Facebook Twitter

¹3კ-554-02 19 ივნისი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. წიქვაძე (თავმჯდომარე),

რ. ნადირიანი, ლ. გოჩელაშვილი

სარჩელის საგანი: ვალის დაბრუნება.

აღწერილობითი ნაწილი:

2000წ. 21 დეკემბერს შპს “ე-მა” სს “ს-ის” წინააღმდეგ სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს.

მოსარჩელემ მიუთითა, რომ 1995წ. 20 მაისის ხელშეკრულებით შეთანხმდნენ, რომ “ე-ს” მოპასუხისათვის გადაცემული 3 მილიონი კუპონის და 1200000 მანეთად ღირებული 5 ტონა “არმატურის”. სანაცვლოდ მოპასუხე დაუბრუნებდა 500 გრძივი მეტრი რკინა-ბეტონის ღობის ფილას (ზომით 3X2,5).

მოპასუხემ აღნიშნული შეთანხმება არ შეასრულა და მოსარჩელისაგან ამ დავალების შესასრულებლად კიდევ მოითხოვა 10 მილიონი კუპონი.

საბოლოოდ, 1996წ. 11 იანვარს, მხარეები შეთანხმდნენ, რომ 1995წ. 11 იანვრის ხელშეკრულების შესაბამისად ერთ კვ.მ. რკინა-ბეტონის ღობის ფილის ღირებულება განსაზღვრულიყო 10 ლარით და 62 თეთრით, ხოლო მთლიანი ღირებულება _ 15930 ლარით. სს “ს-ს” უნდა დაებრუნებინა მითითებული თანხა, დაუბრუნებლობის შემთხვევაში კი ჯარიმის სახით უნდა გადაეხადა ყოველთვიურად 10% და ეს პროცესი გაგრძელდებოდა მანამ, სანამ არ დაიფარებოდა ძირითადი ვალი. ხელშეკრულების დადებიდან 2000წ. დეკემბრამდე დავალინებამ შეადგინა 122661 ლარი და მოითხოვა მოპასუხისათვის ამ თანხის გადასახდელად დაკისრება.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა სათანადო მტკიცებულებები მოპასუხისათვის თანხების ჩარიცხვის შესახებ. მის მიერ წარმოდგენილი სალაროს ქვითრები და საგადასახადო დავალებების ასლები კი არ წარმოადგენს მტკიცების საფუძველს. 1997 წელს ჩატარდა ნულოვანი აუქციონი, მაგრამ შპს “ე-ი” კრედიტორებს შორის დაფიქსირებული არ ყოფილა. ამასთან, გაშვებულია სარჩელის წარდგენის ხანდაზმულობის ერთწლიანი ვადა.

მოსარჩელემ 2001წ. 5 ივლისს წარადგინა დაზუსტებული სარჩელი და საბოლოო ჯამში მოითხოვა 110420 ლარის ანაზღაურება.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 18 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: მოპასუხეს დაეკისრა 47436 ლარის გადახდა (ძირითადი თანხა _ 15930 ლარი და პირგასამტეხლო _ 31506 ლარი).

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 6 თებერვლის გადაწყვეტილებით გაუქმდა საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება და სარჩელი არ დაკმაყოფილდა სარჩელის წარდგენის ხანდაზმულობის ვადის დარღვევის გამო.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 1995წ. 20 მაისისათვის ლარი ბრუნვაში არ იყო და ამ დროს მხარეთა შორის ხელშეკრულების დადება ლარით გადახდის თაობაზე შეუძლებელი იყო. აქედან გამომდინარე მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ზემოთ მითითებული ხელშეკრულება რომელიც საფუძვლად დაედო 1996წ. 11 იანვრის ხელშეკრულებას, ბათილი იყო. სასამართლომ ასევე მუთითა, რომ სამოქალაქო სამართლის კოდექსის 174-ე მუხლით (1964წ.) ფულადი ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის ჯარიმა არ გადაიხდევინება. სასამართლოს მოსაზრებით ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობისათვის მოვალისათვის პროცენტის გადახდევინების და ისიც ამავე კოდექსის 225-ე მუხლის შესაბამისად მხოლოდ ბანკს გააჩნდა უფლება. სააპელაციო სასამართლომ ასევე კანონსაწინააღმდეგოდ მიიჩნია 1996წ. 11 იანვრის ხელშეკრულების ის ნაწილი, რომელიც ხელშეკრულების შეუსრულებლობისათვის ანაზღაურების შესაძლებლობას სს “ს-ის” ძირითადი საშუალებებით აწესებს. სასამართლოს მიაჩნია, რომ ხელშეკრულების ეს ნაწილი ეწინააღმდეგება “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 55-ე მუხლის მოთხოვნას, რადგან ძირითადი საშუალებების განკარგვა სამეთვალყურეო საბჭოს თანხმობის გარეშე დაუშვებელია და დირექტორს უფლება არ ჰქონდა, თავისთავზე აეღო ის ვალდებულება, რომელიც მის კომპეტენციაში არ შედიოდა. სასამართლომ 1996წ. 11 იანვრის მხარეთა შეთანხმების ის ნაწილი, რომელიც აწესებდა ძირითად თანხასთან ერთად ყოველთვიური ჯარიმის _ 1593 ლარის მანამდე გადახდის ვალებულებას, სანამ მთლიანად არ იქნებოდა დაფარული ვალი, მიიჩნია სამოქალაქო სამართლის კოდექსის 77-ე მუხლის პრინციპის დარღვევად და მიუთითა, რომ მხარეთა შეთანხმებით სასარჩელო ხანდაზმულობის ვადების გამოთვლის წესის შეცვლა არ დაიშვება. მანვე მუთითა, რომ ამავე კოდექსის 75-ე, 76-ე მუხლების შესაბამისად იურიდიული პირებისათვის ხანდაზმულობის ვადა განისაზღვრება ერთი წლით. მხარეებს შორის ხელშეკრულება დაიდო 1996წ. 11 იანვარს და ამავე კოდექსის 80-ე მუხლის თანხმად მოთხოვნის უფლება პირგასამტეხლოსათვის წარმოიშვა 6 თვის, ხოლო ძირითადი ვადისათვის _ ერთი წლის გასვლის შემდეგ და ვინაიდან სასამართლოს მხარემ სარჩელით მხოლოდ 2000 წლის დეკემბერს მიმართა, გასული იყო სარჩელის წარდგენის ხანდაზმულობის ვადა.

2002წ. 14 მარტს მოსარჩელემ საკასაციო საჩივრით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა მოცემულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფლება შემდეგი საფუძვლით:

კასატორს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 174-ე და 177-ე მუხლების (1964წ.) სამოქალაქო კოდექსის 48-ე, 75-ე, 76-ე და 225-ე და “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 55-ე მუხლი. მისივე მოსაზრებით, სასამართლოს უნდა გამოეყენებინა ამავე კოდექსის 212-ე, 213-ე მუხლები.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის ფარგლებში გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა განმარტებანი და მიაჩნია, რომ მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შესაბამის პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 249-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში უნდა აღინიშნოს სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებანი.

მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში არ აღუნიშნავს, თუ რა ფაქტობრივი გარემოებები იქნა დადგენილი, მათ შორის რომელი იყო უდავოდ დადგენილი.

სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების მიღების დროს არასწორად განმარტა კანონი. ამასთან მიიღო დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ე” პუნქტის შესაბამისად კი გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიჩნეულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული, ანდა დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.

მოცემულ შემთხვევაში, მაშინ, როცა საპელაციო სასამართლოს არ დაუდგენია მოცემულ საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები, ამ სახის სასამართლოს გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, ხოლო ასეთ ვითარებაში მიღებული გადაწყვეტილება კი იურიდიულადაა დაუსაბუთებელი.

სააპელაციო სასამართლომ მოცემული დავის გადაწყვეტის დროს არასწორად განმარტა სამოქალაქო სამართლის კოდექსის 48-ე მუხლი. ამ მუხლის შესაბამისად ბათილია გარიგება, რომელიც კანონის მოთხოვნას არ შეესაბამება. ამ მუხლის მეორე ნაწილი ბათილობის შემთხვევაში ითვალისწინებს ორმხრივ რესტიტუციას. არასწორია სააპელაციო სასამართლოს მითითება ზემოთაღნიშნული მუხლის გამოყენებით იმაზე, რომ 1995წ. 20 მაისის ხელშეკრულება დადებულია ძველი თარიღით და ამიტომ იგი ბათილია. ძველი თარიღით ხელშეკრულების შედგენა ან ხელშეკრულებაზე ძველი თარიღის დასმა არ შეიძლება გახდეს ხელშეკრულების უცილოდ ბათილად ცნობის საფუძველი. ასევე არასწორია სააპელაციო სასამართლოს მითითება იმის შესახებ, რომ თითქოს ამავე მუხლის შესაბამისად მხარეებს შორის არ შეიძლებოდა დადებულიყო ურთიერთშორის ვალის აღიარების შესახებ ხელშეკრულება, ვინაიდან მხარეები საკრედიტო დაწესებულებას არ წარმოადგენდნენ და თითქოს მათ შეეძლოთ მხოლოდ ისეთი ხელშეკრულების დადება, რომელიც მხარეებს შორის რაიმე სახის სამუშაოს შესრულებას ითვალისწინებდა.

სააპელაციო სასამართლომ ასევე არასწორად განმარტა სამოქალაქო სამართლის კოდექსის 174-ე მუხლი (1964წ.), როცა ამ ნორმაზე დაყრდნობით მიუთითა, რომ ვალის გადაუხდელობის შემთხვევაში ჯარიმის სახით არ შეიძლებოდა 10%-ის დაწესება, ვინაიდან ხელშეკრულების შეუსრულებლობისათვის პროცენტის გადახდა საკრედიტო და მხოლოდ საგარეო სავაჭრო დაწესებულებებისათვისაა დაშვებული. მართალია, მითითებული ნორმა ითავლისწინებს პროცენტს ფულადი და სხვა ვალდებულების მიხედვით, საკრედიტო დაწესებულებების ოპერაციების, საგარეო სავაჭრო ვალდებულებების კანონით მითითებულ სხვა შემთხვევებისათვის, პროცენტის გადახდა კანონით მითითებული სხვა შემთხვევის გარდა დაუშვებელია, მაგრამ სადავო ხელშეკრულებაში მითითებული პროცენტი ფულადი ვალდებულების მიხედვით კი არაა განსაზღვრული, არამედ ხელშეკრულებაში ძირითადი ვალის 10%-ის გადახდა დაწესებულია პირგასამტეხლოს სახით, რომლის შეფასების დროსაც პალატას უნდა ეხელმძღვანელა სამოქალაქო სამართლის კოდექსის 184-ე მუხლით (1964წ.). ხელშეკრულებაში აღნიშნულ, ზემოთ მითითებულ პროცენტს არანაირი შეხება არა აქვს სააპელაციო სასამართლოს მიერ მითითებულ სამოქალაქო სამართლის კოდექსის 225-ე მუხლთან (1964წ.). მითითებული მუხლის შესაბამისად რეგულირდება მოვალის მიერ ვალდებულების ვადის გადაცილების გამო პასუხისმგებლობა, რასაც შეხება არა აქვს ხელშეკრულებაში მითითებულ პირგასამტეხლოსთან.

სააპელაციო სასამართლომ ასევე არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 77-ე მუხლი (1964წ.), როცა მიუთითა, რომ თითქოს 1996წ. 11 იანვრის ხელშეკრულებაში, ვინაიდან არ იყო მითითებული ამ ხელშეკრულების შესრულების ვადა, მხარეთა, შეთანხმებით შეიცვალა სასარჩელო ხანდაზმულობის ვადები.

მართალია, სამოქალაქო სამართლის კოდექსის 77-ე მუხლი მხარეთა შეთანხმებით სასარჩელო ხანდაზმულობის ვადების და მათი გამოთვლის წესის შეცვლას არ უშვებს, მაგრამ მითითებულ სადავო ხელშეკრულებას არაფერი უთქვამს სარჩელის წარდგენის ხანდაზმულობის ვადებზე. მართალია, ამ ხელშეკრულებაში მითითებული არ არის თუ რა ვადით დაიდო ხელშეკრულება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მხარეებმა კანონსაწინააღმდეგოდ დაადგინეს ხანდაზმულობის ვადები. ხელშეკრულება შეიძლება იყოს ვადიანი და უვადოც, მაგრამ, როცა ხელშეკრულება უვადოა, ეს არ მიუთითებს იმაზე, რომ მხარეებმა დაარღვიეს 77-ე მუხლის მოთხოვნები.

სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო სამართლის კოდექსის 75-ე, 76-ე მუხლების შესაბამისად მიუთითა, რომ იურიდიულ პირებს შორის სარჩელის წარდგენის ხანდაზმულობის ვადა შეადგენს ერთ წელს, მაგრამ არ განსაზღვრა, კონკრეტულ შემთხვევაში თუ როდის დაიწყო ხანდაზმულობის ვადის დინება. სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიუთითა, რომ თითქოს შპს-ს, 1996წ. 11 იანვრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სარჩელის წარდგენის უფლება წარმოეშობოდა ძირითად თანხაზე 1 წლის, ხოლო პირგასამტეხლოზე _ 6 თვის შემდეგ.

სააპელაციო სასამართლომ მოცემულ საქმეზე სხვა საკითხებთან ერთად უნდა დაადგინოს ფაქტობრივი გარემოებები. ამასთან, სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964წ.) 153-ე, 154-ე და მე-4 მუხლების შესაბამისად უნდა დაადგინოს, არის თუ არა ნამდვილი 1996წ. 11 იანვრის ხელშეკრულება. თუ იგი ნამდვილია, მაშინ ხომ არ ჩაითვლება იგი ვალის აღიარებად.

სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო სამართლის კოდექსის მე-80 მუხლის (1964წ.) შესაბამისად უნდა დაადგინოს მოცემულ ხელშეკრულებაზე სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი, ამავე კოდექსის 185-ე მუხლის შესაბამისად ხომ არ წარმოადგენს ხელშეკრულებაში მითითებული ჯარიმა ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთ-ერთ სახეს _ პირგასამტეხლოს და ამავე კოდექსის 76-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად ხომ არ ვრცელდება მასზე სასარჩელო ხანდაზმულობის შემცირებული ვადები და სამოქალაქო სამართლის კოდექსის 83-ე მუხლის შესაბამისად ხომ არ ჰქონია ადგილი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის მიმდინარეობის შეწყვეტას.

საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის საფუძველზე შესაძლებლად მიაჩნია საკასაციო საჩივარზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობის შემცირება.

სარეზოლუციო ნაწილი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 6 თებერვლის განჩინება და საქმე ხელახლა განხილვის მიზნით დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შესაბამის პალატას.

შპს “ე-ს” სახელმწიფო ბაჟის სახით გადასახდელად დაეკისროს 500 ლარი, საიდანაც 350 ლარი ჩაირიცხოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ¹000141107 ანგარიშზე (კოდი 59), ხოლო 150 ლარი _ სახელმწიფო ბიუჯეტში.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.