¹ 3კ-553-02 4 ოქტომბერი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
რ. ნადირიანი,მ. წიქვაძე
სარჩელის საგანი: საიჯარო ხელშეკრულების ბათილად ცნობა.
შეგებებული სარჩელის საგანი: საიჯარო ქირის, საიჯარო ქონების ამორტიზაციის თანხის და ქონების გადასახადის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
1997წ. 29 ივლისს სს “შ.-ს” და შპს “ა.-ს” შორის დაიდო იჯარის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც შპს “ა.-მა” სს “შ.-ს” ორიწ. ვადით, 1999წ. 1 აგვისტომდე გადასცა ზუგდიდის რაიონის სოფ. ...-ში მდებარე ჩაის ფაბრიკა, რომლის ბალანსზე რიცხული ძირითად საშუალებების შენობა-ნაგებობების, მოწყობილობების, მანქანა-დანადაგრების და სამეურნეო ინვენტარის საბალანსო ღირებულება აუდიტორული შეფასების საფუძველზე ხელშეკრულებით განისაზღვრა 384 500 ლარად.
საიჯარო გადასახადი განისაზღვრა ქონების ღირებულების 5% ანუ 19225 ლარი ყოველწლიურად.
ხელშეკრულების მე-5 პუნქტის თანახმად, “მოიჯარე აწარმოებს ბიუჯეტთან ქონების გადასახადის გადახდას ყოველწლიურად საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული ოდენობით. ყველა გახარჯული თანხა ჩაეთვლება “მოიჯარეს იჯარის გადასახადში, ხოლო შესრულებული სამუშაო რჩება “მეიჯარეს” საკუთრებაში. იჯარის დამთავრების შემდეგ “მოიჯარე” ასევე უხდის “მეიჯარეს” ყოველწლიურად ამორტიზაციის ანარიცხებს თანხით 11 535 ლარს.
1999წ. 18 აგვისტოს სს “შ.-ს” დირექტორმა – ე. ახალაიამ სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხეების სს “შ.-ს” ყოფილი დირექტორის ბ. ლომაიასა და შპს “ა.-ის” წინააღმდეგ და მოითხოვა იჯარის ხელშეკრულების ბათილად ცნობა. სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მოსარჩელემ მიუთითა შემდეგ გარემოებებზე: სს “შ.-ს” ყოფილმა დირექტორმა ბოროტი განზრახვით, წინასწარი შეთანხმებით დადო სს “შ.-სათვის” არახელსაყრელი, კაბალური საიჯარო ხელშეკრულება შპს “ა.-თან”, ვინაიდან იგი არის შპს “ა.-ის” 20%-ის წილის მფლობელი და აღნიშნული ხელშეკრულების შედეგად მიიღებდა სარგებელს.
მოსარჩელე მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად მიუთითებდა “მეწარმეთა შესახებ” კანონის 55.9 მუხლის “ბ” ქვეპუნქტზე და მიაჩნია, რომ ვინაიდან სს “შ.-ს” ყოფილ დირექტორს არ გააჩნდა სამეთვალყურეო საბჭოს თანხმობა, იმ დროს მოქმედი სკ-ს 48-ე მუხლის თანახმად ხელშეკრულება ბათილია.
მოსარჩელის მოსაზრებით იჯარის ხელშეკრულება ეწინააღმდეგება საგადასახადო კოდექსის მოთხოვნებს, რადგან იჯარით აღებული ქონების გადასახადი სახელმწიფო ბიუჯეტისათვის უნდა გადაიხადოს ქონების მესაკუთრემ და არა მოიჯარემ. ასევე გაზრდილია საიჯარო ქირა, ქონების ღირებულების არარეალური აუდიტორული დასკვნით.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს თავის მხრივ შპს “ა.-ის” დირექტორმა შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა წელიწადი და რვა თვის განმავლობაში საიჯარო ქირის, ამორტიზაციის და ქონების გადასახადის სახით 57674 ლარის გადახდა.
ჩხოროწყუს რაიონული სასამართლოს 2001წ. 28 ივნისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა სს “შ.-ს” სასარჩელო მოთხოვნა და იჯარის ხელშეკრულება ბათილად იქნა ცნობილი მისგან გამომდინარე შედეგებითურთ, ხოლო შეგებებულ სარჩელზე სასამართლომ საერთოდ არ იმსჯელა.
რაიონული სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა.
სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო, რომ ბ.ლომაიას სს “შ.-ს” დირექტორად დანიშვნის დროს ამ საზოგადოების აქციონერებისათვის ცნობილი იყო, რომ იგი იყო შპს “ა.-ის” დამფუძნებელი და საწესდებო კაპიტალის 20% წილის მფლობელი, ამასთან, სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული ფაქტი არ ეწინააღმდეგებოდა “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 9.6 მუხლის მოთხოვნებს.
სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ მოდავე მხარეთა შორის ხელშეკრულება დაიდო 1997წ. 29 ივლისს, ხოლო მოსარჩელემ სასამართლოს მიმართა სარჩელით ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნით ხელშეკრულებით გათვალისწინებული ორწლიანი ვადის გასვლის შემდეგ აღნიშნულის საფუძველზე სასამართლომ “მეწარმეთა შესახებ” კანონის 9.5 მუხლის თანახმად, სს “შ.-ს” მოთხოვნა მიიჩნია ხანდაზმულად.
სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო, რომ ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ სარჩელის აღძვრამდე, სს “შ.-ს” დირექტორმა, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის განკარგულების საფუძველზე, 1999წ. 21 თებერვალს, ¹14 წერილით შპს “ა.-ის” დირექტორსა და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს შეატყობინა, რომ იმავეწ. 1 იანვრიდან წყვეტდა მხარეთა შორის საიჯარო ხელშეკრულებას. მეიჯარემ აღნიშნულის შეტყობინების მიღებიდან მოიჯარესთან ურთიერთობის შეწყვეტის მოთხოვნა ცნო და აღიარა, რის გამოც სასამართლომ მიიჩნია, რომ შეგებებული სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და სს “შ.-ს” უნდა დაეკისროს 1997წ. 1 აგვისტოდან 1999წ. 1 იანვრამდე პერიოდის თანხები ე.ი. 1 წლისა და 5 თვის საიჯარო ქირა, რაც შეადგენს 27234 ლარს, ამორტიზაციის თანხა 16341 ლარს და ქონების გადასახადი 9916 ლარს, სულ 53491 ლარს და 25 თეთრს. სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ მოსარჩელეს საიჯარო ქონების რეკონსტრუქციაზე დახარჯული ჰქონდა 24481 ლარი, რაც ხელშეკრულების თანახმად მოსარჩელეს ეთვლებოდა საიჯარო ქირის გადახდაში და აღნიშნული თანხა უნდა გამოკლებოდა მთლიან გადასახდელ თანხას ე.ი. (53491-24481) გადასახდელი იყო 29010,90 ლარი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ 2001წ. 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით გააუქმა ჩხოროწყუს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით სს “შ.-ს” უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე; შპს “ა.-ის” შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სს “შ.-ს” შპს “ა.-ის” სასარგებლოდ დაეკისრა 29010 ლარი და 90 თეთრი.
ეს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელიც მოითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნებას შემდეგი საფუძვლებით:
1. სასამართლომ არასწორად განმარტა “მეწარმეთა შესახებ” კანონის 9.5 მუხლი და არ გამოიყენა ამავე კანონის მე-15 მუხლი;
2. სასამართლოს “ნორმატიული აქტების შესახებ” კანონის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტის 19-ე მუხლის და 25-ე მუხლის საფუძველზე უნდა გამოეყენებინა უფრო გვიან მიღებული აქტით სკ-ით დადგენილი ნორმა – 129-ე მუხლი;
3. სასამართლომ არ გამოიყენა “მეწარმეთა შესახებ” კანონის 55.9 და 56-ე მუხლები.
4. სასამართლომ არ გამოიყენა საგადასახადო კოდექსის 142-ე, 144-ე და 30-ე მუხლები;
5. სასამართლომ არ გაითვალისწინა გარიგების ბათილობის დამადასტურებელი გარემოებები და არ გამოიყენა სკ-ს 52-ე, 54-ე, 55-ე, 56-ე, 59-ე, 73-ე, 547-ე და 325-ე მუხლები.
6. სასამართლომ არასწორად იანგარიშა ქონების გადასახადის და ამორტიზაციის თანხის ოდენობა.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა განმარტებები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა “მეწარმეთა შესახებ” კანონის 9.5 მუხლი და უნდა გამოეყენებინა უფრო გვიან მიღებული აქტით – სკ-ით დადგენილი ნორმა – 129-ე მუხლი.
“ნორმატიული აქტების შესახებ” კანონის 25-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, იერარქიის ერთი და იგივე საფეხურის ნორმატიულ აქტებს შორის წინააღმდეგობის წარმოქმნისას მოქმედებს უფრო გვიან მიღებული აქტით დადგენილი ნორმა.
სკ-ს მე-3 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, კანონი კარგავს ძალას, თუ ამის შესახებ პირდაპირ უთითებს ახალი კანონი, ან ძველი ეწინააღმდეგება ახალს, ან ახალი კანონი მოიცავს ძველით მოწესრიგებულ ურთიერთობას, ანდა, თუ აღარ არსებობს ის ურთიერთობა, რომელსაც აწესრიგებდა კანონი.
მოცემულ შემთხვევაში ნორმატიულ აქტებს შორის წინააღმდეგობას არა აქვს ადგილი, რადგან ახალი სკ არ მოიცავს “მეწარმეთა შესახებ” კანონით მოწესრიგებულ ურთიერთობას, რის გამოც ამ კანონს ძალა არ დაუკარგავს და იგი მოქმედებს. მიუხედავად აღნიშნულისა, არ არსებობს წინააღმდეგობა ასევე სკ-ს 129-ე მუხლსა და “მეწარმეთა შესახებ” კანონის 9.5 მუხლს შორის. სკ-ს 129-ე მუხლი არის ზოგადი ხასიათის ნორმა და ამ მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ცალკეულ შემთხვევებში კანონით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს ხანდაზმულობის სხვა ვადებიც. “მეწარმეთა შესახებ” კანონით გათვალისწინებულია ხანდაზმულობის სხვა ვადები, რაც წარმოადგენს სპეციალური ხასიათის ნორმებს. ამდენად, სააპელაციო პალატამ მართებულად გამოიყენა “მეწარმეთა შესახებ” კანონით დადგენილი ხანდაზმულობის ვადები.
“მეწარმეთა შესახებ” კანონის 15.1 მუხლის თანახმად, ამ კანონის მიხედვით, პრეტენზიების ხანდაზმულობის ვადა არის ხუთი წელი მათი წარმოშობიდან, საზოგადოების ლიკვიდაციიდან ან პარტნიორის გასვლიდან, თუ კანონი სხვა რამეს არ განსაზღვრავს.
აღნიშნული ნორმა აწესებს ხანდაზმულობის ზოგად ვადას, რომელიც არის ხუთი წელი. მითითებული ნორმით ასევე განმტკიცებულია სპეციალური ვადების შესაძლებლობაც “თუ კანონი სხვა რამეს არ განსაზღვრავს. ერთ-ერთი ასეთი ვადა განსაზღვრულია 9.5 მუხლში. “თუ გარიგების კონტრაგენტისათვის ხელშეკრულების დადებისას ცნობილი იყო საზოგადოების ხელმძღვანელობის უფლებამოსილების შეზღუდვის შესახებ, წარმოდგენილ საზოგადოებას შეუძლია ხელშეკრულების დადებიდან თვრამეტი თვის განმავლობაში განაცხადოს გარიგების ბათილობა”.
აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა არ ეთანხმება კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სასამართლოს უნდა გამოეყენებინა “მეწარმეთა შესახებ” კანონის მე-15 მუხლი.
საკასაციო პალატა ასევე არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სკ-ს გარიგების ბათილობის შესახებ ნორმები და მეწარმეთა შესახებ” კანონის 55.9 და 56-ე მუხლები.
“მეწარმეთა შესახებ” კანონის 9.4 მუხლის თანახმად, დირექტორები საზოგადოებას წარმოადგენენ მესამე პირებთან ურთიერთობაში. წარმომადგენლობითი უფლებამოსილება მესამე პირებთან ურთიერთობაში არ შეიძლება შეიზღუდოს.
ამავე კანონის 55.9 მუხლი განსაზღვრავს საქმიანობის ცალკეულ სახეებს, რომელთა განხორციელება დირექტორებს შეუძლიათ მხოლოდ სამეთვალყურეო საბჭოს თანხმობით. სამეთვალყურეო საბჭოს თანხმობა, როგორც წესი ფორმალურ ხასიათს ატარებს. მესამე პირს არ სჭირდება იმის გარკვევა, უფლებამოსილი იყო თუ არა დირექტორი დაედო გარიგება. თუ დირექტორი დადებს გარიგებას, რომლის დადების უფლება მას არ ჰქონდა, ის “მეწარმეთა შესახებ” კანონის 9.7 მუხლის შესაბამისად პასუხს აგებს საზოგადოების წინაშე და გარიგების ბათილობის საკითხი არ დადგება. ეს წესი არ გამოიყენება თუ სახეზეა 9.5 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევა.
9.5 მუხლის თანახმად, თუ გარიგების კონტრაგენტისათვის ხელშეკრულების დადებისას ცნობილი იყო საზოგადოების ხელმძღვანელობის შეზღუდვის შესახებ, წარმოდგენილ საზოგადოებას შეუძლია ხელშეკრულების დადებიდან 18 თვის განმავლობაში განაცხადოს გარიგების ბათილობა. მოცემულ საქმეზე მოსარჩელის მიერ ვერ იქნა დადასტურებული, რომ საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს წევრებთან არ იყო შეთანხმებული გარიგების დადება. დადგენილია, რომ საზოგადოებამ ქონება იჯარით მიიღო, საიჯარო ქონების რეკონსტრუქციაზე გასწია გარკვეული ხარჯები, ხოლო 1999წ. თებერვალში, სს “შ.-ს” დირექტორმა სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის განკარგულების საფუძველზე, შპს “ა.-ის” ხელმძღვანელობას შეატყობინა საიჯარო ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ. ამდენად, საქმის მასალებით არ არის დადგენილი დირექტორის უფლებამოსილების შეზღუდვის შესახებ. ამასთან, წარმოდგენილ საზოგადოებას 18 თვის განმავლობაში არ განუცხადებია დირექტორის მიერ დადებული გარიგების ბათილობა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაიცო პალატის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სწორია და მისი გაუქმების საფუძველი არ არსებობს.
რაც შეეხება გადაწყვეტილებას შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში, პალატა თვლის, რომ გადაწყვეტილება ამ ნაწილში საკმაოდ არ არის დასაბუთებული, რის გამოც იგი უნდა გაუქმდეს და ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
სსკ-ს 249-ე მუცხლის მე-4 ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში უნდა აღინიშნოს სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებანი, მტკიცებულებანი, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნები, მოსაზრებანი, რომლებითაც სასამართლო უარყოფს ამა თუ იმ მტკიცებულებას და კანონები, რომლებითაც სასამართლო ხელმძღვანელობდა.
მოცემულ შემთხვევაში თანხების დაკისრების ნაწილში სასამართლო არ უთითებს მტკიცებულებებზე, რომლებსაც სასამართლო დასკვნები ემყარება. არ არის მითითება კანონზე, რომლის საფუძველზეც სასამართლომ გამოიანგარიშა ქონების გადასახადი, ამასთან, სასამართლოს დასკვნები წინააღმდეგობრივია. დადგენილია, რომ შეგებებული სარჩელის ავტორი მოითხოვდა ორიწ. ქონების გადასახადს 7000 ლარის ოდენობით, სასამართლომ კი მოსარჩელეს დააკისრა წელიწადი და ხუთი თვის გადასახადი 9916 ლარის ოდენობით ე.ი. მიაკუთვნა მხარეს იმაზე მეტი, რასაც იგი მოითხოვდა.
ხელშეკრულების მე-5 მუხლის თანახმად, მოიჯარე აწარმოებს ბიუჯეტთან ქონების გადასახადის გადახდას საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული ოდენობით. ყველა გახარჯული თანხა “მოიჯარეს” ჩაეთვლება იჯარის გადასახადში.
სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვისას უნდა გაარკვიოს ქონების გადასახადი ხელშეკრულების მე-5 მუხლის თანახმად, ხომ არ უნდა გამოაკლდეს იჯარის გადასახადს. ამდენად, სასამართლომ თანხების გაანგარიშებისას უნდა განმარტოს ხელშეკრულების ცალკეული მუხლები და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს მისცეს სწორი სამართლებრივი შეფასება.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
სს “შ.-ს” საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
გაუქმდეს ამ საქმეზე ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001წ. 26 დეკემბრის გადაწყვეტილება შპს “ა.-ის” შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ამ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.