდენობით, რამდენი პროცენტითაც დაკარგული აქვს შრომის უნარის ხარისხი.

თ. გ-ორს შრომის უნარი დაკარგული აქვს 100%-ით მისი საშუალო ხელფასი მტვირთავი მუშაკისათვის ფაქტობრივად მიღებული ხელფასის გათვალისწინებით შეადგენს 43 ლარსა და 79 თეთრს, რაც 54 თვეზე გაანგარიშებით შეადგენს 2364 ლარსა და 66 თეთრს. მოსარჩელეს ყოველთვიურად უნდა მიეცეს 43 ლარი და 79 თეთრი, საყოფაცხოვრებო მომვლელის თანხა ქვეყანაში მინიმალური ხელფასის გათვალისწინებით შეადგენს 10 ლარს. 1999წ. იანვრიდან 2001წ. აგვისტოს ჩათვლით საყოფაცხოვრებო მომვლელის თანხა შეადგენს 320 ლარს. დასახელებული 10 ლარის გათვალისწინებით თ. გ-ორს 2001წ. 1 სექტემბრიდან უნდა აუნაზღაურდეს 53 ლარი და 79 თეთრი.

შპს “გ.” საკასაციო საჩივარი შეიტანა საქართველოს უზენაეს სასამართლოში და მოითხოვა საოლქო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.

საკასაციო საჩივარი ემყარება შემდეგ მოტივებს: 1994 წელს ვაჭრობისა და მატერიალურ-ტექნიკური მომარაგების სამინისტროს გაუქმებასთან დაკავშირებით ოზურგეთის “ს.” ბაზა გადავიდა ოზურგეთის რაიონის მუნიციპალურ დაქვემდებარებაში. ოზურგეთის რაიონის გამგეობის 1997წ. 26 ნოემბრის ¹186 დადგენილებით გადაწყდა, მომხდარიყო ბაზის რესტრუქტურიზაცია. ბაზა შეტანილ იქნა საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხაში. ქონების სიაში შეტანილი იყო საწარმოს ბალანსზე რიცხული ქონების მხოლოდ პასიური ნაწილი, ანუ უძრავი ქონება. ქონების აქტიური ნაწილი დღემდე წარმოადგენს მუნიციპალურ საკუთრებას.

“მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 8.1 მუხლის თანახმად, “თუ პირი შეიძენს საწარმოს, იგი პასუხს აგებს ამ საწარმოს საქმიანობიდან წარმოშობილი იმ ვალდებულებებისათვის, რომლებიც ამ საწარმოს შეძენამდე წარმოიშვა, მაგრამ ამავე კანონის 8.1 მუხლის II აბზაცის თანახმად “შემძენი თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან, “თუ შეძენის ფასის კალკულაციაში ვადები არაა გათვალისწინებული”. მოცემულ შემთხვევაში სახეზეა ფი. “გულისტანის” პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლების საფუძველი, ვინაიდან ქონების მესაკუთრეს სახელმწიფოს შემძენისათვის არ დაუკისრებია გასასხვისებელი საწარმოს ვალები.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივარს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთება და თვლის, რომ შპს “გ.” საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დადგენილია, რომ თ. გ-ორი მუშაობდა “ს.” ოზურგეთის მატერიალურ-ტექნიკური მომარაგების ბაზის მუშად, სადაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს 1989წ. 17 მარტს მიიღო შრომითი დასახიჩრება.

თ. გ-ორს შრომის უნარი უვადოდ დაკარგული აქვს 100%-ით.

1997წ. 14 მარტს ოზურგეთის სასამართლოს გადაწყვეტილებით თ. გ-ორის სასარგებლოდ მოპასუხე ს. ოზურგეთის მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას 1991წ. თებერვლიდან 1997წ. თებერვლის ჩათვლით დაეკისრა 654 ლარის, ხოლო ყოველთვიურად 9 ლარის გადახდა.

საქსოფლმომარაგების ოზურგეთის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის ქონების ნაწილი 1998წ. დეკემბერში შეისყიდა შპს “გ.”.

საქართველოს პრეზიდენტის 1999წ. 9 თებერვლის ¹48 ბრძანებულებით დამტკიცებული შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის 42-ე პუნქტის მიხედვით სახელმწიფო საწარმო-დაწესებულების, ორგანიზაციის ლიკვიდაციის, რეორგანიზაციის (შერწყმა, შეჩერება, გაყოფა, გამოყოფა, გარდაქმნა) ან პრივატიზაციის შემთხვევაში განცხადება შეიტანება მის უფლებამონაცვლე ან მისი ქონების ბაზაზე დაფუძნებულ ან შექმნილ ორგანიზაციაში, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი.

პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომ “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 8.1 მუხლის შესაბამისად შპს “გ.” უნდა განთავისუფლდეს პასუხისმგებლობისაგან, ვინაიდან შეძენის ფასის კალკულაციაში ვალები არაა გათვალისწინებული.

სააპელაციო სასამართლომ სწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადება, რომლის მიხედვით ერთი და იმავე დონის სამართლის ნორმათა კოლიზიის დროს გამოიყენება სპეციალური და უფრო ახალი კანონი. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით კი სამოქალაქო ურთიერთობების მოსაწესრიგებლად კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები გამოიყენება მხოლოდ მაშინ, თუ ისინი ავსებენ კანონის ნორმებს. განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს საწარმოო ტრავმით მიყენებული ზიანის ანაზღაურება, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის 1999წ. 9 თებერვლის ¹48 ბრძანებულების სპეციალური ნომებით წესრიგდება.

დასახელებული წესის 63-ე პუნქტის მიხედვით, შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად, ზიანის ანაზღურების წესების ამოქმედების გამო, ძალადაკარგული ნორმატიული აქტების საფუძველზე წარმოშობილი ურთიერთობების მიმართ გამოიყენება ამ წესების ნორმები.

წესის 22-ე პუნქტის პირველი აბზაცის მიხედვით დაზარალებულს ზიანი აუნაზღაურდება ყოველგვარი სარჩოს გადახდით იმ ვადით, რა ვადითაც დადგენილი აქვს შრომის უნარის ხარისხის დაკარგვა, მიუხედავად იმისა, მინიჭებული აქვს თუ არა ინვლიდობის ჯგუფი.

სააპელაციო სასამართლოს მიერ კანონშესაბამისადაა დადგენილი 1997წ. 1 მარტიდან 2001წ. 31 აგვისტოს ჩათვლით ერთდროული დახმარების ოდენობა, 2684 ლარის და 66 თეთრის, ასევე ყოველთვიური დახმარების თანხა 73 ლარის და 79 თეთრის ოდენობით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ შპს “გ.”, როგორც სახელმწიფო ქონების პრივატიზების ბაზაზე შექმნილი საწარმო, წარმოადგენს “ს.” ოზურგეთის მატერიალურ-ტექნიკური მომარაგების ბაზის სამართალმემკვიდრეს, და სათანადო მოპასუხეს. ამიტომ მას სწორად დაეკისრა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დასახიჩრებით მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

შპს “გ.” საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 15 იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.