საქმე N 820100123008055521
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №684აპ-24 19 სექტემბერი, 2024 წელი
ნ–ზ ი., №684აპ-24 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 18 აპრილის განაჩენზე ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორ რამაზ შანიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. ი. ნ–ი (პირადი ნომერი: ............) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ძალადობა, ჯგუფურად, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი), საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სიცოცხლის მოსპობის მუქარა, ჯგუფურად, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში), საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით (პირის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ესე იგი ფსიქიკური და ფიზიკური იძულება, საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება) და საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში), ხოლო ო. ო–ი (პირადი ნომერი: ...........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ძალადობა, ჯგუფურად, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი), საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სიცოცხლის მოსპობის მუქარა, ჯგუფურად, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:
1.2. 2023 წლის 20 სექტემბერს, დაახლოებით 22:00 საათიდან 23:00 საათამდე დროის შუალედში, ქ. ბ–ში, ........ის გზატკეცილზე მდებარე, „....ის“ მიმდებარედ, ი. ნ–ს სამუშაო ოფისში, ი. ნ–მა ჯგუფურად, სახისა და სხეულის სხვადასხვა არეში ხელისა და ძალაყინის დარტყმებით, ხოლო ო. ო–მა ხელების გადაგრეხით და თავის არეში ხელების დარტყმით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ვ. ი–ს, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
1.3. 2023 წლის 20 სექტემბერს, დაახლოებით 22:00 საათიდან 23:00 საათამდე დროის შუალედში, ქ. -ის გზატკეცილზე მდებარე, „გ-ს“ მიმდებარედ, ი. ნ–იის სამუშაო ოფისში, ი. ნ–იი ო. ო–მთან ერთად ჯგუფურად, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ვ. ი–სიმს, რაც დაზარალებულმა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
1.4. 2023 წლის 20 სექტემბერს, დაახლოებით 22:00 საათიდან 23:00 საათამდე დროის შუალედში, ქ. ბ–ში, ........ის გზატკეცილზე მდებარე, „....ის“ მიმდებარედ არსებულ ოფისში, საფულის გამორთმევით, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის დასურათებით, მისი და მისი ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობის მუქარით, ი. ნ–ი ფსიქიკურად და ფიზიკურად აიძულებდა ვ. ი–ს, მის მიმართ განხორციელებული მუქარისა და ძალადობის ფაქტის შესახებ არ მიემართა პოლიციისათვის, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება.
1.5. 2023 წლის 21 სექტემბერს, დაახლოებით 00:43 საათზე, ი. ნ–ი, აპლიკაცია „.....“-ით ინტერნეტით კომუნიკაციისას სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ვ. ი–ს, რაც დაზარალებულმა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 1 დეკემბრის განაჩენით ი. ნ–ი (I. N.) ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით – ჯარიმა 5000 ლარი.
საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით – ჯარიმა 4000 ლარი.
საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით – ჯარიმა 4000 ლარი.
საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით – ჯარიმა 4000 ლარი.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ ი. ნ–ის დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 5000 ლარი.
ი. ნ–ის, საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე დაკავებისა და პატიმრობის ვადის გათვალისწინებით დანიშნული სასჯელი შეუმცირდა და საბოლოოდ ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 4500 ლარი.
ო. ო–ი (O. Y.) ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით – ჯარიმა 5000 ლარი.
საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით – ჯარიმა 4000 ლარი.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ ო. ო–მს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 5000 ლარი.
ო. ო–ს, საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე დაკავებისა და პატიმრობის ვადის გათვალისწინებით დანიშნული სასჯელი შეუმცირდა და საბოლოოდ ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 4500 ლარი.
2.2. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 1 დეკემბრის განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორმა რამაზ შანიძემ, რომელმაც თითოეული მსჯავრდებულის მიმართ მოითხოვა უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა, რაც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 18 აპრილის განაჩენით ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორ რამაზ შანიძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 1 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელი.
3.2. 2024 წლის 16 მაისს, ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორმა რამაზ შანიძემ, საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 18 აპრილის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, მსჯავრდებულთათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა, რაც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან.
4. კასატორის არგუმენტები:
4.1. კასატორის პოზიციით, ი. ნ–სთვის და ო. ო–სთვის დანიშნული სასჯელი - ჯარიმა ვერ უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების შესრულებას. სასამართლოს მხედველობაში უნდა მიეღო კონკრეტული საქმის გარემოებები და ინდივიდუალური მახასიათებლები, ასევე მაქსიმალურად უნდა გაეთვალისწინებინა დაზარალებულის უსაფრთხოების ინტერესი. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიქცეოდა მსჯავრდებულების დამოკიდებულებას ჩადენილი ქმედების მიმართ და სამომავლოდ ძალადობის განმეორების რისკს.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ მიუთითებს და ვერც ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
5.2. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას დანიშნული სასჯელის დამძიმებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რისი მხედველობაში მიღებითაც არ გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია და უცვლელად დატოვა ი. ნ–ს და ო. ო–ს მიმართ განსაზღვრული სასჯელები, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს.
5.3. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
5.4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, სხვა ნორმატიული აქტების, მათ შორის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების, მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში.
5.5. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნისას გასათვალისწინებელი გარემოებები, ჩადენილი ქმედებების ხასიათი და სიმძიმე, მათი ინდივიდუალური მახასიათებლები (მსჯავრდებულებმა აღიარეს ჩადენილი დანაშაულები, მტკიცებულებები მიიჩნიეს უდავოდ, რითაც ხელი შეუწყეს სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას), სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და საქართველოს სსკ-ის 39-ე, 53-ე, და 59-ე მოთხოვნათა მხედველობაში მიღებით, მათ თითოეული ეპიზოდისათვის კანონიერი და სამართლიანი სასჯელი – ჯარიმა განუსაზღვრა. მოცემულ შემთხვევაში, მათთვის განსაზღვრული სასჯელის სახე და ზომა საქართველოს სსკ-ის შესაბამისი მუხლების სანქციის ფარგლებშია, ამდენად, სასჯელის განსაზღვრის წესი სრულად შეესაბამება, როგორც საქართველოს სსკ-ის მოთხოვნებს, ისე – საქმის ინდივიდუალურ გარემოებებს (ჩადენილი დანაშაულების ხასიათსა და მსჯავრდებულების პიროვნებებს).
5.6. ამასთან, აღსანიშნავია, რომ მსჯავრდებულთა პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები საქმის განხილვის არცერთ ეტაპზე არ გამოვლენილა. პროკურორის საკასაციო საჩივარი კი არ შეიცავს დასაბუთებას, თუ რა განსხვავებული წინაპირობები არსებობს დანიშნული სასჯელის დამძიმებისათვის, რაც სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა.
5.7. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მიზანშეუწონლად მიაჩნია მსჯავრდებულთათვის დანიშნული სასჯელის დამძიმება, მით უფრო, მაშინ როდესაც არ არსებობს მათი ქმედებების დამამძიმებელი გარემოება. ამასთან, მსჯავრდებულები შერიგებულები არიან დაზარალებულთან, რისი გათვალისწინებითაც არასაპატიმრო სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების მიღწევას.
5.8. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს. მთავარია, არა დამნაშავის მკაცრად დასჯა, არამედ ის, რომ დანაშაულის შემთხვევა არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება იყოს დამნაშავის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების ადეკვატური. საქმეში არსებული ინფორმაცია მსჯავრდებულთა წარსული ცხოვრების უარყოფითად შეფასების შესაძლებლობას არ იძლევა, მათ დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნიათ და შესაბამისად, კონკრეტული საქმიდან გამომდინარე, სანქციის ფარგლებში გამოყენებული არასაპატიმრო სასჯელი, როგორც კანონიერი, ისე – სამართლიანია.
5.9. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no.49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).
5.10. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ, როდესაც საკასაციო სასამართლო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
5.11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორ რამაზ შანიძის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
შალვა თადუმაძე