Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ-556-02 13 სექტემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

რ. ნადირიანი, ლ. გოჩელაშვილი

სარჩელის საგანი: ფულადი ვალდებულების შესრულება.

აღწერილობითი ნაწილი:

სასამართლოს სარჩელით მიმართა შპს “ს-მა”. მოსარჩელე მიუთითებდა, რომ 1996წ. 21 იანვრის ხელშეკრულების თანახმად მოპასუხემ მოსარჩელისაგან მიიღო 487852 კგ. ბენზინი, რომლის ღირებულება იყო 151960 ლარი. მოპასუხემ თანხა გადაიხადა გადახდის ვადის დარღვევით. 1996წ. 11-12 დეკემბრის ¹1 და ¹2 ხელშეკრულებების თანახმად, მოპასუხემ მოსარჩელისაგან მიიღო 115036 კგ. ნავთი. 1997წ. 29 ოქტომბრამდე მოპასუხეს გადახდილი აქვს 158879 ლარი, ხოლო გადაუხდელი 35673 ლარი დღეისათვის ერიცხება, როგორც დებიტორული დავალიანება.

მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ მოპასუხემ 1997წ. 27 ნოემბრის შედარების აქტით აღიარა ვალი 60226 ლარი. ამ თანხაში შედის გადაუხდელი 35678 ლარი და ძველი ვალი 24553 ლარი, მაგრამ დღემდე ეს თანხები მოპასუხეს არ გადაუხდია.

მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისათვის ძირითადი ვალის, 60226 ლარის, ჯარიმის 369000 ლარის; ინფლაციის გამო მიყენებული ზარალის _ 44680 ლარის, სულ 473915 ლარის მოპასუხისათვის დაკისრება.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო იმ მოტივით, რომ მას მითითებული თანხები გადახდილი აქვს.

მოპასუხემ სასამართლოს მიმართა შეგებებული სარჩელით და მოითხოვა მოსარჩელისათვის 372759 ლარის დაკისრება მის მიერ ზედმეტად გადახდილი თანხების დაბრუნების საფუძვლით.

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მოპასუხეს მის სასარგებლოდ დაეკისრა 8923 ლარის გადახდა. მოსარჩელეს 24550 ლარის გადახდევინებაზე უარი ეთქვა უსაფუძვლობის გამო.

მოპასუხეს შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა და 372759 ლარი ჩაეთვალა მოსარჩელე ორგანიზაციისადმი გაქვითვით.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 31 იანვრის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 381682 ლარის გადახდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2001წ. 13 ივლისის გადაწყვეტილებით გაუქმდა და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა ქუთაისის საოლქო სასამართლოს.

საქმის ხელახალი განხილვისას სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა მოსარჩელე და მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001წ. 21 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით გაუქმდა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2000წ. 19 აგვისტოს გადაწყვეტილება და მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს საჩივრით მიმართა მოსარჩელემ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით. საჩივრის ავტორი მიუთითებდა, რომ მისი გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, რის შესახებაც აცნობა სასამართლოს და მოითხოვა საქმის სხვა დროისათვის გადადება. საპატიო მიზეზად საჩივრის ავტორი მიუთითებდა, რომ მოპასუხე საზოგადოების ახალ ადმინისტრაციასთან აწარმოებდა მოლაპარაკებას მორიგების თაობაზე. ასევე უზენაესი სასამართლოს განჩინება მოცემულ საქმეზე არ ჰქონდათ მიღებული.

მოწინააღმდეგე მხარე საჩივარში მითითებულ გარემოებებს არ დაეთანხმა და განმარტა, რომ არავითარი მოლაპარაკება მხარეებს შორის მორიგების თაობაზე არ ყოფილა.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 6 თებერვლის განჩინებით მოსარჩელის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ამ საქმეზე გამოტანილი ამავე პალატის 2001წ. 21 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელის გამოუცხადებლობა სასამართლო სხდომაზე გამოწვეული იყო არასაპატიო მიზეზით. სასამართლომ გამოიყენა სსკ-ს 233-ე მუხლი.

კასატორი, სსკ-ს 233-ე მუხლის “ბ” პუნქტის საფუძველზე მოითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნებას. კასატორს მიაჩნია, რომ სასამართლომ დაარღვია სსკ-ის 412-ე მუხლის მოთხოვნები.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ს 229-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდა მოსარჩელე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს შეუძლია გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ, თუ მოპასუხე სარჩელის განუხილველად დატოვების წინააღმდეგია, სასამართლო გადადებს საქმის განხილვას. მოსარჩელის განმეორებით გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას.

მოცემულ საქმეზე დადგენილია, რომ საოლქო სასამართლოში საქმის განხილვა დანიშნული იყო 2001წ. 22 ოქტომბერს. სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდა მოსარჩელე. მოპასუხემ არ მოითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა და იშუამდგომლა საქმის განხილვის გადადების შესახებ, რაც სასამართლოს მიერ დაკმაყოფილებულ იქნა. საქმის განხილვა დაინიშნა 21 ნოემბერს, რის შესახებაც სსკ-ის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით ეცნობა მოსარჩელეს. 20 ნოემბერს მოსარჩელემ მიმართა სასამართლოს საქმის გადადების მოთხოვნით იმ საფუძვლით, რომ აწარმოებდა მოპასუხესთან მოლაპარაკებას მორიგების შესახებ.

მთავარ სხდომაზე 21 ნოემბერს მოსარჩელე განმეორებით არ გამოცხადდა. მოპასუხემ განმარტა, რომ მხარეთა შორის არანაირი მოლაპარაკება არ მიმდინარეობდა და იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ, რაც დაკმაყოფილდა.

სსკ-ს 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით.

კასატორი გამოუცხადებლობის მიზეზად მიუთითებს მოპასუხესთან მორიგების თაობაზე მოლაპარაკების წარმოებას, სამართლებრივ საფუძვლად კი მიუთითებს სსკ-ს 233-ე მუხოლის პირველი ნაწილის “ბ” პუნქტს, რომლის თანახმად, სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომლებსაც შეეძლოთ ხელი შეეშალათ სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის.

დაუძლეველი ძალა ეს ისეთი მოვლენაა, რომლის თავიდან აცდენა პირს არ შეუძლია და ეს მოვლენები შეუძლებელს ხდის მის გამოცხადებას სასამართლოში. ეს მოვლენებია სტიქიური უბედურებანი (მიწისძვრა, წყალდიდობა, ხანძარი და ა.შ.), სოციალური მოვლენები (ომი, აჯანყება, სახელმწიფო ხელისუფლების აქტები და ა.შ.).

კასატორის მიერ მითითებული მიზეზი ვერ ჩაითვლება დაუძლეველ ძალად, რადგან მოპასუხესთან მოლაპარაკების წარმოება სასამართლო სხდომაზე გამოცხადებას შეუძლებელს არ ხდიდა. აღნიშნული მიზეზი ვერც ისეთ მოვლენად ჩაითვლება, რასაც შეეძლო ხელი შეეშალა მოსარჩელის სასამართლოში გამოცხადებისათვის.

აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორის მითითება სსკ-ს 233-ე მუხლის “ბ” პუნქტზე ვერ გამოდგება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად.

უსაფუძვლოა ასევე კასატორის მითითება იმ გარემოებაზე, რომ მისი წარმომადგენელი სამსახურიდან განთავისუფლებული იქნა 2002წ. 5 თებერვალს. დადგენილია, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება სასამართლომ გამოიტანა 2001წ. 21 ნოემბერს და რამდენიმე თვის შემდეგ წარმომადგენლის განთავისუფლება სამსახურიდან არ წარმოადგენს 21 ნოემბერს მთავარ სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზს და აქედან გამომდინარე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს.

საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სასამართლომ დაარღვია სსკ-ის 412-ე მუხლის მოთხოვნები. მითითებული ნორმა არეგულირებს საკასაციო სასამართლოს უფლებამოსილებას გადაწყვეტილების გამოტანის დროს, კერძოდ, ამ ნორმის საფუძველზე საკასაციო სასამართლოს შეუძლია გამოიტანოს გადაწყვეტილება საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების შესახებ. ამდენად, ამ ნორმის გამოყენების უფლებამოსილება არ გააჩნია საოლქო სასამართლოს და აქედან გამომდინარე იგი ვერც დაარღვევდა მის მოთხოვნებს. კასატორი შესაძლოა მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ საოლქო სასამართლომ არ შეასრულა უზენაესი სასამართლოს მითითებები. საკასაციო პალატა კასატორს განუმარტავს, რომ უზენაესი სასამართლოს მითითებებს ფაქტებისა და მტკიცებულებების გამოკვლევის თაობაზე, საოლქო სასამართლოს უნდა შეესრულებინა იმ შემთხვევაში, თუკი საქმეს არსებითად განიხილავდა. მოცემულ შემთხვევაში კი საოლქო სასამართლომ გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომელიც ემყარება მხოლოდ გამოუცხადებლობას და არა საქმის მასალებს. დაუსწრებელი გადაწყვეტილების შინაარსი ყალიბდება სამოტივაციო ნაწილის გარეშე (სსკ-ს 234-ე მ.) აღნიშნულიდან გამომდინარე, უსაფუძვლოა კასატორის მტკიცება, რომ გადაწყვეტილება არ არის დასაბუთებული, რადგან როგორც ზემოთ განვმარტეთ დაუსწრებელი გადაწყვეტილება ემყარება მხოლოდ გამოუცხადებლობას და მისი შინაარსი ყალიბდება დასაბუთების გარეშე.

სსკ-ს 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ საოლქო სასამართლოს პალატის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

საკასაციო პალატა თვლის, რომ მოცემულ საქმეზე სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

საკასაციო პალატა, კასატორის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით სსკ-ს 48-ე მუხლის საფუძველზე, მიზანშეწონილად მიიჩნევს შეამციროს სასამართლო ხარჯები 5000 ლარიდან 1500 ლარამდე.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

შპს სახელმწიფო კომპანია “ს-ის” საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს ამ საქმეზე ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 6 თებერვლის განჩინება.

შპს “ს-ს” დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 1500 ლარის ოდენობით, რომლის 70% _ 1050 ლარი უნდა ჩაირიცხოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანგარიშზე ¹000141107 (კოდი 59), ხოლო 30% _ 450 ლარი – სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშზე.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.