საქმე # 330100123007539303
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №683აპ-24 ქ. თბილისი
ც. ნ., 683აპ-24 16 სექტემბერი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 29 მარტის განაჩენზე მსჯავრდებულ ნ. ც–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - ი. თ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ნ. ც–ს, – დაბადებულს 19.. წელს, – ბრალად ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ნ. ც–ს მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2023 წლის 25 მაისს, დილის საათებში, ქ.თ–ში, ზ–ს, მე-.. მ/რაიონში, №.. კორპუსში, ნ. ც–მა უხეშად დაარღვია საზოგადოებრივი წესრიგი და გამოხატა საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობა, რაც გამოიხატა იმაში, რომ ნ. ც–ი რამოდენიმე წუთის განმავლობაში კორპუსის სადარბაზოდან და მე-.. ბინის აივნიდან, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა ამავე კორპუსში მცხოვრებ პირებს, ემუქრებოდა მათ კორპუსის აფეთქებით და კუთვნილი „UZKON-ის“ მოდელის გლუვლულიანი სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ისროდა სხვადასხვა მიმართულებით. ნ. ც–მა რამდენიმე წუთის განმავლობაში უხეშად დაარღვია საზოგადოებრივი წესრიგი და გამოხატა აშკარა უპატივცემულობა ქ. თ–ში, ზ–ს, მე-.. მ/რაიონში, №.. კორპუსში კორპუსში მცხოვრების პირების მიმართ.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 10 ნოემბრის განაჩენით:
3.1. ნ. ც–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა;
3.2. მსჯავრდებულ ნ. ც–ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა დაკავებიდან - 2023 წლის 25 მაისიდან;
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ნ. ც–ს ადვოკატმა ი. თ–მმ, რომელიც ითხოვს ნ. ც–ს უდანაშაულოდ ცნობას და გამართლებას.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 29 მარტის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 10 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ნ. ც–ს ადვოკატმა ი. თ–მ, რომელიც ითხოვს ნ. ც–სის უდანაშაულოდ ცნობას და გამართლებას.
7. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე – ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, § 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No.2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).
8. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრა დაცვის მხარემ და მოითხოვა მსჯავრდებულ ნ. ც–ს გამართლება.
9. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოცემულ შემთხვევაში დაცვის მხარემ თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენის გაუქმების მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართა იმავე (იდენტურ) არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება კასატორის მოთხოვნას და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სამართლებრივად სწორად შეაფასა და გასაჩივრებულ განაჩენში მიუთითა იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც ნ. ც–ს საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით მსჯავრდება, და შესაბამისი სასჯელი განაპირობა. გასაჩივრებულ განაჩენში დეტალური მსჯელობაა წარმოდგენილი, მათ შორის, დაცვის მხარის ყველა ძირითად არგუმენტზე.
10. სასამართლო ითვალისწინებს, რომ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით (მათ შორის: დაზარალებულების – ე. მ–ს, ქ. თ–ს, მ. ხ–ს, ე. უ–ს, მოწმეთა: ნ.დ–ს, ვ. რ–ს, ს. შ–ს ჩვენებებით, N....... და N...... შეტყობინებებით, ჩხრეკის ოქმით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ვიდეო-აუდიო ჩანაწერებით და ამ ჩანაწერების დათვალიერების ოქმებით, 112-დან გამოთხოვილი ჩანაწერებით და მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით) გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია ნ. ც–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
11. სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას დაზარალებულების ჩვენებებში არსებითი ხასიათის წინააღმდეგობის შესახებ და კვლავაც აღნიშნავს, რომ მტკიცებულებებს შორის შინაარსობრივი კავშირი არ გულისხმობს მათ იდენტურობას; ისინი საქმის ძირითად გარემოებებთან მიმართებით არ უნდა შეიცავდეს წინააღმდეგობრივ ინფორმაციას. მოწმეთა ჩვენებების შინაარსზე გავლენას ახდენს სუბიექტური და ობიექტური ხასიათის მრავალი ფაქტორი, რომელთა გაუთვალისწინებლობამ შესაძლოა, მცდარ დასკვნებამდე მიგვიყვანოს, როგორც თვით ამ მტკიცებულებების რელევანტურობის, ასევე - საქმის ფაქტობრივ გარემოებათა თაობაზე....... მოწმეთა ჩვენებებს შორის ურთიერთშესაბამისობის არსებობის დასადგენად სავსებით საკმარისია მათ შორის შინაარსობრივი თანხვედრა იმ ზომით, რომ ისინი ერთგვაროვნად წარმოგვიდგენდნენ საქმისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე ერთსა და იმავე გარემოებებს“ (მაგ. იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განაჩენი საქმეზე N626აპ-17; 264აპ-20 განჩინება). მოცემულ შემთხვევაში, მოწმეთა ჩვენებები თანხვდენილია, ჩვენებებში მითითებული საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები არსებითად არ ეწინააღმდეგება არც ერთმანეთს და არც სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებს (მათ შორის ვიდეო-აუდიო ჩანაწერებს).
11.1. დაზარალებულმა ე. მ-მ განმარტა, რომ დაინახა მსჯავრდებული ნ. ც–ი, რომელსაც ეჭირა სანადირო თოფი და ემუქრებოდა ხალხს დახოცვით; დაზარალებულმა ქ. თ–მ განმარტა, რომ დაინახა ნ. ც–ი, დიდი ზომის იარაღით გადაადგილდებოდა და იმუქრებოდა, რომ ჰქონდა „ლიმონკა“ და მთელ კორპუსს ააფეთქებდა; დაზარალებულ ქ. თ–ს ჩვენება თანხვდენილია N..... და N..... შეტყობინებებთან (სადაც აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულს ჰქონდა იაღარი, იმუქრებოდა „ლიმონკით“ და რომ იგი სამეზობლოზეა გაბრაზებული); დაზარალებულმა მ. ხ–მა აღნიშნა, რომ ნ. ც–ს მოგრძო იარაღი ეჭირა, ყვიროდა, იმუქრებოდა ყველას დახოცვით, ახსენებდა „ლიმონკას“; დაზარალებულმა ე. უ–მა განმარტა, რომ ესმოდა მსჯავრდებულის ყვირილის ხმა, ხელყუმბარა ეჭირა, ყვიროდა რომ გახსნიდა და ყველას ააფეთქებდა. მოწმეთა – ვ. რ–სა და ს. შ–ს ჩვენებებით დგინდება, რომ მათ ნამდვილად დაინახეს შავი ფერის იარაღით (ვინჩესტერით) ხელში ნ. ც–ი. შესაბამისად, მოწმეთა ჩვენებებით დადგინდა, რომ ნ. ც–ს ნამდვილად ჰქონდა თან სანადირო თოფი, იმუქრებოდა ხალხის დახოცვით, ასევე მას ჰქონდა ხელყუმბარა („ლიმონკა“) და იმუქრებოდა მთელი კორპუსის აფეთქებით. ნ. ც–ს აგრესიულ დამოკიდებულებას, მუქარას საზოგადოების, სამეზობლოს, 112-ის ოპერატორის, პოლიციელების მიმართ ადასტურებს ასევე სსიპ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-დან გამოთხოვილი ინფორმაცია.
12. იმავდროულად, სასამართლო ითვალისწინებს, რომ შემთხვევის თვითმხილველი მოწმეები არიან ნეიტრალური პირები. სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება დაზარალებულების მხრიდან მსჯავრდებულის მიმართ რაიმე სახის დაინტერესება ან სასამართლოსათვის ცრუ ჩვენებების მიცემა და არც დაცვის მხარეს წარმოუდგენია აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება. შესაბამისად, საქმის მასალებში არ მოიპოვება მტკიცებულება, რაც გახდებოდა დაზარალებულების ჩვენების სანდოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი ან/და საკმარისი იქნებოდა დაზარალებულების ჩვენებების გაუზიარებლობისთვის.
13. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას ნ. ც–ს უდანაშაულობის შესახებ, ვინაიდან, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ ნ. ც–მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.
14. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020); იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021).
15. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლი ამომწურავად ადგენს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლებს. მოცემულ შემთხვევაში საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
16. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
17. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძვლის არსებობა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
18. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3,მე-32,მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 29 მარტის განაჩენზე მსჯავრდებულ ნ. ც–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - ი. თ–ს საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნეს დაუშვებლად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. ვასაძე