საქმე N 330100123007014996
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №676აპ-24 19 სექტემბერი, 2024 წელი
გ–ა ზ., №676აპ-24 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 24 აპრილის განაჩენზე მსჯავრდებულ ზ. გ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ბ–ს, ასევე საქართველოს გენერალური პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორ ზაზა ქორიძის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. ზ. გ–სა (პირადი ნომერი: ............) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში საქართველოს სსკ-ის) 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და გასაღება - ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:
1.2. 2023 წლის 27 იანვარს, ქ. თ–ში,.......... სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ზ. გ–მ მის მიერ უკანონოდ შეძენილი და შენახული 0,244 გრამი დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის შემცველი იასამნისფერ პოლიეთილენის მოლღობილთავიან ნაჭერში ერთ ცალად დაფასოებული მოყავისფრო ფხვნილისებური ნივთიერება 500 ლარად, უკანონოდ გაასაღა ა. ნ–ზე, რაც იმავე დღეს ამოღებული იქნა შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ.
1.3. 2023 წლის 28 იანვარს, ქ. თ–ი, ქ–ს ქუჩა №..-ს მიმდებარე ტერიტორიაზე, ზ. გ–მ მის მიერ უკანონოდ შეძენილი და შენახული 0,3949 გრამი დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის შემცვლელი შავი ფერის თავმილღობილ პოლიეთილენის ნაჭრებში მოთავსებული ნოტიო მოყავისფრო ნივთიერება 520 ლარად, უკანონოდ გაასაღა ა. ნ–ზე, რაც იმავე დღეს ამოღებული იქნა შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. თბილისის საქალაქო სასამართლომ დაადგინა, რომ ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელთა ერთობლივი ანალიზისას, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდებოდა ზ. გ–ს მიერ 2023 წლის 27 იანვრს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 2 ნოემბრის განაჩენით, ზ. გ–სა ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2023 წლის 27 იანვრის ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდებით და გამართლდა.
ზ. გ–სა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2023 წლის 28 იანვრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა – 12 წლითა და 6 თვით.
ზ. გ–ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ჩამოერთვა: ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება – 5 წლით; ბ) საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება – 20 წლით; გ) საადვოკატო საქმიანობის უფლება – 15 წლით; დ) პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება – 15 წლით; ე) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება – 15 წლით; ვ) პასიური საარჩევნო უფლება – 15 წლით; ზ) იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება – 15 წლით.
2.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 2 ნოემბრის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა მსჯავრდებულ ზ. გ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ნ. ბ–მა, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
2.4. განაჩენი სააპელაციო წესით, ასევე გაასაჩივრა სახელმწიფო ბრალმდებელმა, საქართველოს გენერალური პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორმა ზაზა ქორიძემ და მოითხოვა ზ. გ–ს მიმართ ყველა წარდგენილი ბრალდებით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 24 აპრილის განაჩენით დაცვის და ბრალდების მხარეების სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 2 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3.2. 2024 წლის 16 მაისს, საქართველოს გენერალური პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორმა ზაზა ქორიძემ საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ზ. გ–ს ყველა წარდგენილი ბრალდებით დამნაშავედ ცნობა.
3.3. 2024 წლის 20 მაისს, მსჯავრდებულ ზ. გ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ნ. ბ–მა საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 24 აპრილის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
4. კასატორების არგუმენტები:
4.1. დაცვის მხარის პოზიციით, გასაჩივრებული განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან წარმოდგენილი მტკიცებულებები არ ადასტურებენ ზ. გ–ს ბრალეულობას. საქმეში წარმოდგენილი ერთადერთი მოწმე – ა. ნ–ი არ არის სანდო, ვინაიდან მისი ჩვენებით დადგინა, რომ იგი არის ე.წ. პროვოკატორი, რომელიც სხვა მსგავს სისხლის სამართლის საქმეებზეც არის მოწმე, რის გამოც სასამართლოს მისი ჩვენება სარწმუნოდ არ უნდა მიეღო. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთ საქმეზე განმარტა დანაშაულის წაქეზების თაობაზე და ამგვარ ქმედებად ჩათვალა სამართალდამცავი ორგანოების ქმედება, როცა ხელს უწყობდნენ პირს დანაშაულის ჩადენაში. ამასათან, საქმეში არ არის წარმოდეგნილი მტკიცებულებათა იმგვარი ერთობლიობა რაც საკმარისია გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.
4.2. ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ საპროცესო კანონმდებლობის სრული დაცვით მოპოვებული და სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებები ადასტურებენ 2023 წლის 27 იანვარსა და ამავე წლის 28 იანვარს ზ. გ–ს მიერ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და გასაღებას. კერძოდ, მოწმეების ჩვენებებით, ნარკოტიკული საშულების ამოღების ოქმით, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით, კრებსებით და ჰაბისტოსკოპური ექსპერტიზის დასკვნის ურთიერთშეჯერებისა და ანალიზის საფუძველზე დგინდება ზ. გ–ას მიერ მისთვის ბრალადწარდგენილი დანაშაულების ჩადენა.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და მიაჩნია, რომ ისინი ვერ აკმაყოფილებენ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორები ვერ უთითებენ და ვერც ასაბუთებენ საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
5.2. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ზ. გ–ს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2023 წლის 28 იანვრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში მსჯავრდების შესახებ.
5.3. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოწმე ა. ნ–ს ჩვენების უტყუარობის საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი არ არსებობს, ვინაიდან მან დაწვრილებით, დეტალურად და დამაჯერებლად გადმოსცა საქმის ფაქტობრივი გარემოებები. ამასთან, საქმეში არ გამოკვეთილა რაიმე გარემოება, რაც სასამართლოს მოწმის მიკერძოებასა და დაინტერესებაში დაარწმუნებდა. გარდა ამისა, მისი ჩვენება სრულად არის თანხვდენილი საქმეზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებთან და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს, რომ ადგილი არ ჰქონა დანაშაულის პროვოკაციას. ამასთან მიუთითებს, რომ საქართველოს კანონმდებლობა არ უკრძალავს პირს ითანამშრომლოს საგამოძიებო ორგანოებთან და თანამშრომლობა, როგორც წესი, არ წარმოადგენს კანონის დარღვევას. ა. ნ–ს თანამშროლობა გამოძიებასთან და ფარული საგამოძიებო მოქმედებების პირობებში საკონტროლო შესყიდვის განხორციელება, სრულად შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით დადგენილ სტანდარტებს.
5.4. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება დაცვის მხარის პოზიციას, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან, ერთის მხრივ, განაჩენი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით, ხოლო, მეორეს მხრივ, მასში ამომწურავად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სარწმუნოდ იქნა მიჩნეული ზ. გ–ს მიერ მისთვის მსჯავრადშერაცხილი – დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და გასაღების (2023 წლის 28 იანვრის ეპიზოდი) ფაქტი, რომლის საპირისპიროს მტკიცება არ გამომდინარეობს კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, დამაჯერებელი და ურთიერთშეჯერებული მტკიცებულებების ერთობლიობიდან.
5.5. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს, რომ ზ. გ–ს მიმართ მსჯავრდების დასადასტურებლად სასამართლოში წარმოდგენილია არაერთი პირდაპირ ხასიათის მტკიცებულება, კერძოდ, ა. ნ–ს 2023 წლის 12 იანვრის №....... განცხადება, 2023 წლის 28 იანვრის ფულადი თანხის გადაცემის და დათვალიერების შესახებ ოქმი, 2023 წლის 28 იანვრის საკონტროლო შესყიდვის განხორციელების შესახებ ოქმი, 2023 წლის 28 იანვრის ამოღების ოქმი, 2023 წლის 28 იანვრის 15:36:44 საათიდან 15:37:50 საათამდე პერიოდში, ქ. თ–ში, ქ–ს ქუჩა №..-ს მიმდებარე ტერიტორიაზე, ა. ნ–სა და ზ. გ–ს შეხვედრის ფარული ვიდეოჩანაწერი და ამ ჩანაწერის კრებსები, 2023 წლის 3 აპრილის ფონოსკოპიური ექსპერტიზის №.... დასკვნა, 2023 წლის 29 იანვრის ქიმიური ექსპერტიზის №.......... დასკვნა, მოწმე ა. ნ–ს ჩვენება, მოწმეების ნ. წ–ს, პ. წ–ს და ა. გ–ს გამოკითხვის ოქმებში ასახული ინფორმაცია ქმნიან იმ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რაც საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად (2023 წლის 28 იანვრის ეპიზოდი). ზემოხსენებული მტკიცებულებებით ერთის მხრივ დგინდება ა. ნ–ს მიერ ზ. გ–სგან შავი პარკით ნივთიერების შეძენა, რაც დაუყოვნებლივ გადაეცა გამომძიებელს, ხოლო მეორეს მხრივ აღნიშნული ნივთიერების ნარკოტიკული საშუალებისადმი კუთვნლება.
5.6. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მტკიცებულების შეფასების თაობაზე წამოჭრილი ყველა სადავო საკითხი ჯეროვნად არის შესწავლილი და განმარტებული სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებულ განაჩენში, დაცვის მხარეს სააპელაციო საჩივარში მითითებულ არგუმენტებზე ამომწურავი პასუხები გაეცა, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს, ხოლო რაიმე სხვა ახალ გარემოებაზე, რაც საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანი გახდებოდა, კასატორი საჩივარში არ უთითებს. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ სტანდარტებსა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
5.7. რაც შეეხება ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას ზ. გ–ს 2023 წლის 27 იანვრის ეპიზოდში – დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და გასაღებაში მსჯავრდების შესახებ, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ აკმაყოფილებს ამ ეპიზოდში გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისათვის უტყუარობისა და დამაჯერებლობის საკანონმდებლო სტანდარტს. უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება დაცულია მხოლოდ მაშინ, როდესაც პირის მსჯავრდებას საფუძვლად უდევს უტყუარ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „ელ მასრი მაკედონიის წინააღმდეგ“ (El-Masri v the Former Yugoslav Republic of Macedonia, (GC), 13.12.2012) და „ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Hassan v the UK, ECtHR, (GC), 16.09.2014).
5.8. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით შესაძლებელი უნდა იყოს არა მხოლოდ ფაქტების უტყუარი დადასტურება, არამედ მტკიცება უნდა მიემართებოდეს მატერიალური სამართლის ნორმის თითოეულ ელემენტს და უნდა ქმნიდეს დანაშაულის სრულყოფილ შემადგენლობას. ამასთან, უდანაშაულობის პრეზუმფცია დაძლეულია მხოლოდ მაშინ, თუ უტყუარი და დამაჯერებელი მტკიცებულებები აქარწყლებენ გონივრულ ეჭვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყოველგვარი ეჭვი, რაც ვლინდება დანაშაულის შემადგენლობის რომელიმე ნიშნის არსებობის მიმართ, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
5.9. ზემოხსენებულ ეპიზოდთან დაკავშირებით ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ა. ნ–ს ჩვენება, 2023 წლის 27 იანვრის ფულადი თანხის გადაცემის ოქმი, გამომძიებელების გ. კ–ს და ო. ჩ–ს ჩვენებები, 2023 წლის 27 ინვრის ამოღების ოქმი და ქიმიური ექსპერტიზის №........... დასკვნა - არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატად. ვინაიდან, აღნიშნული მტკიცებულებებით გარდა ა. ნ–ს ჩვენებისა, არ დგინდება ზ. გ–ს მიერ ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვა და ა. ნ–ზე გასაღების ფაქტი.
5.10. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს წინაშე წარმოდგენილ იქნა ერთი პირდაპირი მტკიცებულება – ა. ნ–ს ჩვენება, რაც საკასაციო პალატის მოსაზრებით, საჭიროებდა დამატებით ნეიტრალური მტკიცებულებით გამყარებას, რომელსაც შესაძლოა გადამწყვეტი მნიშვნელობა მინიჭებოდა მტკიცების საგანთან დაკავშირებით, რაც ბრალდების მხარის მიერ არ იქნა წარმოდგენილი.
5.11. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება ზ. გ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2023 წლის 27 იანვრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რის გამოც მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი სააპელაციო სასამართლომ სამართლიანად გადაწყვიტა ზ. გ–ს სასარგებლოდ.
5.12. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
5.13. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
5.14. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ზ. გ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ბ–ს, ასევე საქართველოს გენერალური პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორ ზაზა ქორიძის საკასაციო საჩივრები;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
შალვა თადუმაძე